ბიძინა ივანიშვილის თქმით, არსებობდა მოსაზრება, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებულიყო აფხაზი, მაგრამ ეს ძალიან საფრთხილო თემაა. ამდენად, დასახელდა გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა და პრემიერის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება არ გადაიხედება. „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებამდე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები საკუთარი კანდიდატურის დასახელებას არ ჩქარობდნენ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებდა, თუ მაინცდამაინც „რესპუბლიკური პარტია“ არის ჩვენი ბედისწერა, ჩვენ ვიფიქრებთ საკუთარ კანდიდატურაზე. თუმცა „რესპუბლიკური პარტია“, ამ შემთხვევაში, გამოირიცხა.
თუ რა პოზიცია აქვს კახა კუკავას გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის დასახელების შემდეგ, ამას For.ge-სთან მის ინტერვიუში შეიტყობთ.
თქვენ აცხადებდით, რომ საკუთარ კანდიდატურას დაასახელებდით, თუკი „ოცნების“ კანდიდატი მისაღები არ აღმოჩნდებოდა. დღეს როგორია თქვენი პოზიცია?
- ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვიმსჯელებთ და გამოვაცხადებთ. რაც შეეხება, შეიძლება თუ არა გიორგი მარგველაშვილი დროებითი კანდიდატი იყოს, დიახ, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, იგი მართლაც დროებითი კანდიდატი იყოს. სოციოლოგიური კვლევებიც აჩვენებს, რომ შესაძლოა, იგი ბიძინა ივანიშვილმა შეცვალოს, მით უფრო, რომ მას სჩვევია გადაწყვეტილების ხშირი ცვლა და ფავორიტების ხშირი გამოცვლა.
როგორ ფიქრობთ, ამ მხრივ ვის ჰქონდა ყველაზე მეტი შანსი „ქართულ ოცნებაში“?
- ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატებს შიგნით ლიდერობდა ირაკლი ალასანია. თუმცა ვერ გეტყვით, რეალურად „ქართული ოცნებიდან“ რომელი კანდიდატი აჯობებდა.
რაც შეეხება შეფასებას, რომ მარგველაშვილი მასშტაბური ხედვის ადამიანია და მოვლენებს წინ უსწრებს, ამას ეთანხმებით?
- ჩვენ არაფერი მსგავსი არ გვინახავს და არ მოგვისმენია. მისი, როგორც ფილოსოფოსის შესახებ, ალბათ, ფილოსოფოსებმა იციან და იცნობენ ამ კუთხით. ქართული საზოგადოებისთვის იგი ცნობილია, როგორც ნორმალური ექსპერტი, ხოლო მისი პროგრამა და შეხედულებები თუ რა არის, ალბათ, ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგვიწევს საუბარი.
ზოგადად, პოლიტიკაში რამდენად ამართლებენ ფილოსოფოსები, მაშინ, როცა გვყავს ამდენი პოლიტიკოსი?
- პროფესია „პოლიტიკოსი“ არავის უწერია დიპლომში. ვისაც „ფილოსოფოსი“ უწერია დიპლომში, ესეც არ არის პრობლემა, მაგრამ ის, რომ რეალურად მას პოლიტიკური გამოცდილება ნაკლები აქვს, ეს ხარვეზია. თუმცა იდეალური კანდიდატურა არ არსებობს. ამიტომ დადებითი და უარყოფითი მხარეები მთლიანობაში უნდა შეფასდეს. შევეცდებით, ეს შეფასება კვირის ბოლომდე გავაკეთოთ.
უკვე დასახელდა ცალკეული საპრეზიდენტო კანდიდატები, როგორ შეაფასებთ მათ შანსს. სხვათა შორის, მარგველაშვილი დღესაც ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული ფონდის“ თავმჯდომარედ ითვლება, და თუკი ბურჯანაძე თავის კანდიდატურას წამოაყენებს, მოუწევს თუ არა მასთან დაპირისპირება?
