„გაერთიანება ყოველთვის ხდება ერთი ლიდერის გარშემო, სტალინი სულელი კი არ იყო, ყველა სხვა ლიდერს ბოლო რომ მოუღო?!“

„გაერთიანება ყოველთვის ხდება ერთი ლიდერის გარშემო, სტალინი სულელი კი არ იყო, ყველა სხვა ლიდერს ბოლო რომ მოუღო?!“

ბოლო წლებში ოპოზიცია საქართველოში ერთიანდებოდა, მაგრამ ამ გაერთიანებებს, როგორც წესი, მხოლოდ სათაური ჰქონდა ერთიანი, სინამდვილეში, მათი ერთობა დამარცხების ფორმულად ყალიბდებოდა. მათი გაერთიანება ვერც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურმა შეძლო, ვერც უგულავას ქოლგა გადაეფარება მათ და ვერც „ნაცები“ მოიშლიან „ნაცობას“, რადგან, როგორც გაერთიანებული ოპოზიციიდან გამოსულები ირწმუნებიან, მთავარი გადამგდებლები სწორედ „ნაცები“ არიან. იაგო ხვიჩიამ თავის დროზე განმარტა, რომ „ნაცებთან“ ექსპერიმენტში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან კოორდინირებულ ოპოზიციას შთანთქავს „ნაცმოძრაობა“, რომელმაც იგი პირადად რამდენჯერმე გადააგდო.

ერთი თვეც არ იყო გასული, რაც იაგო ხვიჩიამ ეს გადაგდება გულახდილად აღიარა, მაგრამ „ნაცები“ ისევ გაერთიანებაზე ალაპარაკდნენ. „ნაცმოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევდა, რომ „ქართული ოცნების“, ამ მონსტრის, დამარცხება მხოლოდ ოპოზიციის გაერთიანებით შეიძლებოდა და ამას „ნაცმოძრაობა“ მარტო ვერ შეძლებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიებისადმი შეთავაზებას „ნაცმოძრაობა“ უახლოეს მომავალში აპირებს.

რამდენჯერ უნდა წავიდეს ოპოზიცია ერთ წრეზე და არაფრისმომცემი გაერთიანებები წამოიწყოს?

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიციის გაერთიანებას ნუ წარმოვიდგენთ ისე, თითქოს პოლიტიკოსების გაერთიანება ელექტორალურ გაერთიანებას იწვევს. უბრალო არითმეტიკით არ ითვლება ეს ყველაფერი. ხშირ შემთხვევაში, პირიქით ხდება და გაერთიანება ელექტორალურ კლებას იწვევს და არა ელექტორალურ ზრდას. ეს კი იმითაა განპირობებული, რომ სხვადასხვა პარტიას ჰყავს ელექტორატი, რომლებისთვისაც მიუღებელია ამ გაერთიანებაში შემავალი რომელიმე წევრი.

„შესაბამისად, ელექტორალური მასა იკარგება, ანუ პარტიები ერთიანდებიან, მაგრამ ჯამური მასა იკლებს, ნაცვლად იმისა, რომ მოიმატოს. ამიტომ იმ ვითარებაში, რაც დღეს გვაქვს, უფრო სწორია ფრონტის ხაზის გაშლა და არა კონცენტრირება და ერთი თავკომბალას გაკეთება. ფრონტის ხაზი მაქსიმალურად უნდა გაიშალოს იმისთვის, რომ დაიფაროს ამომრჩევლის ყველა სეგმენტი, მათ შორის, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული, მაგრამ ერთმანეთთან ანტაგონისტური სეგმენტები. ამ გაერთიანებით და ორპოლუსიანობით ზუსტადაც რომ ხელისუფლების სასარგებლო საქმე კეთდება წლების განმავლობაში. ამას რომ ვამბობ, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ოპოზიციას შორის კოორდინაცია არ უნდა იყოს, ცხადია, კოორდინაცია უნდა არსებობდეს, უნდა იყოს თემატური თანამშრომლობა, მაგრამ ის, რომ ოპოზიცია ერთიანი ფრონტით გამოვიდეს არჩევნებზე, ეს არის წაგების და არა გამარჯვების ფორმულა“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, რადგან ოპოზიციაში ძალიან ბევრი ლიდერია, რომელთაც მეორე კაცობა ვერ წარმოუდგენიათ. პოლიტოლოგის თქმით, ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა უგულავას იდეის შემთხვევაში, რომელმაც საერთო ქოლგაზე ილაპარაკა, ზუსტად 6 საათი იყო გასული, რომ გამოხტა ბოკერია და მიწასთან გაასწორა უგულავა.

„ერთმანეთში ვერ შეთანხმებულან ეგენი. არადა, გაერთიანება ხდება ყოველთვის ერთი ლიდერის გარშემო. სტალინი სულელი კი არ იყო, ყველას ბოლო რომ მოუღო, ტროცკიდან დაწყებული, ზინოვიევით, რასკოლნიკოვით დამთავრებული. ჩვენს ოპოზიციაში 4-5 პოტენციური ლიდერია, რომლებიც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, მაგრამ თავად თვლიან, რომ მელიაზე ნაკლებნი არ არიან. არის სააკაშვილის ფაქტორიც. ვერ გაერთიანდებიან მის ირგვლივ, რადგან სააკაშვილი ციხეშია. მანვე განმარტა, რომ ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, რადგან ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს. თავიდან დაიჟინეს ბოიკოტი, მაგრამ პირველი ბზარი როგორც კი გაჩნდა ბოიკოტში, ყველანი უნდა შესულიყვნენ პარლამენტში, რომელი კომისიაც უნდოდათ, იმას შექმნიდნენ, მით უმეტეს, 60-მდე წევრი ჰყავდა მაშინ ოპოზიციას.

სოსო ცინცაძის თქმით, ოპოზიციამ სახელი გაიტეხა, არ შემოვდივართ პარლამენტშიო და მერე იხვეწებოდნენ სიების ჩახსნის გაუქმებას. სიები რომ ჩაახსნევინეს, ნუთუ ერთი ჭკვიანი არ აღმოჩნდა ოპოზიციაში, რომ 2 თვით ადრე ეფიქრათ, შეიძლება ეს ჩახსნა მერე დაგვჭირდესო. მაშინ რომ არ ჩაეხსნათ სიები, ოთხი გარიცხული დეპუტატის მაგივრად ოთხი ახალი დეპუტატი შევიდოდა პარლამენტში და რაოდენობა იგივე დარჩებოდა.

trampi ერთმა დაბრიდეთ დანარჩენები და ოპოზიციის ლიდერი გახდებით
გვაწყობს
2 წლის უკან