უკრაინა-რუსეთის ომმა ახალ და კიდევ უფრო საშიშ ფაზაში გადაინაცვლა. დღეს, ომის ფონზე, მსოფლიო რადიაციული საფრთხის წინაშე დგას. აესის ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი 3 მარტს გვიან ღამით, რუსეთის მხრიდან დაბომბვის გამო გაჩნდა. შედეგად არავინ დაშავებულა. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რადიაციული ფონის მომატება კი ამ დრომდე არ ფიქსირდება.
ამ მომენტამდე, ელექტროსადგურის ექვსივე ენერგობლოკი მთლიანობას ინარჩუნებს. დაზიანებულია სამშენებლო კონსტრუქციები, თუმცა ენერგობლოკების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სისტემები მწყობრშია.
ენერგეტიკოსი, ანზორ ჭითანავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუკი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაზიანდება, ამას კატასტროფა მოჰყვება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, რეალური საფრთხე მთელ მსოფლიოს ემუქრება.
„საშინელება მოხდება, რადგან ეს არის უბედურება, კატასტროფა, თუ იქ რაიმე მოხდა და გაჟონა რადიაქტიულმა ნივთიერებებმა, ეს არა მარტო უკრაინისა და ბელორუსიას ტერიტორიის და ახლომდებარე ქვეყნების, მთელი მსოფლიოს ტრაგედია იქნება. მოიწამლება ჰაერი, წყალი, ნიადაგი. ყველანაირი უბედურება, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ, მოხდება.
ყველაზე მეტად მეშინოდა, რომ ჩერნობილში არ მომხდარიყო უბედურება, მაგრამ ჩერნობილში ეს უბედურება აიცილეს თავიდან. თუმცა, ზაპოროჟიეს ამბავმა ყველანაირი ლოგიკიდან გამომიყვანა და არ ვიცი რაზე ვისაუბრო. რეალური საფრთხე არსებობს. იქ არის საომარი მდგომარეობა. ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ მოხდეს მაქსიმალური დაცვა და კონტროლი. თუ გონიერებით მივუდგებით საფრთხეს, მაშინ შესაძლებელია ამის მიღწევა. ყველანაირი გართულება არის შესაძლებელი“, - განაცხადა ანზორ ჭითანავამ For.ge-სთან საუბარში.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიიჩნევს, რომ არსებობს შანსი, დღეს არსებული ვითარება ჩერნობილის ტრაგედიის მსგავსად განვითარდეს. მისი თქმით, თუ აფეთქება მოხდება, ეს მსოფლიო კატასტროფა იქნება.
„1953 წელს იქნა გაშვებული პირველი ატომური ელექტროსადგური საბჭოთა კავშირში და იქიდან მოყოლებული ჯერ არ მომხდარა სამხედრო დარტყმა ატომურ ელექტროსადგურზე. არავის უკადრია ის, რაც ზაპოროჟიეში ჩაიდინეს რუსებმა. რა შედეგს მოიტანს და სადამდე მიაღწევს, ამის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამწუხარო მაგალითი 1986 წლის ჩერნობილის. ანალოგიური ვითარება შეიძლება განხორციელდეს, თუ რაღაც დაემართება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს.
დამატებით, თუ იქნება ისეთივე ქარის მიმართულება და ღრუბლები, რაც 1986 წელს იყო, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია ჩვენი ქვეყანაც დაზიანდეს, რადგან ზაპოროჟიე გაცილებით უფრო ახლოსაა ჩვენს ქვეყანასთან, ვიდრე იყო ჩერნობილი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი ამინდის პროგნოზი იქნება იმ დროს და როგორი სახის დაზიანება მოხდება ელექტროსადგურში. ეს თუ იქნება აფეთქების მსგავსი და რადიაქტიულ ზონაში ჩავარდა ბალისტიკური რაკეტა და აფეთქდა, ბუნებრივია, ეს იქნება კატასტროფა, კატასტროფაზე მეტიც. იმედს ვიტოვებ, რომ ეს შემთხვევითი გასროლა იყო, არაპროფესიონალის და მინდა ვიფიქრო, რომ ეს არ იყო მიმართული ელექტროსდგურისკენ“, - განაცხადა გია არაბიძემ For.ge-სთან.
უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა დაიკავეს. თავად ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ სადგურის ტერიტრიაზე შეიჭრნენ კადიროვის მებრძოლები. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ევროპას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა და რუსეთი ბირთვულ ტერორიზმში დაადანაშაულა.
უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაციითვე, რადიაციული ფონი შეცვლილი არ არის. მათივე ცნობით, იმ უკრაინელ ჯარისკაცებს შორის, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციული შენობა და სადგურის შესასვლელი ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა. პერსონალი აგრძელებს მუშაობას ელექტროსადგურებზე, რაც უზრუნველყოფს ბირთვული ობიექტების სტაბილურ მუშაობას. რადიაციული ფონი ნორმაშია“, - აცხადებენ უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციაში.
აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა:
„საუბარი მქონდა შარლ მიშელთან. ჩვენი საერთო ამოცანაა, ატომური ელექტროსადგურის, ინფრასტრუქტურისა და კრიტიკული წარმოების ობიექტების დაცვა. ვისაუბრეთ რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების გამკაცრების შესახებ. დაისვა უკრაინის ევროკავშირში წევრობის საკითხი“, - წერს ზელენსკი.
აქვე გეტყვით, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი სასწავლო-საწვრთნელ კორპუსში გაჩნდა. ტერიტორიაზე შესვლა და ხანძრის ლიკვიდირება მეხანძრეებმა დილით შეძლეს.