„თუ სასწორზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ნატოში გაწევრიანება დაიდება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყანა არჩევანს ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთებს“

„თუ სასწორზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ნატოში გაწევრიანება დაიდება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყანა არჩევანს ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთებს“

შესაძლოა თუ არა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ყირიმის და დონბასის სანაცვლოდ ნატოზე უარი თქვას და ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს? რაზე მიდის დახურულ კარს მიღმა საუბარი? ბოლო დღეების განმავლობაში ზელენსკის მხრიდან ნატოს და დასავლეთის მისამართით გამოთქმული გულისწყრომა სულ უფრო გახშირდა. უკრაინის პრეზიდენტი წყენას აღარ მალავს და ამბობს, რომ თუკი უკრაინის ცას არ დაკეტავენ, მაშინ მისი ქვეყანა განწირულია.

ამის პარალელურად, კარგ სიტუციაში არც რუსეთი იმყოფება. ომის მე-14 დღეს მისი დანაკარგებიც ძალიან მძიმეა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, რუსებს ოფიცილური მონაცემებით დღეში 1000-მდე კაცი ეღუპება და კიევი ჯერ კიდევ ვერ აიღეს. შესაბამისად ორივე მხარე ურთულეს სიტუაციაშია და ფორნტის ხაზის პარალელურად დიპლომატიური მოლაპარაკებები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რუსული მედიის „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან დიალოგის დაწყებას ყირიმის, DPR-ისა და LPR-ის აღიარების შესახებ დათანხმდა.

მანამდე კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ კიევმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მოითხოვა. ზელენსკიმ დასძინა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან ისაუბროს ყველაფერზე, მათ შორის დონბასზე, რათა ომი შეწყდეს.

ზელენსკიმ ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში კითხვაზე, აპირებს თუ არა უკრაინა კონსტიტუციის გადახედვას და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად და დონბასის ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას, უპასუხა, რომ არ აპირებს კაპიტულაციას“.

ინტერვიუში ზელენსკის ხმას ინგლისურენოვანი თარჯიმნის ხმა ფარავს, ჩანაწერიდან შეუძლებელია პასუხის ორიგინალური ვერსიის გარჩევა, თარგმანის მიხედვით, პასუხი ასეთია.

„უპირველეს ყოვლისა, მე დიალოგისთვის ვარ მზად, ჩვენ კაპიტულაციისთვის არ ვართ მზად, ეს ჩემზე არაა, ეს ხალხზეა დამოკიდებული, ვინც მე ამირჩია.

რაც შეეხება ნატოს, მე ამ თემაზე გავანელე საუბარი დიდ ხნის წინ, მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ ნატო არ არის მზად უკრაინის გასაწევრიანებლად. ალიანსი უფრთხის კონტრავერსიულ საკითხებს და რუსეთთან კონფრონტაციას, ჩვენ არ ვიქნებით ქვეყანა, ვინც მუხლმოდრეკილი ითხოვს, მე არ ვიქნები ასეთი პრეზიდენტი“, - ამბობს ზელენსკი.

რაც შეეხება დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას, ზელენსკი პასუხობს:

„მე უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობ, ვფიქრობ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების და არაღიარებული რესპუბლიკების (რუსეთის გარდა, ისინი არავის უღიარებია) საკითხი, ეს ფსევდორესპუბლიკები, ჩვენ უნდა განვიხილოთ და ვიპოვოთ კომპრომისი იმის შესახებ, როგორ იცხოვრებენ ეს ტერიტორიები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორ იცხოვრებს ხალხი ამ ტერიტორიებზე, ვისაც სურს იყოს უკრაინის ნაწილი, ვინ იტყვის უკრაინაში რომ სურთ მათი მიღება? ამდენად საკითხი გაცილებით რთულია, ვიდრე უბრალოდ მათი აღიარება, ეს მორიგი ულტიმატუმია. მაგრამ ჩვენ ულტიმატუმების მისაღებად არ ვართ მზად. ის რაც უნდა გაკეთდეს - პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაიწყოს საუბარი, დაიწყოს დიალოგი, ნაცვლად უჟანგბადო საინფორმაციო ბუშტში ცხოვრებისა“, - ამბობს ზელენსკი.

