საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო არხ „Euronews”-ს მისცა ინტერვიუ, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა. ერთ-ერთი თემა, რაზეც მან უცხოელ ჟურნალისტთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა, საქართველოს კონფლიქტური რეგიონების საკითხი იყო.
ჟურნალისტის კითხვაზე - „სერბეთმა და კოსოვომ გააკეთეს განცხადება ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ და დაიწყეს მუშაობა შესაბამის შეთანხმებაზე ბრიუსელში. იქნება თუ არა ეს მაგალითი სტიმული თბილისისათვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით?“, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს საქართველოსთვის ძალიან კარგი მაგალითია.
„ეს ძალიან კარგი მაგალითია და ეს მაგალითი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მსოფლიო იცვლება და ადამიანებმა, რომელთა ურთიერთობებიც წარუმატებლად ვითარდებოდა წარსულში, ახლა საერთო ენა გამონახეს და სხვადასხვა გზით შეთანხმებას მიაღწიეს. ასე რომ, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური ძალისხმევა და საერთო ენა გამოვნახოთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან და რასაკვირველია, უნდა მივაღწიოთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას“, - განაცხადა პრემიერმა.
მის ამ ფრაზას საქართველოში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნით, საქართველო მივა იქამდე, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც სახელმწიფო ომის დაწყებაში იქნება დადანაშაულებული, ხოლო პრემიერ-მინისტრი იმისთვის ემზადება, რომ კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობაში კოსოვოს მაგალითი გამოიყენოს.
„ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო იქნება დადანაშაულებული ომის დაწყებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ექნება ვალდებულება, აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. შემთხვევითი არ არის, რომ პრემიერ-მინისტრმა „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ დიახ, ის ამისთვის ემზადება. ის ემზადება იმისთვის, რომ კოსოვოს მაგალითი, რომელიც არის საპირისპირო მაგალითი საქართველოსთან შედარებით. საპირისპირო არის იმიტომ, რომ კოსოვოში, კოსოვოს მოსახლეობა იყო მსხვერპლი აგრესიისა, ზუსტად ეს მაგალითი გამოიყენოს და დაადასტუროს, რომ ჯერ საქართველომ განახორციელა აგრესია 2008 წლის ომის დროს და შემდგომში სწორედ სამხეთ ოსეთის და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმებს აქვთ დამოუკიდებლობის უფლება. სწორედ ამას ემსახურება დღეს ოკუპაციის კანონის განხილვაც და გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ იმ სავალალო შედეგებზე, რომელიც თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეიძლება, მოყვეს“, - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
იგივე თემაზე ისაუბრა ასევე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა, რომელმაც განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრორუსულ პოლიტიკას ეწევა და ქართველმა ხალხმა გარკვეული არჩევანი უნდა გააკეთოს.
„ამიტომ, ამიერიდან, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს ის საგარეო პოლიტიკურ კურსს თუ სოჭის ოლიმპიადაზე გავემგზავრებით და უთავმოყვარეოდ მივესალმებით პუტინს, თუ შევადარებთ საქართველოს სერბეთს – ეს არის დილემა და ეს არის არჩევანი საქართველოს წინაშე. მე ვფიქრობ, საქართველო გააკეთებს არჩევანს პატრიოტების და არა რენეგატების სასარგებლოდ“, - განაცხადა წიკლაურმა.
იმის გასარკვევად, თუ რას გულისხმობდა პრემიერი კოსოვოს მაგალითთან დაკავშირებით და როგორია ამ მხრივ მმართველი გუნდის პოზიცია, for.ge საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, კონფლიქტოლოგ გია ვოლსკის დაუკავშირდა. დეპუტატი განმარტავს, რომ პრემიერმა ამ შემთხვევაში ისაუბრა ადამიანურ ურთიერთობებზე და არა პოლიტიკურ პარალელებზე. ვოლსკის თქმით, საქართველო დაინტერესებულია ბალკანეთში სტაბილურობით და მშვიდობიანი ვითარებით, სერბებს და კოსოვარებს კი ერთმანეთისთვის სერიოზული დარტყმები აქვთ მიყენებული. დეპუტატის განმარტებით, ახალი ევროპული ვითარება ითვალისწინებს, რომ ეს ორი სახელმწიფო (რადგან კოსოვო ზოგიერთ სახელმწიფოს აღიარებული ჰყავს) ერთმანეთთან კარგ ურთიერთობაში იყოს.
