„არ გვეშინია ნეიტრალიტეტზე საუბარი, თუმცა უსაფრთხოების რა გარანტიები გვექნება?“ - აინტერესებს ვოლოდიმირ ზელენსკის. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ოფიციალური კიევი სიტყვა „ნეიტრალიტეტს“ ახსენებს. რამდენიმე დღის წინ ზელენსკის მრჩეველმა აღნიშნა, რომ უკრაინას ნეიტრალიტეტზე საუბარიც შეუძლია, რადგან მოსკოვს ეს თემა აინტერესებს.
უკრაინელებისთვის ნეიტრალიტეტი, ანუ ბლოკგარეშე ქვეყნის სტატუსი მიუღებელია. ჯერ კიდევ 2010 წელს, როცა უკრაინის სათავეში იანუკოვიჩი მოვიდა, უმაღლესმა რადამ სპეციალური კანონი მიიღო და უკრაინა ბლოკგარეშე ქვეყნად გამოაცხადა. თუმცა იანუკოვიჩმა ამით ვერავითარი სარგებელი ვერ ნახა, პუტინმა მას იმედი გაუცრუა, როცა ყირიმში ყოფნის ვადა გაუხანგრძლივა რუსეთის სამხედრო ფლოტს და ბუნებრივ აირზე გაბერილი ფასებიც დიდად არ შეუმცირა უკრაინას.
უკრაინისა და საქართველოს ნეიტრალიტეტი კრემლის ოცნებაა, ვარაუდობენ, რომ რუსეთ- უკრაინის ომის დასრულება სწორედ ფინლანდიზაციის მოდელს შეუძლია, როცა კიევი უარს იტყვის ნატოზე და ფინეთის გზას დაადგება.
„ზამთრის ომის“ შემდეგ საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის დადებულმა ხელშეკრულებამ ჰელსინკის ნეიტრალური კურსი განაპირობა 1948 წლიდან.
ტერმინ „ფინლანდიზაციის“ გამოყენება ამ ცხელ დღეებში რატომღაც ემანუელ მაკრონს მიაწერეს, თითქოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ახსენა, რომ უკრაინის „ფინლანდიზაცია“ რუსეთთან დაძაბულობის განსამუხტად ერთ-ერთი მოდელი იქნებოდა. თუმცა მაკრონი ამტკიცებს, რომ ასეთი რამ არ უთქვამს და ტყუილად მიაწერეს. მაკრონი ირწმუნება, რომ მან პირიქით თქვა, რომ დასავლეთს არ შეუძლია შეწყვიტოს ნატოს ღია კარის პოლიტიკა. თავის მხრივ, ზელენსკიმაც დაადასტურა, რომ მაკრონს „ფინლანდიზაცია“ არ უხსენებია.
პერიოდულად საქართველოს ფინლანდიზაციაზეც საუბრობენ ჩვენში არსებული ძალები. ეს პრორუსული პროპაგანდის ნაწილი და კრემლის სატყუარაა, რომელიც პერიოდულად გააქტიურდება ხოლმე ჩვენს ქვეყანაში.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის აგრესიის შედეგად ფინეთმა დაკარგა თავისი ტერიტორიის 10%, მაგრამ შემდგომში ფინეთი გახდა ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო და ასეთად რჩება დღესაც, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფოა. ანალიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ, სხვათა შორის, საბჭოთა კავშირს არ შეუშლია ხელი ფინეთის განვითარებისთვის, რომელმაც ნეიტრალური პოლიტიკა აირჩია. თუმცა ჩვენს შემთხვევაში, რუსეთის მიზანი მარტო ყირიმის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დაპყრობა არ არის, რუსეთის მიზანია საქართველოს და უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოსპობა. ასე რომ, რუსეთს საქართველოს და უკრაინის ფინლანდიზაცია არ აკმაყოფილებს.
„ფინეთს და რუსეთს 1939-40 წლებში ჰქონდათ პირველი ომი, მეორე ომი ჰქონდათ 1944 წელს, ანუ ფინელებმა მერე ისევ დაიკავეს ტერიტორიები, რაც საბჭოთა კავშირმა ფინეთს წაართვა. 1944 წელს გერმანელები რომ განდევნეს საბჭოელებმა ლენინგრადის ოლქიდან, შემდგომში ისევ ფინელებს შეუტიეს, ორკვირიანი ომი იყო, მაგრამ მერე კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩამოყალიბდა მათ შორის, შემდგომში რამდენჯერმე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ფინეთთან საბჭოთა კავშირის მხრიდან. რაც შეეხება უკრაინა- საქართველოს, ამ ტერიტორიებს დღევანდელი რუსეთი განიხილავს რუსეთის ტერიტორიებად, თითქოს ეს ტერიტორიები ისტორიულად შედიოდა რუსეთში. პუტინმა პირდაპირ თქვა, უკრაინას სახელმწიფოებრიობა არ ჰქონიაო, საქართველოზე კი თქვა, რომ რუსეთის იმპერიაში სხვადასხვა ტერიტორია შედიოდა და ერთ-ერთი იყოო, ირონიულად ახსენა, „ტიფლისკაია გუბერნია“, თითქოს საქართველოს 3 ათასწლოვანი ისტორია არ ჰქონია“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ფინლანდიზაცია“ დღეს სასაუბრო თემა არ არის. თუმცა ანალიტიკოსი აქვე განმარტავს, რომ პირადად იგი უკვე წლებია საუბრობს, რომ დროში გაწელილი ინტეგრაცია და გაწევრიანება საფრთხის შემცველია.
„როცა საუბრობდნენ მაპის მინიჭებაზე 2- 3 წლის წინ, ოპოზიცია ამბობდა, მაპი სასწრაფოდ მოგვანიჭონ, ხელისუფლება არაფერს აკეთებსო, სინამდვილეში, მაპი არის დღევანდელ რეალობაში საფრთხე. ამას 2016 წლიდან ვამბობ, ეს საფრთხე ვერ გაიაზრა დასავლეთმა, ან სახელმწიფოს უნდა უთხრა, რომ მეშინია და ვერ მიგიღებ, გადავდოთ ეს თემა და მაშინ მიხედავს სახელმწიფო საკუთარ თავს, ან არადა, სწრაფად უნდა გადაწყვიტო გაწევრიანების საკითხი. ზუსტად ეს განაცხადა ზელენსკიმაც, განაწყენებით კი არა, ემოციურად თქვა, რადგან მისი ქვეყნის მიწა იწვის, ხალხი იღუპება და ინფრასტრუქტურა ინგრევა. თუ გეშინია, მაშინ პირდაპირ უთხარი უკრაინას ამის შესახებ. თუ არ გეშინია, მაშინ მიიღე სხვა ზომები უფრო სწრაფ ტემპში და გადააფარე უსაფრთხოების ქოლგა ამ ქვეყანას“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.