„ქართულმა ოცნებამ“ 1-ელ მარტს დააინიცირა რეზოლუცია, რომლის თანახმად, მთავრობას დაევალა აამოქმედოს ყველა ბერკეტი ევროკავშირში დაუყონებლივ გასაწევრიანებლად. 13 პუნქტისგან შემდგარ პროექტში გამოხატულია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი პარლამენტის მოწოდება, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.
3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია შედგენილი იყო, თუმცა საჯარო ახლა გახდა. რატომ „მალავდა“ ქართული ოცნება“ აღნიშნულ რეზოლუციას, თუ შესაძლებელი იყო აქამდე, რატომ არ გააკეთა საქართველომ ევროკავშირში განაცხადი? for.ge-ს ამ კითხვებს, „ქართული ოცნებისა“ და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი თამარ ტალიაშვილი პასუხობს.
ვიდრე პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელს მოაწერდა, იქამდე „ქართულმა ოცნებამ“ რეზოლუცია დააინიცირა, რათა მთავრობას აემოქმედებინა ყველა ბერკეტი ევროკავშირში დაუყოვნებლივ გასაწევრიანებლად. აღნიშნულ რეზოლუციაზე თქვენმა თანაგუნდელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ საკმაოდ დიდი ხანია რაც შედგენილია რეზოლუცია, თუმცა გარეთ არ გამოგქონდათ. თუ შედგენილი იყო, რატომ იყო აქამდე თაროზე შემოდებული?
- აღნიშნულ საკითხს ნათელს მოვფენ, რათა მკითხველისთვის გახდეს ცხადი რასთან გვაქვს საქმე, პირველი - ერთია რეზოლუცია, მეორეა განაცხადი. ეს ორი დოკუმენტი ერთმანეთს არ ანაცვლებს და ორი განსხვავებული დოკუმენტია. რეზოლუცია დავაინიცირეთ, მათ შორის ინიციატორი გახლავართ მეც ჩემს კოლეგებთან ერთად, რომელიც პარლამენტის შესაბამისი პროცედურების დაცვით მიიღება - პლენალურ სხდომაზე კენჭი ეყრება, ის გაივლის კომიტეტის განხილვებს. მასში არის თავმოყრილი ძირითადი პუნქტები, რომლებიც გულისხმობს ჩვენს განსაზვღას ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე მოწოდებას, რომ მთავრობამ ყველა ღონე იხმაროს, რათა ჩვენი ევროინტეგრაციის მიზნები აღსრულებული სწრაფად იქნეს. რეზოლუციის დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს რეზოლუციაა.
აქამდე რატომ ინახებოდა თუ მზად იყო?
- რეზოლუცია განაცხადთან დაკავშირებული არაა. ჩვენ რეზოლუცია კომიტეტის სხდომაზე არ განგვიხილავს უბრალოდ, დაინიცირებულია. ეს არის ორი ურთიერთგანსხვავებული საკითხი. გასულ წელს პირველი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, ეს გახლდათ „რეზოლუცია ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ“. ანუ, იმ დოკუმენტით რეზოლუცია მოიცავდა ორივე მისწრაფებას, როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში საქართველოს ინტეგრაციას. ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტმა პლენალურ სხდომაზე მიიღო. წელს მივიღეთ რეზოლუცია, იმიტომ რომ ეს საკითხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.
დღეს აღარ არის საუბარი რეზოლუციას კენჭს როდის ვუყრით. საუბარია უკვე მომხდარ ფაქტზე, რომელიც არის განაცხადი. განაცხადს თავისი ფორმა გააჩნია, რომელსაც მთავრობის მეთაური აწერს ხელს და უკვე შესაბამისი დაცვით ის მიემართება ევროკავშირს.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადს ხელი უკვე მოაწერა, ახლა უკვე რა პროცედურებია გასავლელი?
- მნიშვნელოვანია შემდგარი ფაქტი - მთავრობის მეთაურისგან ხელი მოწერილია. ახლა, განაცხადი ევროკავშირში გადაიგზავნება. ევროკავშირიდან უკვე იყო ამ თემასთან დაკავშირებით გამოხმაურება და ერთხმად იყო აღნიშნული, რომ საქართველოსა და მოლდოვას განაცხადები ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით მისაღებია. ანუ, დაიწყება პროცედურები, რომელსაც ევროკავშირი გაივლის და განიხილავს. ჩვენ ყველანაირი მზაობა გვაქვს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერა ასოცირერების ხელშეკრულებას. აღსანიშნავია, რომ მაშინაც ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. მას შემდეგ ყველა ნაბიჯი - რეფორმები, რომელიც ეხება ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროს, დაწყებული განათლების სექტორით, დამთავრებული შრომითი ურთიერთობებით - ყველა სექტორში გადავდგით ნაბიჯები იმისთვის, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად მზად ვიყოთ ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ცნობილი იყო, რომ ევროკავშირში განაცხადი 2024 წელს უნდა მოხმდარიყო. უკრაინამ გასაგები მიზეზების გამო გააკეთა განაცხადი. საქართველო ასოცირებული ქვეყანა არის და შეგვეძლო თუ არა, რომ განაცხადი უფრო ადრე გაგვეკეთებინა?
- 2024 წელი იყო ის თარიღი, როდესაც ჩვენ ვაპირებდით განაცხადის შეტანას. ასოცრების შეთანხმებასთან მიმართებაში ჩვენს მიმართ რა ვალდებულებებიც არის ნაკისრი, მარტივი ვალდებულებები არაა, ყველა უნდა დარეგულირებულიყო. ელემენტარულად კვებითი უსაფრთხოება - ამ მიმართულებით ჩვენი წარმოების გადატვირთვა მოხდა, ნებისმიერი მიმართულებით ასე მოხდა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ კანონმდებლობის შემუშავება მოხდება, კანონმდებლობა ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს, რომელიც არის უფრო მაღალი სტანდარტის და უფრო მაღალ სტანდარტებს უყენებს კერძო სექტორს. აქედან გამომდინარე, ყველაფერს, ნაბიჯ-ნაბიჯ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ვაგვარებდით. დღეს, დაახლოებით, 70% ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ჩვენი ვალდებულებების, ტექნიკურ ნაწილში შესრულებულია. მსოფლიოში შექმნილი კრიტიკული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის გამო განხორციელდა, თავად ევროკავშირი გაფართოების პოლიტიკას იწყებს. ამიტომაც, მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე და უკვე განხორციელებული რეფორმიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ აღნიშნული ნაბიჯი გადაგვედგა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ევროკავშირში განაცხადის გაკეთება მათ დააჩქარეს, რა პასუხს გასცემდით მათ?
- ჩვენ ოპოზიციის მხრიდან მუდმივად პოპულისტური განცხადებები გვესმის. პირიქით ვიტყოდი. „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ახლო კომუნიკაციებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. ოპოზიცია საქართველოს საგარეო ურთიერთობას არ უფრთხილდება, პირიქით - თავიანთი განცხადებებით აზიანებენ. ჩვენ ვმსჯელობდით - მოდი, მოვამზადოთ განაცხადი შეტანისკენ, მაგრამ პასუხისმგებლიანი ადამიანი ამაზე არ ისაუბრებდა - გადაწყვეტდა და შეიტანდა განაცხადს. ოპოზიციამ ამ პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაიგო, პროცესს დაასწრო და უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთა. ისინი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას არ განიცდიან. მათ მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებების წაყენება შეუძლიათ.
ახლა, ევროკავშირისგან რა პასუხს ელით და ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ ცნობილი, დაახლოებით, როდის გახდება?
- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესებს მივყვეთ. დროსთან დაკავშირებით მოლოდინების გადაჭარბება არ იქნება სწორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის კომუნიკაცია, რომელიც ამჟამად შეიქმნა და ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან ახალ ეტაპზე გადავიდა, ამას სჭირდება სწორი, თანამიმდევრული გადაწყვეტილებები. ახლა ჩვენი მთელი ყურდღება უკრაინისკენ არის მიმართული. დღეს, ევროპის უსაფრთხოება, საქართველოს უსაფრთხოება და მთლიანად მსოფლოს უსაფრთხოება უკრაინაში წყდება.
თუკი ევროკავშირში შეგვიძლია განაცხადის შეტანა, შესაძლებელია თუ არა, რომ ნატოშიც შევიტანოთ და რატომ არ ხდება ამ ნაბიჯის გადადგმა?
- ნატოსთან მიმართებაში გვაქვს უპრეცენდეტოდ მაღალი რანგის ურთიერთობა. თავად ნატოც აღიარებს იმას, რომ საქართველო არ არის წევრი ქვეყანა, მაგრამ როგორც მოკავშირეს, დიდი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების დაცვაში, საგარეო მისიებში საქართველოს თავდაცვითი ძალების მონაწილეობით და უსაფრთხოების სექტორში ჩართულობის თვალსზრისით. ჩვენი ნატოს მიერ განსაზღვრულ აქტივობებში ჩართულობა წლიდან წლამდე აქტიურად იზრდება. ამ მიმართულებით პროგრესს ვხედავთ. რაც შეეხება უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს თვალყური უნდა მივადევნოთ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ნატო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია.