თსუ-ს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი თამარ ნემსიწვერიძე For.ge-ს მეშვეობით დიმიტრი შაშკინს პასუხობს, რომ მისი ინფორმაცია, თითქოს, 2010 წლის გაზაფხულზე კიევში უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბეჭდიანი მე-16-17 საუკუნის რარიტეტული წიგნები, სიცრუეა. ასევე, რეალობას არ შეესაბამება ისიც, რომ უკრაინელი სამართალდამცავების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია 2010 წელს შევიდა ბიბილიოთეკაში რარიტეტული წიგნების შემოწმების მიზნით.
სინამდვილეში რა მოხდა?
- სინამდვილეში, 2007 წლის აგვისტოში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში გატყდა ხელუხლებელი ფონდის საცავი, ოქტომბრის თვეში კი - აკადემიურ პერსონალთა სამკითხველო დარბაზის საცავი, სადაც ინახებოდა ლექსიკონები და ენციკლოპედიები. 2008 წლის 23 ივნისს სათანადო რეაგირებისთვის დამეწერა რექტორის - გია ხუბუას შიდა წერილი ბიბლიოთეკის დარბაზის საცავიდან წიგნების ქურდობის ფაქტზე. ამას წინ უძღოდა 2008 წლის 19 ივნისს რექტორ გია ხუბუას სახელზე შემოსული წერილი, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ზ. ჭაია, საიდანაც ვიგებთ, რომ „როგორც გამოძიების პროცესში გაირკვა, 2008 წლის 8 მარტს უკრაინის სახელმწიფო საბაჟო შემოწმების გავლისას საქართველოს მოქალაქეს აღმოაჩნდა ძველი, მე-18-19 საუკუნის რუსულენოვანი წიგნები, რომლებიც შეჰქონდა საქართველოდან ნებართვის გარეშე, რის გამოც გადამოწმების მიზნით ჩამოერთვა საბაჟოს თანამშრომლების მიერ“.
წერილს თან ერთვოდა 19 დასახელების რუსულენოვანი წიგნის მონაცემები (ავტორი, სახელწოდება, გამოცემის წელი, ტომი). მე, როგორც ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, უნდა გამეცა პასუხი წერილში დასმულ კითხვებზე, წარმოადგენდა თუ არა დანართში მოცემული წიგნები კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ნიმუშებს, იძებნებოდა თუ არა ისინი და ხომ არ იყო წიგნები გატაცებული საცავებიდან?
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად როდის დაინიშნეთ?
- ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად 2008 წლის 28 მარტს დავინიშნე. გამომდინარე იქიდან, რომ ვიცოდი 2007 წელს მომხდარი ფაქტების შესახებ, თანამშრომლების აქტიური ჩართვით დავიწყე წიგნადი ფონდის სრული შემოწმება (საინვენტარო წიგნის ჩანაწერების ადგილზე არსებულ წიგნებთან შედარება). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბიბლიოთეკაში 60 წელია არ ჩატარებულა ფონდების სრული შემოწმება. მხოლოდ 1948 და 1952 წელს შემოწმდა წიგნები, რაც დასტურდება წიგნებზევე დასმული ბეჭდით, წარწერით - „შემოწმდა 1948 წელს”, „შემოწმდა 1952 წელს“.
ზემოთმოცემული 19 დასახელების რუსულენოვანი წიგნების მონაცემები, პირველ რიგში, გადამოწმდა კატალოგებში, რის შედეგადაც მოიძებნა მხოლოდ 18 დასახელების წიგნი შესაბამისი საინვენტარო ნომრით, ანუ მოცემული დასახელების წიგნები ბიბლიოთეკაში უნდა ყოფილიყო. 19 დასახელების წიგნიდან 6 დასახელების წიგნი აღმოჩნდა ზემოთ მითითებულ 2007 წელს გატეხილ სტუდენტთა და აკადემიურ პერსონალთა სამკითხველო დარბაზის საცავში. იმის გამო, რომ 2008 წლის მარტიდან, პირველ რიგში, შევუდექით სტუდენტთა და აკადემიურ პერსონალთა სამკითხველო დარბაზის საცავის სრულ შემოწმებას, სამართალდამცავებს შემდეგი პასუხი გავეცი, რომ 6 დასახელების ენციკლოპედიები და ლექსიკონები (რაოდენობა 39 ცალი) საცავში არ აღმოჩნდა.
ამასთან, 12 დასახელების წიგნი საკატალოგო მონაცემების მიხედვით ინახებოდა 1 042 000-იან ფონდში. სამართალდამცავებისთვის სწორი პასუხის გასაცემად საჭირო იყო ფონდის სრული შემოწმება. ფონდების შემოწმების პროცესი გაგრძელდა და სამართალდამცავებს აღნიშნული ინფორმაცია ეცნობათ.
30.07.2010 წელს სათანადო რეაგირებისთვის ჩემს მოდგილეს _ თამარ გიორგაძეს დაეწერა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - რ. ხარბედიას შიდა წერილი 56 წიგნის თსუ-ს ბიბლიოთეკის საცავებიდან გატაცების ფაქტზე.
30.07.2010 ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - რ. ხარბედიას სახელზე შემოსული წერილიდან, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ნარსია, ვიგებთ, რომ „2008 წლის 8 მარტს კიევში ბორისპოლის აეროპორტში საქართველოს მოქალაქისგან ამოღებულ იქნა და ჩამოერთვა 19 დასახელების 56 ტომი ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე 1700-1800 წლებში გამოშვებული წიგნი, რომლებიც სავარაუდოდ, მოპარული უნდა ყოფილიყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან“. უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან მიღებული წერილის საფუძველზე დადასტურდა, რომ 6 დასახელების წიგნი დაკარგული იყო უნივერსიტეტის საცავიდან, ხოლო დანარჩენის გადამოწმება ვერ მოხერხდა, ვინაიდან საცავებში არ იყო ჩატარებული შემოწმება. გამომდინარე იქიდან, რომ 30.07.2010 წელს უფლებამოსილება შეჩერებული მქონდა, სამართალდამცავებს საბოლოო პასუხი ჩემმა მოადგელემ, თამარ გიორგაძემ გასცა.
განათლების სამინისტროს გენერალური ინპექცია 2010 წელს მართლაც იყო შემოსული ბიბლიოთეკაში?
- დიახ. 01.07.2010 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე, ბიბლიოთეკაში ერთი დღით შემოვიდა განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამი თანამშრომელი. მათ თან ჰქონდათ წიგნების კოდირებული სია 39 საინვენტარო ნომრის მითითებით. მომთხოვეს, მიმეტანა საინვენტარო წიგნი, დამებარებინა ერთ-ერთი თანამშრომელი და მათთან ერთად ჩავსულიყავი 318-ე საცავში, რათა ადგილზე გადაგვემოწმებინა მათ ხელთ არსებული საინვენტარო ნომრები საინვენტარო წიგნთან.
რატომ მანცდამაინც 318-ე საცავი და საიდან აღმოჩნდა კოდირებული სია გენერალური ინსპექციის ხელში?
- 2008 წლის ივლისის თვეში 318-ე საცავში წიგნადი ფონდის შემოწმებისას მოხდა შემდეგი ფაქტი: საცავში მომუშავე თანამშრომელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა მითხრა, რომ საცავში უკვე გადამოწმებული და დალაგებული წიგნები არეული დახვდათ. სიტუაციაში გასარკვევად დავიბარე აღნიშნულ საცავში მომუშავე ყველა თანამშრომელი. თითოეული მათგანი ადასტურებდა, რომ დალაგებული წიგნადი ფონდი არეული იყო, მაგრამ არ იცოდნენ, ეს ვინ გააკეთა.
მოგეხსენებათ, ინვენტარიზაციის პროცესი არც ისე მარტივია და თანამშრომელთა მცირე ჯგუფი თავიდანვე ცდილობდა დაწყებული პროცესისათვის ხელის შეშლას. თუმცა მომხდარს არ მივანიჭე განსაკუთრებული მნიშვნელობა. ვფიქრობდი, რომ წიგნების გადაადგილება დადასტურდებოდა ფონდის ხელახლა შემოწმებისას. დაკარგვის საკითხს საერთოდ გამოვრიცხავდი, რადგანაც საცავი არ გატეხილა, საცავში სამუშაო ჯგუფი ერთად შედიოდა და ერთად გამოდიოდა, საცავის გასაღებები კი ინახებოდა ჩემს სამუშაო ოთახში, სადაც სიგნალიზაცია იყო დაყენებული.
მომხდარი ფაქტის შემდეგ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი შევცვალე და დავავალე, თავიდან გადაემოწმებინათ უკვე დალაგებულ 318-ე საცავში მოთავსებული ფონდი. შემოწმების დასრულებისას თანამშრომლებმა მაცნობეს, რომ ყველაფერი წესრიგშია, გადაადგილებული წიგნები დაეწყო თავის ადგილას და გასწორდა მექანიკური შეცდომები. ჯგუფის ხელმძღვანელმა მომხდარი ფაქტიდან მოგვიანებით გადმომცა გადამოწმებული წიგნების სია, რომელიც 2010 წელს გენერალური ინსპექციის მიერ მოტანილი წიგნების კოდირებული სიის იდენტური იყო.
თქვენ ფიქრობთ, რომ გენერალურ ინსპექციაში კოდირებული წიგნების სია მოხვდა თქვენივე თანამშრომლებისაგან?
- სწორედ ასეა. თანაც, ამ საცავში მომუშავე ორი თანამშრომელი პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა სამსახურიდან.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ მოტანილი წიგნების კოდირებულ სიაში მითითებული საინვენტარო ნომრები თუ ემთხვევა 2008 წელს უკრაინაში საქართველოს მოქალაქისათვის ჩამორთმეული რარიტეტული წიგნების საინვენტარო ნომრებს?
- არცერთი არ ემთხვევა.
როგორც თქვით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, თქვენ და თქვენი ერთი თანამშრომელი ჩახვედით 318-ე საცავში. შემდეგ რა მოხდა?
- მოხდა ის, რომ შემოწმდა სიაში მითითებული 39 წიგნი. 39 წიგნიდან ადგილზე აღმოჩნდა ერთი წიგნი, რომელიც საინვენტარო ჟურნალში მითითებული იყო, როგორც ადგილზე არ მყოფი, 38 წიგნი კი ადგილზე არ იყო, ამასვე ადასტურებდა ინვენტარიზაციის პროცესის შედეგი. გენერალური ინპექციის თანამშრომლებმა დასკვნაში დაწერეს, რომ ბიბლიოთეკის პირველი ფორმატის 318-ე საცავში შერჩევით იქნა შემოწმებული პირველი ფორმატის საინვენტარო ჟურნალებში მითითებული ნომრებით თაროზე დალაგებული წიგნების არსებობა. შემოწმებით დადგინდა, რომ შესაბამისი საინვენტარო ნომრიანი წიგნები არ აღმოჩნდა საინვენტარო ჟურნალში მითითებულ ადგილას. მათ გამიზნულად არ დააფიქსირეს, რომ საცავში ჩატარებული ინვენტარიზაციის დროსაც აღნიშნული საინვენტარო ნომრების წიგნები ადგილზე არ იყო.
რატომ აღმოჩნდა თაროზე წიგნი, რომლიც ინვენტარიზაციის დროს საინვენტარო წიგნში დაფიქსირდა, როგორც ადგილზე არ მყოფი?
