წალკაში აჭარელ ეკომიგრანტებს მძიმე დრო დაუდგათ

წალკაში აჭარელ ეკომიგრანტებს მძიმე დრო დაუდგათ

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად წალკაში ვითარება იძაბება. აჭარელ ეკომიგრანტებსა და საბერძნეთიდან დაბრუნებულ ბერძნებს შორის დიდ გაუგებრობა წარმოიშვა.

წალკიდან დაბრუნებულმა ეკომიგრანტებმა აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. ეკომიგრანტები 16 სამარშრუტო ტაქსით წალკიდან აჭარაში დაბრუნდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ სახლები, რომლებშიც ცხოვრობდნენ, საკუთრებაში არ ჰქონდათ დარეგისტრირებული, ხოლო აღდგომის დღესასწაულზე საბერძნეთიდან დაბრუნებულმა მეპატრონეებმა ისინი გამოასახლეს.

როგორც ხულოდან წალკაში ჩასახლებულმა მევლუდ ვაშაყმაძემ აღნიშნა, 2000 წელს პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში წალკაში იმ პირობით წავიდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და სახლს საკუთრებაში მიიღებდა.

„სოციალურად დაუცველი ეკომიგრანტები ვართ. ბერძნები საქართველოდან რომ წავიდნენ, მას შემდეგ ჩაგვასახლეს, მაგრამ ერთი კვირის წინ მეპატრონეები დაბრუნდნენ და სახლებიდან გამოგვყარეს. რადგან არანაირი სხვა საშუალება არ იყო იქ ცხოვრების გაგრძელების, წამოვედით ჩვენს მიწა-წყალზე და აჭარის მთავრობას ვთხოვთ დახმარებას. 200 ოჯახი გამოგვასახლეს ამ ეტაპზე, 1000-მდე ოჯახს აგვისტოს ბოლომდე დაატოვებინებენ სახლებს“, - აღნიშნა მევლუდ ვაშაყმაძემ.

ეკომიგრანტები აჭარის მთავრობას მათი პრობლემის შესწავლას და დახმარებას სთხოვენ.

ეს პრობლემა წალკაში დაახლოებით 3 თვის წინათ დადგა, ხოლო 1 თვის წინ განგაშის ზარებს პირველად შემოკრეს. თუცა, მაშინ წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიტუაციას გაზვიადებულს უწოდებდა და აცხადებდა, რომ რაიონიდან წასული ბერძნები საქართველოში ყოველ წელიწადს აღდგომის დღესასწაულზე ჩამოდიან და ისევ უკან ბრუნდებიან. იგი ამტკიცებდა, რომ საბერძნეთში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ სოფელ ავრანლოში საცხოვრებლად მხოლოდ სამი ოჯახი ჩამოვიდა.

„სახელმწიფოს მიერ შესყიდულია 571 საცხოვრებელი სახლი, რომლებიც დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბალანსზე ირიცხება და მიგრანტებს ხელშეკრულებით აქვთ გადაცემული. მათი განსახლების საკითხი დევნილთა სამინისტროს კომპეტენციაა და გამგეობასთან შეხება არ აქვს“, - აღნიშნავდა წალკის გამგებელმა ჯონი საბაძემ.

აღდგომამ უკვე ჩაიარა და დადასტურდა, რომ სიტუაცია გაზვიადებული კი არა, მეტად გამწვავებულია. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ ხელმძღვანელი ციალა ქათამიძე აცხადებს, ეკომიგრანტების პრობლემის დროულად შესწავლა და მათ დასახმარებლად სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო.

„წლების განმავლობაში, მიმდინარეობდა აჭარიდან ეკომიგრანტების განსახლება, თუმცა მათ არც მიწის ნაკვეთები და არც სახლები საკუთრებაში არ დაუკანონდათ. მათი პრობლემა ბერძნების დაბრუნებამ გაამწვავა და ეკომიგრანტები, ფაქტობრივად, სახლ-კარის გარეშე დარჩნენ. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ეკომიგრანტთა სტატუსი განისაზღვროს და სტრატეგია შემუშავდეს, რაც გულისხმობს განსახლებას, რეადაპტაციის პროგრამებს და ეკომიგრანტთა მდგომარეობის საფუძვლიანად შესწავლას“, - აღნიშნა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ქათამიძემ.
მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ეკომიგრანტებს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები გაესაუბრნენ. როგორც მთავრობის წევრმა რამაზ ჯინჭარაძემ აღნიშნა, საკითხის შესწავლა დიალოგის რეჟიმში უნდა მოხდეს.  „ვთხოვეთ, რომ ასეთი რეჟიმიდან დიალოგის რეჟიმზე გადავიდეთ და შევისწავლოთ საკითხი. ხვალ შევხვდებით მათ წარმომადგენელს და გავივლით ყველაფერს. ეს საკითხი სერიოზული განხილვის თემა იქნება. გვექნება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ურთიერთობა“, - აღნიშნა ჯინჭარაძემ.

ბუნებრივი კატასტროფების გამო მთიანი აჭარიდან მოსახლეობის განსახლება 1997 წლიდან დაიწყო და 2006 წლამდე გაგრძელდა. ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში 3 ათასამდე ოჯახი ჩასახლდა, რომლებმაც ძირითადად ბერძნების მიერ მიტოვებული სახლები დაიკავეს.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროექტის კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი ქვეყანაში ეკომიგრაციის კუთხით მძიმე ვითარებაზე საუბრობს.

„საქართველოში ეკომიგრანტებს სამართლებრივი სტატუსი არ აქვთ და ამ სფეროში სამართლებრივი ვაკუუმია. რეალურად ცნება „ეკომიგრანტი“ არსებობს იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკომიგრანტად 100 ათასამდე ადამიანი ითვლება.

ეკომიგრანტების დახმარება დევნილთა სამინისტროს კომპეტენციაში შედის, მაგრამ ეს პირები არ შედიან იძულებით გადაადგილებულ პირთა სიაში. არსებობს გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირის ცნებას აწესებს. განმარტება ასეთია: იძულებით გადაადგილებულ პირად ითვლება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი და არ გასულა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჩამოთვლილია მიზეზებიც, სადაც ერთ-ერთია ბუნებრივი კატასტროფები.

რაც შეეხება ქართულ კანონმდებლობას, იძულებით გადაადგილებულ პირებში მოიაზრებს მარტო შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადაადგილებულ პირებს. შესაბამისად, ეს ადამიანები ყოველგვარი სტატუსის გარეშე არიან დარჩენილი და ვერანაირად დაიცავენ საკუთარ უფლებებს“, - აღნიშნა გეთიაშვილმა.