- ყველანი კონკურენტები არიან და ვერც ისინი იქნებიან გამონაკლისნი.
როგორი კანდიდატურაც არ უნდა წამოეყენებინა „ქართულ ოცნებას“, ის მაინც იქნებოდა ნაცმოძრაობის, როგორც მეორე ძალის, საპირწონე.
- მეორე ძალა არის „თავისუფალი საქართველო“, ნაძალადევის არჩევნებში ჩვენ უფულოდ მოვუგეთ ნაცმოძრაობას და, თუ ცოტა ფულს მოვიზიდავთ, ჩვენ კიდევ უფრო დიდი უპირატესობით მოვუგებთ ნაცმოძრაობას საპრეზიდენტო არჩევნებში, ვინც არ უნდა იყოს ჩვენი კანდიდატურა. „ნაციონალური მოძრაობა“ თუ რამდენად შეძლებს ამ არჩევნებში შედეგის ჩვენებას, ეს დამოკიდებულია მთლიანად „ქართულ ოცნებაზე“. მინდა გითხრათ, რომ ნაცმოძრაობამ ის 15 %-იც, რომელიც მიიღო ნაძალადევში, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერითა და დახმარებით შეძლო. ასე რომ არ ყოფილიყო, ძალიან კარგად ვიცით, რომ ის 15 %-იც ნაცმოძრაობას არ ექნებოდა, რადგან, თუკი მართლაც 15 %-ია პარტიის რეიტინგი, ეს 15 % მეტ-ნაკლებად უნდა ჩანდეს ყველგან - სოფელშიც, ქალაქშიც, ახალგაზრდობაშიც, მოხუცებშიც. საახლობლოში არავის არ ჰყავს ნაცმოძრაობის მხარდამჭერი 15 %, ამიტომ ეს 15 % ჰაერიდანაა აღებული და დღევანდელი მდგომარეობით, ნაცმოძრაობას ეს 15 %-იც არ აქვს. თუმცა ისე შეიძლება გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ამ თამაშ-თამაშში, საპრეზიდენტო არჩევნები წააგოს. „ფეისბუკში“ ვნახე რამდენიმე სოციოლოგიური კვლევა. შესაძლოა, სოციოლოგიურ კვლევებს არ აქვს ასპროცენტიანი შედეგი, მაგრამ რაღაც ტენდენციას მაინც აჩვენებს, მით უფრო, რამდენიმე კვლევა ერთად არის აღებული. არცერთ კვლევაში გიორგი მარგველაშვილს არ აქვს 50 % და უმრავლეს გამოკითხვებში მასთან მიმართებით ლიდერობს ბაქრაძე. ამიტომ, თუ ძალიან მოინდომებს „ქართული ოცნება“, მათ შეუძლიათ, ნაცმოძრაობას მოაგებინონ კიდეც.
რის საფუძველზე აცხადებთ, რომ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ მოაგებინოს ნაცმოძრაობას? ეს კანდიდატურის არასწორი შერჩევის ბრალია?
- ეს არ არის მხოლოდ კანდიდატურასთან მიმართებით, ეს არის იმ კოაბიტაციის პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“ ნაცმოძრაობასთან მიმართებით. ვგულისხმობ მის მხარდაჭერას, მის გაძლიერებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს გარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში დაინტერესებულნი არ არიან „ქართული ოცნების“ წარმატებით. ისინი დაინტერესებულნი არიან რევანშით და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნებით. ამიტომ შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნები მათთვის ხელსაყრელი მომენტი გახდეს. შესაძლოა, სხვა მომენტიც შეარჩიონ, მაგრამ ზოგადად, ეს თემა დღის წესრიგშია.
ამ ეტაპზე მაინც გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით და შესაძლოა, ამითაც აიხსნას, რომ სამართლის აღსრულება იგვიანებს. თუმცა რადიკალურად რომ ემოქმედა „ქართულ ოცნებას“, შეძლებდა კი ამას? მას ხომ უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ისევ არსებობს დასავლეთის ფაქტორი, რომელიც ნაციონალებისთვის ხელმოსაჭიდია?
