„ეს შანტაჟია, პუტინი ბირთვულ იარაღს არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს. ევროპა კი ცას არ დაკეტავს. როგორც კი ზელენსკიმ თქვა, დამიხურეთო ცა, ხელათ სიჩუმე ჩამოვარდა, რადგან ეშინიათ, შანტაჟი მოქმედებს მათზე“, - განაცხადა ანალიტიკოსმა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ ასე გაგრძელდება, დასავლეთი დახურავს უკრაინის ცას. ანუ შეიძლება საბოლოოდ ნატო მაინც იძულებული გახდეს, რომ ეს გააკეთოს?
- დასავლეთი ცას არ დახურავს. მთავარი პრობლემა დღეს უკრაინისათვის ცა არ არის. როგორც კი ზელენსკიმ თქვა, რომ დამიხურეთ ცა, ხელათ სიჩუმე ჩამოვარდა. რადგან ეშინიათ, შანტაჟი მოქმედებს მათზე.
ვიცით, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. როგორ ფიქრობთ, წავა პუტინი ამაზე?
- ეს შანტაჟია, პუტინი ბირთვულ იარაღს არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს. რაც შეეხება ბირთული იარაღის გამოყენების საკითხს, შანტაჟის მსხვერპლი არა მხოლოდ ევროპელები აღმოჩნდნენ, არამედ ზოგიერთი ჩვენი ექსპერტიც. ორი თვის წინ, ყველა იყო კორონავირუსის სპეციალისტი, უფრო ადრე ფეხსბურთის სპეციალისტი, ახლა ყველა გახდა სამხედრო და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი.
შანტაჟი, ეს არ არის პუტინის რეჟიმის „ნოუ ჰაუ“. ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროება მოდის რადიკალური ისლამისტებისგან. მსოფლიო გაერთიანებულია და ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე შაჰიდების, ანუ თვითმკვლელების ხელში არ აღმოჩნდეს ბირთვული იარაღი.
თვითონ პუტინი და მისი გარემოცვა, რომელმაც ნახა და გაუტკბა კარგი ცხოვრება დასავლეთში, დღეს მათი მთავარი საზრუნავი არის, როგორმე ნახონ ხვრელები, რომ მათ სანქციებს დააღწიონ თავი. პუტინი მზად რომ იყოს სიკვდილისთვის, თავი გაწიროს, თუ რუსეთი არ იქნება, მთელი მსოფლიოც ნუ იქნება, მაშინ თავის იახტას რატომ გადაიყვანდა კალინინგრადში?!
დღეს ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია მხოლოდ ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს და რადიკალ ისლამისტებს, რომლებიც მზად არიან, აიფეთქონ თავი. ეს უბრალოდ შანტაჟია.
და მაინც, საბოლოოდ მივალთ მესამე მსოფლიო ომამდე?
- ნურავის ავიწყდება, რომ პუტინი ყველაფერთან ერთად, ჩეკისტია და ის ხრუშჩოვი არ არის, რომ თვალსა და ხელშუა, ისე მოუწყონ შეთქმულება, რომ თვითონ წარმოდგენა არ ჰქონდეს ამაზე. როგორც ჩანს, დღეს პუტინს კურსი აღებული აქვს უკონტაქტო ომზე და, რაც შეიძლება მეტი მატერიალური ზიანი მიაყენოს უკრაინიას.
დავუშვათ, პუტინმა გამოიყენა ბირთვული იარაღი, ამას დასავლეთი, ნატო და ამერიკა არ უპასუხებს? - ეს გამორიცხულია. დასავლეთი ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს მესამე მსოფლიო ომს არა იმიტომ, რომ ეშინია რუსეთი დაგვამარცხებსო, 50-ჯერ ძლიერია ნატო რუსეთზე. კრემლმა დაამტკიცა, რისი თავი აქვს ახლა უკრაინაში.
თქვენი აზრით, კიდევ რამდენ ხანს გაძლებს უკრაინა ამ ვითარებაში?
- ყოველი დღე უკრაინისთვის გმირობაა, მაგრამ რის ხარჯზე? - ბავშვები იღუპებიან. ზელენსკის მოვალეობაა მოსახლეობის დაცვა, რაც შეუძლებელია ამ დროს. ამიტომ, თვითონ უკრაინაც ყველანირად ცდილობს, რომ მიაღწიოს შეთანხმებას.
რუსეთსა და უკრაინას შორის კიდევ ერთი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შესაძლოა მხარეები საბოლოოდ რამეზე შეთანხმდნენ?
- რუსეთმა მიაღწია, რომ უკრაინა, როგორც ჩანს, მზად არის დაიწყოს ნეიტრალიტეტზე საუბარი, ოღონდ გარანტიებს მივიღებო. გარანტიები ზღაპარია, რუსეთის გარანტიების ვის უნდა სჯეროდეს?
თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა იმოქმედა 7-8 თვე, მაშინ კარგი, მაგრამ თუ ამ სანქციებმა 2-3 კვირა იმუშავა, რუსეთი ამას აიტანს. რასაკვირველია, იქნება ფასების ზრდა, თუმცა რუსეთი ამ ფაზას გადაიტანს.
თუ დაიწყო მოლაპარაკებები და პუტინმა ოდნავ შეამცირა თავისი მოთხოვნები, ზელენსკიზე იქნება ზეწოლა, როგორც ევროპიდან, ისე ამერიკიდან, რომ ზელენსკიმაც რაღაცები დათმოს. ომმა, მაქსიმუმ, ერთ თვეს გასტანოს, თუმცა პუტინი ცდილობს გადაიყვანოს ჩვეულ ფაზაში - არც ომი, არც მშვიდობა, ეს რუსეთის ტრადიციაა.