ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ემიგრაციის მუზეუმისთვის მისი დამაარსებლის გურამ შარაძის სახელის მინიჭებაზე უარი, ღიმილის მომგვრელი მიზეზით თქვა, რასაც წინ ერთობ საინტერესო პროცესი უძღვოდა. ამ საკითხთან დაკავშირებულ პირებს ტელეფონით ვესაუბრე და თსუ-სგან საჯარო ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვე. სტატიის ბოლოს შეგიძლიათ გაეცნოთ აკადემიკოს გურამ შარაძის შვილის რუსუდან შარაძის შეფასებას თსუ-ს მიდგომასთან, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებასთან და საქართველოს მთავრობის წევრების იმ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ გამოხატეს.
ყველაფერი ასე დაიწყო:
რუსუდან შარაძემ განათლების და კულტურის მინისტრებს ემიგრაციის მუზეუმისთვის მისი დამაარსებლის გურამ შარაძის სახელის მინიჭება წერილობით სთხოვა. განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა რუსუდან შარაძეს სატელეფონო საუბრისას განუმარტა, რომ ზემოხსენებული საკითხი მის სამინისტროს არ ეხებოდა. კულტურის სამინისტრომ რუსუდან შარაძის განცხადება თსუ-ს მუზეუმის დირექტორთან მაია გურაბანიძესთან გადაამისამართა. პარალელურად, რუსუდან შარაძეს ერთბწკარიანი დოკუმენტის ასლი გაუგზავნეს - „გიგზავნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოსულ ქ-ნ რუსუდან შარაძის განცხადებას. გთხოვთ, განიხილოთ და პასუხი აცნობოთ განმცხადებელს“. რუსუდან შარაძე გურამ ოდიშარიას ტელეფონით ესაუბრა. მან განუმარტა, რომ განცხადების თაობაზე არაფერი იცოდა. მინისტრი რუსუდან შარაძეს დაჰპირდა, რომ ვითარებაში გაერკვეოდა.
თსუ-ს მუზეუმის დირექტორს მაია გურაბანიძეს ტელეფონით ვესაუბრე. მან აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროდან მიღებული დოკუმენტის განხილვა და ამ საკითხის გადაჭრა მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. ამიტომ, გურბანიძემ კულტურის მინისტრის მოადგილის მარინე მიზანდარის წერილობითი მიმართვა, რუსუდან შარაძის განცხადებასთან ერთად თსუ-ს რექტორს წარუდგინა. თსუ-ს რექტორის აპარატის უფროსმა მზექალა აჭაიძემ სატელეფონო საუბრისას განმიმარტა, რომ თსუ-ს ფარგლებში არსებულ სხვა მუზეუმებს, მაგალითად, ზოოლოგიის მუზეუმს სახელი არ აქვს მინიჭებული და არ არსებობს კანონი მუზეუმისთვის სახელის მინიჭების შესახებ. სწორედ ამიტომ, რექტორმა თავის თავზე ვერ აიღო გადაწყვეტილების მიღება და ემიგრაციის მუზეუმისთვის გურამ შარაძის სახელის მინიჭების საკითხი თსუ-ს აკადემიური საბჭოს სხდომაზე გაიტანა. მზექალა აჭაიძემ მითხრა ისიც, რომ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების გაცნობა მას შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, რაც ამ დოკუმენტს წერილობით გამოვითხოვდი.
თსუ-ს რექტორს სანდრო კვიტაშვილს 13 მაისს წერილობით ვთხოვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის დაევალებინა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების ასლის გადმოცემა. ეს დოკუმენტი 16 მაისს მივიღე, საიდანაც შევიტყვე, რომ ერთი თვის წინ, 15 აპრილს თსუ-ს აკადემიური საბჭო შეიკრიბა, შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე კვიტაშვილი (აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე), ნუგზარ სურგულაძე, ზურაბ დავითაშვილი, რევაზ გველესიანი, ქეთევან მარშავა, ნანა გაფრინდაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მარიამ გერსამია. სხდომის დღის წესრიგში შვიდი საკითხი იყო შეტანილი. მათგან რიგით მეოთხე გახლდათ “თსუ-ს ემიგრაციის მუზეუმისთვის გურამ შარაძის სახელის მინიჭება“.
აი, რა წერია აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებაში:
„აკადემიურმა საბჭომ განიხილა რუსუდან შარაძის წერილი თსუ-ს ემიგრაციის მუზეუმისთვის გურამ შარაძის სახელის მინიჭების თაობაზე. გაიმართა მსჯელობა. აზრი გამოთქვეს: ქ. მარშავამ, ა. კვიტაშვილმა, ნ.სურგულაძემ, ნ.გაფრინდაშვილმა, მ.კოპალეიშვილმა, ზ.დავითაშვილმა, მ.გერსამიამ. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ აკადემიური საბჭოს წევრებმა დაადგინეს, რომ სახელის მინიჭების ერთიანი წესის არქონის გამო ამ ეტაპზე ამ საკითხის განხილვა გადაიდოს“.
რუსუდან შარაძე თვლის, რომ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება და ამ საკითხისადმი კულტურის სამინისტროს მესვეურების დამოკიდებულება სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს:
„ქართული ემიგრაციის მუზეუმში თუ რამეა დაცული - წიგნადი, ხელნაწერი, ფოტო, აუდიო და მემორიალური ფონდები, რაც მთლიანობაში რამდენიმე ათეული ათასი ექსპონატისგან შედგება, მამაჩემის კერძო კოლექციას წარმოადგენს. თუ დღეს მუზეუმს მისი დამაარსებლის სახელი არ ერქმევა, ამით, არც მას და მითუმეტეს, არც გურამ შარაძეს, არაფერი აკლდება. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და კულტურის სამინისტროს მესვეურების საქციელი. კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ჩემი თხოვნა ერთი ყურიდან მეორეში გაუშვა. რაც მთავარია, თავისივე დაპირება დაივიწყა, რომ ჩემს წერილზე რეაგირებას მოახდენდა. მის მოადგილეზე საუბარს კი თქვენთვის მოცემულ ინტერვიუში, სათაურით „ემიგრაციის მუზეუმისთვის მისი დამაარსებლის სახელის მინიჭებას ითხოვენ“, ისედაც ბევრი დრო დავუთმე“, - ამბობს რუსუდან შარაძე.
მისივე თქმით, აკადემიურ საბჭოში სანდრო კვიტაშვილის გარდა ვერავინ ამოიცნო, ვერც უარის მიზეზი გაიგო, ხოლო რექტორის აპარატის უფროსის კომენტარზე ბევრი იცინა - „უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს პატივცემულ წევრებს თუ ჰგონიათ დაველოდები, სანამ ზოოლოგიის მუზეუმი ლომის სახელობის გახდება, ძალიან ცდებიან“.