„კრემლის კარზე რომ შიდა დაპირისპირებაა, ამაზე მიუთითებს 4 მეტრის დისტანცია, რომლითაც პუტინი თავის მინისტრებს ელაპარაკება“

„კრემლის კარზე რომ შიდა დაპირისპირებაა, ამაზე მიუთითებს 4 მეტრის დისტანცია, რომლითაც პუტინი თავის მინისტრებს ელაპარაკება“

„სავარაუდოდ, უკრაინასთან მიმართებით პუტინი მარტო იღებს გადაწყვეტილებას, რადგან მიღებული გადაწყვეტილებები არ ჰგავს კოლექტიური მსჯელობის და რაციონალური განსჯის შედეგს, ეს ერთი პირის ახირებაზეა დამოკიდებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე.

სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქალაქის ბრძოლები ჯოჯოხეთი იქნება რუსეთისთვის. ამის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ირწმუნებიან, რომ რუსი ოკუპანტები კიევის ასაღებად ემზადებიან. ეს ნიშნავს, რომ კიევში შეჭრა პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდება?

- ქალაქის ბრძოლები კი არა, პუტინისთვის დასასრული დაიწყო მას შემდეგ, რაც მიიღო უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება. ეს ნამდვილად მისი რეჟიმის დასასრულია და ასეთი ფინალი გარდაუვალია. დღესაც რასაც ვუყურებთ, ის გეგმები, რაც ჰქონდა რუსულ არმიას და კრემლს, არ შესრულდა, ვითარება აბსოლუტურად სხვანაირია. აქ არის ორი ფაქტორი, ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, თავად უკრაინელთა წინააღმდეგობა, შემართება, სულისკვეთება, რომელსაც არა მხოლოდ შეიარაღებული ძალები, არამედ უბრალო მოსახლეობა იჩენს, და მეორეა ის უპრეცედენტო დახმარება, რასაც იღებს უკრაინა. დღეს კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა იქნება პუტინის რეჟიმის დასასრული. აქ, უბრალოდ, საუბარია იმაზე, რამდენად სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი. ეს დამოკიდებულია, შერჩათ თუ არა კრემლში რაციონალიზმი და შეუძლიათ თუ არა ადეკვატურად შეაფასონ ვითარება. ფაქტია, კრემლში ცოტა ადამიანი დარჩა, თუკი დარჩა საერთოდ ვინმე, ვისაც შეუძლია სიმართლის თქმა პუტინისთვის. ამაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დასრულდება პუტინის რეჟიმი.

როგორ ფიქრობთ, პუტინი ერთპიროვნულად მოქმედებს, თუ რაიმეს ეკითხება გენერალიტეტს? ხომ შეიძლება, კრემლის ლიდერს იმის განცდა ჰქონდეს, რომ მან ფსიქოლოგიურ ომში სწორედ მაშინ გაიმარჯვა, როცა დარწმუნდა, რომ უკრაინის გამო ამერიკა რუსეთთან ომს არ დაიწყებდა? იქნებ, ეს განცდა აძლევს პუტინს მეტ დამაჯერებლობას ასეთი აგრესიის გამოვლენისას?

- პუტინის ფსიქოლოგიურ გამარჯვებას ვერ ვხედავ. ყველგან ჩანს პუტინის არასწორი გათვლები, დაწყებული რეალური ანტისაბრძოლო ფრონტით, გაგრძელებული საინფორმაციო ომით და დამთავრებული ფსიქოლოგიური უპირატესობით. ეს ყველაფერი უკრაინის სასარგებლოდაა, ეკონომიკურ პრობლემებზე აღარაფერს ვამბობ. თუკი პუტინს ჰქონდა გათვლა, რომ უკრაინაში ასეთი წინააღმდეგობა არ შეხვდებოდა და ხალხის წინააღმდეგობა ადვილად გატყდებოდა, თუ მას ჰქონდა გათვლა იმაზე, რომ დასავლეთი არ იქნებოდა ერთსულოვანი სანქციებში, დასავლეთი არ დაეხმარებოდა უკრაინას იარაღით, ან ეს იარაღი არ იქნებოდა ისეთი მნიშვნელობის, რეალური წინააღმდეგობა გაეწია რუსეთისთვის, აბსოლუტურად ყველა ეს გათვლა არასწორი აღმოჩნდა. ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც ტრადიციულად ყოველთვის ინარჩუნებდნენ ნეიტრალიტეტს, დღეს პუტინის მოწინააღმდეგეთა რიგებში ჩადგნენ. აქამდე სრულიად წარმოუდგენელი იყო, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეეძლო გაეწია იაპონიას, რომ სანქციებს შეიძლება შეერთებოდა შვეიცარია, რომელმაც 1915 წლის შემდეგ პირველად დაარღვია ნეიტრალიტეტი. წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელმაც ორი მსოფლიო ომის დროს ნეიტრალიტეტი არ დაარღვია, ახლა დაარღვია ნეიტრალიტეტი და შეუერთდა სანქციებს. ის, რომ გერმანია უარს იტყოდა „ნორდ სტრიმ 2“-ზე და იარაღით დაეხმარებოდა უკრაინას, ის, რომ რუსეთისგან ნავთობის ექსპორტს დაადებდა ამერიკა ემბარგოს, სვიფტის სისტემიდან გათიშავდნენ რუსეთს და სხვა, ეს ყველაფერი პუტინისთვის წარმოუდგენელი იყო.

