იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინის ცის ჩაკეტვა მოხდება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეფასებით, ეს ნატო-ს მხრიდან უკრაინა-რუსეთის ომში ჩართვა იქნება.

იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინის ცის ჩაკეტვა მოხდება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეფასებით, ეს ნატო-ს მხრიდან უკრაინა-რუსეთის ომში ჩართვა იქნება.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია უკრაინის საჰაერო სივრცის „ჩაკეტვას“ არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინის ლიდერის მთავარ მოთხოვნას სწორედ ეს წარმოადგენს: „ვიმეორებ ყოველდღე, დაკეტეთ უკრაინის ცა! დაკეტეთ ის ყველა რუსული რაკეტისთვის, თვითმფრინავისთვის, დაკეტეთ ის ამ ტერორისტებისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ. მიუხედავად მისი უამრავი მოწოდებისა ნატო-ს მიმართ, ალიანსი ამ გადაწყვეტილების მიღებას ამ ეტაპზე არ აპირებს.

იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინის ცის ჩაკეტვა მოხდება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეფასებით, ეს ნატო-ს მხრიდან უკრაინა-რუსეთის ომში ჩართვა იქნება. დასავლეთის მიერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმამ კი, შესაძლოა, სამხედრო კონფლიქტი უფრო მასშტაბური გახადოს. შესაბამისად, მსოფლიო ლიდერები თვლიან, რომ ამის შედეგად მესამე მსოფლიო ომს მივიღებთ.

თუმცა, ასე მარტივადაც არ არის საქმე, აღნიშნული სცენარის განვითარების შემთხვევაში, პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა, რასაც შესაძლოა, აშშ-ს მხრიდან ასევე ბირთვული იარაღის გამოყენება მოჰყვეს. შესაბამისად, მსოფლიო ბირთვულ ომს მიიღებს, რის შემდეგაც ეს ყველაფერი მასშტაბურ კატასტროფად გარდაიქმნება.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მართალია, ამ ეტაპზე ნატო უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას არ გეგმავს, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ირიბად ეხმარება უკრაინას, - ეს იქნება ფინანსური თუ ჰუმანიტარული დახმარება. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ყველაფერზე წამსვლელია და არც ის არის გამორიცხული, რუსეთის პრეზიდენტმა ბირთვული იარაღი მართლაც გამოიყენოს.

„ნატო ჯერჯერობით თავს არიდებს დახუროს უკრაინის საჰაერო სივრცე, რადგან ამ ეტაპზე ნატო-ს არ უნდა რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირება, თუმცა ნატო ირიბად უჭერს მხარს უკრაინას, აწვდის სხვადასხვა ტიპის იარაღს, მათ შორის საუბარია საჰაერო, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებზე. ახლა დღის წესრიგშია უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხი. ნატო ცდილობს, რომ უფრო ირიბად ჩაერიოს და მაქსიმალური ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას. თუმცა, ამ ეტაპზე, პირდაპირი ჩართვაზე ნატო თავს იკავებს, რადგან ამის შედეგად შესაძლოა მართლაც დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი. გარდა ამისა, თუკი რუსეთმა გამოიყენა ბირთვული იარაღი, დასავლეთიც იძულებული იქნება გამოიყენოს ბირთვული იარაღი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი ბირთვულ კატასტროფაში გადაიზარდოს. პუტინი ყველაფრის მკადრებელია და მსგავსი სცენარი გამორიცხული არ არის.

თუ ბირთვული ომი მოხდება, ეს იქნება კატასტროფა. შესაძლოა პუტინმა ბოლოში კუდი მოიქნიოს და ვა-ბანკზე წავიდეს. თუ პუტინი მარცხდება, მას ემუქრება დამხობა რუსეთში და დამატებით, შემდეგ შესაძლოა გასამართლდეს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ რუსეთს არ შესწევს ძალა კიდევ ერთი ფრონტი გახსნას. რაც შეეხება ბირთვულ საფრთხეს, მისი თქმით, რადგან ნატო არ ფიქრობს სამხედრო თვალსაზრისით ომში ჩართვას, ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობაც ძალიან დაბალია.

„თუ ნატო არ დგამს ამ ნაბიჯს, რომ დახუროს საჰაერო სივრცე, არც ნატო-რუსეთს შორის პირდაპირი, სამხედრო შეტაკების საფრთხე იარსებებს. პუტინი იმუქრება, რომ შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ბირთვულ იარაღს რუსეთი გამოიყენებდა იმ შემთხვევაში, თუ ნატო გადადგამდა ამ ნაბიჯს და უკრაინის ცაზე დაიწყებდა რუსეთის თვითმფრინავების ჩამოყრას. ნატო-მ თქვა, რომ ისინი უფრთხილდებიან მილიონობით ევროპელის სიცოცხლეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნატო აცნობიერებს რუსეთთან ბირთვული შესაძლო ომის საფრთხეებს და ძალიან მძიმე შედეგებს.

რუსეთს ახლა მთელი რესურსი გადასროლილი აქვს უკრაინაში და ეს რესურსებიც არ არის ამოუწურავი. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ იყოს იმის მაღალი ალბათობა, რუსეთი კიდევ რომელიმე სახელმწიფოსთან, თუნდაც საქართველოსნაირ პატარა ქვეყანასთან ჩაებას ახალ სამხედრო კონფლიქტში და დამატებითი რისხვა გამოიწვიოს თავის თავზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარს ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რადგან არ ჩანს ამის წინაპირობები. ამის ალაბათობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ ერთი კვირის შემდეგ, როდესაც უფრო უკეთ გამოიკვეთება რუსეთის სამხედრო წარმატების თუ წარუმატებლობის პერსპექტივები უკრაინაში. ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ, ეს იქნება ბირთვული ომის დაწყების წინაპირობა, რადგან გასაგებია, რომ ამ დროს დასავლეთი ვერ დარჩება განზე“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს: „ნებისმიერი მოძრაობა ამ მიმართულებით ჩვენ მიერ განიხილება როგორც ამ თუ იმ ქვეყნის მიერ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა“, - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო „სისუსტეს“ და „ერთობის არქონაში“ დაადანაშაულა, რადგან დასავლურმა სამხედრო-პოლიტიკურმა ალიანსმა უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებაზე უარი განაცხადა: „დაუფიქრდით მტრების დაუსჯელობის გრძნობას: ისინი აანონსებენ სიმხეცეს, რატომ? იმიტომ, რომ არ არის რეაქცია, დუმილია - დასავლელი ლიდერები გაუჩინარდნენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატოს წევრებს აქვთ უფლება უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ.

„ამას მწვანე შუქი აქვს“, - თქვა ბლინკენმა უცხოურ მედიასთან ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, შეეძლო თუ არა პოლონეთს, როგორც ნატოს წევრ ქვეყანას, უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს პოლონეთისთვის თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობებს, თუ ოფიციალური ვარშავა გადაწყვეტს მოიერიშეები უკრაინას გადასცეს.