„ეს საკითხი ადამიანური ურთიერთობების თემას მოჰყვა. რაც შეეხება პოლიტიკურ პარალელებს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური პარალელები არც გაუვლია და ვერც გაავლებდა, ვერც ივანიშვილი და ვერც ერთი სხვა პოლიტიკოსი, რადგან იქ სულ სხვა სისტემაა, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა და ამიტომ, აქ პოლიტიკური პარალელების გავლება აბსოლუტურად შეუძლებელია“, - აცხადებს გია ვოლსკი.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის განცხადებას არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ. დეპუტატი აცხადებს, რომ სწორედ ნაციონალების დანაშაულებრივი შეცდომების მთელი კასკადი არის იმის მიზეზი, რომ საქართველო ამ მდგომარეობაშია ჩავარდნილი და ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული. ამიტომ „ნაცმოძრაობის“ წევრები ცდილობენ არსებული ვითარება სხვადასხვა ფაქტებით გადაფარონ და ხმაური ატეხონ ისეთ რამეზე, რაზეც სულ არ არის ხმაური ასატეხი.
რას ფიქრობენ ამაზე ექსპერტები და მართლაც არის თუ არა ივანიშვილის განცხადება იმის საფუძველი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებისთვის საფუძველი შეიქმნას?
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ კოსოვოს შემთხვევაში ორივე მხარეს ჰქონდა ძალიან დიდი სტიმული იმისთვის, რომ შეთანხმებისთვის მიეღწიათ. კოსოვარებისთვის ეს სტიმული მდგომარეობდა იმაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინათ ჩრდილოეთ რაიონების საამბოხო განწყობა (იგულისხმება მიტროვიცას სერბები, რომლებიც კოსოვოს ჩრდილოეთში ცხოვრობდნენ და რომლებსაც ბელგრადი მუდმივად ეხმარებოდა). ბელგრადს კი ჰქონდა უფრო ძლიერი სტიმული და ეს იყო ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი. კერძოდ, არეშიძის თქმით, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ბელგრადს ასე დაუსვა საკითხი, - თუკი კოსოვარებთან ურთიერთობას მოაგვარებდა, მისთვის ევროკავშირის კარი გაიღებოდა. აქვე ექსპერტი განმარტავს, რომ სერბეთის მოსახლეობა მისი ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია, პირიქით, დღევანდელ ხელისუფლებას მოსახლეობასთან სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ ხელისუფლებასაც საკმაოდ წონადი არგუმენტი აქვს, რომ ევროკავშირში შესვლით ბევრ ეკონომიკურ პრობლემას მოაგვარებს.
„მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი ბელგრადს აქვს ის, რომ სერბეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა და პუტინს მოელაპარაკა, ანუ რუსებმა, როგორც თავიანთ მოკავშირეს, კოსოვარებთან მოლაპარაკებაზე მწვანი შუქი აუნთეს. სხვანაირად რომ ვთქვათ, სერბული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის რუსეთმა სერბეთი მიატოვა. მარტო დარჩენილ სერბეთს კი მეტი გზა აღარ ჰქონდა“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, ქართული საზოგადოების და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი დოგმების ტყვეობაშია. აქვე ექსპერტი ამბობს, რომ ამ კომენტარში ბიძინა ივანიშვილის ერთი ფრაზა არის ძალიან მნიშვნელოვანი, კერძოდ, ის, რომ ცხოვრება იცვლება. მამუკა არეშიძის თქმით, რეალობები იცვლება, დღეს გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეცვლილია და ამიტომ არ შეიძლება ვაზროვნებდეთ ისე, როგორც უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ვაზროვნებდით. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ახალი მიდგომები უნდა შემუშავდეს.
