უყურადღებოდ დარჩენილმა ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მორიგ ტრიუკს მიართა - ამჯერად, მეორედ გამოცხადებული 20-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელში დაწერა და შიმშილობის შეწყვეტის მიზეზიც ახსნა: „იმ დროისთვის, როცა სიმართლის მომენტი დადგება, ჩემთვის სოხუმის მშვიდობიანი დაბრუნების გზა გადის კიევზე, საქართველოს გათავისუფლება და აყვავება გადის კიევზე. ახლა ჩვენ გვჭირდება არა დასუსტება, არამედ ძალის მოკრება, რომელიც მალე ძალიან გამოგვადგება. ეს შემეხება მეც.
მივიღე წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას, რომლებითაც ძალიან ვამაყობ და მათთან ვმეგობრობ. ისინი მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა და რაც შეიძლება სწრაფად, ძალების სრული მოკრებით ჩავერთო ბრძოლაში. იგივე თხოვნა მოდის უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებისგან, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვარ, ამიტომ, მე-20 დღეს მე შევწყვეტ შიმშილობას“, - დაწერა სააკაშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინაში არსებული ომის გამო, სააკაშვილი ყურადღების ცენტრში აღარ იმყოფება, მას კი სწორედ ყურადღების მიქცევა უყვარს, სწორედ ამიტომ მიმართა აღნიშნულ ხერხს, როგორიც არის შიმშილობის შეწყვეტა.
„სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტა არის მორიგი პოლიტიკური შაპიტო. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ჩართულია ჰიბრიდულ მესამე მსოფლიო ომში, ახლა სააკაშვილისთვის არც საქართველოში და არც უცხოეთში არავის სცალია. სააკაშვილს ყურადრება მოაკლდა და ახლა ცდილობს ყურადღება მიიქციოს. არც ერთ სტატიაში, არც ერთ „ტვიტში“ მისი ხსენება არაა და სააკაშვილი ახალ-ახალ გიჟურ იდეებს იგონებს. მას დღემდე მიაჩნია, რომ უკრაინის მაღალჩინოსანია და საკანში ათასგვარი საქმეებით არის დაკავებული. შეიძლება თქვას, რომ მას პრეზიდენტმა ბაიდენმა დაურეკა, ან შარლ მიშელმა და სხვა ასეთ ტრაგიკული ტყუილები მოიგონს. ეს ყველაფერი ადამიანურ სიბრალულს იწვევს, ერთ დროს აქტიური პოლიტიკოსი, ახლა ყველასგან მიტოვებულია, მათ შორის მისი მიმდევრებისგანაც. მას ციხეში ყოფნა კიდევ დიდხანს მოუწევს ყოფნა და მისი ხასიათი კიდევ უფრო დამძიმდება“, - განაცხადა გია აბაშიძემ.
„სააკაშვილისგან ჩვენ ასეთ გამოხტომებს მიჩვეულები ვართ. ყველას გვახსოვს, პირველი, თითქმის 55-დღიანი შიმშილობა, რომელიც მსოფლიოს ისტორიაშიც იშვიათი მოვლენაა და ეს შიმშილობაც ისე დასრულდა, თითქოს მთელმა მსოფლიომ სთხოვა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე ექს-პრეზიდენტის შიმშილობის შეწყვეტას და დასძენს: „მეორე შიმშილობის დაწყებისას თავიდან სულ სხვა პოლიტიკური მოთხვნები ჰქონდა, მაგრამ შემდეგ რუსეთმა ომი დაიწყო და ბუნებრივია, არც სააკაშვილი და არც მისი შიმშილობა აღარავის ახსოვდა. მას ნაშიმშილარის რა ეტყობოდა? სასამართლო პროცესზე ვნახეთ, რომ მისი ფიზიკური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია. უკრაინა, რომელიც ახლა ომშია და ამდენი უბედურები ხდება, ვინმეს სცალია იქ რომ სააკაშვილს უთხრას, შიმშილობა შეწყვიტეო? აქაც ეცადა, რომ ორი კურდღელი დაეჭირა - პირველი, შიმშილობა შეწყვიტა არა იმიტომ, რომ სუსტად არის, არამედ თურმე მთელი უკრაინა მას ეხვეწება. მეორე - ხაზს უსვამს, რომ თურმე ის მნიშვნელოვანი ფიგურაა.
ასევე, ჩვენ ვხედავთ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ რას აკეთებს. მათი ქმედებები ჩვენი ქვეყნის დისკედიტაციას ემსახურება. მათ სურთ მინიმუმ, „ევრომაიდანისა“ და არეულობის მოწყობა, რადგან თითქოს საქართველოს პრორუსი ხელისუფლება ჰყავს. „ნაცმოძრაობას“ სურს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს. ასევე უნდა ვახსენოთ „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში. „ნაცმოძრაობის“ გაქცეული ლიდერები, რომლებიც წლებია უკრაინაში ცხოვრობენ და სხვადასხვა თანამდებობები უკავიათ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე დღის წესრიგში იდგეს მიხეილ სააკაშვილის საკითხი. მუდმივად ცდილობენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააფუჭონ. ეს არის სწორედ მეხუთე კოლონა, რომელიც როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ყველაფერს აკეთებს იისთვის, რომ მუდმივად იდგეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. გვახსოვს პირველ დღეებში უკრაინის მხარდასაჭერად გულწრფელად რამდენი ადამიანი გამოვიდა, მერე ეს აქცია „ნაცმოძრაობამ“ „ფრიი მიშას“ აქციად გადააკეთა.
ისევ მიშას რომ დავუბრუნდეთ, თითქმის ორი კვირაა რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს და სააკაშვილისთვის კი შიმშილობის მეოცე დღე გამოვიდა. 5 მარტს ჰქონდათ დაგეგმილი, რომ აქცია უნდა გაემართათ მიშას გასათავისუფლებლად, მაგრამ შუალედში ომი დაიწყო, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. ახლა, უკრაინაში მიშა ვის ადარდებს, შეგვრჩა მოშიმშილე სააკაშვილი, რომელსაც არავინ ყურადრებას არ აქცევს. მისი ტელევიზიებიც კი აღარ უწერდნენ თუ რამდენი დღეა შიმშილობს. რუსეთ-უკრაინის ომმა, სააკაშილის დღის წესრიგი ფიზიკურად გააქრო. ამიტომ, მისი ჭკუით მოიძებნა კარგი გამოსავალი, სუსტად კი არ არის, უბრალოდ, უკრაინელი ჯარისკაცები წერილს უგზავნიან, რომ არ იშიმშილოს. თუ ვინმემ რაიმე წერილი გამოუგზავნა, გამოაჩინონ და გვანახონ“, - გვითხრა ლადო ბოჟაძემ.