მაისის ბოლოს ყოფილი ჩინოვნიკების დაკავებები იგეგმება

მაისის ბოლოს ყოფილი ჩინოვნიკების დაკავებები იგეგმება

მმართველი ძალა მაისის ბოლოს დაჭერების სერიას აანონსებს. თუ ვინ მიეცემა პასუხისგებაში, ეს ამ დრომდე უცნობი რჩება, მაგრამ for.ge-მ იმის გარკვევა შეძლო, რომ წინა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი გახმაურებულ საქმეებზე პასუხს აგებს.

„არანაირი გარიგება არ არსებობს და მაისის ბოლომდე ბევრი საქმე გაიხსნება. ვერ გეტყვით, ეს დაჭერები იქნება სერიალები თუ მოკლემეტრაჟიანი, მაგრამ მძაფრსიუჟეტიანი რომ იქნება, ამას ახლავე გეტყვით. რამდენიმე საქმეზე ძიება დასრულებულია და წერტილი დასმულია. ზოგიერთ საქმეზე ისეთ რაღაცეებს გაიგებთ, რაც ადამიანის ლოგიკაში არ ჯდება. ამ საქმეებში ჩართულნი იყვნენ მაღალი თანანმდებობის პირები, რომელთა ვინაობასაც ვერ გეტყვით“, - განუცხადა for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ცაგარეიშვილმა, რომელსაც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სამართლიანობის აღდგენაზე ვესაუბრეთ:

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ათი მაღალჩინოსანი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე დააკავეს, ხოლო მინისტრი - დავით კირვალიძე დაკავებული თანანმდებობიდან გადადგა. მთავრობას კადრებში აქვს პრობლემა?

- ხელისუფლება არ აპირებს, რომელიმე თანანმდებობის პირს ხელი დააფაროს, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს. ხშირად, ოპონენტები გვსაყვედურობენ, რომ ჩვენსკენ ხელს ნუღარ იშვერთ და მომავალზე იფიქრეთო, მაგრამ ორ მაგალითს დაგისახელებთ, რომელიც ამ ხელისუფლებასა და ნაციონალ მთავრობას შორის არსებულ განსხვავებაზე მიუთითებს. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, გოგა ხაჩიძის პირველი მოადგილე ასევე ხაჩიძე კორუფცული ბრალდებით დააკავეს, თუმცა, მინისტრი გადადგა? - არა, იმიტომ, რომ მას შუბლზე ძარღვი არ ჰქონდა და ბოდიშს ვიხდი ჟარგონისთვის, მაგრამ მას მისი მოგვარეც ფეხებზე ეკიდა და სამინისტროც. აღსანიშნავია, რომ ხაჩიძე არც მაშინ გადადგა, როცა გარემოს დაცვის, ლამის, ნახევარი ინსპექცია დააკავეს. რაც შეეხება მერაბიშვილს, სანდრო გირგვლიანის საქმე საშინელი მოვლენა იყო, რომელიც ძალოვანი უწყების წამყვანი დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა - სანოძემ, მელნიკოვმა, დონაძემ, ახალაიამ თავად მერაბიშვილის მეუღლემ, სალაყაიამ ჩაიდინეს. ამ უბედურების მიუხედავად კი, დაკავებული თანანმდებობიდან არცერთი ადამიანი არ გადამდგარა. ვითომ, პოსტებიდან სანოძე და ახალაია გადააყენეს, მაგრამ ყველამ კარგად იცოდა, რომ ისინი ისევ სამინისტროში მუშაობდნენ. ამ საქმეში მხოლოდ ოთხი პირი დააკავეს, რომლებმაც ეს მკვლელობა ჩაიდინეს, მაგრამ ისინიც ვითომდა დააკავეს, რადგან ციხეში ფუფუნებაში იყვნენ და მაქვს ინფორმაცია - თუ როგორ იხდიდნენ სასჯელს.

როგორ პირობებში იხდინდნენ სასჯელს?

