საფრთხის შემცველი დისკრიმინაციული პოლიტიკა

საფრთხის შემცველი დისკრიმინაციული პოლიტიკა

„არ მივიღოთ რუსი ტურისტები“; „არ შემოვუშვათ რუსები“; „არ გავაქირავოთ სასტუმრო რუსებზე“ - რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან აფილირებულმა ე.წ. სამოქალაქო სექტორტმა ამ შინაარსის კამპანია ააგორეს. მეტიც, მათი მტკიცებით, რუსეთში არავინ შეჭრილა და ამიტომ მათი როგორც ტურისტების საქართველოში შემოსვლა, დაუშვებელია. პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ჩამოსულმა რუსმა ტურისტებმა უნდა იარონ უკრაინის ან საქართველოს სიმბოლიკით, მოერიდონ რუსული ენის გამოყენებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიანაც არ უნდა გაუკვირდეთ, თუ აგრესიის მსხვერპლნი გახდებიან.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედების პარალელურად, ე.წ. პროდასავლური ოპოზიცია ცდილობს ფრონტის ხაზი საქართველოში გადმოიტანოს. ხელისუფლებას, რომელიც სანქციებს არ შეუერთდა, რუსული ინტერესების გატარებაში სდებენ ბრალს. ეს მაშინ, როდესაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კობა ნაყოფია, არის რუსეთის მოქალაქე და, რომლის ბიზნესს რუსეთში მისი შვილი, ნიკოლოზ ნაყოფია კურირებს.

გარდა ამისა, სწორედ 2008 წელს რუსეთის მოქალაქე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე, რომელიც შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. რუსეთის კვოტით გაეროში განიარაღების კომიტეტს ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ეკონომიკის მინისტრი იყო რუსეთის მოქალაქე კახა ბენდუქიძე, რომელიც რუსეთის ხელისუფლებასთან, კერძოდ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი იყო. სწორედ კახა ბენდუქიძე იყო ავტორი კანონის, რომელიც უცხოელების მიერ მიწის ყიდვას არეგულირებდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსი რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილისა და ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ქორწილში იმყოფებოდა. ქორწილი წინანდალში გაიმართა, ქორწილში რუსეთიდან 60-მდე ადამიანი ჩამოვიდა, მათ შორის იყვნენ რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი, მომღერალი ვლადიმირ პრესნიაკოვი და, რა თქმა უნდა, თავად ნიკიტა მიხალკოვი. რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა მიხალკოვმა განაცხადა, რომ დიდი შეცდომა იყო, რუსეთმა 2008 წელს თბილისი რომ არ აიღო.

2008 წლის 10 აგვისტოს, დილის 5 საათზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ენგურჰესის“ გასხვისების თაობაზე რუსეთთან კაპიტულაციის პირობების მქონე მემორანდუმი გააფორმა, რომლის შინაარსი დღემდე უცნობია. გარდა ამისა, საომარი რიტორიკის კვალდაკვალ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ წარმატებით ხდებოდა რუსული კომპანიებისთვის ენერგეტიკული კომპანიების თუ სხვა სტრატეგიული ობიექტების გადაცემა. ნაციონალების მმართველობის პერიოდში ქვეყანაში შემოსული რუსული კომპანების სია საკმაოდ ვრცელია.

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ რუსეთის ფარული მოკავშირე იყო, ეს ჯერ კიდევ 2003 წელს გახდა ცხადი, როდესაც რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგორ ივანოვმა სიტყვით მიმართა. ივანოვმა დაარწმუნა მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილისთვის გადაებარა. ე.წ. „ვარდების რევოლუციიდან“ 7 თვეში იგივე ივანოვმა წაიყვნა რუსეთში აჭარის ა-რ თავმჯდომარე ასლან აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ შემოიღო რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. დღეს იგივე პოლიტიკური ძალა აგორებს კამპანიას საქართველოში რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღების შესახებ. ეს ორმაგი სტანდარტიც ნათლად მიანიშნებს, თუ რა რეალური განზრახვა დგას ამ კამპანიის უკან.

მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთთან კავშირში სწორედ მოქმედ ხელისუფლებას სდებს ბრალს და როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, დაწყებულია მასშტაბური კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„ალბათ, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს.

ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და ქართველ ხალხს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგები აარიდოს. ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხდებს, არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს. ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისათვის.

„ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. აქვე მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო რისკს, რაზეც ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გულწრფელად ღელავს ამ თემაზე, სრულად დააზღვევს საქართველოს ხელისუფლება.

აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთში ცხოვრობს 800 ათასამდე ქართველი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს 10 ათასობით ქართველი, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ 100 ათასობით ქართველს უქმნის უშუალო საფრთხეს. თუმცა, კამპანიის ავტორები ამ ფაქტსაც არაფრად აგდებენ და მეტიც, გამორიცხული არაა, ამ პრობლემის შექმნა მათი განზრახვის შემადგენელი ნაწილიც იყოს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საზოგადოებაში გაკეთებული განცხადებები არ შეიძლება, წახალისდეს და ასევე არ შეიძლება წარმოჩინდეს, როგორც სწორი პოზიცია. მისი თქმით, ვინც არის სამართალდამრღვევი და არ არის ქვეყანაში მისაღები, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დიფერენცირებული და განსხვავებული მიდგომა, თუმცა არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება იყოს ეთნიკურ ნიადაგზე.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეთნიკურად რუსი შესაძლოა, საქართველოს ძირძველი მოქალაქე იყოს. ამაზეა საუბარი. არის დღეს პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც არა მარტო ამის გამო, არამედ ბევრი სხვა მიზეზის გამო ახალისებს საქართველოში საბრძოლო მოქმედებების პერსპექტივებს, სამწუხაროდ, ეს შესაძლებელია, ძალიან ცუდის მანიშნებელი ტენდენცია და რიტორიკა შეიძლება იყოს მათი მხრიდან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ანალიტიკოსის სოსო მანჯავიძის განცხადებით, ქართულმა ბანკებმა რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშის გახსნის პირობად პუტინის რეჟიმის დაგმობაზე ხელის მოწერა დაუყენეს. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ადამიანი აქეთ თუ მოდის ომის დროს, ეს ნიშნავს, რომ ის ამ ომს, როგორც მინიმუმ, არ ეთანხმება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან საქართველოს მტრები, რომელთა მიზანია არა მხოლოდ საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში, არამედ ნაციონალური შუღლის გაღვივება.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არის სპეციალური მუხლი და დაუყოვნებლივ უნდა აამოქმედონ ეს მუხლი - დაუყონებლივ უნდა იქნას დაპატიმრებული ყველა ის, ვინც ადამიანებს დევნის მათი ეროვნული ნიშნის მიხედვით. რა შუაში არიან რუსეთის მოქალაქები?! მხოლოდ იმიტომ, რომ რუსია, როგორ შეიძლება მასზე გადაიტანო აგრესია და დევნო?! ეს ხომ ფაშიზმია?! ესენი არიან ფაშისტები და დაუყოვნებლივ უნდა იქნენ დაკავებული, რომ ჭკუა ისწავლონ.

ამ შემთხვევაში ხელისუფლება არ უნდა გვეჭორაოს, არამედ უნდა იმოქმედოს! წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოუდგენელ შედეგებს მივიღებთ. აღმაშფოთებელია რასაც ვუყურებთ, ეს არის სამარცხვინო საქციელი, მაგრამ რას უნდა ველოდოთ „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელიც თვითონ არის საქართველოს სირცხვილი. ჩვენი მთავარი მტერი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ეს უნდა გავიგოთ, ესენი არიან მე-5 კოლონა საქართველოში“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ამ შემთხვევაში ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მაქსიმალური ჰუმანიტარული დახმარება გავუწიოთ უკრაინელ ხალხს ისე, რომ თვითონაც არ მოვექცეთ გეოპოლიტიკურ ხორცსაკეპ მანქანაში, რომელშიც ასე დაუნდობლად ატარებენ უკრაინას ცივსისხლიანი პროვოკატორები.

