პირველი ივლისიდან ვეტერანები სამოხელეო დაზღვევას მიიღებენ

პირველი ივლისიდან ვეტერანები სამოხელეო დაზღვევას მიიღებენ

ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. გელა დოლიძე, რომელიც ამ უწყებას მარტიდან ხელმძღვანელობს, for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ვეტერანთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამასთან, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი, აფხაზეთში დარჩენილი მეომრების გადმოსვენების საკითზე იწყებს მუშაობას.

ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი დაუქვემდებარეს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს, თუ იგეგმება დეპატრამენტის ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბება?

- გადაწყდა, რომ ვეტარანთა დეპარტამენტი იქნება ცალკე სტუქტურა, ცალკე საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ვეტერანთა საქმეების სამსახურად ჩამოყალიბდება. მაგრამ, იქნება მთავრობის დაქვემდებარებაში. საკანონმდებლო პროექტი მომზადებულია, მაგრამ ჯერ არაა გადაგზავნილი პარლამენტში.

როდის გადაიგზავნება?

- ვფიქრობ, რომ საგაზაფხულო სესიაზე მოესწრება. არის მეორე აზრი, რომ საშემოდგომო სესიაზე მოხდეს ამ საკითხის განხილვა პარლამენტში და ახალი წლის ბიუჯეტში ჩაჯდეს ცვლილებები, ასეთი აზრიც არის.

თქვენ გამართლებულად რომელი მიგაჩნიათ? ალბათ ჯობს, რომ საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცდეს...

- რა თქმა უნდა. დაწყებულია რეორგანიზაცია და იგი ჯერ არ დამთავრებულა. მოადგილეები ჯერ არ არიან დანიშნულები, თუმცა  არიან წარდგენილები. საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ვეტერანების მდგომარეობა.

მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. 2003 წლის შემდეგ აფხაზეთის ომის ვეტერანები მეორეხარისხოვანნი გახდნენ...

- გეთანხმებით. ვეტერანთა დეპარტამენტი შეიქმნა 1997 წელს ნატოსთან დაახლოების პროგრამის გათვალისწინებით. ნატო-ს ქვეყნებს, ყველას აქვს ასეთი სტრუქტურა, რომელიც ზრუნავს ვეტერანთა კეთილდღეობაზე. აქ მარტო სოციალური საკითხების გადაჭრა არ ხდება. აქ არის მათი ღირსებისა და პატივის დაცვა. იგივე მემორიალური საფლავების მიხედვა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.  მაგალითად, საფრანგეთში ინვალისების სასახლეში  სადაც ნაპოლეონია დასაფლავებული, იქ დღემდე 200 ვეტერანი ცხოვრობს. საცხოვრებელი ბინებია გაკეთებული ვეტერანებისთვის და იქ ცხოვრობენ. ასეთი სახლები საფრანგეთში არის ყველგან. ვეტერანები უზრუნველყოფილნი არიან ცხოვრების განმავლობაში.

ამერიკაში უფო რთული სისტემაა, რადგანაც, ბევრად მეტი ვეტერანი ჰყავთ. მაგრამ, ამერიკაში არის მიმღები პუნქტები, სადაც ცხოვრობენ, საკმაოდ კარგი პირობებია იქაც. სპეციალური 31 პუნქტია ისეთი, რომლის ფუნქციაა „გაბომჟებული“ ვეტერანების პატრონობა. ამერიკაში ვეტერანებს  კარგი პროგრამა აქვთ ბიზნესის კუთხით. მათ შეუძლიათ ბიზნესის მარტივად დაწყება სახელმწიფო კრედიტით და გადასახადებშიც შეღავათი აქვთ. გარკვეულ სასათბურე პირობებს უქმნიან ვეტერანებს ამ კუთხით.  აპრილის თვეში ყველა სახელმწიფო უწყებას შეუმცირდა დაფინასება,  გარდა ვეტერანთა დეპარტამენტისა. 71 მილიარდია ვეტერანთა დეპარტამენტის ბიუჯეტი ამერიკაში. ვეტერანებისთვის რამოდენიმე ათეული ჰოსპიტალი ფუნქციონირებს.

საქართველოში რა ვითარებაა ამ კუთხით?

- 1997 წელს საქართველოში იყო 2 სამხედრო ჰოსპიტალი. ქუთაისში ამბულატორიის სახით, თბილისში იყო სრულფასოვანი საავადმყოფო. გარდა ამისა, ვეტერენებს უფასოდ ჰქონდათ 100 კვ-საათი ელექტროენერგია, 20 კუბური მტრი გაზი. გათავისუფლებული იყვნენ წყლის გადასახადიდან, არ იხდიდნენ ტელეფონზე სააბონენტო გადასახადს. გარდა ამისა, სხვა ხარჯებისთვის ვეტერანებს ეძლეოდათ 8 ლარი. ზუსტად ორმაგი ჰქონდათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. მგზავრობა იყო უფასო. ეს იყო შევარდნაძის დროს. მაგრამ, როდესაც ეს ხელისუფლება მოვიდა, ყველაფერს დაარქვა „პროცესის მონეტიზაცია“. ეს ყველა შეღავათი მოუხსნეს ვეტერანებს, მონეტიზაციის შედეგად 22 ლარი დაუწესა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანებს, ხოლო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს - 44 ლარი. მართალია, არსებოს სამხედრო ჰოსპიტალი...  

თუმცა, სრული დატვირთვით არ მუშაობს...

- სამხედრო ჰოსპიტალი სულს ღაფავს.

სამხედრო ოჰსპიტალი თქვენი დეპარტმანტის დაქვემდებარებაშია?

- ეკუთვნოდა ვეტერანთა დეპარტამენტს. მაგრამ, დღეის მდგომარეობით, ვეტერანთა ჰოსპიტალს აფინანსებს თავდაცვის სამინისტრო და  იგი 800 ათას ლარს შეადგენს. პერსონალი ეკუთვნის ჯანდაცვის სამინისტროს, ხოლო შენობა - ეკონომიკის სამინისტროს. სრულფასოვანი ფუნქციონირება არ ხდება, თუმცა ძალიან ბევრს აკეთებენ ვეტერანებისთვის. სოციალურად დაუცველებს სხვაგან წასასვლელი არ აქვთ. ეს საკითხი ძალიან მძიმედ დგას და გადაწყვეტას მოითხოვს.

როცა 1997 წელს შეიქმნა ვეტერანთა დეპარტამენტი, მასში 120 ადამიანი მუშაობდა, ჰქონდა წარმომადგენლობები ყველა რაიონში. მოგვიანებით რაიონული წარმომადგენლობები გაუქმდა და გაკეთდა სამხარეო წარმომადგენლობა. 2006 წლის მონაცემებით დასაქმებულთა რაოდენობა 92 ადამიანს შეადგენდა. ამის შემდეგ, დაიწყო შემცირება და დღეს ვეტერანთა დეპარტამენტში 27 ადამიანი მუშაობს. ვეტერანებისთვის მთელს საქართველოში მართლაც ერთი ფანჯრის პრინციპი მოქმედებს. იქიდან გამომდინარე, რომ სხვაგან წარმომადგენლობა არაა,  ვეტერანებს  თბილისში ჩამოსვლა უწევთ.

ხომ არ გეგმავთ რეგიონალური წარმომადგენლობების აღდგენას?

- ცხადია ვგეგმავთ. მაგრამ, ყველაფერი ბიუჯეტიდან გამომდინარე იქნება. რეგიონალური წარმომადგენლობები აუცილებლად უნდა გაიხსნას. განსაკუთრებული სტატუსი უნდა ჰქონდეს აფხაზეთის ომის წარმომადგენლებს. ყველაფერთან ერთად, ეს ღირსების საკითხია. მთავრობამ, ეს წელი  ვეტერანთა წლად გამოაცხადა.

ვეტერანებთან შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ  შეღავათების აღდგენაზე ისაუბრა, მიდის ამ კუთხით მუშაობა?

- ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს სახელმწიფო კომისია, რომლის შემადგენლობაში არიან თავდაცვის, შსს, ჯანდაცვის, ფინანსთა და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, კომისიის თავმჯდომარეა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგიენკო. კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ  ჩვენი დეპარტამენტი გავიდოდა ცალკე.  მთავრობამ მოიწონა ეს იდეა. თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი ვეტერანთა დეპარტამენტის ცალკე გასვლასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება შეღავათებს, 2006 წელს ამ მონეტიზაციის შემდეგ ვეტერანებს კვლავ 22 ლარი ეძლევათ, ფასები კი გაიზარდა და ეს 22 ლარი არაფერი არაა. 1997 წელს ის 8 ლარი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე 2013 წელს 22 ლარი. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულებით, 2009 წლის 5 ნოემბრის  შემდეგ დარეგისტრირებულ იმ პირებს, რომლებმაც სუბსიდიებზე წარადგინეს საბუთები, სუბსიდიები არ მიეცემათ.