გამომძიებელ რეპორტიორთა გაერთიანება Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორი, ხრისტო გროზევი წყაროებზე დაყრდნობით კი წერს იმ პირობებზე, რასაც რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებებზე სთავაზობს. მისი თქმით, ინფორმაციას 2 პირი აწვდის.

რუსეთის მოთხოვნებია:

- ვოლოდიმირ ზელენსკი ფორმალურად დარჩეს პრეზიდენტად, თუმცა რუსეთმა პრემიერ-მინისტრად დანიშნოს იური ბოიკო, რომელიც იანუკოვიჩის მთავრობის დროს ვიცე-პრემიერი იყო;

- უკრაინამ აღიაროს ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა; ასევე ის, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა;

- უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

მისი ცნობითვე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ პირობების დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს.

უკრაინა - რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 7 მარტს შედგა. გარკვეული ცვლილებებია ლოჯისტიკისა და ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით, რაც შეეხება პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებს, ორივე მხარის წარმომადგენელი ამბობს, რომ მესამე რაუნდმა მათი მოლოდინები არ გაამართლა.

კონფლიქტოლოგი კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ვოლოდიმერ ზელენსკი მსახიობია, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ნატოზე გაკეთებული განცხადება მისი მხრიდან პოლიტიკური მანევრი იყოს. ის ორივე მხარისთვსი იმის თქმას ცდილობს, რომ რომელიც უკეთეს პირობებს შესთავაზებს, მის მხარეს იქნება. მას ახლა მანევრირების გარდა სხვა არაფერი დარჩენია.

„ზელენსკი პოლიტიკურად მარტივად და გულახდილად საუბრობს. ის პოლიტიკურად ახლა ამას მიიჩნევს აუცილებლად და ასე იქცევა. მას მაქსიმალურად სჭირდება ნატო ამ ომში ჩაერთოს. ამის პარალელურად კი რუსეთს სიგნალს აძლევს, რომ თუკი დონბასიდან, ყირიმიდან ჯარებს გაიყვანს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, კი ბატონო, ნატოში არ შევალ. ის ამბობს, რომ ნატო თავდასაცავად სჭირდება და ეს თვითმიზანი არ არის. რუსეთმა ეს ძალიან კარგად იცის. უკრაინამაც და საქართველომაც ნატოსკენ მოძრაობა იმიტომ დაიწყეს, რომ დაუცველებად გრძნობდნენ თავს. საქართველოსაც შეეძლო ნეიტრალური ქვეყანა ყოფილიყო, მაგრამ რუსეთმა არც ერთ ქვეყანას სხვა გზა არ დაუტვა.

