„საშინელი მომდევნო რამდენიმე კვირა“, - აცხადებს ამერიკის ცენტრალური დაზვერვის დირექტორი. ამერიკის კონგრესში წარდგენის დროს უილიამ ბარნსმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი გააორმაგებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს. ამერიკული დაზღვერვაში ამბობენ, რომ რუსული ჯარის მარცხი უკრაინაში და მძიმე ეკონომიკური სანქციები პუტინისთვის გახდება მიზეზი, რომ კიდევ უფრო ძლიერი და დაუდევარი ომი აწარმოოს უკრაინაში.
დაზვერვის შეფის ინფორმაციით, მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა უკრაინის მხრიდან, მომავალი კვირების განმავლობაში რამდენიმე ქალაქზე გაზრდილ ზეწოლას ელოდებიან. უკრაინის დედაქალაქ კიევს, საკვებისა და წყლის მარაგი, სავარუდოდ 10 დღეში გაუთავდება.
„პუტინი წყენის და ამბიციების აალებადი კომბინაციით იყო განწყობილი მრავალი წლის განმავლობაში. მისი მიზანი უკრაინაზე დომინირება და მისი კონტროლია, რათა ქვეყანას საგარეო ორიენტაცია შეუცვალოს“, - აცხადებს უილიამ ბარნსი.
ამერიკის სადაზვერვო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუს სამხედროებს შორის იმედგაცურება სულ უფრო იზრდება, რაც პუტინამდეც მივიდა. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, კრემლის სამხედრო გათვლებით, რუსეთს კიევი ერთ, ან ორ დღეში უნდა აეღო, თუმცა უკრაინის დედაქალაქი უკვე მე-15 დღეა რუსული ჯარის თავდასხმას იგერიებს.
უკრაინა-რუსეთს შორის 15 დღეა ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. მოლოდინის მიუხედავად მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მათ შორის არც ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას. უშედეგოდ დასრულდა უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ანტალიაში. კიევი არ აპირებს შეასრულოს რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნები.
შეხვედრის ინიციატორი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, დამარცხებულები კი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. თურქი დიპლომატის თქმით, შეხვედრაზე თურქეთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ღია უნდა იყოს.
„სამმხრივი შეხვედრის ერთ-ერთი დღის წესრიგი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის მოწყობა იყო. შეხვედრა, განსაკუთრებით ლიდერების დონეზე, დღის წესრიგში დადგა. უკრაინული მხარე, ზელენსკი მზად არის ასეთი შეხვედრისთვის. ლავროვი და ბატონი პუტინი, პრინციპში, არ არიან წინააღმდეგი.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების მრავალი ელემენტია, მათ შორის ნეიტრალიტეტი. ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა განიხილება. თქვენ იცით, რომ ასეთ შემთხვევაში უკრაინას სურს, რომ ზოგიერთი ქვეყანა იყოს აქ გარანტი. ერთ-ერთი მათგანი თურქეთია, რაც კულებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შეთანხმდნენ ძალისხმევის გაგრძელებაზე, რათა მოიძებნოს ადგილზე არსებული ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების გზები. კულებას ინფორმაციით, მან რამდენიმე საკითხი წამოწია, რომელთა შორის იყო მარიუპოლისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნა და ასევე 24 საათიანი ცეცხლის შეწყვეტა ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა როგორც კულებამ აღნიშნა, მისმა კოლეგამ ამ საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო.
„ჩვენ არ შეგვიძლია ომის შეწყვეტა, თუ აგრესორ ქვეყანას, რომელმაც თავდასხმა განახორციელა, არ აქვს ამის გაკეთების სურვილი. ამასთან დაკავშირებით, მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ უკრაინა არ დანებდა, არ ნებდება და არ დანებდება. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის, ვეძებთ დიპლომატიურ გამოსავლებს, მაგრამ სანამ ის არ არის, ჩვენ თავგანწირვით, საკუთარი სიცოცხლის გაწირვით დავიცავთ ჩვენს მიწას, ჩვენს ხალხს რუსეთის აგრესიისგან,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს არ აქვს გეგმა დაიპყროს სხვა ქვეყნები და კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი უკრაინას არ იპყრობს. ლავროვმა დასავლეთზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლელი კოლეგები სახიფათოდ იქცევიან, როდესაც უკრაინაში შეიარაღების მიწოდებას უზრუნველყოფენ. სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ პუტინი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს არ ამბობს.
„იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება დადგება. უკრაინა პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა იყოს ნეიტრალური. პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ ჩვენ როცა ვამბობთ ნატოს გაფართოება არ გვსურს, სულ არ ვფიქრობთ და ვამბობთ, რომ უკრაინის ნეიტრალური სტატუსის წინააღმდეგ ვართ. ამგვარი მიდგომა, რასაც ზელენსკი ამბობს, ეს ოპტიმიზმს ბადებს ჩვენში მის მიერ ნეიტრალიტეტის ხსენებისას. ჩვენ არაერთხელ დავძლიეთ ბევრი სიძნელე ჩვენი მოქმედების პერიოდში. ჩვენ დავძლევთ ამ კრიზისსაც და გამოვალთ ამ კრიზისიდან ძლიერი ფსიქოლოგიით და არ გვექნება ილუზია, რომ დასავლეთი იქნება საიმედო პარტნიორი.
რაც შეეხება უკრაინაში შეიარაღების მიწოდებას, ჩვენ ვხედავთ რაოდენ სახიფათოდ მოქმედებენ ჩვენი დასავლელი კოლეგები. მათ შორის ევროკავშირი, რომელიც ყველა პრინციპს და ფასეულობას არღვევს. 3 დღის წინ, 7 მარტს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩვენმა დელეგაციამ ფაქტები წარმოადგინა, რომ ეს სამშობიარო ხელში ჩაიგდო ბატალიონმა აზოვმა საიდანაც ყველა მშობიარე ქალი და მედდა გაიყვანეს. ეს იყო ბაზა. ამიტომ თქვენთვის გადმომიცია დასკვნების გაკეთება“, - აცხადებს სერგეი ლავროვი.
უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის დღიდან 71 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. კერძოდ, ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა 7 კერძო ერთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ხარკოვის ოლქში სოფელ ჟუკოვსკის ბაზარზე თავდასხმის დროს 16 წლის ბიჭი დაიღუპა. გარდა ამისა, ღამით, ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონის სოფელ სლობოჟანსკოიეში მორიგი დაბომბვის შედეგად, მტრის ჭურვი კერძო საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ნანგრევების ქვეშ 4 ადამიანი დაიღუპა: 2 ქალი და 2 ბავშვი, 5 წლის გოგონა გადარჩა.
რაც შეეხება მშვიდობიანი მოსახლეობის და ასევე, სამხედრო კონფლიქტში ჩართული პირების მსხვერპლს, ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, ფაქტია, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მსხვერპლი საკმაოდ დიდია.
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინისთვის ოფიციალურად ტყვეების ან გარდაცვლილთა ცხედრების დაბრუნების მოთხოვნით არ მოუმართავს.
„მათ არ სურთ ამის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რუსი სამხედრო ტყვე გვყავს. ისინი ასევე საერთოდ არ არიან დაინტერესებულები თავიანთი გარდაცვლილების ცხედრებით, რომლებიც ახლა მიმოფანტულია უკრაინის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში. ყველა დროში და ახლაც, სამხედროებს ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ, რათა გარდაცვლილი თანამებრძოლის ცხედარი დედისთვის დაებრუნებინათ.
უკრაინა ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებს მომავალში რუსულ მხარესთან გაცვლისთვის გამოიყენებს. ოფიცრები კიდევ კარგი, მაგრამ რიგითებს საერთოდ არავინ არაფერი უთხრა - ისინი უბრალოდ, განგაშით წამოაყენეს, ჩასვეს ჯავშანტექნიკაში და ისინი მოდიოდნენ ამ ჯავშანტექნიკით და ფიქრობდნენ, რომ ეს სწავლების ფარგლებში იყო. პუტინმა ასობით ათასი თავისი სამხედრო მოატყუა, მან მოატყუა სრულიად ერი. უკრაინელებს მტრის განადგურება გადაწყვეტილი აქვთ და ვისაც სიკვდილი არ უნდა, ტყვედ უნდა ჩაბარდეს,“ - განაცხადა გენადი გერაშენკომ.
ვითარება საკმაოდ რთულია მოსკოვში. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედრო ჰოსპიტალის პერსონალი ყაზარმულ რეჟიმზეა გადაყვანილი. ომის დაწყების დღიდან პერსონალს აკრძალული აქვს ტერიტორიის დატოვება. მედპერსონალი, მათ შორის დამლაგებლებიც კი, ომის დაწყების დღიდან ჰოსპიტალში რჩებიან. არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოებს დაევალათ, რომ არ დაიტვირთოს მორგი. როგორც ირკვევა, გარდაცვლილებს მოსკოვის გარეუბნებში წვავენ -კრემაციას უკეთებენ.
მხარეები ცეცხლის შეწტვეტაზე არ თანხმდებიან, რაც ანალიტიკოს თამარ კიკნაძის შეფასებით, ძალიამ მძიმე შედეგია უკრაინისთვის. მისი თქმით, უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება წავიდეს იმ პირობებზე, რომელსაც რუსეთი სთავაზობს - დონბასის, ლუგანსკის და ყირიმის, როგორც დამუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება.
