„რუსების შემოსვლასთან დაკავშირებით ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია მიმდინარეობს და კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას რუსული საკითხით სპეკულირება უნდა“

„რუსების შემოსვლასთან დაკავშირებით ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია მიმდინარეობს და კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას რუსული საკითხით სპეკულირება უნდა“

რუსეთ-უკრაინას შორის საომარი მოქმედებების პარალელურად, პუტინის რუსეთს მოქალაქეები ტოვებენ. პუტინისგან გამოქცეულებმა სხვადასხვა ქვეყანას შეაფარეს თავი, მათ შორის საქართველოსაც.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა.

მისივე თქმით, ამდენი რუსი მოქალაქის საქართველოში ჩამოსვლა რისკების შემცველი არ არის.

„რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებს საქართველოში, სტატისტიკა არის შემდეგი - დეტალური ინფორმაცია, რიცხვები არ მახსოვს ზუსტად და შს მინისტრს ექნება უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოებას გააცნობს.

რიცხვები, თუ არ ვცდები, არის დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც 2020 წელს იყო, ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა. 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა. ასე რომ, საუბარი იმაზე, თითქოს საქართველოში დიდი რაოდენობით ადამიანი ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ასე არ არის“, - განაცხადა დავითაშვილმა.

რუსი მოქალაქეების ჩამოსვლას სოციალურ ქსელში ქართველები სხვადასხვა სტატუსებით აპროტესტებენ.

მაგალითად ტრენდულად იქცა ასეთი პოსტი:

„მე, (სახელი და გვარი), ეროვნებით ქართველი, წინააღმდეგი ვარ რუსი ეროვნების ადამიანების საქართველოში ლტოლვილად მიღების და საერთოდ, მათ მიერ ჩემი ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის, თუნდაც ტურისტის სტატუსით. არ ვარ რუსოფობი. არ ვარ კაცთმოძულე. მესმის, რომ რიგითი რუსი მოქალაქეები პუტინი და მისი თანამოაზრეები არ არიან, მაგრამ მე მათ არ ვენდობი და ეს ჩემი უფლებაა. მე მიყვარს ჩემი სამშობლო - საქართველო. უკლებლივ ყველა რუსი დარჩეს რუსეთში და იბრძოლოს საკუთარი თავისუფლებისთვის. მშვიდობა საქართველოს და უკრაინას! მშვიდობა მსოფლიოს!“

ასევე ვრცელდება ვიდოები, სადაც ჩანს, რომ რუსეთის მოქალაქეები ბანკომატებით ვერ სარგებლობენ და თანხა ვერ გააქვთ. ამის მიზეზი გახლდათ ის სანქციები, რომელიც რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე ფინანსურად დაუწესდა და „მასტერქარდით“ და „ვიზა“ ბარათებს ვეღარ გამოიყენებენ.

For.ge დაინტერესდა რა ბედი ელის 25 ათასამდე რუსეთის მოქალაქეს, რომლებიც პუტინს გამოექცნენ და აქაც უფულოდ რჩებიან? წარმოადგენს თუ არა მათი ასეთი სიმრავლე ჩვენი ქვეყნისთვის რისკებს.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსები, რომლებიც ბოლო დღეებშია საქართველოში შემოვიდნენ, ტირან პუტინს გამოექცნენ. თუმცა, მათ ჩამოსვლაში რისკებს ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ საქართველოს უშიშროება იმ ადამიანებს არ შემუშვებს, ვინც ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ანალიტიკოსი ზურა ქადაგიძე რუსების მასშტაბურ შემოსვლასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს პოლიტიკურ სპეკულაციად მიიჩნევს.

„რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეები ლტოლვილად ვერ ჩაბარდებიან, რადგან ლტოლვილს კონკრეტული სტატუსი აქვს. ისე, რომ მათ თანხა გაუთავდათ და ლტოლვილად ჩაბარდნენ, ასე არ ხდება. ლტოლვილი არის ქვეყნიდან ქვეყანაში გარკვეული მიზეზების გამო ჩაბარებული - ეს არის საომარი მიზეზები, სტიქიის გამო და ა.შ. ლტოლვილის სტატუსი მიანიჭო ადამიანს, რომელიც ტურისტული მიზნით ჩამოვიდა, უბრალოდ, ფული გაუთავდა და უკან ვერ მიდის, ეს არის წარმოუდგენელი. ვისაც თანხა არ აქვს, უნდა ადგეს და უკან წაბრძანდეს. თუ არადა ტურისტული ვადა რაც არის 2-3 თვე, გაუვა ეს დრო და ავტომატურად არალეგალი გამოდის. არალეგალებს ადეპორტებენ ან უკან უშვებენ. ამიტომ, რუსებს ნუ ექნებათ ილუზია, რომ აქ ვინმე მათ ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს.