„ყოველთვის ერთსა და იმავე კითხვას ვსვამ - ჩვენ გვაქვს რაიმე გამოსავალი? შეგვიძლია რამე შევცვალოთ? ხომ არ შეიძლება მუდმივად დასავლეთზე აპელირება, რომ ის დაგვიბრუნებს ტერიტორიებს, ან ხომ არ შეიძლება რუსეთზე მუდმივად საუბარი, რომ მოველაპარაკოთ რუსეთს და ისინი დაგვიბრუნებენ ტერიტორიებს. საჭიროა ახალი, კომპრომისული მიდგომა, რომელიც არც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დააყენებს ეჭვქვეშ და აფხაზებისთვისაც მისაღები იქნება, ასევე შეიძლება რუსებისთვისაც, რომლებიც იქ სიტუაციას აკონტროლებენ“, - ამბობს მამუკა არეშიძე.
მისი თქმით, ვერც ვაშინგტონმა და ვერც ბრიუსელმა ეს საკითხები ვერ მოგვიგვარა. ამასთანავე, კოსოვოს აღიარებამ, თავის დროზე, საქართველოს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. არეშიძის განცხადებით, 2008 წელს პუტინმა გრიგოლ ვაშაძეს პირდაპირ უთხრა, რომ საქართველო დაისჯებოდა იმის გამო, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა რუსეთის მოკავშირეებს ასეთი ძლიერი დარტყმა მიაყენეს, როცა კოსოვო აღიარეს და საქართველო აგვისტოს ომის შემდეგ მართლაც დაისაჯა. ამიტომ, მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი მართალია იმაში, რომ საჭიროა ახალი მიდგომები, თუმცა რა სახის მიდგომები იქნება, ეს ცალკე საკითხია. ექსპერტი განმარტავს, რომ ეს კომპლექსური საკითხია, რომელშიც პოლიტიკაც არის ჩადებული და ჰუმანიტარული ურთიერთობებიც. ამასთანავე, არეშიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა სწორი გააკეთა, როდესაც „Euronews“-თან ამ თემაზე ისაუბრა, რადგან ამით მან დასავლელი ლიდერებისთვის და არა მხოლოდ მათთვის გარკვეული გზავნილი გააკეთა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის თქმით, იგი ნამდვილად ვერ იტყვის, რომ ეს კარგი ინტერვიუა, რადგან დასმულ კითხვაზე უხერხულად არის პასუხი გაცემული. აქვე ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილს სჩვევია, გააკეთოს ისეთი განცხადება, როგორც სიტყვაში გამოუდის და შემდეგ უწევს ხოლმე ამ თავის ნათქვამთან დაბრუნება. ამიტომ ექსპერტი მიიჩნევს, რომ ესეც ისეთი შემთხვევაა, როდესაც მეტი განმარტების გასაკეთებლად ივანიშვილს ამ განცხადებასთან დაბრუნება მოუწევს.
„ეს განცხადება ისეც იკითხება, როგორც ბატონმა გია ვოლსკიმ განმარტა და ისეც, როგორც ნაციონალები ამბობენ. ამ ვარიანტებში, რა თქმა უნდა, გასარკვევია, რა იგულისხმა პრემიერმა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, თუ ამ პარალელზე ზოგადად ვილაპარაკებთ, მთელი ეს დრო ჩვენც და სერბიაც არ ვაპირებდით სეპარატიზმთან შერიგებას, მაგრამ განსხვავება არსებითია - კოსოვოს სეპარატიზმი დააკმაყოფილა მთელმა მსოფლიომ, ანუ დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა, ხოლო აფხაზეთის და ოსეთის სეპარატიზმი მსოფლიოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ექსპერტის თქმით, ამ განსხვავებაში გარკვეული პლიუსი დევს და ამ პლიუსის დაკარგვა გაუმართლებელი იქნება ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის.
„არ მგონია, ივანიშვილი იყოს ის პოლიტიკოსი, რომელიც ამ პლიუსის გამოყენებაზე არ ფიქრობდეს, მაგრამ მან სავარაუდოდ, სხვა რამ იგულისხმა, დაახლოებით იგივე, რაც - ვოლსკიმ. თუმცა ტექსტი ისეა ნათქვამი, რომ მას დაზუსტება სჭირდება“, - აღნიშნავს ექსპერტი.