„ფაქტობრივად, უკრაინა დღეს ნატოს დე-ფაქტო წევრია, რადგან სარგებლობს ნატოს შეიარაღებით, ინსტრუქტორებით, ლაივ რეჟიმში იღებს სადაზვერვო ინფორმაციას“

„ფაქტობრივად, უკრაინა დღეს ნატოს დე-ფაქტო წევრია, რადგან სარგებლობს ნატოს შეიარაღებით, ინსტრუქტორებით, ლაივ რეჟიმში იღებს სადაზვერვო ინფორმაციას“

„მეტი ნატო უკრაინაში“, - ალბათ, სწორედ უკრაინის ომის დროს გამოჩნდა ამ ფრაზის ჭეშმარიტება. ნატო ამარაგებს უკრაინას იარაღით, საწვავით, ინსტრუქტორებით, საფრენი აპარატებით, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით - ჯაველინებით, რომელსაც თავად უკრაინელები „ჩიტების დიდ გუნდს“ უწოდებენ. მოკლედ, უკრაინელებს ოკუპანტისთვის გამიზნული ლეტალური იარაღი უხვად აქვთ, მაგრამ ნატო არაფრით არ აპირებს, დახუროს უკრაინის ცა, თავად ჩაებას ამ ომში და რუსული Z- ნიშნიანი ტანკების ჭრიალი საკუთარ ტერიტორიაზეც გამოსცადოს. არადა, ომში მყოფ უკრაინის პრეზიდენტს, ცხადია, მეტი დახმარება უნდა ნატოსგან.

ზელენსკი არც მალავს, „განა ასეთი ნატო გვინდოდა?“ ზელენსკის აზრით, ნატოს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას ნატოს წინააღმდეგ და ეს არის სუსტი, შინაგანად არათავდაჯერებული ადამიანების თვითჰიპნოზი. ამიტომაც ზელენსკი მიმართავს ნატოს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც უკრაინაში დაიღუპება, დაიღუპება ნატოს სისუსტის გამოც.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ საკუთარი სისუსტისთვის ნატოს ალიანსი გადაიხდის. კულება აცხადებს, რომ ომამდე უკრაინელი ხალხი ნატოს თვლიდა ძალად, ევროკავშირს კი სუსტად და მერყევად, მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქითაა.

რას ნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის და უკრაინელი მაღალჩინოსნების ტონი ნატოს მიმართ? ხომ არ იწყება უკრაინაში ნატოს მიმართ გულაცრუება?

ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ზელენსკი თავის პოლიტიკურ სტრატეგიას აგებს იმ პრინციპზე, მოითხოვე მაქსიმუმი, რომ, შესაძლებლობის ფარგლებში, რაც შეიძლება მეტი მიიღო.

„ზელენსკი ყოველთვის მეტს ითხოვდა, რაც პრინციპში სწორიცაა. მართლაც უპრეცედენტოა ის დახმარება, რასაც უკრაინას უწევს ალიანსი. ფინანსურ დახმარებაზე რომ არაფერი ვთქვათ, სამხედრო დახმარება უზარმაზარია. ის, რაც ხილულია, მაგრამ არის ბევრი რამ, რაც ხილული არ არის. უკრაინა, ფაქტობრივად, ნატოს დე ფაქტო წევრია, რადგან უკრაინა დღეს სარგებლობს ნატოს შეიარაღებით, ნატოს ინსტრუქტორებით, უკრაინის ჯარი, მთელი თავისი სტრატეგიული და ტაქტიკური ნახაზებით, არის იმ სწავლებების და წვრთნების შედეგი, რაც სწორედ ნატოს სწავლებებმა მოიტანა. სწორედ ამ ნახაზებსა და გეგმებში სჯობნის უკრაინა მოწინააღმდეგეს. უკრაინელები სრულად მომზადებულნი არიან ამ ტიპის საფრთხისთვის, იღებენ მაქსიმალურ შეიარაღებას, პლუს ამას, უკრაინელები ლაივ რეჟიმში იღებენ სადაზვერვო ინფორმაციას“, - გვითხრა თენგიზ ფხალაძემ.

