უკრაინასა და რუსეთს შორის ომმა საქართველო ბევრი კუთხით ჩააგდო რთულ მდგომარეობაში და ერთ-ერთი მათ შორის ხორბლისა და ფქვილის იმპორტირების საკითხია. არ არის გამორიცხული, ამ მხრივ ვითარება ერთბაშად გაუარესდეს და ქვეყანა სასურსათო საფრხის წინაშე აღმოჩნდეს.
იმ შემთხვევაში თუ ფქვილისა და ხორბლის მარაგის შემოტანა გაჭირდება, გაძვირება გარდაუვალი იქნება, თუმცა მთავრობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ამ მხრივ საფრთხე არ გვემუქრება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას ფქვილისა და ხორბლის მიმართულებით საფრთხე არ ემუქრება. თუ რუსეთიდან ხორბლის შემოტანა შეიზღუდა, საქართველო ხორბალს ევროპაში იყიდის.
„ყველაფერი ლოგიკურადაა. ფაო-ს სტანდარტების მიხედვით, ხორბლის გარდამავალი ნაშთი ქვეყანაში სასურველია იყოს მთლიანი მოხმარების 12%-ის ფარგლებში. ბოლო 5-6 თვეა ჩვენთან ფქვილის ხვედრითი წილი იზრდება და მიაღწია 13-14 ათას ტონას. წინა თვეში კი 16 ათასი ტონა შემოვიდა. ეს არის დაახლოებით 30 ათასი ტონა ხორბლის ეკვივალენტი. ამავე დროს, შემოდის დაახლოებით 12 ათასი ტონა ხორბალიც, ეს კი ერთად ქმნის მარაგის 12%-ს.
იმის გამო, რომ წისქვილები გაჩერებული არიან და ვეღარ აწარმოებენ იმ რაოდენობის ფქვილს, რასაც აქამდე, ამის გამო ხორბალში მარაგი აბალანსებს ნაშთს. თუ ჩვენ გვექნება მოცემულობა, რომ შემცირდება ფქვილის მარაგი, ბუნებრივია, გაიზრდება ხორბლის მარაგი.
ახლა ეს მოცემულობაა და კარგად უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ამ მხრივ სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემები არ გვაქვს და არც გვექნება. რუსული ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში ჩვენ ხორბალს შემოვიტანთ ევროპიდან“, - განაცხადა ხანიშვილმა და ისაუბრა იმაზე, თუ რას გეგმავს მთავრობა რუსეთში ხორბალზე დაწესებული მცურავი საბაჟო გადასახადის დასაბალანსებლად.
„სექტორთან საუბარია არა მხოლოდ სუბსიდირებაზე, არამედ სარკისებურ დაბეგვრაზეც, როგორც ამას წისქვილები უწოდებენ. ანუ სხვაობა იმპორტირებულ ფქვილსა და გადასამუშავებელ ხორბალს შორის, რაც მოქმედებს რუსეთში არსებული ექსპორტის გადასახადის გამო, მის დაბალანსებაზეა საუბარი - ერთი მხრივ, ხორბალზე სუბსიდირებით, მეორე მხრივ კი, ფქვილზე შესაბამისი განაწესის დამატებით, რომ დავიჭიროთ სწორი ბალანსი და არ მოხდეს პურის გაძვირება.
ჩვენ ეს სქემა შევთავაზეთ, მაგრამ წისქვილებმა დააყენეს საკითხი ცოტა სხვანაირად. მათი პოზიციაა, რომ მხოლოდ ფქვილზე დაწესდეს გადასახადი ორივე მდგენელიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, ეს არალოგიკურია, თუმცა ველოდებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდანაც პოზიციებს“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ხანიშვილმა.
წისქვილკომბინატების წარმომადგენლები კი ამ საკითხს სხვაგვარად უყურებენ. მათი აზრით, საქართველოში ხორბლის იმპორტი თუ სრულად ფქვილის იმპორტით ჩანაცვლდა, ცუდ შედეგებამდე მივალთ. ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ (ყოფილი „აგრიკომი“) დირექტორის ქეთი კუბლაშვილის ინფორმაციით, უკვე დაიხურა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წისკვილკომბინატი, მას მოყვება სხვა დანარჩენიც.
„ხორბალი არის სასურსათო უსაფრთხოების პროდუქტი, მას შენახვის დიდი ვადა აქვს, 1-2 წელიც კი. ფქვილის შენახვა შეუძლებელია, ფუჭდება და არც ერთი ქვეყანა, სასურსათო უსაფრთხოების მიზნით მარაგს ფქვილში არ აკეთებს“, - განაცხადაკუბლაშვილი.
მისივე განმარტებით, დარგი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კონსულტაციებს აწარმოებს. უწყებას ესმის რა მძიმე ვითარებაშია დარგი და ალბათ გაითვალისწინებს ბიზნესის ინტერესებს.
დაახლოებით ბოლო წელიწად-ნახევარია საქართველოში ფქვილის იმპორტის ზრდის გამო წისქვილკომბინატების ნაწილს პრობლემები ექმნება და იხურება. მიზეზი არაკონკურენტული გარემოა, რომელიც ძირითადი იმპორტიორის რუსეთის მიერ ხორბალზე შემოღებულმა ე.წ. მცურავმა ბაჟმა შექმნა.