ISAF-ის სამშვიდობო მისიაში ცვლილება შედის

ISAF-ის სამშვიდობო მისიაში ცვლილება შედის

ISAF-ის სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის თაობაზე პარლამენტის სპეციალურ დადგენილებაში ცვლილება შედის.

„ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პარლამენტის 2009 წლის 6 აგვისტოს დადგენილებაში ცვლილებებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტი იხილავს. ხვალ კი, საკითხი პლენარულ სხდომაზე გადის. 

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ლევან დოლიძის განცხადებით, ქართული ოცეული, რომელიც ქაბულშია განლაგებული, დაქვემდებარებას იცვლის და ფრანგული კონტინგენტიდან ამერიკული კონტინგენტის დაქვემდებარებაში გადადის. დოლიძის განმარტებით, პარლამენტის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები სწორედ ამას შეეხება.

„წარმოდგენილი ცვლილებები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას, ან შემცირებას არ ითვალისწინებს. ცვლილება ეხება იმას, რომ ქაბულში ქართული ოცეული ფრანგული კონტინგენტის დაქვემდებარეობაში იყო, ხოლო ახლა ამერიკული კონტინგენტის დაქვემდებარეობაში გადადის. ცვლილებების მთელი არსი ამაში მდგომარეობს,“ - განაცხადა ლევან დოლიძემ.

გამომდინარე იქიდან, რომ საფრანგეთმა შეამცირა სამშვიდობო კონტიგენტი, საქართველო სამშვიდობო მისიაში ამერიკული კონტიგენტის დაქვემდებარებაში გადადის. ნებისმიერი ასეთი გადანაცვლება კონტიგენტებიდან, საჭიროებს პარლამენტის ნებართვას, ვინაიდან, პარლამენტი ამტკიცებს სამშვიდობო მისიის რაოდენობას.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი თეონა აქუბარდია თვლის, რომ საპარლამენტო მექანიზმები უნდა იყოს დაცული და პარლამენტმა ცნობად მიიღოს ეს ინფორმაცია.

„ვინაიდან 2014 წელს ეს მისია სრულდება და საფრანგეთმა შეამცირა თავისი რაოდენობა ავღანეთში, შესაძლებელია, რომ ეს ცვლილება ამით იყოს გაპიროვნებული. ყოველ შემთხვევაში, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ და აქ არის ჩვეულებრივი ტაქტიკური ცვლილება, რაც აუცილებელია, რომ პარლამენტმა მიიღოს ცნობად“, - უთხრა ფორ.გე-ს თეონა აქუბარდიამ.

„თეორიულად იგივე ამოცანების შესრულება უხდებათ ქართველ სამხედროებს“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე, რომლის განცხადებით, ქართული სამშვიდობო კონტიგენტისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვერტიკალში, რომელი ქვეყნის მისიის ქვეშ ვიმოქმედებთ.

„ტექნიკური დეტალია სხვა არაფერი. მისია მთავრდება და შესაბამისად, ხდება გადანაცვლება. მისიის დასრულების დროს იცვლება გარკვეული ამოცანები და შესაბამისად, იცვლება ამ ამოცანის შემსრულებელი ქვეყნება. აქიდან გამომდინარე, ეს აბსოლუტურად ტექნიკური დეტალია. ქვედანაყოფები, რომლებიც თავის რიგითობას ელოდებიან, ცვლიან მოქმედების არეალს, იცვლიან სარდლობებს,“ - განმარტა ფორ.გე-სთან საუბრისას გიორგი თავდგირიძემ.