- ეს ფაქტორი ყველა შემთხვევაში არსებობს. გარდა ამისა, შესაძლებელია, ბალანსის მოძებნა. მე არ ვამბობ, რომ დასავლეთს ანგარში არ უნდა გავუწიოთ და არც იმას ვამბობ, რომ ნაცმოძრაობის წევრები ქუჩაში უნდა დაგვეხვრიტა, მაგრამ არსებობს რაღაც შუალედური, გონივრული რგოლი. ამ საქმეშიც გონივრული შუალედი იყო ის, რომ ნაცმოძრაობის ლიდერები უნდა ყოფილიყვნენ დაპატიმრებულნი რეალური ბრალდებებით და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელშეწყობა არ უნდა მომხდარიყო.
რით აიხსნება, რომ „ქართული ოცნება“ გვებრძვის ჩვენ, „თავისუფალ საქართველოს“, ყველგან გვბლოკავს, მედიის, ფინანსების მოზიდვის, სტრუქტურების შექმნაშიც, არჩევნებშიც, საარჩევნო კოდექსშიც, ამ ფონზე კი ყველანაირად ხელს უწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“, ამას გარკვეული ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს? პოლიტიკური ცხოვრებისთვის არსებობს ან დემოკრატიული, ან კრიმინალური თამაშის წესები. დემოკრატიულ წესებში „ნაციონალურ მოძრაობას“ პერსექტივა არ ჰქონდა, სამაგიეროდ, გვქონდა ჩვენ, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვამ დემოკრატიული თამაშის წესებზე და დაიწყო კორუფციული თამაში. მართალია, ამ კორუფციულ თამაშში ჩვენ, ანუ გარე ოპოზიციას, ადვილად მოგვიგებენ, მაგრამ კორუფციული თამაშის წესები ნაცმოძრაობამ უკეთესად იცის, მათ არჩევნების გაყალბებაც უკეთესად გამოსდით. ამიტომ არ არის გამორიცხული გარკვეული რევანში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მათ შორის, - წლის ბოლომდეც.
მართალია, გვესმის, რომ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა, მაგრამ ნაციონალებს რა ბერკეტები უნდა ჰქონდეთ არჩევნების გაყალბებისთვის? და კიდევ ერთი, მოსალოდნელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე აიღოს საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმა? ამდენად, ეს ხომ არ არის მოსამზადებელი ეტაპი, რომ ამ შემთხვევაშიც ისევ ბიძინა ივანიშვილი იყოს წამყვანი?
- თუკი ბიძინა ივანიშვილი ამას აპირებდა, ვფიქრობ, უფრო სწორი იქნებოდა, ახლავე დაეყენებინა საკუთარი კანდიდატურა, რადგან საზოგადოების ნდობა დაიკლებს, თუკი ის უკვე არჩეულ კანდიდატს შეცვლის. ამიტომ, ეს მომენტიც არსებობს.
იქნებ, ბიძინა ივანიშვილმა ასეთი სვლა არჩია?
- „ქართულ ოცნებას“ ზუსტად ეს სჭირს, რომ ის პოლიტიკურ სცენაზე მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და დასავლეთს ხედავს და არ ხედავს ქართველ ხალხს. ახლა მე არ ვიცი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით რა შედეგებს გამოიღებს ეს სვლა, მაგრამ ქართველი ხალხი არ არის ცხვრის ფარა და ის, რომ დღეს ერთი კანდიდურა დაასახელო და ხვალ მეორე, გარწმუნებთ, დიდ უნდობლობას გამოიწვევს საზოგადოების მხრიდან.
რესტორან „ლა ტრუფეში“ მომხდარ ფაქტსაც შევეხოთ. კარგა ხანია, თქვენ უკმაყოფილო ხართ, რომ სამართალი ურმით მოდის. ზუსტად ამის გაგრძელება ხომ არ არის რესტორანში მომხდარი ამბავი ჩვეულებრივ მოქალაქეებსა და ნაციონალებს შორის?
- ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაიძაბოს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მადლობა უთხრას, რომ იქ მამუკა ბაკურია შეხვდა და არა სხვა უფრო მძიმედ დაზარალებული ადამიანი, და ამიტომაც მარტო ცხვირ-პირი მიუნგრიეს. შეგახსენებთ, 1995 წლის შემდეგ, „მხედრიონი“ როცა წავიდა ხელისუფლებიდან, გრძელდებოდა ჩაცხრილვები. გახსოვთ, ალბათ, დღე არ გავიდოდა ისე, რომ ვიღაც არ ჩაეცხრილათ თბილისის რომელიღაც უბანში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ხალხს ბევრად უფრო მეტი წაართვა, ამიტომ ეს ანგარიშსწორება და ჩაცხრილვები გარდაუვალია, უბრალოდ, ხალხი ილუზიებშია და ელოდება ზოგი საპრეზიდენტო არჩევნებს, ზოგი კიდევ სხვა მომენტს, რომ დაიწყება სამართლიანობის აღდგენა. თუ სამართლიანის აღდგენა არ დაიწყო სახელმწიფომ და პროკურატურამ, ამას გააკეთებენ ისევე, როგორც ეს ხდებოდა „მხედრიონის“ დროს. არ დაგავიწყდეთ, რომ ხალხს 12 მილიარდიანი ქონება წაართვა ნაცმოძრაობამ და ჯერჯერობით თავისი ქონება დაიბრუნა მარტო „ქართუ ბანკმა“. 12 მილიარდს არავინ არავის აპატიებს, ამ თანხის გამო ძალიან ბევრი მკვლელობა შეიძლება მოხდეს საქართველოში. ამიტომაც ვამბობ, რომ იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი გადაყენებულ უნდა იქნენ პოსტიდან და ქვეყანაში უნდა დაინიშნოს ახალი იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი, რომლებიც მართლმსაჯულებას კანონის საფუძველზე განახორციელებენ. თუ ეს არ მოხდება, გარწმუნებთ, ის პროცესი, რომელიც ახლა ფრანგულ რესტორანში დაიწყო, ბევრად უფრო მძიმე ფორმებს მიიღებს და შეუქცევადი ხასიათის გახდება, რაც ქვეყანას ქაოსით და დესტაბილიზაციით დაემუქრება.
იმასაც ამბობენ, რომ ნაცმოძრაობის ამ ცხრაწლიანმა პერიოდმა ქართული საზოგადოება სულიერად გატეხა და ისინი უკვე აღარ არიან ისე ბრძოლისუნარიანები, როგორც მათი წინამორბედი ხელისუფლების დროს.
- ასე იყო 1-ელ ოქტომბრამდე, მაგრამ 1-ლი ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში ახალი რეალობა შეიქმნა. ნაცმოძრაობა და მის მიერ დაზარალებული პირები მეტ-ნაკლებად მაინც კონკურენტულ გარემოში იმყოფებიან. სანამ ნაცმოძრაობა მთავრობაში იყო და ეს ხალხი ციხეში იჯდა, ბუნებრივია, ისინი ვენდეტას ვერ განახორციელებდნენ, მაგრამ ახლა ორივენი მეტ-ნაკლებად თანაბარ მდგომარეობაში არიან. გარწმუნებთ, ბიზნესმენი, რომელსაც 200 მილიონი წაართვეს და უკან არაფერს უბრუნებენ, იმ 200 მილიონს არ დაივიწყებს და დაუკვეთავს არა მარტო ცემას, არამედ უფრო მძიმე დანაშაულსაც.
სხვათა შორის, რესტორანში მომხდარ ფაქტს შევარდნაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანურად ეცოდება სააკაშვილი, რადგან როცა იგი პრეზიდენტობის პერიოდს დაასრულებს, ქუჩაში გასვლისას საფრთხე დაემუქრება. ამასთან, დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე, შევარდნაძე რატომღაც დარწმუნდა, რომ ისეთი არაფერი დაუშავებია იმ ფონზე, რაც სააკაშვილმა დააშავა.
