ომის ორკესტრის ხილული შემსრულებლები და უხილავი დირიჟორი

ომის ორკესტრის ხილული შემსრულებლები და უხილავი დირიჟორი

მას შემდეგ, რაც უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყო, საქართველოს ჩათრევას ამ კოფლიქტში ყველა მხრიდან ცდილობენ. პოლიტიკურად გაკოტრებულმა ქართულმა ოპოზიციამ უკრაინის ომით სპეკულირება დაიწყო, საზოგადოების ემოციებზე თამაშობს და ხელისუფლებას თითქოსდა „მოღალატეობრივი“ პოზიციის გამო გადადგომისკენ მოუწოდებს. მოვლენათა ქრონოლოგია გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში, გარედან თუ შიგნიდან, კონკრეტული თემის სინქრონულად გამწვავებას ოპოზიცია საკუთარი ინტერესებისთვის როგორ იყენებს და დასახმარებლად ხალხის მხარდაჭერას ითხოვს. ომის დღიდან, ოპოზიცია რუსთაველზე უკრაინის მხარდასაჭერად გამოსულ ახალგაზრდების ემოციების გამოყენებით პოლიტიკურ მოთხოვნებს აჟღერებს და საკუთარი ბელადის ფოტოებს აფრიალებს. ამის პარალელურად, ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა თემები აქტიურდება: ხელისუფლებისგან უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას ითხოვენ(?!); ინტერნეტში ჩნდება ვიდეო რგოლი, სადაც ქართველებს აფხაზეთზე თავდასხმისკენ მოუწოდებენ; ჩნდება ინფორმაცია, რომ საქართველო რუსეთის ბაზარზე რძის პორდუქციის გატანას აპირებს; შემოდის რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხი, რომელსაც ვითომ, მოულოდნელად, დუმის დეპუტატი გავრილოვი აჟღერებს; უკრაინის მაღალჩინოსნები ერთმანეთის მიყოლებით, ქართველ ხალხს მოუწოდებენ, რომ ხელისუფლებას სათანადო პასუხი მოსთხოვონ და „ღალატი“ არ აპატიონ.

როგორც იტყვიან, საქართველოს ირგვლივ საეჭვო წრე იკვრება.

კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის თქმით, როგორც ღია, ასევე დახურული ინფორმაცია არსებობს, იმის შესახებ, რომ არიან ადამიანები, რომლესაც საქართველოში არეულობა სჭირდებათ, ხოლო რუსეთს გარკვეული მიზეზი უნდა, რათა საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. არეშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ რძის პროდუქტების რუსულ ბაზარზე გატანის ინფორმაცია სპეციალურად შემოტანილი თემაა.

„საინტერესო და საგულისხმო ისაა, რომ რძის პორდუქტებით საკუთარ ბაზარს ვერ ვამარაგებთ და რუსეთში რანაირად უნდა შევიტანოთ? რძის ფხვნილით ირანიდან ვმარაგდებით. ასევე, თუ გვახსოვს, ჩვენი მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინიდან არაჟნის ტრაილერით შემოვიდა. ე.ი. საქართველოში იმდენი რძის მოსამარაგებელი ნედლეული არ არის, რომ ჩვენი ბაზარი შევავსოთ. ამიტომ, სულ იმპორტზე ვართ დამოკიდებული. რისი შემტანები ვართ? პირიქით, ამ ორი ქვეყნიდან შემოსული ძლივს გვყოფნის. თუ ვინმე ამ თემაზე ნამდვილად მოლაპარაკებას აწარმოებდა ამ დღეებში, ეს სტრუქტურა მთლიანად დასასჯელია. ასოციაციის განცხადება წყალია და სისულელეებს წერენ. ამ სიტუაციაში ეს საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

