ლადო პაპავა: როდესაც დამოკიდებული ხარ იმპორტზე, გლობალურად ფასების მატება შენზე აუცილებლად აისახება

ლადო პაპავა: როდესაც დამოკიდებული ხარ იმპორტზე, გლობალურად ფასების მატება შენზე აუცილებლად აისახება

რეალურია ის საფრთხე, რომ პური შეიძლება გაძვირდეს, - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან განმარტა, რომ ეს საბრძოლო მოქმედებების ხანგრძლივობაზე არის დამოკიდებული. პაპავამ აღნიშნავს, რომ საქართველოში, სამომხმარებლო და სასურსათო კალათების 4/5 იმპორტულია.

„სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოვახერხეთ, განგვევითარებინა ადგილობრივი წარმოება იმ დონემდე, რომ ეს პროპორცია შეცვლილიყო. როდესაც დამოკიდებული ხარ იმპორტზე, გლობალურად ფასების მატება შენზე აუცილებლად აისახება. რა თქმა უნდა, ეს აისახება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე და პირველ რიგში, ყველაზე ბევრ კითხვას იწვევს ის, თუ რა დაემართება პურის ფასს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ქვეყანაში 2-3 თვის მარაგი არსებობს იმისთვის, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს“, - განაცხადა პაპავამ.

თუმცა, მან აღნიშნა, რომ ხორბალი რუსეთისთვის სტრატეგიული რესურსია და სანქციების ფონზე, შესაძლოა მოსკოვმა ქვეყნიდან ხორბლის გატანა აკრძალოს, ან ფასი გაიზარდოს, ამიტომ პურის ფასის ზრდის შესაძლებლობა რეალურია.