„განსაზღვრული არ აქვთ კონკრეტული ობიექტები, ბომბი ხან მდელოზე ფეთქდება, ხან კორპუსს ეცემა, ხან ანძას და ხან შეიძლება, უბრალოდ, ქუჩაში ჩამოვარდეს“

„განსაზღვრული არ აქვთ კონკრეტული ობიექტები, ბომბი ხან მდელოზე ფეთქდება, ხან კორპუსს ეცემა, ხან ანძას და ხან შეიძლება, უბრალოდ, ქუჩაში ჩამოვარდეს“

ახალგაზრდა ექიმი, ყბა-სახის ქირურგი, ანზორ ქვრივიშვილი ხარკოვში დეკემბერში კლინიკური ორდინატორის სტატუსით წავიდა და ომის დაწყების დღიდან კლინიკაში იმყოფებოდა. ხარკოვში საომარი მდგომარეობის სირთულის გამო, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ქართველ ექიმს, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კლინიკის დატოვება ურჩია.

ანზორ ქვრივიშვილი საქართველოში დღეს, 9 მარტს ბრუნდება, თუმცა არ იცის, რა გზით, ან როგორც წამოვა. როგორც მან for.ge-თან ინტერვიუსას აღნიშნა, ის კიდევ ერთ ქართველ ექიმთან ერთად მოდის, თუმცა მათ მგზავრობის უსაფრთხოებას საქართველოს საელჩო ვერ იცავს, რადგან საელჩოს ხარკოვში ევაკუაციის განხორციელება არ შეუძლია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინტერვიუ ჩაწერილია 9 მარტს გამთენიისას და ინტერვიუს დროსაც კი ხარკოვი იბომბებოდა. რა ხდება დაბომბილ ხარკოვში, ამ ყველაფერს ანზორ ქვრივიშვილთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

ახლა ხარკოვში რა მდგომარეობაა?

- ქალაქი ამ წუთებში ისევ იბომბება. დაახლოებით, 5 წუთის წინაც დაიბომბა. არ ჩერდებიან, ერთ-ორ ბომბს სადღაც მაინც აგდებენ.

ომის დაწყების დღიდან ხარკოვში იმყოფებით?

- ომის დაწყების წინა დღეს მორიგე ვიყავი და ჩემს მორიგეობისას გამთენიისას ომი დაიწყო.

ცნობილია, რომ ყველა სტრატეგიული ობიექტი იბომბება, მათ შორის სავაადმყოფოებიც. თქვენი სავადმყოფო რა მდგომარეობაშია, სად არის განთავსებული?

- კლინიკა დღეს დავტოვე, რადგან საფრთხეს ელიან. ადმინისტრაციამ გაგვაფრთხილა, რომ ჩვენი გაჩერება აღარ შეიძლებოდა.

ანუ, სავადმყოფო სადმე თავშესაფარში გადააქვთ? როგორ გააგრძელებს ფუნქციონირებას?

- ამ საკითხთან დაკავშირებით ზუსტად ინფორმირებული არ ვარ. ადმინისტრაცია გადაწყვეტს რას იზამენ.

ამ ეტაპზე თქვენ თავშესაფარში იმყოფებით?

- ბინაში ვართ, თუმცა არც თუ ისე დაცულად ვართ. საქართველოში წამოსვლას ვფიქრობ და ვეძებ გზას, რომ ხვალისთვის წამოვიდე.

გვესმის რთულია თქვენთვის იმ ყველაფრის გახსენება, მაგრამ რა პირობებში გიწევდათ მუშაობა?

- 24-საათიან რეჟმში ვმუშაობდით. ყოველ წამს ველოდებოდით პაციენტებს. ერთდროულად შეიძლებოდა რამდენიმე პაციენტი შემოსულიყო. ზოგი გამორბოდა და სისწრაფისგან ზიანდებოდა, ზოგი აფეთქების მსხვერპლი, ზოგიც მარადიორობის მსხვერპლი იყო. ყველა ტიპისა და ყველა ფენის წარმოამდგენლებს ვიღებდით.

სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა მედია საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მედიკამენტებისა და სისხლის ნაკლებობაა. როგორ ახერხებდით მკურნალობას, რამდენად არის მართლაც ამ ყველფრის დეფიციტი?

- იმ კლინიკაში სადაც მე ვიყავი, ამ მხრივ შეფერხება არ ყოფილა. სადაც მე ვმუშაობდი, ყველაფრით აღჭურვილი იყო. სხვა კლინიკებში რა ხდებოდა ინფორმცია არ მაქვს.

