რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შესაძლოა მსჯავრდებულის სტატუსით მოგვევლინოს იმ დანაშაულისთვის, რომელსაც ახლა უკრაინაში სჩადის.
როგორც იურისტი ლია მუხაშავრია for.ge-თან საუბარში აცხადებს, ჰააგის სასამართლოს დღეს იმდენად თანამედროვე ტექნოლოგიები აქვს, რომ პუტინის წინააღმდეგ მტკიცეულების მოპოვებას კოსმოსიდან შეეცდება.
მისივე თქმით, აუცილებლად უნდა ველოდოთ მეორე ნიურნბერგის პროცესს, უბრალოდ ეს დროში იქნება გაწელილი.
ჰააგაში რუსები არ გამოცხადდნენ. ამ შემთხვევაში რა მექანიზმით შეიძლება როგორც სამხედრო დამნაშავე ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს?
- პირველ რიგში გამოძიება უნდა წარიმართოს. გამოძიებამ უნდა მოიძიოს მტკიცებულებები, რომელიც იქნება უშუალო მტკიცებულებები. ეს გამოძიებაც თავად სასამართლოს ეკუთვნის და უშუალოდ მოსამართლის ზედამხედველობის ქვეშ, სასამართლოსთვის მუშაობს. საქმეს ჰყავს თავისი პროკურორი, მაგრამ მათ აქვთ სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტი და როგორც კი მტკიცებულებებს მოძებნიან, რომელიც ამ სტანდარტს აკმაყოფილებს (მათთვის არ აქვს მნიშვნელობა დამნაშავე ვინ არის, პრეზიდენტი თუ სხვა ვინმე), მას პასუხისმგებლობაში მისცემენ.
თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ გამოძიება ხანგრძლივიია. ჩვენს აგვისტოს ომზეც არის დაწყებული გამოძიება, მაგრამ დღემდე დასრულებული არაა. ამიტომ, ვისურვებდი, რომ გამოძიება სწრაფად წავიდეს. ყოველ შემთხვევაში რაღაცა წინასწარი ზომები მაინც მიიღოს სასამართლომ, რათა შემდგომი დანაშაულებებისთვის შემაკავებელი იყოს, რომელსაც ადამიანები ომის პროცესში ჩაიდენენ.
კონკრეტულად ჰააგის სასამართლოს რა ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი და მისი ხელისუფლების წარმოამდგენლები დამნაშავედ სცნოს?
- თუ საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმის დასადასტურებლად, რომ ჩადენილია გენოციდი, ეთნიკური წმენდა, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილია დანაშაული და მეოთხეა აგრესია. ამ ოთხი დანაშაულიდან რომელიმე ერთი მაინც თუ არის ჩადენილი და ამას ადასტურებს უტყუარი მტკიცებულებები ან მტკიცებულობათა ერთობლიობა, მაშინ იქნება სასამართლო.
თუმცა, სასამართლომდე საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს. ახლა, უკრაინაში საომარი ვითარებაა, ფრონტის ხაზი ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი და ეჭვი მაქვს, რომ ადგილზე გამოძიება ვერ ჩატარდება, ადგილზე გამომძიებლები ვერ იმუშავებენ, მაგრამ კოსმისიდან შესაძლებელია სატელიტური დაკვირვება და სატელიტური ანტენების საშუალებით მტკიცებულებების მოპოვება. ეს სასამართლო ნამდვილად არის შეიარაღებული უახლესი საინფორმაციო და სხვა ტექნიკური საშუალებებით და შეუძლიათ ეს ყველაფერი ციდან გააკეთონ.
თქვენ კი თქვით, რომ ჰააგის სასამართლო წლები შეიძლება გაიწელოს, მაგრამ თუ არსებობს იმის საშუალება ან მექანიზმი, რომ გამოძიების წინასწარი მონაცემები დაიდოს, რითაც თუნდაც რუსეთს შეაკავებენ?