- ეს გამოძიების პრეროგატივაა და ვერ გეტყვით. არ მსურს, უდანაშაულობის პრეზუმცია დავარღვიო, მაგრამ მაშინ, მერაბიშვილი პოსტიდან არ გადადგა, ღარიბაშვილმა კი, მყისიერი რეაგირება მოახდინა. ეს ბრწყინვალე მაგალითებია - შვიდი თვის წინ, თუ ვინ მართავდა ქვეყანას და ახლა ვინ არის ქვეყნის სათავეში. პრემიერმა ყველა გააფრთხილა, რომ ვინც დაარღვევს კანონს, მას არ დაინდობს და პირადი ანგარიშსწორება კანონით იქნება განსჯილი. დარღვევებისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ გადამეტებაზე რეაგირება იქნება. ვერ ვიტყვი, რომ კარგი იყო, რაც ძალოვან უწყებასა და სოფლის მეურნეობაში მოხდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, წიკლაურს, მერაბიშვილსა და სააკაშვილს დავემსგავსები, რომელიც ამბობს, რომ თურმე, ვაზაგაშვილს ორი ავტომატი ჰქონია, რაც არ დასტურდება. ამას რომ პრეზიდენტი იტყვის, ასეთი კაცი არ არის - ავყია?! პრობლემები მომავალშიც იქნება, მაგრამ მთავარია ადეკვატურად მოვიქცეთ. ვინც არ მუშაობს, ის შეცდომებს არ უშვებს.

ბოლო პერიოდში, გია ხუხაშვილის დემონიზაცია ხდება და მასზე მითები იქმნება. ლაშა ნაცვლიშვილისა და ხუხაშვილის გვარები ფარესაშვილის საქმეშიც გაჟღერდა. პრემიერის მრჩევლის ფუნქციების გარდა, ხუხაშვილს რა როლი აკისრია?

- ფარესაშვილი ხვედელიძეზე საუბრობდა, რომელიც უკვე დასჯილია. გამოძიება კვალს მიჰყვა და დამნაშავეს მიაგნო. გამოთქმული მოსაზრება და დადასტურებული ფაქტი ერთმანეთს ძალიან კარგად ებმის, მაგრამ ხუხაშვილისა და ნაცვლიშვილის შემთხვევაში, გამოთქმული მოსაზრებები ფაქტებს ებმის? - არ ებმის. ფაქტები ვერ ვნახე, რომლებიც ამ ადამიანების ბრალეულობაზე მეტყველებს. როგორც ჩანს, ამგვარი რამ, არც ბუნებაში არსებობს, რადგან ბევრს საუბრობენ, მაგრამ მტკიცებულებები არ ჩანს.

ჩემზეც ამობდნენ, რომ მერაბიშვილმა მომისყიდა, მაგრამ სად იყო მტკიცებულება?! ადვილია ადამიანს ტალახი ესროლო და უყურო იმას, ეს ადამიანი ტალახს როგორ იწმენდს, მაგრამ კილაძეს, ამირეჯიბსა და ფარესაშვილს მოვუწოდებ - თუ აქვთ რაიმე გამოიტანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, განგაშის ატეხვას მოეშვან. არ შეიძლება გამობრძანდე და ჰაერზე თქვა - ეს პოლიტიკოსი არის ხაზინის ქურდი, ყაჩაღი და მკვლელი. თუ ხუხაშვილთან და ნაცვლიშვილთან პოლემიკა სურთ, კი ბატონო, მათი პროფესიული უნარ-ჩვევები გააკრიტიკონ, მაგრამ მათ სისხლის სამართლის დანაშაულს ნუ აბრალებენ. ძალიან მიამიტი შეფასებაა, რომ ხუხაშვილის გარეშე პოსტზე ვერავინ ინიშნება, ყველას წილში უზის და ბიზნესი მის მიერ იმართება. მსგავსი შეფასებები უკვე სიბრიყვეშია გადასული. მას რა როლიც აკისრია, ეს პრემიერმა ძალიან კარგად თქვა. ხუხაშვილის პრესკონფერენციაზე მყისიერი რეაგირება პროკურატურას უნდა გაეკეთებინა, როცა მან თქვა, რომ რკინიგზის ხელმძღვანელს, ირაკლი ეზუგბაიას და მას უთხრეს, რომ იქ უნდა ყოფილიყო - შავი სალარო, სადაც 15 მლნ ლარი ირიცხებოდა და ეს ფული ნაციონალების შავ სალაროში უნდა წასულიყო. რას აკეთებს პროკურატურა? - დაიბარონ ხუხაშვილი და დაკითხონ ეზუგბაია! თუ შავი სალარო არ არსებობს, ეს კარგია თუ ცუდი?! თუ ეს ხუხაშვილის მოსპობილია, ცუდია?! რკინიგზასა და საწვავის გადაზიდვაში უზარმაზარი შავი ფული ტრიალებდა. ზოგი რკინიგზას მწყემსავდა და სხვა რას აკეთებდა, კაცმა არ იცის. კეზერაშვილმა ყველა თავისი წილი დავით იაკობაშვილს გადაუფორმა და საინტერესოა, კეზერაშვილი თვითონ, რატომ აორთქლდა?! საშემოდგომო სესიაზე ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას მივიღებთ და მონოპოლია აღარ იქნება. რაც შეეხება ნაცვლიშვილს, ის წარმატებულად მუშაობს. მართალია, სამართლიანობის აღდგენის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს, მაგრამ როცა პროკურატურაში 25 ათასზე მეტი სარჩელია შეტანილი, სადაც 400 მდე ადამიანი მუშაობს, როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესები განვითარდეს?! ყველა ითხოვს, რომ მისი საქმე ურიგოდ იყოს განხილული, რაც ასე ვერ გაკეთდება.

წინა ხელისუფლების დროს, ასობით ადამიანს კერძო საკუთრება ჩამოართვეს და თუ მათ საქმეებს პროკურატურა არ განიხილავს, მათთვის ქონების დაბრუნებაზე ვინ იზრუნებს? რა მექანიზმებით მოხდება სამართლიანობის აღდგენა?

- ეს ყველაზე მტკივნეული თემაა, რომელიც ძალიან რთულად გადაწყვეტადი იქნება. შეიძლება ზოგ საქმეში წინ, ნაბიჯიც კი ვერ გადავდგათ.

რატომ?

- იმიტომ, რომ ეს ქონებები რამდენჯერმე სხვადასხვა პიროვნების ხელშია გადაცემული და იურისდიქციაში არსებობს ტერმინი - კეთილსინდისიერი შემძენის და ასეთ შემთხვევაში რა ვქნათ, მათ ეს ქონება წავართვათ და პირვანდელ მფლობელებს დავუბრუნოთ? რაღაც მექანიზმია მოსაძებნი და წულუკიანი ამიტომ ამბობს, რომ სახელმწიფო კომისია უნდა შეიქმნას, რომლის საქმიანობაც უმკაცრესად უნდა იყოს რეგლამინტირებული, ასეთ განაჩენებსა და გადაწყვეტილებებს მან გადახედოს, ახალი გარემოებები დაადგინოს და ეს გადაწყვეტილებები სასამართლოებში გაუშვას.

სხვათაშორის კანდელაკი და მავანნი საერთაშორისო თანამეგობრობას ეუბნებოდნენ, რომ ახალი მთავრობა კომისიებს ქმნის, რომლებიც სასამართლოზე მაღლა იდგებაო. ძველად პლენუმები იყო, რომლებიც უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებას ცვლიდნენ და ეტყობა, ვიღაცამ იფიქრა, რომ ესენი საქმეებს გაცხრილავენო. თუ კომისია შეიქმნა, სასამართლოს გარეშე ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ შევცვლით. სასამართლოზე კი, შეჯიბრობითობა იქნება დადგენილი და მოდავე მხარეები იქნებიან. ჯერჯერობით, კომისიის შექმნა არ არის გადაწყვეტილი.

ამბობთ, რომ პროკურატურაში 25 000 საქმეა შესული და განხილვა დროში იწელება, კომისის შექმნის თაობაზე კი, გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ეს ხალხი რა გზას დაადგეს?

- ურთულესი საქმეა და პროკურატურას რესურსი არ ჰყოფნის. კომისიას დიდი აპარატი სჭირდება და კვალიფიციური კადრების პრობლემაა. ამ კომისიაში იურისტებმა უნდა იმსჯელონ, ხოლო პროკურატურაში სისხლის სამართლის წარმოება უნდა იყოს. „ქართული ოცნებისგან“ უცბად იმის გამოსწორება მოვითხოვეთ, რაც 20 წლის განმავლობაში ისპობოდა. ისე არ გაიგოთ, რომ ვამბობდე - გვაცალეთ ბატონო, მაგრამ ასეთ მოკლე ვადებში, ამ საქმეების გამოძიება წარმოუდგენელია.

გასაგებია, რომ კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტები ძნელი გასახსნელია, მაგრამ წინა ხელისუფლების პირობებში, უამრავ ადამიანს მორალური ზიანიც მიაყენეს, მაგრამ ბაჩო ახალიას გარდა, პასუხისგებაში არავინ არის მიცემული. საზოგადოებას კი ეჭვი აქვს - გარიგებას ხომ არ აქვს ადგილი. პრეზიდენტი აცხადებს, რომდამივიწყეთო“, მაგრამ თქვენ სამართლიანობის აღდგენას აანონსებდით...

