მეორე რაუნდიც, თითქმის, უშედეგოდ დასრულდა - რუსეთი სამხედრო აგრესიას აფართოებს

მეორე რაუნდიც, თითქმის, უშედეგოდ დასრულდა - რუსეთი სამხედრო აგრესიას აფართოებს

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრაზე განხილული იყო სამი პუნქტი: სამხედრო, საერთაშორისო და ჰუმანიტარული და კონფლიქტის სამომავლო პოლიტიკური დარეგულირების საკითხი. ამ ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასა და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება. ორივე მხარე შეთანხმდა მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე, რომელიც უახლოეს მომავალში ისევ მისკში შედგება.

მისკში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთი აგრძელდებს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესიას, რაც ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ ეტაპზე დაინტერესებული არ არის ცეცხლის შეწყვეტით. ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

სატელევიზიო გამოსვლაში პუტინმა უკრაინული ძალები უცხო ქვეყნის ათასობით მოქალაქის მძევლად აყვანაში და მშვიდობიანი მოსახლეობის „ფარად“ გამოყენებაში დაადანაშაულა. როგორც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია და დაამატა, რომ ის დასავლეთის მიერ შექმნილ „ანტირუსეთს“ გაანადგურებს.

სატელევიზიო მიმართვამდე რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ოპერაციის მიზნები - მისი დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი - მიღწეული იქნება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნატო ცდილობს რუსეთის ხარჯზე დასავლეთის უსაფრთხოება გააძლიეროს. შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაცია სწორად იქცევა და სამართლიანად იცავს თავის ინტერესებს. მისი თქმით, უკრაინის მთავრობა ნეონაცისტური რეჟიმია და უკრაინული ბანდები ძარცვავენ ქალაქებს, მათ შორის მარიოპულს.

„დარწმუნებულები ვართ, რომ სწორად ვიქცევით უკრაინასთან დაკავშირებულ სიტუაციაში. კეთილგანწყობა არ გვაკლია, მაგრამ არ შეგვიძლია და არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ინტერესები გამუდმებით ყველაზე უხეში გზით შეილახოს, რაც ფიზიკურ საფრთხეს შეუქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. უკრაინა დიდი ხანია გადაიქცა ანტირუსად და მისგან ჩამოაყალიბეს ყველაზე აქტიური პლაცდარმი ყველაფერი რუსულის შესალახად. ეს იყო დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

თავის მხრივ დასავლეთს საბრძოლო თვითმფრინავების გამოგზავნის თხოვნით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, რომლის განცხადებით, ომის შესაჩერებლად ერთადერთი გზაა პირდაპირი მოლაპარაკება. ვოლოდიმერ ზელინსკი რუსეთის პრეზიდენტს დიალოგისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ არ ვესხმით რუსეთს და არც ვგეგმავთ მასზე თავდასხმას, რა გინდათ ჩვენგან, დატოვეთ ჩვენი მიწა. თუ არ გინდათ დატოვება, დაჯექი ჩემთან მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ არა 30 მეტრის მოშორებით, როგორც მაკრონთან და შოლცთან, არ ვიკბინები, რისი გეშინია?“, - ასე მიმართა უკრაინის ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ დიდი პერსპექტივა ამ მოლაპარაკებებს არ აქვს. თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია ჰუმანიტარულ მისიებს მიეცეს საშუალება გაიხსნას დერეფანი და მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა. მისი თქმით, რუსეთი სრულიად უკანონო და აგრესიულ ზომებს იყენებს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც ყოველგვარ საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამ მდგომარეობაში მსოფლიოს და მათ შორის უკრაინას არაფერი აქვს შესათავაზებელი რუსეთისთვის, გარდა იმისა, რომ დატოვოს უკრაინის ტერიტორია.

„უკრაინა ახლოს დგას ჰუმანიტარულ კატასტროფასთან. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა თქვა, რომ მილიონობით ადამიანი დგას კატასტროფის წინაშე, მათ სიცოხლეს საფრთხე ემუქრება. უმძიმესი ვითრებაა. როდის, სად დაეცემა ბომბი, არავინ არ იცის. ამ მდგომარეობაში იქნებ გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი, წითელი ჯვარი შევიდეს ცხელ წერტილებში და ბავშვები, მოხუცები და დაჭრილები გამოიყვანოს. პოლიტიკური მოლაპარაკებების ფორმულა ჯერჯერობით არ არსებობს, იმიტომ რომ შეუძლებელია კომპრომისის მიღწევა რუსეთთან, რომელიც იგივეს ითხოვს, რა ულტიმატუმი თავდაპირველად დააყენა - უკრაინის დაშლა. ამას ვინ დათანხმდება არ ვიცი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ორივე მხარე წააწყდა რეალობას. რუსეთი ვერ ახორციელებს ოპერაციას თავისი სტრატეგიის შესაბამისად, რადგან წააწყდა უკარაინელი ხალხის მტკიცე წინააღმდეგობას. ორივე მხარეს არის მსხვერპლი, მაგრამ ურაინის ხელისუფლებისგან განსხვავებით, პუტინი არ ითვლის გარდაცვლილი ჯარისკაცების რაოდენობას, ეს მას არ ადარდებს. ზელენსკი ითვლის, ცხადია, რომ მისთვის ეს მტკივნეულია. აქედან გამომდინარე, ზაქარეიშვილის განცხადებით, მან უნდა შეაჩეროს საკუთარი მოქალაქეების ჟლეტა.

„რუსეთმა იცის რა, ვერ მოიგებს ამ ომს, ამიტომ უარესი ნამდვილად წინ არის ყველასთვის. მაგრამ, პირველ რიგში, უკრაინისთვის და რუსეთისთვის. უკრაინის მოსახლეობამ იგრძნო გამარჯვენის სუნი, ისინი მიხვდნენ, რომ მათ შეუძლიათ ისევე დაამარცხონ რუსეთი დღეს, როგორც თავის დროზე ფაშისტური გერმანია. რუსეთმა კარგად იცის, რომ მისი თანამედროვე ტანკი ტყეში ვერ შევა, ამიტომ წამოვიდა მოლაპარაკებაზე, რომ შეინარჩუნოს ის ტერიტორიები, რაც უკვე აქვს. ბოლომდე შეეცდება გაყოს და დაასახიჩროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა, რაც მისთვის მნიშვნელოვანია.

ზელენსკის ეს ესმის და ფასს წევს, რაც ბუნებრივია. რა თქმა უნდა, ის ვერ ეტყვის მსოფლიოს, რომ მე დავკმაყოფილდები უკრაინის გაყოფას და თქვენ მშვიდად დაიძინეთ. ფაქტია ისიც, რომ რუსეთი მთელს უკრაინას ვერ აიღებს, უკრაინა ძალიან დიდი ხნით ჩაითრევს რუსეთს ამ ომში, რაც რუსეთს არ უნდა.

რუსეთს უნდა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ომი, მაგრამ რაც შეიძლება ეფექტური და სერიოზული მონაპოვარით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ყირიმი და დონბასი. უფრო მეტი უნდა: ხარკოვი, აზოვის ზღვის სანაპირო, ოდესა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე. ვნახოთ, რამდენად შეძლებს დამარცხებულმა რუსეთმა გააჩეროს გამარჯებული უკრაინა, იმიტომ რომ დამარცხებული რუსეთი უარესის გამკეთებელია“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.