 არ არის გამორიცხული, ვიღაცამ ამით ისარგებლოს, ირანიდან შემოიტანოს და როგორც ქართული რუსეთში ისე გაიტანოს. არც ეს არ არის გამორიცხული, რომ ამით დამატებით დაძაბულობის კერა შექმნან. მაგალითად, მე ვარ ოპოზიციის წარმომადგენელი და მინდა ეს ხელისუფლება დავამხო, შედეგებზე ხომ უნდა ვიფიქრო? ეს მთავრობა ხომ თავისით არ წავა? მას ხომ გარკვეული საზოგადოების ნაწილი მხარს უჭერს. ეს თემა კი სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს და საერთო გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ვიღაცა ამის გამოყენებას შეეცდება. ამაზე ზრდასული ადამიანები ხომ უნდა დაფიქრდნენ, რომლებსაც ჯიბეში არა ფსიქიატრიული საავადმყოფოს მოწმობა, არამედ საქართველოს მოქალაქის პასპორტი უდევთ?!“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, რაც შეეხება უკრაინის რადას მაღალჩინოსან დავით არახამიას მოწოდებებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოსახლეობამ მოღალატეობრივი საქციელი არ უნდა შეარჩინოს, ეს არის ხელოვნურად შექმნილი აგრესიული ფონი. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ უკრაინა ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ დემარშისგან თავს იკავებს, იმის მიუხედავად, რომ  ეს ქვეყნები ისე არ იქცევიან, როგორც უკრაინას სურს. ბელორუსიის წინააღმდეგაც კი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან აგრესია არ ჩანს.

„ასეთი აგრესია, როგორიც უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ აქვს, სხვა ქვეყნების მისამართით მართლა არ გამიგია. მით უმეტეს საქართველოსგან განსხვავებით მათთან უფრო ბევრი პრეტენზიები უნდა ჰქონდეთ. აღარ ვლაპარაკობ ბევრ სხვა ქვეყანაზე. იგივე აზერბაიჯანზე და სომხეთზე. არც ერთ მათგანს რუსეთის მიმართ საკუთარი პოლიტიკა არ შეუცვლია და არც სანქციების დაწესებას აპირებენ. ეს ყველაფერი იმდენად ხელოვნურია, რომ უკვე კარგად იგრძნობა. ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ტვინის დეფიციტია, ამიტომაც ამ რისკებს ვერ აანალიზებენ, რომ აქ რაიმე დაპირისპირება დაიწყოს, ვინ და რა ფორმით ისარგებლებს. სამწუხაროდ, საზოგადოებას ოპოზიცია ატყუებს. ოპოზიცია იმ ტიპის ძალების ფონზე, რომელიც საქართველოში მუშაობს, სასაცილოდ გამოიყურება. აქ ბევრად უფრო სერიოზული ძალები მუშაობენ.

„იუთუბზე“ გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც 4 კაცი ქართველებს აფხაზეთზე თავდასხმისკენ მოუწოდებენ... ვინ აკეთებს ასეთ ვიდეოებს? მოხალისეების უკარინაში წაყვანის თემა, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა, ბოლომდე არ მჯერა, რომ ჩვენი ოპოზიცია აკეთებს. აქ სხვა ძალებია ჩართული. იგივე რუსი ლტოლვილების მიმართ მოულოდნელი აგრესია და ისტერიკა ვის ინტერესებში შედის? ესეც ხელოვნურად შექმნილი მეჩვენება. მაგალითად, ჩემი ნათესავები, რომლებიც ვლადიკავკაზის გავლით მოდიან, ამბობენ, რომ რუსეთიდან გარეთ მოქალაქეებს აღარ უშვებენ. რუსებს, რომლებსაც მყარი არგუმენტაცია არ აქვთ ქვეყანას რატომ ტოვებენ, არ უშვებენ. ჩემი ახლობლები ქართველები არიან და ისინი სამშობლოში მოდიან. ამიტომაც მათ გამოუშვებენ. აი, ეს ყველაფერი მხოლოდ ხელოვნურად არის შექმნილი“, - ამბობს for.ge-სთან არეშიძე.

