„ალიევი იძულებულია, ურთიერთობა ჰქონდეს პუტინთან, რადგან ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრას ალიევმა მიაღწია სტრატეგიული თმენით, რუსეთთან ურთიერთობით, მოკავშირეობით თურქეთთან“

„ალიევი იძულებულია, ურთიერთობა ჰქონდეს პუტინთან, რადგან ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრას ალიევმა მიაღწია სტრატეგიული თმენით, რუსეთთან ურთიერთობით, მოკავშირეობით თურქეთთან“

პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთი იმპერიის აღდგენას არ გეგმავს, მაგრამ ფაქტია, კრემლის ლიდერი ნებაყოფლობით თუ ძალის დემონსტრირებით ცდილობს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს უჩვენოს, „კტო ხაზიან ვ დომე“. როცა ნებაყოფლობით რუსეთთან დაახლოების სურვილზეა საუბარი, სომხეთის გარდა უკვე აზერბაიჯანიც შეიძლება მოვიაზროთ რუსეთის გავლენის ქვეშ, ვინაიდან ალიევი რუსულ ბანაკში აღმოჩნდა.

უკრაინაში შეჭრამდე ორი დღით ადრე პუტინმა და ალიევმა „სამოკავშირეო ურთიერთქმედების“ შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი 40 პუნქტზე მეტს მოიცავს და ორმხრივი ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს სფეროებს ეხება. დეკლარაციისთვის სიმბოლური პერიოდი შეირჩა, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30-ე წელი.

შემთხვევითი არაა, რომ კრემლში სტუმრად მყოფი ალიევის გასაგონად პუტინმა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ახსენა, რომლის მშვიდობიანად გადასაჭრელადაც რუსეთი, პუტინის სიტყვებით რომ ვთქვათ, ფრთხილად მოქმედებდა.

უკრაინისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ალიევის ჩასვლა მოსკოვში ბევრი რამის მთქმელია. დროის იმ მონაკვეთში, როცა ალიევი მოსკოვს ეწვია, პუტინს უკვე გამოცხადებული ჰქონდა უკანონო გადაწყვეტილება უკრაინის ორი რეგიონის - დონეცკის და ლუგანსკის ავტონომიური ოლქების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების შესახებ. ბოლოდროინდელი მოვლენით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის სასარგებლოდ წრე ვიწროვდება, სომხეთიც რუსეთთანაა და აზერბაიჯანიც მათი ხდება.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა ალიევმა იგრძნო საშიშროება, ან უფრო ადრეც ჰქონდა დაგეგმილი რუსეთთან უფრო მეტი ინტეგრაცია, რადგან ჩვენ ვხედავთ საკმაოდ დამთბარ ურთიერთობებს რუსეთ-აზერბაიჯანს შორის. თუმცა ასეთი პოლიტიკა აირჩია აზერბაიჯანმა, მან დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიების ლომის წილი, იქ დარჩა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი, დანარჩენი- შუშა, მთიანი ყარაბაღის მეტი წილი და ირგვლივ დაკავებული რაიონები უკვე აზერბაიჯანის მხარეს არის გადასული. ამ ყველაფერს ალიევმა მიაღწია იმ პოლიტიკით, რასაც ახორციელებდა, სტრატეგიული თმენით, მოკავშირეობით თურქეთთან და რუსეთთან ურთიერთობებით.

„რუსეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს ოფიციალურად გაცხადებულია, საკმაოდ სერიოზული სავაჭრო ურთიერთობები აქვთ, განსაკუთრებით, სამხედრო მიმართულებით, მრავალ მილიარდიან სამხედრო შესყიდვებს ახორციელებს რუსეთიდან აზერბაიჯანი. რაც ბოლო ხანს გააფორმეს, ეს არის სამოკავშირეო ურთიერთქმედების დეკლარაცია, პლუს ამას, იქ სხვა პაკეტებიც გაფორმდა, ალიევი აგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც ჰქონდა, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს თავის ქვეყანაში და აქვს უზარმაზარი სატრანზიტო პროექტები, მათ შორის, ყარაბაღის გავლით, ასევე, იმ მიმართულებით, რომ დააკავშიროს ერთმანეთთან ნახჭევანი და დანარჩენი ტერიტორია. ალიევი გეგმაზომიერად მიჰყვება ამ გზას და ჯერჯერობით წარმატებითაც“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსის განმარტებით, ვისაც სურს, მას თავისუფლად შეუძლია, გააკრიტიკოს აზერბაიჯანის ლიდერი. თუმცა აშკარაა, ალიევი ერთი წლით არ მოქმედებს, ის მოქმედებს მინიმუმ ათი წლის გათვლით. ისტორია განსჯის და ეს აზერბაიჯანის გადასაწყვეტია, სწორად იქცევა ალიევი, თუ არასწორად, მაგრამ ფაქტია, რომ რა ეროვნული მიზნებიც ჰქონდა აზერბაიჯანს ბოლო ათეული წლების განმავლობაში, ტერიტორიების დაბრუნების სახით, ეს განახორციელა კიდეც.

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერის, ყოფილი პარლამენტარის გია გაჩეჩილაძის მოსაზრებით, რუსეთმა მოახერხა ის, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას სამხედრო ბაზა არ ჰქონდა და დღეს შექმნა ეს ბაზა ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების კონტექსტში. ეს კი მოხდა სომხეთის ხარჯზე.

„მოგეხსენებათ, სომხეთი რუსეთის ყველაზე აქტიური პარტნიორი იყო და ამ დროს რუსეთმა რა გაუკეთა სომხეთს? ის ტერიტორიები, რომელზეც სიამაყით ლაპარაკობდნენ სომხები, აზერბაიჯანს მისცა და იქ სამხედრო ბაზა შექმნა. ბუნებრივია, აზერბაიჯანი დამოკიდებული გახდა რუსეთზე, რადგან რუსეთის პოზიციაზეა დამყარებული, შეინარჩუნებს თუ არა აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობას. თუ სომხეთი ან აზერბაიჯანი მოითხოვს, რუსეთის ჯარები გავიდეს იქიდან, რუსეთი კონფლიქტს თავიდან წამოიწყებს და პროვოცირებას მოახდენს. ამიტომ აზერბაიჯანი იძულებულია, ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი იგორ კვესელავა არ გამორიცხავს, ყარაბაღის ომი რუსეთს მოეწყო ან გაეთამაშებინა ალიევთან ერთად. ფაქტია, ამ ომით რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში დაიმკვიდრა ადგილი და კიდევ ერთი სამხედრო ბაზა შექმნა.

„გაცილებით უარესი პროცესები მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში, რადგან რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ქმნიან ერთ სარკინიგზო სისტემას. საამისო ნაბიჯებიც გადაიდგა და ფულიც გამოიყო, ასეთ ვითარებაში საქართველო თავის ცნობილ ადგილს კავკასიაში კარგავს, ანუ პრიორიტეტები რაც გაგვაჩნდა კავკასიაში, ამას ვკარგავთ. ასეთი მოცემულობა გეოპოლიტიკურ სტრატეგიულ მდგომარეობას კავკასიაში ცვლის და ეს მაღალი მდგომარეობა გადადის უკვე აზერბაიჯანსა და რუსეთზე“, - აღნიშნა იგორ კვესელავამ ჩვენთან საუბრისას.

მისივე აზრით, იმ დროს, როცა რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი არიან ერთი გუნდი (რა თქმა უნდა, იქ არის თავისი შიდა წინააღმდეგობები), „ნაცებს“ საქართველოში აწყობთ ომი. მათ ომის შეჩერება კი არ უნდათ, არამედ ომის შედეგად სარგებლის პოვნა. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ახლა საუბარი მიმდინარეობს რკინიგზაზე, რომელიც დაკავშირებულია სოხუმთან, რუსეთი დაინტერესებულია აფხაზეთის რკინიგზით. ჩვენ რომ ულტიმატუმი წამოგვიყენოს რუსეთმა რკინიგზასთან დაკავშირებით, რა უნდა ვუთხრათ? ან რუსეთი რომ შემოვიდეს და გორის ტრასაზე დადგეს ახლა, რა უნდა გავაკეთოთ?