„ქართული აკადემიის“ განცხადება

„ქართული აკადემიის“ განცხადება

განათლებისა და მეცნიერების სფეროებში სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების განხორციელების გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დაბრკოლებას წარმოადგენს ის სამართლებრივი ვითარება, რომელიც ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში შექმნეს უკიდურესად პოლიტიზებულმა, მედროვე და ანგარებიანმა ადამიანებმა.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელები წინააღმდეგნი არიან, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შესაძლებლობა მიეცეთ, შეიძინონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი.

15 მაისს მედიის მეშვეობით გავრცელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი. მიმართვაში უტიფრად არის ნათქვამი, რომ, თურმე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ბ-ნი ივანე კიღურაძე, - მომხრენი არიან რა ზემოხსენებული იდეისა, - „უმაღლეს განათლებაში საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ვითარების აღდგენას” ცდილობენ.

მთელი კომიზმი შექმნილი ვითარებისა იმაში მდგომარეობს, რომ უნივერსიტეტების ავტონომიის იდეას იცავენ საუნივერსიტეტო ავტონომიისა და ზოგადად საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მესაფლავეები, მათ შორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბ-ნი გიგი თევზაძე.

სხვათა შორის, საგულისხმოა ის აფერა, რომელიც „თევზაძემ და კომპანიამ“ 2012 წელს განახორციელა და რომელიც მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ნ. გილაურის მიერ ხელმოწერილი 2012 წლის 8 ივნისის N203 დადგენილებითაა გაფორმებული. კერძოდ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის, მარგიანის ქ. N21-ის (კერძო ბინის) მისამართით რეგისტრირებულმა ა(ა)იპ „კვლევისა და განვითარების ტექნოლოგიებმა“ და სახელმწიფომ (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახით) დააფუძნეს ა(ა)იპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მთელს ამ, - ვიმეორებთ, - აფერაში საინტერესო ისაა, რომ ზემოხსენებული ა(ა)იპ „კვლევისა და განვითარების ტექნოლოგიების“ გამგეობის თავმჯდომარეა ბ-ნი გიგი თევზაძე, ხოლო წევრი (სხვა რამდენიმე პირთან ერთად) - ბ-ნი სერგო რატიანი.

ახლა ეს (და მსგავსი) ადამიანები ნებისმიერი საშუალებით იბრძვიან იმისათვის, რომ მათთვის ხელსაყრელ პირობებში მოპოვებული სარგებელი არ გაუშვან ხელიდან (რის საშუალებასაც აძლევთ ამჟამად არსებული სამართლებრივი სტატუსი) და, რამდენადაც უცნაურად არ უნდა გამოიყურებოდეს, მათ ამ საქმეში საპარლამენტო უმრავლესობისა და პირადად პარლამენტის თავმჯდომარის, ბ-ნი დავით უსუფაშვილის, იმედი ჰქონიათ.

„გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება საქართველოს უმაღლესი განათლების და კვლევის სივრცის მაქსიმალური ავტონომიზაციისათვის და თვითმმართველობის განმტკიცებისათვის“, - ნათქვამია ზემოხსენებულ მიმართვაში.

თავისდათავად ჩვენც ვუერთდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიმართვას და დაბეჯითებით ვთხოვთ საქართველოს პარლამენტსა და მის თავმჯდომარეს, ბ-ნ დავით უსუფაშვილს, გამოიყენონ მათს „ხელთ არსებული ყველა საშუალება საქართველოს უმაღლესი განათლების და კვლევის სივრცის მაქსიმალური ავტონომიზაციისათვის და თვითმმართველობის განმტკიცებისათვის“. კერძოდ, მაქსიმალურად მოკლე დროში კანონით უზრუნველყონ სახელმწიფო უნივერსიტეტები შეიძინონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, რომელიც, ევროპის არაერთი ქვეყნის (გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, პოლონეთი და სხვ.) გამოცდილების მიხედვით, იძლევა მეტ შესაძლებლობებს საუნივერსიტეტო თვითმმართველობის გაძლიერების, მეტი ფინანსური დამოუკიდებლობისა და აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფისათვის.