„ჩვენ დღეს შანსი გვაქვს, რომ დავიწყოთ პროცედურა. გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამას წლები დასჭიდება. ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი წინ უნდა წავიდეს. საუბარი არ იქნება ერთ ან ორ წელში ჩვენსა და უკრაინის მიღებაზე, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გზა უნდა დაიწყოს და კარგია, რომ დაიწყო“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს მიერ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების მოთხოვნის ფონზე, ვართ თუ არა კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ რუსეთის მხრიდან? თუნდაც იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, შესაძლოა თუ არა, რაიმე მოიმოქმედოს კრემლმა ჩვენს წინააღმდეგ?
- დიდი პრობლემები აქვს რუსეთს უკრაინაში და არ მგონია, რომ ჩვენთვის მოიცალოს. არასწორია შიშები ჩვენთან დაკავშირებით, რადგან მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგაა, ეკონომიკური სანქციებითა და ბევრი გამოწვევით. რუსეთს მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში რაში უნდა სჭირდებოდეს? რუსეთი ხვდება თავის შეცდომებს, ვერ გათვალა სტრატეგია, მოინდომა უკრაინის დასჯა და თვითონ დაისაჯა, ჯერ უკრაინამ დასაჯა და შემდეგ, მთელმა მსოფლიომ.
ამიტომ, ამ დროს ასეთი დამოკიდებულება არ უნდა იყოს დომინანტური და მიმაჩნია, რომ არ უნდა გავუშვათ შანსი ხელიდან, ჩავერთოთ მსოფლიოს დემოკრატიულ პროცესში. უნდა შევიტანო განაცხადი და შემდეგ დავიცვათ ის.
როგორ ფიქრობთ, არსებობს დღეს რეალური შანსი იმისა, რომ საბოლოოდ, ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ?
- ჩვენ დღეს შანსი გვაქვს, რომ დავიწყოთ პროცედურა. გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამას წლები დასჭიდება. ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი უნდა წავიდეს. საუბარი არ იქნება ერთ ან ორ წელში ჩვენსა და უკრაინის მიღებაზე, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გზა უნდა დაიწყოს და კარგია, რომ დაიწყო.
ჩვენ უკვე შევიტანეთ განაცხადი ნატო-ში 2002 წელს და 2008 წელს გვითხრეს, რომ აუცილებლად მიგვიღებდნენ ნატო-ში, თუმცა, საჭიროა გარკვეული რეფორმების ჩატარება. ამასობაში, ომი იყო და ჩვენ ძალიან დავიხიეთ უკან. ახლა გვაქვს შანსი, ასეთივე განაცხადი დაჩქარებული წესით შევიტანოთ ევროკავშირში. თურქეთს შეტანილი აქვს განაცხადი 40 წლის წინ და 40 წელია ვერ ასრულებს იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც ევროკავშირი აკისრებს. როდესაც ჩვენ მოგვცემენ ამ პროცედურას და იმედია მოგვცემენ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ და თურქეთი ერთად მიგვიღონ. მოძრაობები იწყება, რაღაც უნდა განახორციელო, რომ წინ წახვიდე. ახლა გვიჩნდება შანსი, დავიწყოთ მოძრაობა.
ვხედავთ დღეს, რამდენად ერთიანია დასავლეთი უკრაინასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რატომ ვერ მივიღეთ იგივე მხარდაჭერა ჩვენ 2008 წელს, როდესაც რუსეთმა აგრესიული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა?
- რადგან ჩვენ არ მივეცით ამის საშუალება. არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ დასავლეთი ახლა გამოფხიზლდა. მაშინ გველაპარაკებოდნენ, გვეხვეწებოდნენ, რომ არ წამოეგოთ პროვოკაციას. საბოლოოდ, ჩვენი ჯარები ცხინვალში აღმოჩნდნენ, უკრაინის ჯარები დონეცკში არ აღმოჩნდნენ, უკრაინის ტანკები ლუგანსკში არ აღმოჩნდნენ. უკრაინა ყველაფერს აკეთებდა, რასაც ეუბნებოდა დასავლეთი. დასავლეთი 2008 წელს ასევე დაგვეხმარებოდა ჩვენ, რომ არ წამოგვებოდით პროვოკაციას. მაშინ დაიწერა ძალიან სერიოზული ანგარიში, 1200 გვერდიანი. ჩვენ ხომ ზარმაცები ვართ, არავის წააუკითხავს ეს 1200 გვერდიანი ანგარიში, სადაც მკაფიოდ ეწერა, რა მოხდა 2008 წელს.
ახლა ბევრს ლაპარაკობენ, თითქოს დასავლეთი არ დაგვეხმარა, რეალურად, ჩვენ არ მივეცით საშუალება დასავლეთს, დაგვხმარებოდა. თუმცა, ახლა ამაზე საუბარი არ არის, ჩაბარდეს წარსული ისტორიას. ნიშნის მოგებით და არაკორექტულად ლაპარაკობენ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები, თითქოს ეს ასეა. ახლა არ არის დრო, გავაძლიეროთ „ქართული ოცნება“. როგორც კი ვაკრიტიკებთ 2008 წელს, ამით ვაძლიერებთ „ქართულ ოცნებას“. დღეს ამაზე კამათს არ ვაპირებ, ამის დრო მოვა, როდესაც აფხაზებთან და ოსებთან შერიგებიც დროც დადგება. დღეს არის 2022 წელი, უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის წელი და შანსი ჩვენთვის.
როგორ შეაფასებთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს? ვხედავთ, რომ უკრაინა უკან დახევას არ აპირებს.
- რუსეთმა ომი წამოიწყო და ერთადერთი, რაც გააკეთა 100 კილომეტრით წაიწია წინ. ქალაქს ბომბავს, არის დივერსიული ჯგუფები, მაგრამ ის, რომ ტერიტორია მთლიანად აკონტროლოს, როგორც დონეცკსა და ლუგანსკს აკონტროლებდა, ასე არ მოხდა. უკრაინის არმია ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევს, ჰყავს მსხვერპლი, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. კრემლი ვერ იპყრობს უკრაინას და ეს არის მისი მარცხი. რუსეთი, რომ წინ ვერ მიიწევს, ეს უკრაინის დამსახურებაა.
უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, მხარეებს შორის დაიწყო მოლაპარაკებების ეტაპი. როგორ ფიქრობთ, გამოიღებს ეს კონკრეტულ შედეგს?
- ნებისმიერი ომი სრულდება მოლაპარაკებით. მოლაპარააკების მაგიდასთან დაჯდომა არის სწორედ იმის იძულება, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ომი. ზელენსკიმ თავიდან განაცხადა მოლაპარაკების შესახებ, რაზეც პუტინმა ცინიკური პასუხი გასცა, თუ რაზე უნდა ელაპარაკა მას ზელენსკისთან, თუმცა, დღეს უკვე მიხვდა, რაზეც უნდა ელაპარაკოს.
რუსეთი გაება მის ორ მახეში. ერთი იყო ის, რომ ეგონა დასავლეთი დაუთმობდა უკრაინას და უკან დაიხევდა, აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. მეორე - ეგონა, რომ უკრაინას ძალიან მალე დაიპყრობდა, რაც ასევე არ გამართლდა. ორი მახე დაუგო უკრაინას და დასავლეთს და ორივეში თვითონ გაება. ახლა კი გამოსავალს ეძებს. რუსეთმა შეიძლება საშინელი იარაღები გამოიყენოს ან გონს მოეგოს და უკან დაიხიოს. ეს ყველაფერი უნდა მოგვარდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.
ამ დაპირისპირების ფონზე, საქართველო რა საფრთხის წინაშე დგას დღეს?
- ჩვენი საფრთხე არის ის, რომ დღეს არ ვართ უკრიანის გვერდში, ახლა ნელ-ნელა დავიწყეთ. როგორც იქნა, „ქართული ოცნება“ მიხვდა და დაიწყო „გამოძრომა.“ როგორც რუსეთს ეგონა, რომ გაიმარჯვებდა უკრაინაში, ჩვენი ტრაგედია ის არის, რომ ჩვენც გვეგონა, რომ რუსეთი გაიმარჯვებდა უკრაინაში. როგორც რუსეთი, ისე „ქართული ოცნება“ ჩაეფლო თავის შეცდომებში. ახლა დაიწყო აქედან გამოსვლა და კარგია, რომ ევროკავშირში განაცხადი შეიტანა. „ქართული ოცნება“ გონს მოეგო მას შემდეგ, რაც მთელი მიტინგები ტარდებოდა თბილისში და ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა.