„ვფიქრობ, მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, რუსეთიდან შემოსული ჯგუფები შეძლებენ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე ზეგავლენა მოახდინონ საარჩევნო პროცესზე“

„ვფიქრობ, მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, რუსეთიდან შემოსული ჯგუფები შეძლებენ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე ზეგავლენა მოახდინონ საარჩევნო პროცესზე“

რუსეთის მოქალაქეები საკუთარ ქვეყანას, დასავლეთის მკაცრი სანქციების გამო, მასობრივად ტოვებენ. უმეტესი ნაწილი არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ აკეთებს. ბოლო პერიოდში რუსეთიდან 20-25 ათასი მოქალაქე შემოვიდა. იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ფედერაციიდან ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია, ოფიციალური ინფორმაციით 2019-2020 წლების მაჩვენებელზე მაღალი არ არის. საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლას საფრთხედ აფასებენ ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ ისინი რუსეთიდან შემოსული მოქალაქეები არიან არა ტურისტები, არამედ დივერსანტები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შემოსული რუსეთის ფედერაციის, მათ შორის ბელარუსის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია. როგორც სუს-ში აცხადებენ, მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება, რომ შემოსულ პირთა შორისაა ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ საქართველოს სახელმწიფო, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დაშვების სუვერენულ უფლებას ახორციელებს კანონმდებლობის სრული დაცვით, არსებული რისკებისა და გამოწვევების შესაბამისად.

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი საბედაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ყველა პირის საკითხი განიხილება ინდივიდუალურად.

„არ არსებობს აკრძალული ორგანიზაციები და ჯგუფები, თუ ეს არ ეხება ორგანიზებულ კრიმინალს, ტერორიზმს და სხვა საერთაშორისო დანაშაულს. შესაბამისად, მსგავსი ფორმულირებები, რომ კონკრეტულ ჯგუფს ან ორგანიზაციას ეკრძალება საქართველოში შემოსვლა, ფაქტობრივად, არასწორია. შესაბამისად, პირი, რომელიც საქართველოს საზღვარზე დაიშვება, აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს, რომლებსაც გადის საზღვარზე. 100%-ით, რა თქმა უნდა, შეუძლებელია თავის დაზღვევა.

საზღვრის კვეთის საკითხი განეკუთვნება შსს-ს კომპეტენციას. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით უსაფრთხოებას, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება და ამ ნაწილში არსებობს უამრავი საშუალება და მეთოდი, როგორც კონკრეტული პირების, ისე პირთა ჯგუფების შესახებ ინფორმაციის მიღების, ამ ინფორმაციის ანალიზის და შესაბამისი ტენდენციების იდენტიფიცირების“, - განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. შესამისად, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება.

„მიუხედავად არსებული გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება და საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ ეტაპაზე მთავრობა არ განიხილავს რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე ტიპის შეზღუდვას, მათ შორის ბიზნესის წარმოებაზე ან უძრავი ქონების ყიდვაზე. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ადამიანებისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში. ლევან დავითაშვილის განმარტებით, თუ ადამიანები გაურბიან რეჟიმს და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, უნდა მიეცეთ სწორი, ლეგალური და კანონის შესაბამისი საქმის კეთების საშუალება.

„საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ ხდება სწორად საერთაშორისო გადაწყვეტილებების შესრულება, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტების კონტექსტში. პროცესი წარვმართეთ ისე, რომ საქართველოს მოქალაქეები და ქართული ბიზნესები არ დაზიანდნენ, მეორე მხრივ ვიყავით პირნათელი ყველა იმ საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც მიღებული იყო საფინანსო ინსტიტუტების მიერ.

ჩვენ მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, საქართველოში შემოვლენ პირები, რომლებსაც ექნებათ „სუფთა რეკორდი“, ამას აკონტროლებს შსს, რომ საქართველოში შემოვიდნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც იმსახურებენ, რომ შემოვიდნენ. გვესმის, სიტუაცია მგრძნობიარეა, ამიტომ ჩვენი მხრიდან ყურადღება არის გაზრდილი და გავაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით,  რუსეთიდან იმაზე ნაკლები ვიზიტორია შემოსული, ვიდრე წინა წლებში, როცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღების აუცილებელი წინაპირობა არ არსებობს.

„გასაჯაროებულია ციფრები და ანალოგიური პერიოდის მონაცემები. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციიდან იმაზე ნაკლები ვიზიტორია შემოსული, ვიდრე შემოდიოდნენ წინა წლებში, როცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ არსებობდა. გამომდინარე აქედან, სავიზო რეჟიმის ამოქმედების პირდაპირი აუცილებლობა არ არის - შემოღება ადვილია და რაღაც პერიოდის შემდეგ, გაუქმება უფრო რთული.

რა თქმა უნდა, შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ, რომ საქართველოს უსაფრთხოება სხვადასხვა საფრთხეებისგან დაცული იყოს, მათ შორის ისეთი საფრთხეებისგან, რაც რუსეთის ფედერაციის ზოგიერთი მოქალაქისგან შეიძლება მომდინარეობდეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

იმის გათავალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ოპერატიულ ვითარებაზე კონტროლს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს და აცხადებს, რომ საქართველოში შემოსულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს შორის დივერსანტები არ არიან, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სანდოა, რადგან ამ სტრუქტურას სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურთან ერთად გააჩნიათ მნიშვნელოვანი ბერკეტები და ინფორმაციები დივერსანტებთან და დივერსიულ ჯგუფებთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, უფრო მაღალი ინტენსივობით შემოდინების, საქართველოში მუდმივად ცხოვრების, მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში ამ ჯგუფებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ საარჩევნო პროცესზე. საქართველოში მსგავს პრეცედენტს ადგილი ჰქონდა, როდესაც ყოფილი ხელისუფლების პირობებში მეზობელი სახელმწიფოს 30 000 მოქალაქეს სათანადო გადამოწმების გარეშე დაჩქარებული ტემპებით მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა, რაც უცხო სახელმწიფოს პოლიტიკური დაზვერვის ინტერესებში ჯდებოდა. აღნიშნული პროცესის შედეგებს უკვე ვიმკით და მისი დამაზიანებელი მასშტაბების გაზრდის ალბათობა კვლავ არსებობს“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.

რაც შეეხება საქართველოში დივერსანტების შემოსვლის პროცესს, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ამას მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მხრიდან არ უნდა ველოდოთ.

„ყველა სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებულია საქართველოზე სხვადასხვა მიმართულებით კონტროლით, ტერიტორიების მიტაცებით, შესაძლოა იყოს დაინტერესებული დივერსიული და საბოტაჟური აქტების განხორციელებით ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, სახელმწიფო ყველა ღონისძიებას გაატარებს მათ შორის საკვები პროდუქტების დეფიციტის დადგომის გამოსარიცხად, რაც მასობრივი უკმაყოფილების საფუძვლებს არ წარმოშობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ დროებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც არ სურთ მიიღონ მონაწილეობა ომში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ როგორც ჩვენი მტრები.

„რა თქმა უნდა, არსებული კანონმდებლობის მიხედვით მათ მიწის ყიდვა და საქართველოში დაფუძნება არ შეუძლიათ. ბინადრობის მინიჭებას აქვს თავისი შეზღუდვები. რაც შეეხება დროებით გადმოადგილებულ პირებს, რუსი იქნება, უკრაინელი, თუ სხვა ეროვნების წარმადგენლები, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ უნდა გავუწიოთ ის დახმარება, რომელიც ჩვენს კულტურას და ღირსებას შეეფერება ისე, რომ არ დავარღვიოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ეს არის ფორმულა.

რაც შეეხება ისტერიას, რაც ხდება, ცხადია, ეს ატარებს მართულ ხასიათს და სამწუხაროდ, ამას ბევრი ჩვენი თანამემამულე არის აყოლილი, რომლებიც სამწუხაროდ არ და ვერ იხსენებენ რომელი ქვეყნის წარმომადგენელი არიან. გაჭირვებაში ჩავარდნილ ხიზანი - როგორ შეიძლება მას მოვექცეთ მტრულად?! უნდა ვუმასპინძლოთ იმ ფარგლებში, რომელიც არ დააზიანებს ჩვენს ეროვნულ იტერესებს.