მანვე განმარტა, რომ ერთადერთი, რაც არ მოქმედებს უკრაინაში, ეს არის ნატოს მე- 5 მუხლი, როდესაც ნატო პირდაპირ არ არის ჩართული კონფლიქტში, მაგრამ უპრეცედენტო დახმარებას უწევს უკრაინას. არც ერთ არაწევრ სახელმწიფოს ასეთი მასშტაბის სამხედრო ტექნიკური დახმარება ნატოს ქვეყნებისგან არ მიუღია, როგორც ახლა იღებს უკრაინა და ეს მუდმივად მზარდი დახმარებაა. ასე რომ, თენგიზ ფხალაძის აზრით, ზელენსკის სიტყვებში ნიჰილიზმი ნატოს მიმართ არ იგრძნობა, აქ არის სწორი სტრატეგია, რომ უკრაინელებმა მოითხოვონ მაქსიმუმი. ჯერჯერობით ამ სტრატეგიას თავისი შედეგი მოაქვს ზელენსკისთვის.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ეჭვობს, რომ ნატოს მიმართ გულაცრუება ჰქონდეს ზელენსკის. უბრალოდ, ახლა უკრაინას უჭირს და შეიძლება ჰქონდეს მეტის მოლოდინი, მაგრამ მეორე მხარივ, სანამ საომარი მოქმედებები დაიწყებოდა და მუდმივად ცხადდებოდა, რომ დღეს თუ არა ხვალ ომი დაიწყება, ყველა ქვეყანა, მათ შორის, ნატო აფრთხილებდა უკრაინას, რომ პირდაპირ ამ ომში არ ჩაერეოდა, არამედ დაეხმარებოდა. მართლაც ეხმარებიან უკრაინას.

„ამ ეტაპზე ნატო არ ჩაერევა უკრაინის ომში, თუმცა არ გამოვრიცხავ, ხვალ და ზეგ ჩაერიოს, დიდი ალბათობით, შეიძლება ჩაერიოს ამ საქმეში სამომავლოდ. იქ ცოტა სხვა პრინციპებია. ზელენსკის განცხადებები დღეს განსჯას არ ექვემდებარება, რადგან გაჭირვებაშია და ეძებს ნებისმიერ მოკავშირეს. ნებისმიერი აქტივობა უკრაინელებისთვის ახლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს. მთელი დასავლეთი გვერდში უდგას უკრაინას, იარაღს აწვდიან, ფინანსურად ეხმარებიან. ეს არის ჰიბრიდული ომი, დღეს დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის იმავე პრინციპით, რითაც იბრძოდა 1945-დან 90 წლამდე, ოღონდ დასავლეთი დღეს გაცილებით მობილური, სწრაფი და კონცენტრირებულია“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ ჩვენთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ ავღანეთში შესვლის მიუხედავად, საბჭოთა კავშირის მიმართ ასეთი მძიმე სანქციები არ ყოფილა. იმ პერიოდში დროში გაწელილმა პროცესმა დასავლეთს მისცა საშუალება, საბჭოთა იმპერია დაეშალა. დღესაც იმავეს აკეთებს დასავლეთი. ეკონომიკური სანქციები რუსეთზე დღეს და ხვალ არა, მაგრამ ზეგ იმოქმედებს. დასავლეთი დღეს ცდილობს, საყრდენი გამოაცალოს რუსეთს და მის რეჟიმს. ასე რომ, ნატოზე არ იტყვის უარს ზელენსკი ომის დასრულების შემდეგაც, რადგან რუსეთის მხრიდან საფრთხეები მუდმივად იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ ამ ომში რუსეთი დამარცხდება, რუსეთი უფრო სხვაგვარი იქნება, რადგან სხვა დასასრული გამორიცხულია. ამ ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოც ისეთი ნამდვილად აღარ იქნება, როგორც ომამდე იყო.

trampi ზემო აფხაზეთიდან სუ კამაზებით რო გაზიდა პუტინმა შეიარაღება----ის სადაური იყო?/
მასე მაშინ ჩვენც ვყოფილვართ ნატოს წევრი
2 წლის უკან
Maverick ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე აცხადებს: უკრაინა, ფაქტობრივად, ნატოს დე ფაქტო წევრია, რადგან უკრაინა დღეს სარგებლობს ნატოს შეიარაღებით"... აფსუს რამაგარი ცენტის მკვლევარი როგორ მაგარ ფეიკ დასკვნას აკეთებს?!

ბატონო მკვლევარო, მასე ჩვენც გავაძლევდნენ ყველაფერს და სააკაშვილმა რუსეთს აჩუქა! არც მაშინ და არც მის შემდეგ ნატოს მივდევთ, მაგრამ გაგვირბის!
ჭიჭიკიასი არ იყოს... ნატოია გაჩერდი გოგო, არაფერს არ გიზან, რაცხა მაქვს შენთვის სათქმელიო, ნატოია კი ფიქრობს,🖕ამის გარდაა უნა ნეტაიო?...
2 წლის უკან