- როგორც მე ვიცი, სახლიდან შევარდნაძეც არ გამოდის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 10 წელი გავიდა მისი გადადგომის შემდეგ. როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის მაგალითი ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს ივანიშვილისთვის, რადგან ყველანი იწყებენ კარგად. არის ასეთი გამოთქმაც, დიქტატორებს ერთხმად ირჩევენ, ერთხმად აღმერთებენ და, ასევე, ერთხმად აჰყავთ სახრჩობელაზე. ამიტომ, ეს ერთხმიანობა სულაც არ არის კარგი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვურჩევდი, თვითონვე მოახდინოს ქვეყნის პლურალიზმის წახალისება და არა ის, რასაც დღეს აკეთებენ, რომ ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და განსხვავებული აზრი ყველანაირად იბლოკება. შესაძლოა, ეს მოკლევადიან უარყოფით შედეგებს არ მოუტანს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში როგორც შევარდნაძე და სააკაშვილი დაიღუპა ამის გამო, აუცილებლად დაიღუპება ივანიშვილიც. ამიტომ, თუ გვინდა ევროპული დემოკრატია, რაღაც ერთი წესით უნდა ვითამაშოთ. ევროპული დემოკრატია სხვანაირად კეთდება და არა კულუარულად ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობოების შექმნით, როგორც ცდილობს ივანიშვილი. გამოაცხადეს, რომ გია ხუხაშვილი იქნება სამოქალაქო საზოგადოება, ეს ხომ კომედიაა. ასეთი თამაში მთავრდება ისე, როგორც დაამთავრეს შევარდნაძემ და სააკაშვილმა. ევროპული დემოკრატია თუ გვინდა, ამას ოპოზიციასთან დიალოგი სჭირდება. თუ ევროპა გვინდა, ევროპა ხელისუფლებათა როტაცია და ხელისუფლების დანაწილებაა. უბრალოდ, ჩვენს მთავრობას მუდმივად აზიური მოდელის მიმართ აქვს ცდუნება, მაგრამ აზიურ მოდელებს სიტკბოს შემდეგ სიმწარე ახლავს, ევროპულ მოდელებში კი პირიქითაა, მათ არ აქვთ სიტკბო, ხელისუფლებაში ბევრი სიმწარეა, რადგან ძალაუფლების კონცენტრირება არ ხდება, სამაგიეროდ, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ევროპულ მოდელს ახლავს ბევრი სიტკბო, როგორც ჰაველი დადიოდა და, როგორც ვალენსა დადის ახლა, ორი კინკილა დაცვის თანამშრომლით, თუ სურთ, კაფეში მივლენ, ან კიდევ ბარში და ფრანგულ რესტორანში დასხდებიან და არავინ უნგრევს ცხვირ-პირს.
როგორ ფიქრობთ, რესტორანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სააკაშვილი და მისი გუნდი არ გამოიტანდნენ დასკვნას, დაედგომებათ თუ არა მათ საქართველოში?