მისივე თქმით, არგუმენტი, რომ საქართველოში შემოსულ რუსებს შორის აგენტურა იქნება, ესეც სპეკულაციის თემაა. რუსეთის სპეცსამსახურებს აქ ვინმეს შემოყვანა თუ უნდა, სხვა პასპორტებით და ფარულად შემოიყვანენ. არეშიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და პიარის თვალსაზრისით უფრო მეტი უნდა იმუშაოს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებულ მოქმედებას და ორკესტრირებულ შეტევას ჰგავს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ უკრაინიდან ისმის მოწოდებები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში სახალხო პროტესტმა იხუვლოს. ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყოს და საქართველო პროტესტის ტალღამ მოიცვას.

„ყველაფერი იმდენად კარგად იფუთება უკრაინის მხარდამჭერ შესაფუთ მასალაში, რომ ზოგჯერ რთულია ამას გამიზნული ქმედება უწოდო. უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც კი გამოვიდა და თქვა, რომ ამ ყველაფერს საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის არევასთან რატომ აკავშირებთო. რა ვქნათ, ძალაუნებურად ეს ყველაფერი ამის ეჭვებს აჩენს. ამ განცახდებებს აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში არიან. გამომდინარე იქიდან, რომ მათ უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე რაღაცა გავლენა აქვთ, ვფიქრობ, ისინი ამ გავლენების გამოყენებას ცდილობენ. მეტის თქმა არ მინდა, რათა ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო არ დავძაბო.

ორმხრივ ურთიერთობაში ბზარის შეტანა ასეთ დროს, არც უკრაინას და არც საქართველოს არ არგებს. ძალაუნებურად ეჭვი ჩნდება, რომ აქ საქმე რაღაცა ორკესტრირებულ მოქმედებასთან გვაქვს. გავრილოვის ასეთი მოულოდნელი ჩართვები, რა თქმა უნდა, ეჭვებს აჩენს. დააკვირდით, როცა საქართველოში რაღაცა გამწვავების მცდელობებია, გავრილოვი მაშინვე ჩნდება. ისეთ განცხადებებს აკეთებდა თითქოს საქართველოს სასარგებლოდ, რომელსაც შემდეგ ოპოზიცია ხელზე იხვევს. მერე მოსახლეობის პატრიოტულ განწყობებზე თამაშობენ და საპროტესტო მუხტის აგორება ადვილდება“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ის რომ რძის პროდუქტების შესახებ ინფორმაცია ასე უცბად გასაჯაროვდა კითხვებს აჩენს. ეს არ არის ის ინფორმაცია, რომელიც ასე ფართოდ გასაჯაროვებას ექვემდებარება. როგორც წესი, ასეთი ბიზნესგარიგებები ყოველგვარი საჯაროობის გარეშე მიდის. ვიღაცამ ეს იმისთვის გააკეთა, რომ საინფორმაციო აჟიოტაჟის საბაბი გახდეს. ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ რთულია ამ ყველაფერს შემთხვევითობა ვუწოდოთ.

„ჩვენს არაკეთილმოსურნეებს რა უნდათ, ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი თავის რაღაც ვიწრო პარტიულ ეგოისტურ ინტერესების გამო ქვეყანას რატომ წირავს? მესმის მათი ლოგიკის, რომ აქედან ხელისმოთბობა უნდათ, რადგან ჩვეულებრივ, დაწყნარებულ სიტუაციაში ხალხი ამათ დაძახილზე არ გამოდის. ამორალურია, როცა უკრაინის ომით ხელის მოთბობა უნდათ“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.

 

 

 

დემეტრე - ძალუან საინტერესოა რა ჯავშირებია ელენე ხოშტარიასა და გავრილოვს შორის, მეტად სინქრონულად მოქმედებენ...
2 წლის უკან