გარდა ამისა, ვანო მერაბიშვილის ბრძანებულებით, ნასამართლევებს მოუხსნეს სუბსიდიები. არადა, ეს სუბსიდია მათ მიეცემოდათ არა იმისათვის, რომ მათ კრიმინალური წარსული ჰქონდათ თუ არა. მათ ეს ეძლეოდათ იმისათვის, რომ სამშობლოსთვის იბრძოდნენ. მაშინ, გამოეშვათ ომიდან, ეთქვათ, რომ შენ ნასამართლევი ხარ და არ იომოო. როდესაც ქვეყანას ჭირდებოდა, მათ იბრძოლეს ამ ქვეყნისთვის და ეკუთვნით ეს შეღავათები. 10 ათასზე მეტი ვეტერანია, რომელსაც სუბსიდიები არ ეძლევა. გარდა ამისა, ვეტერანებს არ ჰქონდათ ჯანმრთელობის დაცვის დაზღვევა. 1 ივლისიდან ვეტერანები მიიღებენ სამოხელეო დაზღვევას. მათ შეეძლებათ, რომ არა მარტო გადაუდებელი, არამედ დაგეგმილი მკურნალობაც ჩაიტარონ.

ამ დაზღვევით თუ ისარგებლებს ის 10 ათასი ვეტერანი, რომლებსაც დახმარება მერაბიშვილის ბრძანებით მოეხსნათ?

- რა თქმა უნდა! მათთვის სუბსიდიების მოხსნა უკანონო იყო და ეს ხარვეზი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ეს ანტიკონსტიტუციურია, 4 ნოემბერს ვინც გააკეთა ვეტერანის მოწმობა, იმას აქვს სუბსიდია, ხოლო 6 ნოემბერს ვინც გააკეთა, იმათ - არა. ალოგიკურია. ვეტერანების სოციალურ საკითხს რაც შეეხება, ვცდილობთ, რომ ეს სახელმწიფო პროგრამაში ჩაჯდეს. ახალი პაკეტი უნდა მომზადდეს ვეტერანებისთვის. ეს არის სახელმწიფო კომისიის ფუნქცია.

რა გეგმები აქვს თქვენს დეპარტამენტს?

- როდესაც მოხდება ვეტერანთა დეპარტამენტის გასვლა საჯარო სამართლის იურიდული პირად, ჩვენ საშუალება გვექნება, რომ მოვიზიდოთ სახსრები, რომლებიც ვეტერანებ სმოხმარდება. ამისთვის გვაქვს მოფიქრებული გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. თანხების მოძიების შემთხვევაში შეგვეძლება, რომ განვახორციელოთ ვეტერანთა დასაქმების პროგრამა. ვეტერანები აუცილებლად საჭიროებენ  ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, მათი სოციალური რეინტეგრაცია უნდა მოხდეს.

გარდა ამისა, ვეტერანების უამრავი საფლავია მიტოვებული უპატრონოდ. ვაშლიჯვრის სასაფლაოზე არის გმირთა სავანე და ჩვენი დიდი სურვილია, რომ ის საფლავები, რომლებიც უპატრონოდ არის მიტოვებული, ამ საფლავებიდან მოხდეს მათი გადასვენება გმირთა სავანეში, სადაც მათ საფლავებს სათანადო მოვლა-პატრონობა ექნებათ. ეს არა მარტო ვეტერანთა ღირსების საკითხია, ეს ქვეყნის ღირსების საკითხია. ამიტომ, სახელმწიფომ ამაზე უნდა იზრუნოს. გარდა ამისა, დიდი სურვილი გვაქვს, რომ დაიწყოს აფხაზეთში დარჩენილი ჩვენი მეომრების გადმოსვნება.

როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროცესი, ვინ უნდა ჩაერთოს?

- ეს მოხდება წითელი ჯვარის მეშვეობით. წინა ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებელი იყო. დღეს უკვე არსებობს ამის შესაძლებლობა. მოწადინებული არიან თვითონ დაღუპულთა ოჯახის წევრები. კომისია შექმნილია, ჩვენი ღირსების საკითხია მათი გადმოსვენება.

ცნობილია ამ ბიჭების საფლავები?

- დაახლოებით 100 ადამიანის საფლავია ცნობილია. გადმოსვენების პირველი ეტაპი ალბათ ბაბუშერის აეროპორტიდან იქნება. გარდა ამისა, სოხუმში ვიცით რამდენიმე ადგილი, სადაც ჩვენი ბიჭები არიან დასაფლავებული. ბევრი მოძიებულია და ბევრის მოძიება იქნება საჭირო. მუდმივმოქმედი კომისია უნდა არსებობდეს. განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს დაღუპულთა ოჯახები და მათი მშობლები. ასეთი დავალება გვაქვს თავდაცვის მინისტრისგან და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ ადამიანებმა გმირები გაზარდეს და სახელმწიფო ვალდებულია, რომ ისინი დააფასოს.

გავმართავთ საჯარო ღონისძიებებს, სადაც უფრო ფართო სპექტრი ჩაერთვება. ჩვენი ინტელიგენცია მთლიანად უნდა ჩაერთოს ამ საკითხში. თუკი სახელმწიფოში დაფასებული და მოვლილი არ არის ქვეყნის დამცველი, სახელმწიფოც არ არის დაცული.

აფხაზეთის ომის ვეტერანები იგნორირებულები იყვნენ...

- ამაში გეთანხმებით. მე ვიცი აფხაზეთის ომის ვეტერანები, რომლებიც აბსოლუტურად უანგაროდ, ყველანაირი გაწვევის გარეშე წავიდნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. ცალკე საკითხია ვეტერანთა საცხოვრებლები. ძალიან ბევრმა ვეტერანმა აიღო კრედიტები და დაკარგა ბინა. ეს ხდება იმიტომ, რომ ვეტერანული ფსიქიკა მათ არ აძლევს საშუალებას, რომ თავისი საქმიანობის გრძელვადიანი პროგნოზირება მოახდინონ. როცა გრძელვადიან საქმეს იწყებ და არ გაქვს გეგმები, როგორც წესი ეს მარცხით მთავრდება.

დაახლოებით რამდენი ვეტერანია დღეს საქართველოში? ძალიან ბევრს შეუჩერეს სტატუსი, მოტივი იყო ის, რომ მათ ყალბი მოწმობა აიღეს...

- ცხადია, ყალბი ვეტერანის მოწმობა აღებული აქვთ იმათ, ვისაც არ ეკუთვნის. მაგრამ, ბევრი არაა. რაც შეეხება რაოდენობას, საქართველოში დაახლოებით 70 ათასი ვეტერანია. აქიდან  32 ათასია რეგისტრირებული აფხაზეთის ომის ვეტერანი, დაახლოებით 5 ათასი რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი. მიმდინარეობს, როგორც  2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანის ასევე, აფხაზეთის ომის ვეტერანის რეგისტრაცია.

რაც შეეხება დაღუპულთა გადმოსვენების პროცესს, ალბათ ოჯახებთან შეთანხმებით მოხდება მათი გადმოსვენება... მაგალითად, ამ დრომდე არ არსებოს სოხუმის მერის გურამ გაბისკირიას და მასთან ერთად დახვრეტილი ადამიანების საფლავები...

- პირველ რიგში, მთავარია საფლავის მოძიება. გადმოსვენების კომისიამ თავის დროზე აფხაზების ნდობა მოიპოვა. რამდენიმე დაღუპული მებრძოლი გადმოასვენეს კიდეც. წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის გამო, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ეს არხი საერთოდ დაიკეტა. ამ თემაზე აფხაზებთან დღს საერთოდ არავინ საუბრობს. დღეს ამის პრესპექტივა გაჩნდა. რაც შეეხება ბატონ გურამს, რამდენადაც ვიცი, ცნობილია სად არის დასაფლავებული.

ბევრი რამ ცნობილია. ჯერ-ჯერობით ეს სამუშაო თემაა. ყინული ნელ-ნელა დნება და ამ საუბრის აღდგენა დროულია. გარდა ამისა, საქართველომ განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით, დღის წესრიგში დგება შერიგების პროცესი, პირველ რიგში, უნდა შერიგდნენ აფხაზი და ქართველი მეომრები. პირველ რიგში, ერთმანეთს სისხლი უნდა ვაპატიოთ და შევეცადოთ, რომ შევრიგდეთ. ჩვენ ამის დიდი სურვილი გვაქვს. დღესაც აფახაზი მეომრები ჩამოდიან და მკურნალობას გადიან საქართველოში.

ეს პროგრამა  2009 წელს აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით დაიწყო  და მართლაც ძალიან ბევრი აფხაზი, მათ შორის ომის ვეტერანი  ჩამოვიდა სამკურნალოდ თბილისში...

- გეთანხმებით. ერთი აფხაზი მეომარი დღესაც მკურნალობას გადის ჩვენთან. უმძიმეს მდგომარეობაშია. მიმაჩნია, რომ ეს პროგრამა უნდა გაფართოვდეს, იგივე ეკონომიკური კავშირები, ეს ხელს შეუწყობს შერიგების პროცესის დაწყებას. ერთ-ერთმა აფხაზმა ვეტერანმა მოგვმართა და გვაქვს მასთან კავშირი. მეუფე სერაფიმე, რომელიც წარმოშობით სოხუმიდან გახლავთ, მასთან გვაქვს კონტაქტი და ჩვენი სურვილია, რომ მეუფე სერაფიმე ჩავრთოთ ამ საკითხებში.

უგზო-უკლოდ დაკარგულთა მოძიება შეიძლება? ამის პოტენციალი არსებობს?

- ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. მეტიც - ამის გამოცდილებაც არსებობს. ეს ხალხი მზად არის თავიდან ჩაერთონ ამ საკითხში. ამისათვის საჭიროა სახელმწიფო ნება, სახელმწიფოსგან კი ეს ნება არის.