ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებებში ჩაეტიოს

ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებებში ჩაეტიოს

კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისის მერიასა და ხელისუფლებას მოუწოდებს 17 მაისისთვის დაგეგმილ აქციაზე გაცემული ნებართვა გააუქმოს.

საპატრიარქოს განცხადებას დედაქალაქის მერია უკვე გამოეხმაურა, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებენ. მმართველი გუნდიდან ერთადერთი ვინც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით, 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, დაგეგმილი სექსუალური უმცირესობებისა და მათი მხარდამჭერების შეკრება მიზნად ისახავს არა ამ ადამიანების რეალური პრობლემების მოგვარებას, არამედ თემით სპეკულირებას.

„ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციული აზროვნების მიუხედავად, მათ შეუზღუდავად შეუძლიათ წარმართონ თავისი პირადი ცხოვრება. ფაქტია ისიც, რომ არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომელიც ყველა დროსა და სივრცეში საერთოა, მათ შორის, არის ზნეობრივი კანონები. ყველა რელიგია და მეცნიერული მიმართულებები (ფსიქოლოგია, მედიცინა) ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს. ეკლესია ასეთი მიდრეკილებესის მქონე ადამიანებს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად განიხილავს, რომელთაც დახმარება და გამოსწორებისათვის სულიერი თანადგომა სჭირდებათ და არა წახალისება და მითუმეტეს, მათი მდგომარეობის მოსახლეობისათვის თავსმოხვევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოს შეფასებით, მერიამ და ხელისუფლებამ ჰომოსექსუალებისთვის დემონსტრაციზე მიცემული ნებართვა უნდა გააუქმონ.

„ეს უნდა გაუქმდეს. მით უმეტეს, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა მოყვასისთვის თავგანწირული ვაჟკაცებისა. შევნიშნავ იმასაც, რომ საერთაშორისო კონვენციები ცალსახად იძლევიან იმის უფლებას, რომ „საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილების, სხვათა უფლებების და ღირსების დაცვის მიზნით შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება“, - ნათქვამია საქართველოს პატრიარქის განცხადებაში, რომელსაც დედაქალაქის მერია გამოეხმაურა.

გიგი უგულავას უწყების განმარტებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის თანახმად, მანიფესტაციის ჩატარებისას, ხორციელდება მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს წინასწარი გაფრთხილება და მასზე ნებართვის გაცემა არ ხდება. შესაბამისად, აღნიშნული გაფრთხილებები თბილისის მერიის მიერ მიღებული იქნა მხოლოდ ცნობად და განმცხადებლებს კანონის განსაზღვრული უფლებამოვალეობანი განემარტათ.

„თბილისის მერიის მიერ ორივე აქციის თაობაზე ასევე გაფრთხილებული იქნა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებას შეფასებები პოლიტიკურ წრეებშიც მოჰყვა, თუმცა, for.ge-სთან საკუთარი პოზიციები მხოლოდ უმცირესობის ლიდერებმა დააფიქსირეს, უმრავლესობის წარმომადგენლებმა კი, პოზიციის დაფიქსირებას თავი დროის უქონლობისა და განცხადების უცოდინრობის მოტივით აარიდეს და საბოლოო ჯამში, მედიასთან კომენტარი სპიკერმა გააკეთა.

დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხვალ პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე, კონსტიტუცია კი დაცული იქნება.

მისი თქმით, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებებში ჩაეტიოს.

„ყოველგვარი ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ. ჩვენი ცხოვრების წესად უნდა იქცეს, რომ ქვეყანაში ვინმეს უფლებები არ უნდა ილახებოდეს, ხოლო თუ ვინმე თვლის, რომ მათი უფლებები ილახება ან საფრთხის ქვეშაა, მათ თავიანთი მოსაზრების ღიად დაფიქსირების თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. როდესაც, ზოგადად, უმცირესობის უფლებებზეა საუბარი, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოხდეს შეთანხმება იმაზე, რომ უმცირესობას იმიტომ ჰქვია ეს სახელი, რომ უმრავლესობა სხვაგვარად ფიქრობს და სხვაგვარად აზროვნებს. შესაბამისად, უმცირესობა შეიძლება არ იზიარებს მათ მოსაზრებებს, რწმენებს თუ ცხოვრების წესს. ამიტომ, არ შეიძლება ეს საკითხები უმრავლესობის შეხედულებების შესაბამისად გადაწყდეს, უმცირესობას ყოველთვის აქვს უფლება იყოს უმცირესობაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

17 მაისის აქციაზე საუბრისას, ნაციონალები აქცენტს სამართალდამცავი უწყებების მობილიზებაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას არცერთი სახის აქციის აკრძალვა არ შეუძლია.

როგორც for.ge-ს ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, მანიფესტაციის თავისუფლად ჩატარებას კანონი განსაზღვრავს და არც მერიას და არც სამთავრობო სტრუქტურებს არ შეუძლიათ რაიმე აქციებს წინააღმდეგობა გაუწიონ.

„განცხადება გასათვალისწინებელია, რადგან საზოგადოებაში არ არის ერთფასოვანი შეხედულებები და მოსაზრებები, რომ ამ სახის აქცია ჩატარდეს. მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა და ეს თემაც სენსიტიურია. ხელისუფლებას იმის გონიერება უნდა ეყოს, რომ არანაირი დაპირისპირება არ დაუშვას და კანონის მოთხოვნები იქნეს დაცული. ვფიქრობ, რომ ბევრი მექანიზმი უნდა ჩაირთოს, რომ ადამიანებს ავუხსნათ - სად იწყება ერთის უფლება და სად მთავრდება მეორესი“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

For.ge-სთან საუბარში ნუგზარ წიკლაური ყურადღებას დემოკრატიულ პროცესებზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ გასაგებია, რომ ანტაგონიზმი და დაპირისპირებაა, მაგრამ ქართული საზოგადოება დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებას უნდა შეეგუოს.

„საპატრიარქოს აქვს გარკვეული პოზიცია, მაგრამ ხელისუფლებას ამის აკრძალვა არ შეუძლია. შეიძლება ვინმეს ცხოვრება და მოსაზრება რადიკალურად არ მომწონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას აზრის გამოხატვაში ფიზიკურად უნდა შევუშალო ხელი. ამიტომ, ხვალ პოლიციის ფუნქცია იქნება სერიოზული და მან ნებისმიერი ექსცესი უნდა აღკვეთოს“, - აცხადებს წიკლაური.

მართალია, პოლიტიკოსები 17 აპრილის მანიფესტაციაზე წესრიგის დაცვასა და მობილიზაციაზე პასუხისმგებლობას სამართალდამცავ უწყებებს აკისრებენ, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული აქციის ჩატარებას საზოგადოების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება, არ არის გამორიცხული პროცესები დაპირისპირებამდეც მივიდეს.