- სააკაშვილისთვის ამის სწავლა გვიანია, ივანიშვილმა კი უნდა იფიქროს ამაზე. ნაციონალები ახლა იძულებულნი არიან, თვითგადარჩენისთვის იბრძოლონ. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, ასეთი ადამიანები, რომელთაც გამოსავალი არ აქვთ, ძალიან საშიშნი არიან. ეს მეცნიერების მიერაა დამტკიცებული, რომ ექსტრემალურ პირობებში ასეთი ადამიანის ტვინი და ორგანიზმი ექსტრემალურად მუშაობს. ამიტომ რას გააკეთებენ ამ ვითარებაში, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. რასაც აკეთებდა შს მინისტრის მოადგილე ხვედელიძე, კარგად ვიცით, რომ ამის შესახებ საქმის კურსში იყო ნახევარი მთავრობა მაინც. კარგია, რომ ეყოთ ვაჟკაცობა, რომ ხვედელიძე დააკავეს, თუმცა გამოვთქვამ ჩემს ვერსიას, ხვედელიძე არ დაუკავებიათ იმის გამო, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება განახორციელა, არამედ იქ მიმდინარეობდა პოლიტიკური ვაჭრობა. ხვედელიძე ამ ჩანაწერებს თვითონ იყენებდა, როგორც კომპრომატს სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ და ღარიბაშვილი იძულებული გახდა, გაენეიტრალებინა ხვედელიძე. ახლა მიმდინარეობს ზუსტად ისეთივე ვაჭრობა, როგორც წარსული ხელისუფლების პირობებში. მას წაუყენეს უფრო მსუბუქი მუხლი, ვიდრე ამას სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს და მანაც აღიარა დანაშაული. ახლა ასეთი გარიგება უნდა შედგეს ხვედელიძესა და პროკურატურას შორის, რომ ეს ყველაფერი მარტომ განახორციელა ხვედელიძემ, სხვას არაფერი გაუკეთებია, ამისთვის ერთი წელი უნდა მიუსაჯონ და ნახევარ წელიწადში გამოუშვან. ამიტომაც მოვითხოვეთ შს სამინისტროში მონიტორინგის საბჭოს შექმნა. ეს თვითონ მთავრობას სჭირდება. ივანიშვილს ჩვენთვის რომ დაეჯერებინა და ასეთი ტიპის მონიტორინგის საბჭო შეექმნა რამდენიმე თვით ადრე, მაშინ ვერ მოხდებოდა ის, რასაც ხვედელიძე აკეთებს. ხვედელიძის მსგავსი პრობლემები შექმნილია პროკურატურაში, ხუხაშვილის მიმართულებით, ენერგეტიკის სამინისტროში და ყველგან. ამიტომ თუ არ უნდათ ეს პრობლემები გამწვავდეს, ოპოზიციასთან დიალოგი უალტერნატივოა. ეს მე არ გამომიგონია, ეს მონტესკიემ გამოიგონა და მას შემდეგ ევროპა ამ მოდელით ვითარდება.
როგორც ჩანს, ხუხაშვილის და ხვედელიძის კორუფციული ჯგუფი ამ ჩანაწერებით აშანტაჟებდა როგორც ფარესაშვილს, ისე ხელისუფლებასაც. თუ სადმე ხმაური იქნებოდა ამ თემაზე, მოახდენდნენ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას. ღარიბაშვილის ტონალობაში ასეთი რამ ჩანდა, როგორც ჩანს, მის მოადგილესთან იყო ასეთი საუბარი, არ გამოაქვეყნოო, მან კი უთხრა, გამოვაქვეყნებო. ხვედელიძე უკონტროლო გახდა და ამიტომაც მიიღეს მისი დაკავების გადაწყვეტილება. თორემ ის, რომ ხვედელიძე ფარულ ჩანაწერებს აკეთებდა და მის განთავსებას ახორციელებდა, ხელისუფლება ამ საქმის კურსში იყო. უბრალოდ, ხვდელიძემ დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგა და ხელისუფლება იძულებული გახდა, იგი „დაესტოპებინა“. ხელისუფლება, ალბათ, იმედოვნებდა, რომ ხვედელიძე ამ სკანდალურ ნაბიჯზე წასვლას ვერ გაბედავდა.
მაგრამ შსს-ში ფარული ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილება მიიღეს.
- ერთხელაც მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება და არ შესრულეს, ამიტომ ახლაც მონიტორინგის საბჭო უნდა შეიქმნას. ეს არის ციფრული ჩანაწერები და რას ნიშნავს მისი განადგურება? ერთი დისკის განადგურება ან წაშლა არაფერს ნიშნავს, თუ მისი ყველა ასლის განადგურების გარანტია არ იქნება.
თვითონაც თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ გარანტია არ აქვთ, რომ ყოფილ ხელისუფლებას არ აქვს ეს კადრები.