ნატო მართლია უკრაინის ომში პირდაპირ ჩართული არ არის, მაგრამ ახლა ამ ომში ვინ აძლებინებს? შეიარაღებით ხომ ნატო ეხმარება. რუსეთი სწორედ დასავლეთის სანქციებმა აიძულა ახლა, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. დასავლეთმა ლტოლვილები თავის ქვეყნებში წაიყვანა და 4 თვის განმავლობაში იქ დაასაქმებენ. თუ სასწორზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ნატოში გაწევრიანება დაიდება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყანა არჩევანს ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთებს“, - ამბობს გოგოლაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, თუკი რუსეთი იმაზე წავა, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადების ფასად ყირიმს და დონბას დათმობს, ალბათ, ზელენსკი ამ ნაბიჯს გადადგამს. თუმცა აქაც გარკვეული გარანტიებია საჭირო. თუკი უკრაინა დაინახავს, რომ მის სახელმწიფოებრივობას ისევ საფრთხე ემუქრება, მაშინ ნატოში შესვლა ისევ უნდა შეეძლოს.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ზელენსკის მხრიდან ნატოზე უარის თქმა და ნეიტრალიტეტზე საუბარი ერთგვარი პოლიტიკური მანევრი იყოს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან არ გამორიცხავს, რომ ზელენსკი ამით დროის გაწელვას ცდილობდეს, რადგანაც რუსეთი დიდ დანაკარგებს განიცდის და დასათმობი მეტი ექნება. თავის მხრივ კი რუსეთი მაქსიმალურის მიღებას ცდილობს და ჩქარობს, რადგანაც იცის, დრო მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„ამერიკული დაზვერვა ამბობს, რომ რუსეთი ამ ეტაპზე უკრაინაში დამატებით ჯარების გადასროლას არ ახდენს და 150 000 კაცით ცდილობს, რომ კიევზე შეტევა მიიტანოს. ამ ფონზე ბუნებრივია, პოლიტიკური კონტექსტი ირთვება. მგონია უკრაინა დროს წელავს და გამიხარდება თუკი ასე იქნება. ფედერაციის მოწყობაზე ყირიმსა და დონბასში მხოლოდ ყურადღების გადატანაა და არც ნეიტრალიტეტის გამოცხადებას არ აპირებს. ალბათ, უკრაინელებს უნდათ რუსები ტყეებსა და ჭაობებში კიდევ უფრო ჩაფლან, რადგანაც დასათმობი მათ უფორ მეტი ჰქონდეთ. არც ის სცენარია გამორიცხული, რომ უკრაინა დასავლეთ და აღმოსავლეთ სახელმწიფოებად გაიყოს. თუკი რუსეთმა ვერ მიიღო ის რაც უნდა, მაშინ გაყოფაზე წავა. რუსეთს უნდა, რომ უკრაინა, როგორც აზოვის ზღვას, ასევე შავ ზღვას მოსწყვიტოს. თუკი აქამდე მივიდა, მაშინ შეიძლება უკრაინა გაყოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი ამბობს, რომ ნეიტრალიტეტზე უკრაინა ომის დაწყებამდეც თანხმდებოდა, რადგანაც ხედავდა, რომ შედეგები ძალიან მძიმე იქნებოდა. ბენდიანიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ რუსების მხრიდან გაკეთებული განცხადებები დემილიტარიზაციაზე შიდა მოხმარებისთვის არის. რეალურად ამ წუთას რუსეთს ომში დიდი წარმატებები არ აქვს, ამიტომაც მოსახლეობის დასამშვიდებლად რაღაცა ხელჩასაჭიდი სჭირდება.

„რუსებს ომში ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული წინსვლა არ აქვთ. ის რაც მათ უნდოდათ, არ გამოსდით. ამდენი ხანია კიევის აღებას ცდილობენ, მაგრამ ჯარი ეხოცებათ. ისინი მიცვალებულებს მალავენ და ბევრმა ოჯახმა თავიანთი შვილების შესახებ არაფერი იციან. ამის ფონზე ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინას რამე სერიოზული წარმატება აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ მორალური უპირატესობა მათ მხარეს არის. მოლაპარაკებებს რასაც მე თვალს ვადევნებ, ჯერჯერობით ნულოვანი პერსპექტივა აქვს. ეს პოზიციონირების ამბავია და პარალელურად ფრონტზე ორივეს მხრიდან პოზიციების გამყარება მიდის. ვინც უფრო წარმატებული იქნება, მოლაპარაკებებში მას უფრო მეტი სათქმელი ექნება.

რუსების ჩანაფიქრი იყო, რომ პრორუსული ხელისუფლება უკრაინაში დაესვა, ნეიტრალური სტატუსი მიეღო და პირველ რიგში, ყირიმის დამოუკიდებლობა უნდოდა. მთავარი იყო ხელისუფლების თავიდან მოშორება, მაგრამ ეს ვერ მიიღო. პუტინს ატყუებდნენ, რომ უკრაინას ბრძოლისუნარიანი არმია არ ჰყავდა, უცბად დანებდებოდნენ და ხალხიც ხელგაშლილი შეხვდებოდათ“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.

მისივე თქმით, ახლა უკვე რუსებს, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური ოპერაციების გადაჯგუფება უწევს და ახალი მიზნების გამოკვეთა. თუმცა არც ერთი ხელისუფლება ყირიმის, ლუგანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ჩვენს თავზე წარმოვიდგინოთ, რომელიმე ჩვენმა ხელისუფალმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე თანხმობა რომ თქვას. ეს ნიშნავს, რომ არათუ ომი წააგო, არამედ საკუთარ ხალხს და მომავალს ამ ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივას ართმევს.

არაგველი641 ბმული
2 წლის უკან