ჰააგის ტრიბუნალის მიერ ბრალდებულები თავს მოსკოვს აფარებენ

ჰააგის ტრიბუნალის მიერ ბრალდებულები თავს მოსკოვს აფარებენ

სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციულმა რესპუბლიკამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია, უკვე ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა. აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავებას ითხოვს.

სამივე ბრალდებული მოსკოვში იმყოფება, რაც მათი დაკავების პროცედურას გაართულებს. ცხადია, რუსეთი არ არის პოლიტიკურ ველზე კეთილსინდისიერი მოთამაშე, რომელიც ჰააგის ტრიბუნალის განაჩენს აღსრულებაში მოიყვანს, მით უმეტეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

როგორც პროკურორ კარიმ ხანის განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულმა პირებმა 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე პერიოდში მოქალაქეებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, აწამეს, არაადამიანურად მოეპყრნენ და მძევლებად აიყვანეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ მაიორ ვიაჩისლავ ბორისოვის სავარაუდო როლი, რომელიც განზრახ უწყობდა ხელს ზოგიერთი დანაშაულის აღსრულებას. ბორისოვი ახლა გარდაცვლილია.

სტრასბურგის სასამართლოს მსგავსად, ჰააგის სასამართლოს პროკურორიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჰააგის პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების განჩინებები ყველა რელევანტურ სახელმწიფოს გადაუგზავნა, რათა მათ ამ პირების დაკავება უზრუნველყონ.

ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ წარდგენილი დაკავების შუამდგომლობა ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეთნიკურად ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მათ მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომ უკანონო გადაცემას. ყველა აღნიშნული ქმედება წარმოადგენს უმძიმეს ომის დანაშაულს. პროკურორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებული დანაშაულების ჩადენა მოხდა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში.

აღნიშნულ საქმეზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას, სხვა უწყებებთან ერთად, აქტიურად ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა. როგორც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებაშია ნათქვამი, პროკურორის სტანდარტების შესაბამისად, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება ყველა ეტაპზე მიმდინარეობდა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და ხელმძღვანელობდა მხოლოდ მოპოვებული მტკიცებულებებითა და რომის სტატუსით განსაზღვრული ვალდებულებებით.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნის. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთწლიან პერიოდში საქართველოს აქვს ორი სამართლებრივი აქტი, ერთი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ არის ოკუპაცია, მეორე ჰააგის ორდერი.

„ეს თავისთავად გავლენას მოახდენდა სხვა პროცესებზეც და ვნახეთ, რომ ამ გადაწყვეტილებაში იგივე ტერმინოლოგიაა გამოყენებული ოკუპაციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ამ ორდერით დაემატა შემდეგი რამ: დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი იქნა ომის დანაშაული.

ჩვენ, ფაქტობრივად, ამ ერთწლიან პერიოდში გვაქვს ორი სამართლებრივი აქტი, ერთი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ არის ოკუპაცია, რასაც სამართლებრივად ადასტურებს და მეორე - ეს ორდერი, რომელიც ამბობს, რომ მოხდა ომის დანაშაულებები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს თავისთავად გახლავთ, კიდევ ერთხელ დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და მე ამას განსაკუთრებით მივულოცავ და შრომას დავუფასებ იუსტიციის სამინისტროს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მეორე დოკუმენტი აქვს ქვეყანას, რომელიც მეტად გაამყარებს ქართველების, საქართველოს, ქართული ჯარის, დაზარალებულებისა და სამოქალაქო პირების სიმართლეს.

„ჰააგის სასამართლოს პროკურორის, ქარიმ ხანის გადაწყვეტილება გახლავთ მართლაც ისტორიული საქართველოსთვის და არა მხოლოდ. რა თქმა უნდა, ის შექმნის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება, პატარა ქვეყანამ საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცოს თავისი სიმართლე. რა თქმა უნდა, უკვე ჩვენ ხელთ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც საქართველომ რუსეთის ფედერაციას სამართლებრივი დავა მოუგო. ეს გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, დაზარალებულებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომელიც დღემდე ამტკიცებს და გააგრძელებს საერთაშორისო ასპარეზზე იმის ჩვენებას, რომ აგვისტოს ომში საქართველო იყო მართალი“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოსთვის, რომლის მთავარი გამოწვევა და პრობლება არის ოკუპაცია, სამართლებრივი ინსტრუმენტებით შეიარაღება და შესაბამისად, ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ლოგიკურად ებმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. საქართველოსთვის, რომლის მთავარი გამოწვევა და პრობლება გახლავთ ოკუპაცია, სამართლებრივი ინსტრუმენტებით შეიარაღება და შესაბამისად, ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ეს ერთმნიშვნელოვნად საქართველოსთვის მოსალოცი ამბავია, ვინაიდან დოკუმენტში ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული, რომ ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხდა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში მტკიცებულების წარდგენა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება ის, რომ 2008 წლის ომის შეფასებასთან დაკავშირებით რუსულ ნარატივს ყველანაირი საფუძველი გამოეცალა და სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ამ ნარატივს წლების განმავლობაში ამუშავებდა და ქართულ საზოგადოებას ახვევდა.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება ის, რომ საქართველოს მძინარე ცხინვალი არ დაუბომბავს და დადგინდა, რომ ქართული მხარე თავდაცვისათვის სრული სიზუსტით მოქმედებდა“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის შეფასებით, ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილება თავისთავად კარგია, მაგრამ განსაკუთრებულ გარღვევას ვერ მოახდენს, რადგან ბრალდებულები მთელი თავისი ცხოვრება რუსეთში დარჩებიან. შესაბამისად, მისი თქმით, რუსეთი არ არის ისეთი მხარე, რომელიც ასეთი ტიპის დამნაშავეებს საქართველოს გადმოსცემს.

„უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მოცემულობით ასეა. როგორც ჩანს, ეს გარკვეული ეტაპია, იმიტომ რომ მათ მერე სხვებიც უნდა გამოვიდნენ. მაგალითად კოკოითი და სხვებიც, რომლებმაც ეს ბოროტება ჩაიდინეს. ასე რომ, ეს კარგი ეპიზოდია, მისასალმებელია, მაგრამ თვითონ დამნაშავეების დაკავების მიზნით გადამწყვეტი გარღვევა ვერ მოხდება“, - აცხადებს არეშიძე.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავის მართლებას, კონფლიქტოლოგი განმარტავს, რომ ჰაგის საერთაშორისო სასამართლოს ასეთი რამ არ უთქვამს.

„არასწორია რასაც ზოგიერთი ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს. ჰააგამ თქვა, რომ ეს სამი ადამიანი დამნაშვეა ადამიანის უფლებების დარღვევაში, წამებაში და ა.შ. თორემ რუსეთთან ომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, რომელსაც პირადად ვესწრებოდი და ძალიან კარგად მახსოვს როგორ ვითარდებოდა მოვლენები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.