ხარკოვში თუ არიან სხვა ქართველები და თუ გაქვთ მათთან კონტაქტი, რა ვითარებაში არიან?

- მხოლოდ ერთთან მაქვს კონტაქტი, ისიც ექიმია და ამ დროდე აქ იმყოფება. ახლა ერთად ვაპირებთ წამოსვლას. სხვებთან შეხება არ მქონია. ბევრს არც ვიცნობ, რადგან ხარკოვში დეკემბრიდან ვარ.

რამდენად არის ხარკოვი საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე დაზიანებული? სხვადასხვა კადრები ვრცელდება, მაგრამ თქვენ თვითმხილველი ხართ ამ ომის.

- რაც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ დროის განმავლობაში სროლების ხმა ისმის. შეიძლება გავიდეს ერთი-ორი საათი და არაფერი მოხდეს. თუმცა, როგორც ასეთი, დღემ მშვიდად ჩაიაროს, არ ყოფილა. როდესაც ასეთი ინტენსიური დაბომბვა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ბომბი ნებისმიერ ობიექტს შეიძლება დაეცეს. მე რასაც ვუყურებ, ასაფეთქებლად განსაზღვრული არ აქვთ კონკრეტული ობიექტები. ხან მდელოზე ფეთქდება, ხან კორპუსს ეცემა, ხან ანძას და ხან შეიძლება ბობმი, უბრალოდ, ქუჩაში ჩამოვარდეს.

საინტერესოა, რუსი ჯარისკაცი პაციენტი თუ გყოლიათ და რას ამბობენ ისინი?

- პირადად ჩემთან რუსი ჯარისკაცი არ ყოფილა. თუმცა შესაძლებელია ჩვენს კლინიკაში ყოფილიყო. როგორც ვიცი, ბევრ კლინიკაში იყო რუსი ჯარისკაცების შედინება და სავარაუდოდ, ჩვენთანაც იქნებოდნენ.

ბავშვები თუ გყოლიათ?

- დიახ, ბავშვები იყვნენ. ძალიან პატარები-თქო რომ ვთქვა არა, მაგრამ ბავშვები იყვნენ, დაახლოებით 18 წლამდე.

მაროდიორობა თუ არის კიდევ და საკვების პრობლემა რადენად დგას?

- მარადიორობა ომის დაწყების პირველ დღეებში იყო. კომენდატის საათია დაწესებული და ამიტომ მარადიორობის ფაქტებმაც იკლო. ომის დაწყების პირველ დღეებში მარადიორობის გამო დაზარალებული უფრო ბევრი შემოჰყავდათ, ვიდრე დაჭრილები, ან ისე დაზარალებულები. მარადიორობის დროს უფრო ქალები და ბავშვები ზიანდებოდნენ.

რაც შეეხება საკვების პრობლემას, ხალხში არის, რადგან სავაჭრო ცენტრები, სასურსათო ობიექტები გაჩერებულია. მაღაზიები, რომლებიც შუშის იყო, მარდიორობის დროს განადგურდა. ბევრი ობიექტი დაიკეტა, რადგან იქ მომუშავეებიდან ზოგი გაიქცა, ზოგი დაიჭრა. კლინიკებში საკვების პრობლემა არ ყოფილა, რადგან ჰუმანიტარული დახმარებებიდან შემოდიოდა.

ყველაზე ცხელ წერტილში იმყოფებით. საელჩოსთან თუ გაქვთ კონტაქტი და როგორ აპირებთ წამოსვლას?

- საელჩოს დავუკავშირდი, თუმცა მათ ხარკოვში ევაკუაციის საშუალება არ აქვთ. შესაბამისად, ჩვენი ხერხებით ვეძებთ გამოსავალს, რომ წამოვიდეთ. ერთ-ერთი ვარიანტი მატარებელია, მაგრამ არ ვიცით, რადგან შეიძლება ნებისმიერ წამს რეისი გაუქმდეს საომარი სიტუაციიდან გამომდინარე.

თქვენ საქართველოში ბრუნდებით, იმიტომ რომ კლინიკა დაიხურა, თუ გადაწყვეტილი გქონდათ იქამდეც წამოსვლა?

- წამოსვლა გადაწყვეტილი არ მქონია, ამ რეჟმში მუშაობის გაგრძელებას ვაპირებდი. უბრალოდ, საფრთხის გაუარესების რისკი ძალიან დიდი იყო და რადგან ამ ქვეყნის წარმოამდგენელი არ ვარ, ადმინისტრაციამ მომთხოვა, რომ ჩემი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტერიტორია დამეტოვებინა.