„უკრაინასთან ერთად საქართველოც სერიოზული საფრთხის წინაშეა, რადგან ჩვენთან გადის ნავთობისა და გაზსადენის ალტერნატიული ხაზები. საუბარია ევროპასთან დამაკავშირებელ გაზსადენზე, რომელსაც „ტანაპი“ ჰქვია“,- აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ.
რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური მძიმე ბრძოლების შედეგად დაიკავეს და ჩერნობილის ობიექტების პერსონალი მძევლად აიყვანეს. რუსები ირწმუნებიან, რომ რადიაციული ფონი ნორმაშია, თუმცა ატომური ობიექტებისა და ბირთვული ნარჩენების საცავის მდგომარეობა უცნობია. რამდენად შესაძლებელია, აღნიშნული ობიექტი რუსეთმა პროვოკაციებისთვის გამოიყენოს?
- რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური სადგურის ოკუპაცია მოახდინეს და მათ ხელშია ახლა არა მარტო უკრაინის, რუსეთის, ბელორუსის, არამედ ევროპის რადიაციული უსაფრთხოება. იქ თუ რამე მოხდა, პირველ რიგში, დაზარალდება უკრაინის გარკვეული ნაწილი, შემდეგ ბელორუსი, როგორც ეს 1986 წელს მოხდა და რუსეთის საკმაოდ სერიოზული ნაწილი, რადიაცია გადაედება ევროპის სხვა ქვეყნებსაც.
1986 წლის 26 აპრილის გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, რადიაციული ფონი საქართველოზეც გავრცელდა. უფრო მეტიც, ჩერნობილიდან მომდინარე რადიაციული ფონი 30- 40- ჯერ აღემატებოდა 1945 წელს ხიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებისას წარმოქმნილ რადიაციულ ფონს.
- სამწუხაროდ, მაშინ სერიოზული გავლენა იქონია საქართველოზეც, რადგან მაშინ ქარების მიმართულება ისეთი იყო, რომ რადიაციული ღრუბელი საქართველოში შემოვიდა, დაიცალა და აქ შავი ზღვის სანაპირო ზოლში 500 ათასჯერ მოიმატა რადიაციულმა ფონმა. ზუსტად ვიცი ეს ციფრი, რადგან მე მაშინ გარემოს დაცვის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში განყოფილების გამგე ვიყავი და რადიაციული მონიტორინგის სისტემა ჩვენთან შემოდიოდა, ჩვენ ვზომავდით რადიაციის დონეს და ვეღარ ზომავდა აპარატურა მომატებულ რადიაციულ ფონს, ეს იყო შავი ზღვის სანაპირო ზოლში. ამიტომ ჩერნობილში რამე რომ მოხდეს, ეს იქნება კატასტროფა, გლობალური ეკოლოგიური საკითხი. იქ არის მეორე ატომური სადგურიც, ზაპოროჟიეს სადგური, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატომური სადგური, რომელიც ფუნქციონირებადია, რუსებმა ამ ტერიტორიებსაც შეუტიეს. თუმცა რუსებს ჩერნობილი კონტროლზე ჰყავთ აყვანილი.
ამჟამად ჩერნობილი დაკონსერვებულია. მისი გახსნის საშიშროება არსებობს?
- დაკონსერვებულია, მანდ სპეციალური ხუფია გაკეთებული, რადგან ასწლეულები უნდა რადიაციული ბირთვული მასალების დაშლას. აქედან გამომდინარე, ის ხუფი იცავს ქვეყნებს საშიში რადიაციული გამოსხივებისგან. მე ვფიქრობ, იმდენად გაუჭირდა ახლა რუსეთს, ფაქტობრივად, ვერ იგებს პუტინი უკრაინაში, ბლიცკრიგი ჩაუვარდა, გაიწელა პროცესი, დიდ წინააღმდეგობას უწევს უკრაინა და, როგორც ჩანს, პუტინი უკვე ჭკუაზე არ არის, ისეთ განცხადებებს აკეთებს, მისი არაადეკვატურობა აშკარაა. შესაძლოა, რაღაც ცუდი ჩაიდინოს ჩერნობილთან დაკავშირებით და მერე სხვას დააბრალოს, როგორც აპირებდა ახლა, რომ უკრაინისთვის დაებრალებინა რუსი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და გენოციდი და ამის საფუძველზე შესულიყო უკრაინაში, მაგრამ არ გამოუვიდა.
მსოფლიო ფრთხილობს, რადგან რუსეთისგან ბირთვული იარაღის გამოყენებაც მოსალოდნელია.
- სხვათა შორის, ბირთვულ იარაღზე უარესია ჩერნობილის რადიაციული ფონი, რადგან ეს ვრცელდება ძალიან დიდ მანძილზე. ხომ ვნახეთ, თავის დროზე უკრაინიდან საქართველოში რომ შემოვიდა რადიაციული ღრუბელი? ის ხუფიც რა არის, ესვრი რაღაცას და დაანგრევ, რკინა-ბეტონისაა. შეიარაღებაში ისეთი მძლავრი საშუალებები არსებობს.
სპეციალისტები ამბობენ, თუკი უკრაინელები მოინდომებენ ჩერნობილის დაბრუნებას, შეიძლება მაშინაც მოხდეს ატომურ სადგურზე რაღაც გაუთვალისწინებელი.
- საქმე ისაა, რომ ეს კაცი, რუსეთის პრეზიდენტი აბსოლუტურად არაადეკვატურია. მისი ბოლო გამოსვლა სრული ბოდვა იყო. ეს იყო 30-იან წლებში ჰიტლერის ტიპური არგუმენტაცია თავისი პოზიციის დასაცავად. მის არაადეკვატურობაზე მეტყველებს, რომ უკრაინის ჯარს მოუწოდა, დაამხეთ თქვენი ხელისუფლებაო. ახლა სანქციები დაუწესეს ლავროვს, პუტინს. ახლახანს გაიმართა „ევროპის მწვანეთა პარტიის“ მმართველი საბჭოს სხდომა. ეს არის საკმაოდ სერიოზული ორგანიზაცია ევროპაში, მას ჰყავს ფრაქცია ევროპის პარლამენტში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი „მწვანეთა პარტიიდანაა“. ამ ონლაინსხდომას ესწრებოდნენ ევროპის პარლამენტის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები გერმანიიდან, სხვა ქვეყნებიდან, ჩვენ იქ მივიღეთ სერიოზული რეზოლუცია, მოგეხსენებათ, SWIFT- ის სისტემიდან რუსეთის გათიშვას ითხოვს უკრაინა, რათა მსოფლიო ფულადი ოპერაციებიდან ამოაგდონ რუსეთი, გერმანიაც დაითანხმეს ამაზე, ამით კატასტროფული შედეგები დადგება რუსეთისთვის. ისედაც შედარებით რბილმა ეკონომიკურმა სანქციებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკას, საფონდო ბირჟებზე ფასები დაეცა, წამყვანი კომპანიების - „გაზპრომის“ „როსნეფტის“ ფასები დავარდა, რუბლი უფასურდება. თუ SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის ჩახსნა რეალურად განხორციელდა, მაშინ გამოდის, რომ როგორც ჰიტლერმა დაღუპა გერმანია, მიწასთან გაასწორა თავისი ავადმყოფური ფსიქიკით, დაახლოებით პუტინიც იმავეს უკეთებს საკუთარ ქვეყანას. 30-იან წლებში პირველად ჰიტლერი პოლონეთში რომ შევიდა, მაშინაც პროვოკაცია მოაწყო, რადიოსადგურზე პოლონურ ფორმაში გადაცმულ გერმანელებს დაახოცინა გერმანელები, თავისი ხალხი, მერე თქვეს, პოლონელები დაგვესხნენო. იგივე ხდება უკრაინაშიც, საქართველოშიც იმავეს მომსწრენი გავხდით 2008 წელს.
უკრაინაში შეჭრით კრემლის ლიდერმა უკრაინელი და რუსი ხალხი გადაკიდა ერთმანეთს, თუმცა სლავური მოდგმის ეს ხალხი ჯერ კიდევ 2014 წელს დაუპირისპირეს ერთმანეთს, როცა რუსეთმა ხელთ იგდო უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და მხარი დაუჭირა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში მოქმედ სეპარატისტებს. ფიქრობთ, რომ ხელმეორედ უკრაინაში შეჭრა პუტინის ეპოქის დასასრულის დასაწყისია?
- ეს არ არის რუსეთ-უკრაინის ომი. ეს არის რუსეთის და მთელი დასავლეთის ომი, ცივილიზებული სამყაროსა და რუსეთის პათოლოგიურ რეჟიმს შორის ომი. რა თქმა უნდა, პუტინი აქ დამარცხდება, რა ფორმით დამარცხდება, რით დამთავრდება უკრაინაში კონფლიქტი, ვერ გეტყვით, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ეს არის პუტინისთვის დასასრულის დასაწყისი. ბავშვები დაიღუპნენ უკრაინაში რუსული არტილერიის მხრიდან ქალაქების დაბომბვის შედეგად. როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, ეს უკვე ჰააგის ტრიბუნალის საკითხია. მთელი მისი პრობლემა ის არის, რომ ვერავინ ვერ მოატყუა პუტინმა და ომი დაიწყო ახირების გამო. მას ვერ აცდება ჰააგის ტრიბუნალი. როდესაც მსხვერპლი უზარმაზარია, ეს უკვე სერიოზული დანაშაულია. უზარმაზარი დანაშაული კაცობრიობის წინაშე ერთი იყო მეორე მსოფლიო ომის დანაშაული და მეორეა უკრაინაში რუსეთის შეჭრა.
სანქციებზე როცა ვსაუბრობთ, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“- ის შეჩერება რა დაუჯდება რუსეთს?
- ეს დიდი პრობლემაა რუსეთისთვის. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ უკვე აშენებულია, სხვათა შორის, გაზიც არის იქ შეყვანილი, მაგრამ ამერიკის მიერ სერიოზული სანქციების დაწესების შემდეგ გერმანიაც კი დათანხმდა მის გაჩერებას. არადა, გერმანიას რუსეთი პარტნიორ ქვეყნად თვლიდა ევროკავშირის ტერიტორიაზე. 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა შესულიყო გერმანიაში, ბალტიის ზღვაში გადის ეს მილი, 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ეს არის დიდი თანხა რუსეთის ბიუჯეტისთვის. რუსეთის ბიუჯეტის ნახევარი შედგება სწორედ ნავთობისა და ენერგომატარებლების საზღვარგარეთ რეალიზაციიდან შემოსული ფულით. თანაც, საინტერესოა, რომ გაზზე მოთხოვნილება შემცირებულია ევროპის ტერიტორიაზე, ვინაიდან ალტერნატიული ენერგიის წყაროები შევიდა ძალაში. ამით რუსეთის ბიუჯეტს სერიოზული თანხები აკლდება, რაც სანქციებთან ერთად მძიმე დარტყმას მიაყენებს. სამწუხაროდ, საქართველოში არავინ ლაპარაკობს, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ. ევროპის მწვანეებთან ონლაინშეხვედრისას ვთქვი, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოც სერიოზული საფრთხის წინაშეა, რადგან ჩვენთან გადის ნავთობისა და გაზსადენის ალტერნატიული ხაზები. საუბარი ევროპასთან დამაკავშირებელ გაზსადენზე, რომელსაც „ტანაპი“, ტრანსადრიატიკული გაზსადენი ჰქვია. ორ წელიწადში მისმა სიმძლავრემ 31 მილიარდი კუბამეტრი უნდა გაატაროს. პერსპექტივაში გათვლილია, თუ თურქმენეთიც ჩაერთვება ამ პროცესში, მაშინ 60 მილიარდ კუბამეტრამდე შეიძლება წავიდეს აქედან თურქმენეთისა და აზერბაიჯანის გაზი ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის გაზის ჩანაცვლება შეიძლება მოხდეს. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ახლა ევროპამ და ამერიკამ შეუჩერეს „ჩრდილოეთ ნაკადი 2- ის“ მოქმედება რუსეთს, მეშინია, რუსეთმა შური არ იძიოს და ჩვენს ალტერნატიულ საშუალებაზე პროვოკაცია არ მოაწყოს, ან ტერორისტული აქტი არ განახორციელოს. დიდი სიფრთხილეა საჭირო. მივმართავ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, თუ არ იციან ამის შესახებ, ვინც იცის, იმას დაელაპარაკონ. თუ ქართველი ექსპერტების რცხვენიათ, მაშინ საერთაშორისო ექსპერტებს დაელაპარაკონ. ეს მართლაც საფრთხის შემცველია, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ალტერნატიული გზა ევროკავშირის მომავალ პერსპექტივაში ნავთობისა და გაზის მომარაგების კუთხით, სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ რუსეთის მეზობლად მდებარე ქვეყანა ვართ, სადაც ოთხი ბაზა აქვს რუსეთს სააკაშვილის ძალისხმევით. სხვათა შორის, ამ ნავთობსადენებთან და გაზსადენებთან ძალიან ახლოსაა ბორდერიზაციის ხაზი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოში. გასაგებია საქართველოში ამდენი ღრიანცელი, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო. უკრაინა 45 მილიონია, ჩვენ კი რამდენი ვართ? უკრაინელებს იარაღსაც აძლევენ, დახმარებასაც და შესაბამისი პოტენციალიც აქვთ, ვგულისხმობ ადამიანურ რესურსებს, რომ ეომონ ოკუპანტებს. ეს შიზოიდი სააკაშვილი კი თავქუდმოგლეჯილი რომ ჩაერთო რუსეთთან ომში, რისი იმედი ჰქონდა?!