- წიგნები მკითხველების მიერ დროდადრო ბრუნდება. დაბრუნების შემდეგ კი თანამშრომლის მიერ ხდება შესაბამის საცავში წიგნის თაროზე დაბრუნება. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. თანამშრომელს, რომელმაც წიგნი ჩართო საცავში, საინვენტარო წიგნშიც უნდა გაესწორებინა ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული შედეგი.
სწორედ გენერალური ინპექციის დასკვნა გახდა გენერალური პროკურატურისათვის სისხლის სამართლის საქმის გადაცემის საფუძველი?
- დიახ. გენერალური ინსპექციის დასკვნა შედგება 7 გვერდისაგან, რომლის დასასრულს ვკითხულობთ: „ვინაიდან შემოწმების შედეგად გამოვლინდა ქმედებები, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს სიხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია კანონმდებლობის შესაბამისად, გენერალური ინსპექციის დასკვნა და საქმის მასალები გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოს“.
თსუ-ს ყოფილი რექტორი გია ხუბუა აცხადებს, რომ განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი მას ჯოჯოხეთით ემუქრებოდა და გადადგომას სთხოვდა, შაშკინი კი აცხადებს, რომ ხუბუა მას სამართალდამცველებთან შუამდგომლობას სთხოვდა თსუ-ის საცავიდან დაკარგული რარიტეტული წიგნების პრობლემის გამო.
- უშუალოდ რა დიალოგი წარიმართა რექტორსა და განათლების ყოფილ მინისტრს შორის, არ ვიცი, მაგრამ ის, რომ წიგნებთან დაკავშირებული ფაქტი საფუძვლად დაედო რექტორ გია ხუბუას გათავისუფლებას და ეს წინასწარ დაგეგმილი სცენარი იყო, რეალობაა.
მათ უნდოდათ, წიგნების დაკარგვის საქმეში გია ხუბუაზე ხელი დაგედოთ?
- როცა გენერალურმა ინსპექციამ საქმე პროკურატურას გადასცა, მთავარ სამმართველოში ამ საქმის გამომძიებელი ლევან გაბისონია მიბარებდა, თავიდანვე აგრესიულობით გამოირჩეოდა, მეუბნებოდა, რომ ნახევარი ბიბლიოთეკა ბრალდებულის სკამზე ჩემს გვერდით აღმოჩნდებოდა, რომ, როგორც იქნა, იპოვეს, ბიბლიოთეკაში ვინც იპარავდა წიგნებს. დაკითხვა არაერთი დღის და არაერთი თანამშრომლის მიერ ხდებოდა. ჩემგან თანამშრომლობას ითხოვდნენ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ უნდა მეღიარებინა წიგნების მოპარვა და რექტორისთვის გადაცემა. სხვათა შორის, ლევან გაბისონია გია ხუბუას ყოფილი სტუდენტი აღმოჩნდა, რომელიც განაწყენებული იყო საკუთარ ლექტორზე.
მართალია, რომ იმ პერიოდში „ქართუ ბანკი“ აპირებდა ერთ მილიონ დოლარად ღირებული წიგნების შეძენას უნივერსიტეტისთვის და ამ წიგნების დაკარგვამ საქმე შეაფერხა?
- ჩემი ხელმძღვანელობის დროს „ქართუ ბანკის“ მიერ შეძენილი უცხოენოვანი წიგნები რამოდენიმე ეტაპად შემოვიდა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. წიგნები დამუშავდა და გადაეცა შესაბამის ფაკულტეტებს. ინფორმაცია იმის შესახებ, ჩემს შემდეგ გაგრძელდა თუ არა წიგნების შემოტანის პროცესი, არ მაქვს.
ამ ამბის შემდეგ გია ხუბუას თუ შეხვდით?
- არა. არ შევხვედრილვარ. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ფონდი ერთ-ერთი უნიკალური ფონდია, რომელსაც გადარჩენა, შენარჩუნება და დაცვა სჭირდება.