„ყველა ქართველის ფუნქცია უნდა იყოს მშვიდობის დამყარება. ეს არის ჩვენი ფუნქცია და მისია. მაგრამ ეს მოგზავნილი გარეწრები საწინააღმდეგოს აკეთებენ და ცდილობენ, ახალ კონფლიქტში გაგვხვიონ, რის შედეგადაც საშინელ ზიანს მივიღებთ. დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და ხალხმა, რომ ნაცტელევიზიების მიერ ტვინგაცხელებულმა ხალხმა შარში არ გახვიონ ქვეყანა. ეს არის მავნებელი პოლიტიკური ძალა და სანამ თავზე არ დაგვამხეს ეს ქვეყანა, მანამდე ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ზომები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ საფრთხის შემცველია დისკრიმინაციული პოლიტიკა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რუსული ნაციის წარმომადგენლები არიან, მაგრამ არიან თუ არა პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერები, ეს კიდევ სხვა საკითხია.

„დავუშვათ, რომ რუსეთში არ იყვნენ ჩვენი მოქალაქეები, თავი დავანებოთ იმას, რომ ანალოგიური ვითარება აქვს რუსეთს უკრაინასთან, ბევრი უკრაინელი ცხოვრობს რუსეთში, მაგრამ მთელი ამ უბედურების, რასაც ომი ჰქვია და, რატომაც პუტინმა დაიწყო ეს ომი, ერთ-ერთი მიზეზი რუსების დაცვა იყო. მარტო ფიზიკურ დაცვაზე არ იყო საუბარი, არამედ იმაზე, რომ იქ რუსების დისკრიმინაცია ხდება. თუ ანალოგიურ ფაქტებს ექნება ადგილი საქართველოში, რომ გამოაცხადოს - საქართველოში ჩაგრავენ რუსებს და უნდა შევიდე დასაცავადო, - შანსი საკმაოდ დიდია.

რასაც ახლა ვაკვირდებით, ეს არის პროვოკაციული სტილი. ჩვენ მოვახერხეთ და 2008 წლის ომის შემდეგაც კი არ შეგვიცვლია რიგითი რუსის მიმართ დამოკიდებულება. თვითონ რუსები წერდნენ, რომ ხალხი ნორმალურად გვხვდებაო. ახლა რაღა დაგვემართა?! ეს დაახლოებით იგივე ტალღაა, რაც ზვიადის დროს დაიწყო, რასაც არ მოჰყვა კარგი შედეგები. ანალოგიურად, დღესაც საფრთხის შემცველია ანალოგური დისკრიმინაციული პოლიტიკა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ საქართველო საფრთხის ქვეშ მანამდე იქნება, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად ჩაითვლება პოლიტიკურ პარტიად და არა მე-5 კოლონად. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ოპოზიციის მიზანია, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვა, რათა გამოიწვიოს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

„ისაგებლოს ამით და სახელმწიფო გადატრიალების, არეულობის და სამოქალაქო ინსპირირების გზით დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამიტომ, ნებისმიერი მსუყე თემა, რომელმაც შეიძლება რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იქნება გამოყენებული. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. როგორც ირკვევა, ნებისმიერი რუსეთის მოქალაქე, რომელიც შეეცდება „საქართველოს ბანკის“ მომსახურეობით ისარგებლოს, ხელი უნდა მოაწეროს განცხადებას, რომ ის გმობს რუსეთის და ბელარუსის აგრესიას უკრაინასთან მიმართებაში. არ ვიცი, ვის მოუვიდა მსგავსი რამ თავში.

ეს ფაქტობრივად სანქციებთან მიერთებას უდრის, რომელიც ისევ და ისევ მხოლოდ პროვოკაცებისკენ არის მიმართული. უკრაინელ ხალხს ვერაფრით ვერ დაეხმარება და არც რუსეთს დააქცევს, მაგრამ რუსეთს მიეცემა საბაბი, რომ ანტიქართული ისტერია ატეხოს რუსეთში და ეს ანტიქართული ისტერია ისევ და ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. იგივე მიდგომა აქვთ რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ქსენოფობიის ზღვარზე გადიან, ანტირუსულ განწყობებს აღვივებენ. მსგავსი პროვოკაციებით ცდილობენ ანტიქართული განწყობა გააღვივონ რუსეთის ფედერაციაში“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

kolxi ნაციონალური მოძრაობა - მტერი ნომერი 1 ...
2 წლის უკან