მას შემდეგ, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში, უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია გამოჩნდა, მასთან დაკავშირებით ერთმანეთის საპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება. წარმოშობით ქართველი, დავით არახამია საქართველოს ხელისუფლების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც რადის დეპუტატმა „ქართული ოცნების“ ლიდერები გააკრიტიკა. საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასევე კრიტიკა გვესმის, რაც დღეს არსებულ, რთულ ვითარებაში გამართლებულად არ მიიჩნევა.
დავით არახამია უკრაინელებისთვის „ზურგში დანის ჩარტყმად“ აფასებს ინფორმაციას, რომ რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთმა ქართულ რძესა და სხვა სახის პროდუქტზე შეზღუდვა მოხსნა და ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაუბრკოლებლად შევა. არახამია საქართველოს მოქალაქეებს სთხოვს, ეს საკითხი ხელისუფლებასთან გაარკვიონ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას უკვირს, რომ არახამიას სცალია, საქართველოს და მისი ხელისუფლებას კრიტიკის ვიდეორგოლები მიუძღვნას ამ საომარ ვითარებაში. მისივე თქმით, თუ საქართველო სანქციებს არ უერთდება, ამის მიზეზები მკაფიოდ აქვთ განმარტებული.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ დღეს მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხისტი რიკორიკა მიუღებელია. მისი თქმით, საქართველოს რუსეთის აგრესია თავის თავზე აქვს გამოცდილი და ის ფაქტი, რომ ამ კონფლიქტში ჩართვას ერიდება, სწორია. ასევე, როგორც ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ომის ასეთი მასშტაბი, რაც რუსეთ-უკრაინას შორის დღეს არის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.
„ბევრი არახამიაზე არ მსმენია. ბოლო პერიოდში წამოვიდა ზელენსკის წრიდან. ქვეყანაში ომია და ასეთი მასშტაბები მეორე მსოფლიო ომის მერე არ ყოფილა. ომში მყოფი ადამიანების მდგომარეობა ძალიან განსხვავდება მშვიდობიან პერიოდში მყოფი ადამიანების მდგომარეობისგან. უკრაინელებისთვის იქნება დახმარება, რომ მათზე მოხდეს ზეწოლის შესუსტება და შეიქმნას ერთიანი, ანტიპუტინისტური ფრონტი. მე მაგალითად მოვერიდებოდი ომში ჩართული ქვეყნის მისამართით ასეთი განცხადებების გაკეთებას.
გასაგებია, რომ ჩვენ ვერ დავეხმარებით უკრაინას, რადგან ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია, ჩვენი პრობელემები გვაქვს. საქართველოს ხელისუფლება, ალბათ, იმიტომ ცდილობს, რომ ჩვენ ვიყავით დარტყმის ქვეშ და ჩვენი პოტენციალი წარმოჩნდა, რისი გაკეთება შეგვეძლო ომის პერიოდში, მიუხედავად ჩვენი გმირული ქმედებებისა.
მოლდოვამაც ანალოგიური განცხადება გააკეთა სანქციებთან დაკავშირებით, რადგან „გაზპრომთან“ ჰქონდა ძალიან სერიოზული პრობლემები. ამ შემთხვევაში ფორმაზეა საუბარი და მანერაზე. ჩვენი ხელისუფლება ვერ ახერხებს დიპლომატიური უნარები აჩვენოს, ამასთან დიპლომატიური ეთიკა დაიცვას. მე არ უნდა შემრცხვეს მეომარი ხალხის წინაშე. სწორია ჩვენი პოზიცია, უკრაინელებსაც ესმით ჩვენი, რადგან ჩვენ ვიყავით პირველი, ვისაც რუსეთმა დაარტყა, თუმცა, „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ ციტატა ყველაზე კარგად ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვართ“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყველაფერზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს და კონკრეტულად რამდენიმე ყოფილ თანამდებობის პირს გამოყოფს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებასთან არიან დაახლოებულნი. გარდა ამისა, კობახიძემ ყურადღება გაამახვილა უკრაინის რადაში პრეზიდენტის ფრაქციის ლიდერ დავით არახამიაზე.
„როგორც გუშინაც განვაცხადეთ, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის, პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა თავადაც აღნიშნა, მისი დაფრთიანებულია. უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილი დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მათ მარტივად შეუძლიათ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
დავით არახამია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დაარსებული მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად ზუსტად ერთი წლის, მარტში დაინიშნა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დავით არახამია ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის სიის მეოთხე ნომერი იყო. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ არახამია სახელმწიფო კონცერნ „უკრაბანოპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშნა.
IT კომპანია „თრანის მონსტრის“ (USA) უკრაინის ფილიალის დირექტორი და უკრაინის არმიის მხარდამჭერი „ხალხის პროექტის“ ავტორი დავით არახამია 90-იანი წლების დასაწყისამდე გაგრაში ცხოვრობდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საკურორტო ქალაქში, აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ კი, 1992 წელს, უკრაინის ქალაქ ნიკოლაევოში გადავიდა საცხოვრებლად.
- მაისაია მომენტს არ უშვებს, ამ ხელუსუფლებას რომ არ წაკბინოს, ეტყობა გულდაეყვეტილია რაღაცაზე და ეს ამბავი ობიექტურობას უკარგავს...