გარდა ამისა, ჩინეთისა და თურქეთისგანაც არ ელოდა პუტინი ზურგში დარტყმას, რომლებთანაც ბოლო პერიოდში ისტორიული კონტექსტიდან ამოვარდნილი უცნაურად დამთბარი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ეს ქვეყნებიც უკრაინას უჭერენ მხარს.

- ალბათ, აქ ჩინეთზე უფრო უნდა ვთქვათ, რადგან პუტინი ნაკლებად ელოდა ჩინეთის ბანკებისგან შეზღუდვებს. რაც შეეხება თურქეთს, მას არასდროს დაუმალავს თავისი პოზიცია, რომ ყოველთვის იქნება იქ, სადაც ნატოა. არანაირი მიმართულებით არ აქვს რუსეთს რაიმე უპირატესობა, პირიქით, პუტინს აქვს სერიოზული პრობლემები ქვეყნის შიგნით. თქვენ მკითხეთ, მარტო იღებს თუ არა გადაწყვეტილებას პუტინი, სავარაუდოდ, მარტო იღებს გადაწყვეტილებას, რადგან მიღებული გადაწყვეტილებები არ ჰგავს კოლექტიური მსჯელობის და რაციონალური განსჯის შედეგს. ეს ერთი პირის ახირებაზეა დამოკიდებული, რომელიც თავის რეჟიმს დასასრულამდე მიიყვანს.

რუსმა ბიზნესმენმა პუტინის განეიტრალებისთვის ჯილდოდ 8 მილიონი დოლარი დააწესა. პუტინისთვის ხიფათი ყველა მხრიდან მატულობს. როგორც წესი, ასეთ დროს საკუთარ გარემოცვას აღარ ენდობიან. გარემოცვას რამდენად შეიძლება ენდოს პუტინი და მათგან თუ ელის საფრთხე?

- პუტინის გარემოცვა სხვადასხვაგვარია. მისი უახლოესი გარემოცვა ეს არის სამხედრო ელიტა, რომელიც ჯერჯერობით ისევ პუტინის ერთგულად რჩება. ასევე, მის გარშემოა არასამხედრო პოლიტიკური ელიტა, რომელიც, ფაქტობრივად, აღარ ჩანს, ეს არის ეკონომიკურად ძლიერი გუნდი, ანუ ოლიგარქები, რომლებიც პუტინის დამფინანსებლები იყვნენ, ეს ის ჯგუფია, რომელთა განწყობაც პირველად შეიცვალა, რადგან კატასტროფული რაოდენობის თანხებს კარგავენ ყოველდღიურად კი არა, საათობრივად. ამიტომ პუტინის შიდა კარზე არეულობა არ არის გამორიცხული, თუმცა არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთ დღეში ეს ყველაფერი დასრულდება და მეორე დღეს რუსეთი დემოკრატიული გახდება. შიდა კარის ინტრიგები და შიდა დაპირისპირება რომ ახლა ძალიან დიდი იქნება, ამაზე ბევრი რამ მიუთითებს, მათ შორის, ის დისტანცია, თუ რა დისტანციიდან ელაპარაკება პუტინი თავის მინისტრებს. 4 მეტრის დაშორებით ზის თავდაცვის მინისტრი, როდესაც ხვდება რუსეთის პრეზიდენტს. ასე რომ, შიში გარემოცვის მხრიდან, რა თქმა უნდა, არსებობს და ეს შიში კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

არაგველი641 ბმული
2 წლის უკან
ჯარჯი არარეალისტურია ეს სტატია
2 წლის უკან