- რატომ არ აქვთ გარანტია?! სწორედ ამიტომ გვინდა დამოუკიდებელი მეთვალყურეების ჩართვა, ნუთუ არ შეუძლიათ იმ ხალხის დაკითხვა, ვინც ეს მასალა ჩაიწერა? მაგალითად, თუ ამის გაკეთება არ შეუძლია შს სამინისტროს და პროკურატურას, მე შემიძლია, რატომ არ უნდათ ჩამრთონ ამ საქმეში? ამის გამოკვლევა ძალიან მარტივია: თუ ეს ჩაიწერა პეტრემ, უნდა დაკითხონ პეტრე, ისიც უნდა ჰკითხონ, თუ ვინ გადაიღო ასლები. თუ იტყვის, რომ ასლები სხვებსაც აქვთ, ისინიც უნდა დაიკითხონ. ამ ადამიანებისგან ეს მასალები უნდა ამოიღონ და, რაც მთავარია, კანონმდებლობით უნდა დაავალდებულონ, თუ რომელიმე ეს ჩანაწერი შემდგომში გამოქვეყნდება, თითოეული მათგანი ავტომატურად სავარაუდო ეჭვმიტანილი გახდება. ამიტომ, მათ ინტერესში იქნება, რომ ასლები არ გამოქვეყნდეს და ეს წყაროები შს სამინისტრომ მოძებნოს. მაგრამ შს სამინისტროს სხვა რამ უნდა, რომ ერთი კვირის შემდეგ გამართოს პრესკონფერენცია, გვანახოს დისკები, თითქოს, ამ დისკებზეა ყველაფერი ჩაწერილი, შეაგდონ ეს დისკები ბუხარში. ამ დროს თვითონვე ექნებათ ასლები გადაღებული და, თუ ვინმე ორი კვირის შემდეგ ამ ასლებს გამოაქვეყნებს, იტყვიან, ჩვენ ხომ გავანადგურეთ და რა ვიცით, ვინ წარმოადგინა ეს ასლებიო. ამიტომ ხელისუფლება ვერ ელევა ამ კომპრომატებს, რადგან კომპრომატების ომი მოკლევადიან დისტანციაზე ძალიან ეფექტურია.
შსს-ში სერიოზული საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი, ეს თუ გამოასწორებს ვითარებას?
- ასეთი რამ ხდება აზიაში, რომ ჯერ ერთ ვეზირს მოჭრიან თავს, მერე დანიშნავენ მეორეს და ის არის ფავორიტი, შემდეგ მასაც მოჭრიან თავს. ევროპაში კი პერსონალიები არავის აინტერესებს. ჟურნალისტებიც არ გადასცემენ ახალ ამბებში, თუ ვის ხსნიან და ვის ნიშნავენ ევროპაში, მით უმეტეს, მინისტრის მოადგილეებს არავინ იცნობს. იქ გადაწყვეტილებებს არ იღებენ ადამიანები, არამედ იქ არსებობს ინსტიტუტები. პრობლემა არ არის ხვედელიძეში, პრობლემა არის სისტემაში. ჩვენში შს სამინისტრო თავიდანვე ჩამოყალიბებული იყო, როგორც ავტორიტარული რეჟიმის შემადგენელი კორუფციული ელემენტი. ამ სისტემის რეფორმა აუცილებელია, 1-ელ ოქტომბრამდე შეპირებულნი იყვნენ, რომ შს დაიშლებოდა და ამის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ამ სამინისტროს რეფორმა აქტუალური აღარ არის. პოლიციის რეფორმა ისე უნდა მოხდეს, როგორც ეს განხორციელდა ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პარტიას ადანაშაულებენ, თითქოს ჩვენ პრორუსულები ვართ და თურმე სხვები არიან პროდასავლურები, სრული სერიოზულობით ვამბობ, საქართველოში ერთადერთი პროევროპული პარტია „თავისუფალი საქართველოა“. ყველა სხვა პარტია ცდილობს, გააგრძელოს ქვეყნის მართვის საბჭოთა ტრადიციები.