„ეს რომ აღიაროს, ის ადამიანები, რომლებიც ამ ომში იბრძვიან, ძალიან ნეგატიურად შეხვდებიან, მაგრამ თუ ამას პრაგმატული მოსაზრებით განვიხილავთ, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით მეტი მსხვერპლი იქნება. რუსეთი მაინც მოახერხებს ოკუპირებას, მთლიანად თავის პირობებზე დადებს ამ ზავს, რაც ძალიან ცუდია უკრაინისთვის. ვხედავთ, რომ არც ერთი მხარე არ მიდის დათმობაზე. რუსეთმა გადაამისამართა უკრაინა - დაუბრუნდით მინსკის ხელშეკრულებას, არავითარი სხვა შეხვედრა, გარდა მინსკის ფორმატისა არ იქნებაო“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა რაღცნაირად უნდა ჩაერიოს, რომ ეს სისხლისღვრა შეაჩეროს.
„ვხედავთ, რომ ჩარევით არ ერევიან. ნატო და ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების პოზიცია ასეთია - მათი ჩარევა ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს. მეტსაც გეტყვით, აშშ-მა ბალისტიკური რაკეტის გამოცდაც კი შეაჩერა, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს. პოლონეთისთვის თვითმფრინავის გადაცემაზე თვითონ უარი თქვეს და ნატო-ს უთხრეს თქვენ გადაეცითო, რაზეც ნატომ უარი თქვა. ანუ, პირდაპირ ჩარევაზე არ მიდიან. ჰუმანიტარულ დახმარებას და შეიარაღებას აწვდიან ღიად, მაგრამ საომარ მოქმედებებში არ ჩაერევიან.
2008 წელსაც იყო მოლოდინი, რომ ნატო-ს ჯარები ჩაერეოდნენ, მაგრამ არ ჩაერიენ. ნატოს ჩარევა იქნება მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი და ამას ყველა ერიდება. ზელენსკი ვა-ბანკზე მიდის, სასოწარკვეთილ განცხადებებს აკეთებს, მოუწოდებს ნატოს და ევროკავშირის ქვეყნებს, რომ დაეხმარონ. ნახეთ, რა განცხადებები კეთდება საქართველოსთან მიმართებაში. პატარა საქართველომ, 3-მილიონიანმა ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს? ამ ომში უნდა ჩავებათ?“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, დიპლომატიას თავისი ადგილი აქვს და საჭირო ხდება მაშინ, როცა მშვიდობა სჭირდებათ. მისი თქმით, ეტყობა, ჯერ მშვიდობა არ სჭირდებათ და იმედი აქვთ, რაღაცას მოიპოვებენ. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, გარკვეული დათმობები არის. კერძოდ, რუსეთი აღარ ლაპარაკობს უკრაინაში ხელისუფლების შეცვლაზე, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა ერთი ნაბიჯი უკან გადადგა.
„სანამ უფრო არ გაუჭირდება, მანამ მეეჭვება, რომ დიპლომატიის მაგიდასთან ახალი წინადადებები დააყენოს და საერთოდ დაელოდოს დიპლომატიით საკითხის გადაწყვეტას. რუსულ მედიაში დატრიალდა ასეთი აზრი - როგორც არ უნდა მოიქცეს რუსეთი, სანქციები მაინც დარჩება. თუ ასეთი მდგომარეობა შენარჩუნდა, მაშინ რუსეთი არ წავა დათმობაზე და დიპლომატიაზე. დიპლომატია დათმობას და კომპრომისებს გულისხმობს. არ წავა დათმობაზე და იბძროლებს ბოლომდე, რაც არ უნდა არაეფექტური იყოს, ბოლომდე ჩახოცავს რუსებსაც და უკრაინელებსაც.
მაინც მგონია, რომ სანქციების ამ მოდელმა უნდა მიიღოს ისეთი კონფიგურაცია, რომ რუსეთისთვის ცხადი იყოს - თუ დათმობაზე წავა, სანქციები ისეთი მკაცრი არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება. თუ რუსეთმა სანქციების მხრივ შედეგი ვერ დაინახა, იბრძოლებს. მგონია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და რუსულ ძალებს გაიყვანს, მაგრამ მოსკოვს ვერ დაიპყრობს უკრაინა. ამიტომ, რუსეთს სულ ექნება მცდელობა შეკრიბოს ჯარები და ხელახლა გადავიდეს შეტევაზე. ასე რომ, აქ შეიძლება კონფლიქტი ძალიან გაჭიანურდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.