არ დავკარგოთ ღირსება, არ ავყვეთ ზოგიერთ ანგაჟირებულ და ისტერიულ არსებებს, რომლებიც პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ჩვენი ოპოზიცია მუდმივად ცდილობს დააზიანოს ჩვენი ქვეყანა, მისი იმიჯი, მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. ეს არის მავნებელთა ჯგუფი, რომელიც უნდა განეიტრალდეს და ამის საშუალებას იძლევა ჩვენი კანონმდებლობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ სუს-ის ვალდებულებაა ქვეყანას ააცილოს საფრთხე, მაგრამ როცა რუსეთის ხელწერაში არის პრაქტიკა, როდესაც რუსი ტურისტის სახით ქვეყანაში შედის გარკვეული დივერსიული ჯგუფები, ამ საფრთხისგან დაცული საქართველო არ არის. მისი თქმით, ალბათობა იმისა, რომ ქვეყანაში დივერსიული ჯგუფი შემოვიდეს უფრო მაღალია.

„თვითონ შევესწარი ფაქტს, როდესაც ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დაახლოებით 10 რუსი ეროვნების მოქალაქე მაქსიმალურად ყიდულობდა ბრენდულ ტანსაცმელს. პრაქტიკულად დააცარაიელეს მაღაზია. რუსეთიდან ქართველი მოქალაქეებიც კი ჩამოვიდნენ, რომ გაენაღდებინათ ანგარიშები. ჩამოდიან, რათა მოასწრონ და გაანაღდონ ანგარიშები და ეს ჩანს კიდევაც - ქართული ლარის დევალვაცია სახეზეა. მასობრივად ხდება ლარის შესყიდვა, რაც პირდაპირ ადასტურებს, რომ ეკონომიკური საფრთხე სახეზეა.

რაც შეეხება შემომსვლელებს, რუსი ტურისტის სახით ქვეყანაში შემოვიდეს გარკვეული დივერსიული ჯგუფები, ეს გამორიცხული არ არის და ამის ალბათობა უფრო მაღალია. რუსებმა ასეთი ჯგუფი შექმნეს უკრაინაში. სადაზვერვო დივერსიული პარტიზანული ჯგუფები, რომელთა დაკავებაც ახლა ხდება, სწორედ ასეთი ტიპის ტურისტებისგან არის შექმნილი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, რუსეთის ტაქტიკა ასეთი იყო - ჩადიოდნენ კიევში, ყიდულობდნენ ბინებს, ქმნიდნენ სამართლებრივ საფუძველს, რომ დარჩნილიყვნენ იმ ქვეყანაში.

„ეს ტაქტიკა სპეცსამახურებს გააჩნიათ. ასეთი ტაქტიკა იქნა გამოყენებული თავის დროზე პოლონეთის ოკუპაციის დროს. ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ, რომ იგივე ტაქტიკა აამუშაონ საქართველოში, მით უმეტეს, რომ ახლა მოლდოვას ემუქრებიან. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა არ აპირებს ნატოში შესვლას, განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე, უკვე დაიძრა მოლდოვას მიმართულებით რუსეთის სამხედრო დაჯგუფება და აპირებენ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეჟმთან ერთად გარკვეული ქმედების განხორციელებას.

მოლდოვაში ახლა არის პანიკა. მესმის, რომ ჩვენი ხელისუფლება ნეიტრალურ პოლიტიკას ახორციელებს, მაგრამ ჩვენ გაცხადებული გვაქვს ნატოს და ევროკავშირის წევრობა. ამიტომ რუსეთისთვის საქართველო არის პოტენციური მოწინააღმდეგე ნატოში გაწევრიანების კუთხით. ამიტომ, ცხადია, რომ რუსეთი თავის ჩვეულ ტაქტიკას ჩვენს წინააღმდეგადაც გამოიყენებს, რომ შესაბამის დროს და მომენტში გამოიყენოს თავის იტაქვეშეთში მოქმედი სადაზვერვო დივერსიული ჯგუფები, როგორც ეს უკრაინის მაგალითზე ვიხილეთ“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

amo არა ნატოს! წინ ევროკავშირისაკენ.
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli 1985 წ. 1 მოქალაქეზე წარმოება წელიწადში $12 800, მოხმარება $31 500. დოტაცია საკავშირო ბიუჯეტიდან - $18 700.
1987წ წარმოება $12 800, მოხმარება $30 300, დოტაცია $17 500
1989წ წარმოება $11 900, მოხმარება $35 500, დოტაცია $23 600
1990წ. წარმოება $10 600, მოხმარება $41 900, დოტაცია $31 300
აი ასეთი „კოლონია“ ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, რუსი, ბელორუსი და უკრაინელი აწარმოებდნენ, ჩვენ მოვიხმარდი
2 წლის უკან