„დაჭერების არავის ეშინია!“

„დაჭერების არავის ეშინია!“

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ნაციონალი გივი თარგამაძე საქართველოში დაბრუნდა, უმცირესობის მიერ წამოწყებულ საპროცედურო ომში ჩაერთო და საპარლამენტო საქმიანობა „ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობით გახსნა. აღნიშნული პროექტის განხილვისას, ოპოზიციონერმა იმდენი კითხვა დასვა, რამდენიც მას მეშვიდე მოწვევის პარლამენტში ოთხი წლის განმავლობაში ერთობლივად არ დაუსვამს. თავდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე რამდენად აქტიური კანონმდებელი იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ის დეპუტატობის პარალელურად, საგამოძიებო ჟურნალისტიკით დაკავებას აპირებს.

თუ ვინ იქნება ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატი და დაანონსებულ დაჭერებს როგორ აღიქვამენ ყოფილი ჩინოვნიკები? ამ თემებზე for.ge გივი თარგამაძეს ესაუბრა:

ლიტვამ თქვენს ექსტრადაციაზე რუსეთს უარი უთხრა, თუმცა, ამ საქმის გაგრძელებას ელით?

- რუსეთი ცდილობს, რომ ქვეყნის დამაქცეველად გამომიყვანოს. როდესაც, რუსეთის სახელმწიფო არხებზე ფილმის თუ ფეესბე-ს ნაწარმოების გამოქვეყნება ხდება, საგამოძიებო ორგანოების მოქმედება მყისიერად ხდება და ხუთ წუთში, საგამოძიებო ორგანოებმა რაღაც ქმედებები ბუკვალურად უკვე განახორციელონ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ყოველთვის კარგად არის დაგეგმილი და გარკვეულ მიზანს ემსახურება. მათი მიზანი, უდალცოვის დაპატიმრება და ამის მიხედვით მთელი ღონისძიებების აწყობა იყო, მაგრამ მათ ყველაფერი წყალში ჩაეყარათ, რაც მათ მიზნის მიღწევას გაუადვილებდა. გამომდინარე იქიდან, რომ 2008 წლის შემდეგ, რუსეთის მოსახლეობა ნომერ პირველ მტრად საქართველოს ასახელებს, ქართველებთან თანამშრომლობა რუსი ოპოზიციონერის დაპატიმრებას გაადვილებდა, რის გამოც, ქართველებიდან მაინცდამაინც მე ამირჩიეს, რაც არ გამკვირვებია, რადგან პოსტსაბჭოთა ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებში ვმონაწილეობ.

თუმცა, მოსკოვის გარდა, თქვენი გვარი 2010 წელს უკრაინაშიც გაჟღერდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებზე 2500-ზე მეტ პირთან ერთად ჩაბრძანდით...

- ეჭვმისატანი უკრაინაში არაფერი გჭირდა, რადგან იქ რევოლუციის მიმდინარეობის პროცესშიც ვიყავით და საჩოთიროდ არც ამას ვთვლი. მიმაჩნია, რომ პოტენციურ პარტნიორ ქვეყნას, დემოკრატიულ პროცესში გამოცდილება უნდა გავუზიაროთ, რაც მიზნად იმას ისახავს, რომ პროცესები იყოს მშვიდობიანი და სხვა ფორმებში არ გადავიდეს. რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ პერიოდს, მაშინ არჩევნების დაკვირვებაზე იყო საუბარი და პროვოკაციებზე ლაპარაკი სრულიად ზედმეტია. გასაგებია, რომ ჩვენი სტუმრობა ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალას არ აწყობდა, რადგან გაყალბებისთვის ემზადებოდა.

თქვენი ძებნა ინტერპოლითაც შეწყდა. ანუ, გადაადგილების პრობლემა აღარ გექნებათ?

- სანამ გამოძიება მიმდინარეობდა, ლიტვაში უნდა ვყოფილიყავი და გადაადგილებაზე დაშვება რომც ყოფილიყო, მაშინ ჩემი იქ არყოფნის გამო, საქმე შეწყდებოდა და დაინტერესებული ვიყავი, რომ საქმე ბოლომდე მისულიყო. ამიტომ, მთელი სამი თვე, სანამ გამოძიება არ დამთავრდა, იქ ყოფნა მომიწია. ინტერპოლმა თავის კონსტიტუციასთან და მესამე მუხლთან შეუთავსებლობის გამო, ჩემზე ძებნა შეწყვიტა და ამიტომ, ინტერპოლის სისტემაში არავითარი პრობლემა არ გამაჩნია. ასევე ხელში მაქვს იმ ქვეყნის მასალები, რომელიც მომავალი წლიდან ევროკავშირის ხელმძღვანელი ქვეყანა იქნება და მარტო ჩემს თავზე არ ვზრუნავდი. ვინაიდან, პუტინისთვის ბევრი ადამიანი მიუღებელია და ისინი დევნის ქვეშ არიან, მოხარული ვარ, რომ პრეცედენტი შევქმენი, რომელიც სხვებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. საქართველოში არყოფნა კი, ძნელი იყო, მაგრამ მაინც პრეცედენტი შეიქმნა.

რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება. ნაციონალები პრაიმერის ჩატარებას აპირებთ, თუმცა, მერაბიშვილ-ბაქრაძე-ბარამიძისგან, ვინ გახდება თქვენი რჩეული?

- კანდიდატის შერჩევას არ ვჩქარობთ და პარტიაში აზრთა გაცვლა-გამოცვა მიმდინარეობს. თუმცა, იმ ვადებში ჩავეტევით, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის რეგისტრაციისთვის არის განსაზღვრული.

პირადად თქვენ, არ გყავთ ფავორიტი?

- ყველა ჩემი მეგობარია და გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს.

იქედან გამომდინარე, რომ თქვენ საქართველოში არ იმყოფებოდით, დათა ახალაიას სკანდალურ განცხადებაზე ახლა გკითხავთ - რატომ დაგიპირისპირდათ ყოფილი ჩინოვნიკი?

- ამ პროცესმა ყველაზე სხვადასხვანაირად იმოქმედა. დათა ახალაია საქართველში არ არის, რადგან მას თავისი პრობლემები აქვს და მას მსგავსი განცხადებების გაკეთებას რა აიძულებს, ვერ გეტყვით. თუმცა, თავისთავად, ეს განცხადებები არასასიამოვნოა და რეალობასთან არ არის შეხებაში. შეიძლება, ის იძულებულია ეს რაღაცის გამო თქვას, მაგრამ ამ იძულების გაგება მიჭირს და მის ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი.

თუმცა, იმას გამორიცხავთ, რომ იმპულსი დათა ახალაისთავის თქვენს გუნდს მიეცა. საუბარია იმაზე, რომ ბაჩო ახალაი სწორედ ნაციონალებმა გაწირეთ, რის გამოც, მისი ძმა დაგიპირისპირდათ...

- თუ ეს პირადი წყენაა, ამის გამო, ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. ჩვენს გუნდს არავინ გაუწირია და ჩვენი სიძლიერე ერთიანობაშია.

თქვენ ერთიანობაზე აპელირებთ, მაგრამ გუნდის რღვევას გამორიცხავთ?

- დაძაბულობის პიკი, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იყო, უკვე გადალახულია. „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის მიზნით, ხელისუფლებამ ყველა ხერხი გამოიყენა. ისინი შანტაჟსა და ზეწოლას არ ერიდებოდნენ, მაგრამ გუნდი შენარჩუნებულია და დაშლას არ ველი.

ზეწოლის მსხვერპლად მარიკა ვერულაშვილსაც მოიზარებდით, მაგრამ ის საჯაროდ მერაბიშვილს დაუპირისპირდა...

- ვერულაშვილი მათ რიგებში გადავიდა და რა თქმა უნდა, ამ ფაქტს უარყოფს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ თუ მარიკა ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, მშენებლობების გამო, მის ქმარს დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. ამას გარდა, იაშა შერვაშიძის შვილის დაკავებაზეც იყო საუბარი.

მარიკას მეუღლეს პრობლემები თქვენი ხელისუფლების პირობებში არ შეექმნა, როდესაც ის დააკავეთ?

- ფაქტია, რომ ვერულაშვილს მოთხოვეს, რომ ვანოს დაპირისპირებოდა. რბილად რომ ვთქვა, მარიკას გადაწყვეტილება მის დაბალ საქციელზე მეტყველებს.

რაც შეეხება ხელისუფლების მიერ დაანონსებულ დაჭერებს. მმართველი ძალა აცხადებს, რომ მაისის ბოლოს გახმაურებული საქმეები გაიხსნება და მოსალოდნელია, ყოფილი ჩინოვნიკების დაკავებები. რა მოლოდინი გაქვთ?

- ხალხი საქმის კეთებას ითხოვს, რაც არ კეთდება. თუ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ სისტემაში გვქონდა პრობლემები, ნახეთ, რომ ექვსი თვის თავზე, ისინი სისტემური კორუფციის წინაშე დადგნენ. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ხვედელიძე მხოლოდ შიდა დაპირისპირების მსხვერპლია. იმის ნაცვლად, რომ ნაცვლიშვილი ხვედელიძის გვერდზე იჯდეს, პირიქით, ის მის საქმეს იძიებს. სისტემური კორუფცია ჩამოყალიბდა, თუმცა, არა რომელიმე კონკრეტულ სეგმენტში, არამედ ყველა სფეროში და ამ ყველაფერში ხუხაშვილის ფიგურა თვალში საცემია. მთავრობას მიმდინარე პროცესების გადაფარვა, დაჭერებით სურს და დაჭერების მუდმივი დაანონსება სირცხვილია, რადგან მათ ხელშია ხელისუფლება, პროკურატურა და ძალოვანი უწყებები. თუ დაჭერები უნდა იყოს, მაშინ იყოს და ამის არავის ეშინია, თუმცა, თუ არასამართლიანი დაჭერები იქნება, ამასაც გავუმკლავდებით. ხელისუფლებას ურჩევნია საქმეს მიხედოს.