რაც შეეხება სტატუსებს, რომლებსაც ვხედავთ, რომ რუსები არ უნდა მივიღოთ, ჩემი ბევრი ნაცნობიც აყოლილია ამ უაზრო აჟიოტაჟს. არ მივიღოთ, რის საფუძველზე არ მივიღოთ? ან, რა სტატუსით არ მივიღოთ? ძალიან ბევრი ნიუანსია. მაშინ მთლიანად კანონმდებლობა უნდა შევცვალოთ და ილუზიური შეზღუდვები უნდა დავაწესოთ, რის საფუძველზეც არ შემოვუშვებთ. ერთი იურიდიული შეზღუდვა ისედაც გვაქვს - ოკუპირებული ტერიტორიაზე ვინც ნამყოფია, ამ შემთხვევაში ის საქართველოს საზღვარს ვერ გადმოლახავს. დამიჯერეთ, ეს ბაზები და ინფორმაცია ჩვენს უშიშროების სამსახურს აქვს. აქედან გამომდინარე, ვიღაცა თუ 2-3-თვიანი ტურისტული ვიზით შემოდის, არ გაქვს იურიდიული საფუძველი, რომ ავუკრძალოთ შემოსვლა. რუსების შემოსვლასთან დაკავშირებით ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია მიმდინარეობს და კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას რუსული საკითხით სპეკულირება უნდა“, - განუცხადა for.ge-ს ზურა ქადაგიძემ.

ანალიტიკოს ირაკლი ლატარიას იმ რუსებთან დაკავშირებით, რომლებიც ბოლო დღეებში საქართველოში ჩამოდიან, პრეტენზია არ აქვს. ექსპერტი თვლის, რომ ისინი გამოექცნენ იმ უსამართლობას, რომელიც დღეს რუსეთში ხდება.

„ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის გამოვირჩეოდით ტოლერანტობით და საბჭოთა კავშირის პერიოდში ტეტჩერი საქართველოში მხოლოდ იმიტომ ჩამოდიოდა, რომ ენახა ის ხალხი, რომლებსაც ეროვნებიდან გამომდინარე არასდროს არავინ დაუჩაგრავს. აქედან გამომდინარე, მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ადამიანებს, რომლებსაც განწყობა აქვთ იმის, რომ პუტინს გამოექცნენ, არ უნდა შევეხოთ. ჩვენ გვაყავს უსაფრთხოების სამსახურები და ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული განზრახვა აქვთ, უკან დააბრუნებენ.

ჩვენ ყველა მხრიდან ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს  ვხედავთ. „ნაცების“ პანიკა გვახსოვს, რომ პუტინის წინააღმდეგ განწყობილ ჟურნალისტს თითქოს არ ვუშვებდით, არადა ეს ჟურნალისტი ოჯახთან ერთად თბილისშია. ასევე, „ნაციონალური მოძრაობა“ პანიკაში ჩავარდა, თითქოს ჩვენ რძე გაგვაქვს. რეალურად, რუსეთში კი არა, იმდენი რძე არ გვაქვს, რომ საქართველოში არსებული მოსახლეობა დავაკმაყოფილოთ. მათი მხრიდან ნებისმიერი ქმედება, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ, რომ ქვეყნის შიგნით არეულობა იყოს.

ელენე ხოშტარიასგან, რომელიც პირდაპირ რუსულ უშიშროებასთან არის მიბმული, რომელიც რამდენიმე წლის წინ რუსეთში სწავლობდა და რომელიც ანტიოკუპაციაზე მესაუბრება, არაფერს მივიღებ.