- არა, გამორიცხულია. მაგალითად, ჩვენს საქმეზე, ჰააგის ტრიბუნალს არანაირი წინასწარი ღონისძიება არ გამოუტანია. ეს გააკეთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ, ანუ გაეროს სასამართლომ 2009 წლის აპრილში წინასწარი განკარგულება გამოიტანა, რომ ყოველგვარი საომარი პროცესი შეჩერებულიყო. აღნიშნული განკარგულება საქართველოსაც და რუსეთსაც გამოუტანა. თუმცა, რუსები ბორდერიზაციას აგრძელებენ, აგრძელებენ ტერიტორიის ოკუპაციას. ამის მიუხედავად, ჰააგაში გადაწყვეტილება ჯერაც არ არის გამოტანილი.
ამიტომ, წინასწარ არანაირი ღონისძიების იმედი არ შეიძლება იყოს, თუ, რა თქმა უნდა, თავად სასამართლო არ შექმნის პრეცედენტს და პროცედურას თავად არ შეცვლის.
იმ შემთხვევაში, თუ ჰააგის სასამართლომ რუსეთი და მისი პრეზიდენტი დამნაშავედ სცნო, რა ბედი ელის მას?
- არსებობს ე.წ. უნივერსალური იურისდიქცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ, როგორც კი პუტინი რუსეთის ტერიტორიას დატოვებს, მისი დაკავება დაუყოვნებლივ მოხდება (რუსეთში პუტინს არ დააჭერინებენ). რა თქმა უნდა, ამ სასამართლოსთან ინტერპოლი თანამშრომლობს და ამგვარად ხდება დამნაშავის დაკავება. როგორც კი დაპატიმრების ბრძანება გაიცემა, მაშინვე მისი აღსრულება მოხდება.
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოშიც შეიტანა. ამ შემთხვევაში ვინაიდან სტრასბურგში საქმეების განხილვა უფრო მალე სრულდება, ჰააგის სასამართლო სტრასბურგის გადაწყვეტილებას ითვალისწინებს?
- არ მგონია, რადგან ჩვენ რუსეთს ევროსასამართლოში მოვუგეთ, მაგრამ ჰააგაში არაფერი მომხდარა. ამ ორ სასამართლოს სხვადასხვა იურიდიქცია აქვს, სხვადასხვა საკითხებს იხილავენ. ზოგადად, თანამშრომლობა შეიძლება, მაგალითად მტკიცებულებების გაზიარებაში, მაგრამ დანარჩენი არ მგონია.
ვიდრე ჰააგის სასამართლო განაჩენს გამოიტანს, პუტინის შესაჩერებლად სამართლებრივად კიდევ რა მექანიზმები არსებობს?
- სამწუხაროდ, არ არსებობს, თორემ გამოყენებული იქნებოდა.
პუტინის გარდა ვინ შეიძლება კიდევ გასამართლდეს?
- დიახ, შესაძლებელია გასამართლდეს უშუალოდ ბრძანების გამცემი. მაგალითად, გუშინწინ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდა, ამ დროს ვინც ბრძანება გასცა და სროლა განახორციელა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ისინი, რა თქმა უნდა, დამნაშავეები არიან.
ამ ყველაფრის ფონზე მოსალოდნელია მეორე ნიურნბერგი?
- სავარაოდოდ - კი. თუმცა, ჯერ იქამდე შორია. დროს ვგულისხმობ, ეს დროში საკმაოდ დიდხანს გაიწელება. პირველ რიგში, ჯერ ომი უნდა დასრულდეს, შემდეგ ომის შედეგები უნდა დადგეს, ამის შემდეგ უნდა მოველოდოთ მეორე თუ მესამე ნიურნბერგს.
თუ უცხოელების გარკვეულ კატეგორიას დავუჯერებთ, მაშინ უკრაინის მთავრობასაც მოუწევს ჰააგის სასამართლოს წინაშე პასუხისგება, თუ რა თქმაუნდა კანონი ყველასთვის ერთია.... ნახეთ, რას ამბობს პენტაგონის ყოფილი მრჩეველი ბმული