- შეიძლება, ისინი მე დავივიწყო, მაგრამ მათ გირგვლიანის ჭირისუფალი აპატიებს?! არანაირი გარიგება არ არსებობს და მაისის ბოლომდე ბევრი საქმე გაიხსნება.

საქმეების გახსნა და დაჭერები პრემიერმაც დაანონსა, მაგრამ ეს დაჭერები ყოფილი მაღალი თანანმდებობის პირებს შეეხებათ?

- ვერ გეტყვით, ეს დაჭერები იქნება სერიალები თუ მოკლემეტრაჟიანი, მაგრამ მძაფრსიუჟეტიანი რომ იქნება, ამას ახლავე გეტყვით. რამდენიმე საქმეზე ძიება დასრულებულია და წერტილი დასმულია.

გახსნილი გახმაურებული საქმეებია?

- რა თქმა უნდა. კონკრეტული ადამიანები პასუხისგებაში იქნებიან მიცემულნი. პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ სჯობს მართლმსაჯულება არ იყოს მყისიერი და ამის გამო ბევრმა გვაკრიტიკოს, ვიდრე საქმეები ზედაპირულად და ემოციების ფონზე იყოს გამოძიებული და არაპროფესიონალურად გამოძიებული საქმე სასამართლოში მივიტანოთ. შეიძლება, კარგად გამოძიებულ საქმეებს შეექმნას პრობლემები და თეთრი ძაფებით ნაკერს, რა მოუვა? - დაიშლება და გადასკდება, რაც ხელისუფლებისთვის ცუდი იქნება.

გახსოვთ, რომ უგულავა სასამართლოში მივაბრაძანეთ, რომელიც გამოუშვეს და ეს არ იყო კარგი ხელისუფლებისთვის. სჯობს, ყველაფერი ნათელი იყოს და ყველა ბნელი წერტილი გამოტანილი. ზოგიერთ საქმეზე ისეთ რაღაცეებს გაიგებთ, რაც ადამიანის ლოგიკაში არ ჯდება. ამ საქმეებში ჩართულნი იყვნენ მაღალი თანანმდებობის პირები, რომელთა ვინაობასაც ვერ გეტყვით.

მაინც გკითხავთ - ვის გულისხმობთ?

- გამორიცხვის პრინციპით მიხვდით. ჩვენი მართლმსაჯულება ურმით არ დადის და ჩვენი პრინციპია - შორი გზით იარე და შინ მშვიდობით მიდი. მასალები ემოციებს აყოლილი არ იქნება და საქმეები არ შეიკერება, რადგან ეს მტკიცებულებები სასამართლოში არ გამყარდება და ყველაფერი ხუხულასავით დაინგრევა.

პრემიერმა სიმართლის კომისიის შექმნაზე ისაუბრა. პოლიტიკური ამნისტია წინა სისტემის მხოლოდ დაბალ რგოლებს შეეხებათ? კომისიაში ვინ შევა?

- კომისიაში პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები არ უნდა შევიდნენ, რადგან ქართული საზოგადოება პატარაა და არ გვსურს, რომ ხალხი ერთმანეთს გადაეკიდოს. ყველაფერი კანონმა უნდა განსაჯოს და სამართალმა პური ჭამოს. მავნე პროცესებში ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული და გრადაცია მათი ჩართულობის ხარისხიდან და დაკავებული თანანმდებობიდან უნდა მოხდეს. შეიძლება ან ეს კომისია შეიქმნას, ან გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღოს. ფაქტიურად, რეჟიმის გასამართლება ხდება. მართალია, ეს ოპოზიციას არ მოეწონება, რადგან შეიძლება ეს ნიუნბერგის პროცესებში გადაიზარდოს, მაგრამ ძირითადად, „არქიტექტორები“ უნდა დაისაჯონ.

მართალია, თქვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დასაჯეთ, მაგრამ საზოგადოებას აღარ აქვს იმედი, რომ ნაციონალი მთავრობის ზოგიერთ ლიდერს დასჯით...

- თუ მათ დანაშაული დაუდგინდათ, სააკაშვილიდან დაწყებული ახალაიათი დამთავრებული, ყველა დაისჯება. პასუხიმგებლობას ვერავინ ასცდება. სააკაშვილი დამნაშავეა საქმეებისთვის - 7 ნოემბერი, 26 მაისი, გირგვლიანი და ა.შ ეს ადამიანი კრიმინალია და მან პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ჩემი სუბიექტიზმი ობიექტიზმში გადაიზრდება თუ არა, ეს პროკურატურამ უნდა დაადგინოს. ბურთი პროკურატურის მხარესაა.

მეჩვენება თუ, პროკურატურის მუშაობით თქვენც არ ხართ კმაყოფილი?

- ადამიანი, რომელიც რეჟიმს ებრძოდა და მის თავზე წისქვილის ქვამ გადაიარა, არ შეიძლება ამ ტემპებით კმაყოფილი იყოს, მაგრამ ერთ დღეში განსასჯელის სკამზე ვერავინ აღმოჩნდება და ინსტიტუციური პროცესებია დაწყებული. პროკურორი ნაყოფიერად მუშაობს და მითხრა, რომ კონკურსების შედეგად, სისტემას ახალგაზრდები შეემატნენ და მათი გადახალისება მუდმივად მოხდება. სამსახურებიდან კადრების გაშვებაზეა საუბარი, მაგრამ უწყებებიდან მხოლოდ ის პირები გაუშვეს, რომლებიც უკანონო საქმიანობას ეწეოდნენ. ზოგი ადამიანების ხოცვა-ჟლეტვით იყო დაკავებული და მათთვის თავზე ხელი იმის გამო გადაგვესვა, რომ ნადირაშვილი და თაქთაქიშვილი გამოვარდებოდნენ და იტყოდნენ - ჩვენს მკვლელ მეგობრებს როგორ ათავისუფლებთო? - ბოდიში, მაგრამ ყველამ თავის მკვლელ მეგობარს მიხედოს და ჩიორას კალთას შეაფარონ თავი. მე არ მყავს სადისტი მეგობრები, რომლებიც ცოცხებით კაცებს აუპატიურებდნენ, მიტინგებს არბევდნენ და ხაზინას ქურდავდნენ. ჩიორასგან განსხვავებით, მსგავსი მეგობარი არ მყავს, რომელსაც ერთიც ჰყავს, მეორეც და მესამეც. ხშირად მეკითხებიან - მერაბიშვილი, ბაქრაძე და ბარამიძე მარგველაშვილის კონკურენტები იქნებიან? - ვერ იქნებიან, რადგან ბაქრაძე კრიმინალია, რომელმაც პარლამენტი დაანგრია, ბარამიძემ სვანეთში რა ჩაიდინა, კარგად იცით და ამაზე გამოძიება მიმდინარეობს, მერაბიშვილზე კი რომელი ერთი ვთქვა?! ჩვენთვის კარგია, რომ სამი კრიმინალი კენჭს იყრის. ნაციონალებს ყაჩაღები და ბანდიტები ბევრი ჰყავთ, რომელთაც ბიუჯეტი გამოხრეს. ეს ადამიანები თვლიან, რომ კენჭს იყრიან და მარგველაშვილს აჯობებენ? - ეს ხალხის შეურაცხყოფაა.

განათლების ყოფილ მინისტრს მაღალი რეიტინგი არ აქვს, მაგრამ როგორც ცნობილია, მას პრემიერი ძალიან აფასებს. გიორგი მარგველაშვილი სრულიად კოალიციის რჩეულია?

- მარგველაშვილის მიმართ პიარკამპანია არქიფო - სააკაშვილმა დაიწყო და მას დანარჩენებიც ინდაურებივით აყვნენ. სააკაშვილმა თქვა მარგველაშვილი სუსტი კანდიდატურა არისო და შემდეგ ანტიკურ ისტორიაში იმოგზაურა, ხან ნერონი გაიხსენა, ხან კალიგულა, რომელიც თავად არის. ამ ამბავში ალასანია უშნოდ შემოაგდეს და გეგონებათ, მასზე ნადირაშვილი, გოგორიშვილი, გაბაშვილი და ა.შ ძალიან წუხან. მათ ეგონათ, რომ ალასანია მუშტს დაარტყამდა და იტყოდა, კოალიციიდან გავალ, თუ საპრეზიდენტო კანდიდატად არ დამაყენებთ! ადამიანი თავისი გათახსირებულობის ხარისხიდან მსჯელობს და ბატონებო, ჩვენ ისეთი გაფუჭებულები არ ვართ, როგორებიც თქვენ. გუნდში ბინძური ღორი ან გოჭი არ გვყავს, რომელიც თქვენგან განსხვავებით, ჩვენ გაგვსვრის, როგორც თქვენ, სააკაშვილმა გაგსვარათ. მარგველაშვილი უალტერნატივო კანდიდატია და მისი შეცვლა შეუძლებელია.