თემას რომ დავუბრუნდე, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის და რომელსაც განზრახვა არ აქვს, რომ ჩემს ქვეყანას რაიმე პრობლემა არ შეუქმნას, მივესალმები. რუსები, რომლებიც ბოლო დღეებშია საქართველოში ჩამოდიან, გამოექცნენ იმ უსამართლობას, რომელიც დღეს რუსეთში ხდება. ასეთ ადამიანებთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. პირიქით, მე კიდევ ერთხელ უნდა დავუმტკიცო მსოფლიოს, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც ერთ ქუჩაზე შეუძლია თითქმის ყველა განსხვავებული რელიგიის მქონე ადამიანს ლოცვა, შეგვიძლია ერთ კორპუსში ვაცხოვროთ ერთმანეთზე გადამტერებული სხვადასხვა ერის წარმომადგენელი და ა.შ. ის, რომ დღეს რუსს ეხებიან და ამბობენ, რომ ოკუპანტია, კი ბატონო, რუსეთის ხელისუფლება ოკუპანტია და წარსულშიც იყო, რაც კი საქართველო დამოუკიდებელია, რუსეთი არის ჩემი ქვეყნის მიმართ ოკუპანტი, თუმცა საქართველოში შემოსული რუსი ადამიანი, რომელიც გამოექცა იმ უბედურებას, რაც ხდება ჩრდილოეთ კორეა 2-ში, იმ ადამიანებს ვერასოდეს ვერ შევეხები, პირიქით შევეცდები, რომ მათ იგრძნონ თავი ჩემს ქვეყანაში უსაფრთხოდ.

რაც შეეხება საკითხს, რომ რუსები აქ თანხას ვერ ანაღდებენ, თავისთავად, როდესაც რუსეთი SWFT-დან მოხსნილია, რუსებს სხვა ქვეყანაშიც პრობლემა ექმნებათ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეთ რაღაცაზე რომ ვიდარდო, ასეც არ ვარ განწყობილი. მაგრამ ვიდარდებ იმაზე, რომ მათ არავინ შეეხოს. ასევე, უფულოდ დარჩენილი რუსი ლტოლვილად ვერ ჩაბარდება, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ოკუპანტი ქვეყნის შვილი ჩემს ქვეყანაში ლტოლვილი ვერ იქნება, წარმოუდგენელია. თუ ვინმე მოითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქე გახდეს, ეს სხვა მიდგომაა და ამას შეიძლება სხვა გაგრძელება მოჰყეს.

მარტო საქართველოში არ ჩამოსულან რუსები, ისინი მიაწყდნენ ისრაელს, პოლონეთს, მოლდოვასა და უნგრეთს. მაგრამ განსხავება იცით რა არის? - ამ ქვეყნებს არ ჰყავთ რუსებზე მომუშავე ოპოზიცია, როგორც ჩვენ გვყავს. ერთს დავამატებ, „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერშიპზე დიდი დივერსანტი, თემურ ალასანიას გამოზრდილი ლეკვებით, საქართველოს მეორე არ ჰყავს. პუტინზე ბევრად დიდ მტრად მიხეილ სააკაშვილს ვთვლი. 400 გრინვიანი ხელფასის გამო საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვეს - ხატია დეკანოიძემ, მიხეილ სააკაშვილმა და ბევრმა სხვამ. საქართველოს ამ წუთას ორი დიდი მტერი ჰყავს - ერთია რუსეთის ხელისუფლება და მეორე, რუსეთის ხელისუფლებაზე მიბმული კონკრეტული ადამიანები, ესენი არიან - ნინო ბურჯანაძე, თემურ ალასანია, მიხეილ სააკაშვილი, ხატია დეკანოიძე და ა.შ.“, - განუცხადა for.ge-ს ირაკლი ლატარიამ.

Aburjga Tasmanieli თუ ერთად თანაცხოვრების 2 საუკუნეს შედეგების მიხედვით შევაფასებთ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთმა საქართველო და ქართველი ხალხი გადაარჩინა ფიზიკურ გაქრობას და ქართველები მასიურ გამუსლიმებას, ისლამურ ოკეანეში თურქეთის და ირანის პროვინციებად გადაქცევას! 650 ათასიდან 5 500 000 გამრავლდა საქართველოს მკვიდრი მოსახლეობა. შევინარჩუნეთ და განვავითარეთ ქართული ენა, შეიქმნა ნამდვილი ქართული კულტურა - აღორძინდა ფოლკლორი, არქიტექტურა, მოხდა მნიშვნელოვანი ისტორული ძეგლების რესტავრაცია, შეიქმნა ქართული მწერლობის, მხატვრობის და მუსიკის შესანიშნავი ნაწარმოებები, საქართველო გარდაიქმნა მძლავრ ინდუსტრიულ აგრარულ ქვეყანად, ხალხის ცხოვრების სულიერმა დონემ ასევე მატერიალურმა კეთილდღეობამ დიდ ნიშნულს მიაღწია. სანამ ჩვენის უგუნურებით რუსეთი მტრად არ მოვიკიდეთ ღვიძლი ძმებივით გვედგა გვერდით. 2 საუკუნე გვყავდა ნამდვილი მოძმე ერი, მოძმე ხალხი რუსები!
2 წლის უკან