მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, გეოპოლიტიკური სურათი რადიკალურად შეიცვალა. ამასთან, თუკი მანამდე, კრემლის შესაძლო გამარჯვებაზე საუბრობდნენ, დღეს სულ სხვა ვითარებაა, - რუსეთი უკრაინიასთან ომს აგებს. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამტკიცებდა, რომ კიევის აღებას დაახლოებით ორ დღე-ღამეში შეძლებდა, თუმცა, ვხედავთ, რომ ომი უკვე ორი კვირაა გრძელდება, კიევი მყარად დგას და უკრაინელები დათმობას არ აპირებენ.
ამის ფონზე, რუსეთის დანაკარგი, როგორც სამხედრო, ისე ფინანსური-ეკონომიკური, ძალიან დიდია. ამასთან, დასავლეთის სანქციების ფონზე, იმასაც ვხედავთ, რომ რუბლი კატასტროფულად გაუფასურდა და რუსეთში ცხოვრება მოქალაქეებისთვის გაუსაძლისი გახდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გარბის.
რუსეთის შესაძლო წაგების ფონზე, საქართველოში ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში, მოვლენების განვითარების რამდენიმე, შესაძლო ვარიანტზე ალაპარაკდნენ: იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინასთან ომს წააგებს, კრემლმა „სახის შენარჩუნების“ მიზნით, შესაძლოა გეზი სხვა მიმართულებით აიღოს, კონკრეტულად, იგი თავს დაესხას საქართველოსა და მოლდოვას. თუმცა, მეორე ნაწილის მტკიცებით, ფინანსურ-ეკონომიკური სანქციების ფონზე, მოსკოვს აღარ ექნება ძალა იმისა, რომ კიდევ ერთ ქვეყანაზე განახორციელოს თავდასხმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება ნაკლებად არის შესაძლებელი, რადგან კრემლის მარცხი ნიშნავს იმას, რომ მას ფიზიკური შესაძლებლობა აღარ გააჩნია. მისივე თქმით, რუსეთი, როგორც ძალის წყარო, მსოფლიო პოლიტიკაში, შესაძლოა გაქრეს.
„ეს იქნება სრული კატასტროფა რუსეთის სახელმწიფოსთვის და ასევე იმისთვის, რის რეალიზაციასაც ბატონი პუტინი აპირებს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ მოხდება ეს ფაქტი - მისი მარცხი უკრაინასთან. არის რამდენიმე შესაძლო სცენარი: თუკი ყველაზე რადიკალური სცენარით განვითარდება მოვლენები, ამან შეიძლება გეოპოლიტიკური ცვლილებებიც გამოიწვიოს. რუსეთი, როგორც ძალის წყარო და ყოველთვის არის მსოფლიო პოლიტიკაში, შეიძლება, უბრალოდ, გაქრეს ისტორიული სცენიდან.
სხვა სცენარების შემთხვევაში, გარდაუვალია ერთი მომენტი, ეს არის შიგნით, პოლიტიკური პროცესების აქტივაცია, რასაც შესაძლებელია მისი სახელემწიფოებრივი სხეულის ცვლილება მოჰყვეს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მისი მეზობლებისთვის, მაგალითად ჩვენთვის. პრინციპული მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, მისი სტრატეგიული მიზნების რეალიზებისთვის, თუკი რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება კრახს განიცდის.
რუსეთმა ძირითადი დარტყმა უკვე მიიღო - მსოფლიოში რუსეთის იზოლირება. რა უნდა ჩააიდინოს კიდევ რუსეთმა, რომ უარესი რამ მიუსაჯონ, ძნელი წარმოსადგენია. რუსეთს სერიოზული პრობლემები ექნება ახლა, როგორმე სტაბილურობა და ასევე ხელისუფლება შეინარჩუნოს. თუმცა, აბსოლუტური გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება, რომ მსგავსი ნაბიჯი ჩვენთან ან სხვა მიმართულებით გადადგას, ოღონდ ძნელი წარმოსადგენია, რა ძალებით მოხდება ეს. უკრაინასთან დამარცხება ნიშნავს მისი ფიზიკური შესაძლებლობების მნიშვნელოვნად ამოწურვას“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და მისი დაბრუნების პერსპექტივას, მენაღარიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი შეეცდება აფხაზ და ოს ხალხთან პირდაპირ დიალოგს ხელი შეუშალოს. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში.
„ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის კონტროლის ქვეშაა. ე.წ. სახელმწიფოები არსებობს იმდენად, რამდენადაც რუსეთი არსებობს. თუკი რუსეთი, როგორც ძალა, კავკასიას დატოვებს, მაშინ შეიქმნება უბრალოდ ნორმალური პირობები დიალოგისა ოს და აფხაზ ხალხთან, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, სანამ რუსეთი იქ სიტუაციას აკონტროლებს. ეს არის რადიკალური ცვლილება, რომელსაც ახალი პერსპექტივა ექნება. ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობის არის, თუ როგორ დასრულდება კეთილი და ბოროტი ძალების ჭიდილი“, - აღნიშნა მენაღარიშვილმა. For.ge-სთან.
საერთაშორისო საკითხებში ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის განცხადებით, იმის ფონზე, რომ რუსეთში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გუარესებულია, რაც ასევე კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, მოსახლეობამ შესაძლოა პუტინის გადადგომა მოითხოვოს. მისივე თქმით, უკრაინასთან რუსეთის მარცხის შემთხვევაში სამივე ქვეყნას, საქართველოს, უკრაინას და მოდლოვას ევროსტრუქტურებში გაწევრინების კუთხით, გზები უფრო ფართოდ ეხსნება.
„რუსეთში დაიწყება სახალხო გამოსვლები, რადგან მკვეთრად გაუარესდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. შედეგად, არ არის გამორიცხული, იყოს მოწოდება, რომ პუტინი გადადგეს. თუმცა, მეორე მხრივ, პუტინი ყველანაირად შეეცდება აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკა. შესაძლოა, ინტერნეტის გათიშვა შემთხვევითი არაა, პუტინს აწყობს, რომ თავისი მოსახლეობა დაარწმუნოს, თითქოს რუსეთმა უკრაინაში წარმატება მოიპოვა.
უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას გზა გაეხსნებათ ევროკავშირის და ნატო-ს მიმართულებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალვე სამივე ქვეყანა გახდება ნატო-ს და ევროკავშირის წევრი, თუმცა რუსეთი, როგორც შემაფერხებელი ფაქტორი, არ იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი სრულ ბლოკადაში ექცევა, ნაკლები შესაძლებელია, საქართველოში შემოიჭრას“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
მისივე შეფასებით, შანსი იზრდება იმისა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველომ დაიბრუნოს, უკრაინასთან რუსეთის მარცხის შემთხვევაში.
„ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, შანსი საქართველოს ეზრდება. აფხაზეთსა და ცხინვალში ვითარება მკვეთრად გაუარესდება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ბევრ ადამიანს ჰქონდეს სურვილი გადმოვიდეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია, რუსეთმა ხელი შეუშალოს პროცესს, რომ ქართულ-აფხაზურ საზოგადოებას შორის პირდაპირი დიალოგი დამყარდეს. საუბარი არ არის იმაზე, რომ უცებ მოხდება ინტეგრაცია. მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდეს. ფაქტია, რომ რუსეთის დასუსტება და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები ამ შემთხვევში ურთიერთკავშირშია“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
იმპერიის საზღვრებთან დაკავშირებით????? ამდენ ცალფაზიან ექსპერტს სად პოულობთ????