გახდება თუ არა უკრაინაში შეჭრა პუტინის ეპოქის დასასრულის დასაწყისი? დაუშვა თუ არა რუსმა ხალხმა დიდი შეცდომა უკრაინის მიმართ?
პუტინის მმართველობის ფინალური წლები იმით აღინიშნა, რომ ორი სლავი ხალხი წაეკიდა ერთმანეთს. მართალია, რუსეთში ცდილობენ, სახე შეინარჩუნონ და უკრაინაში შეჭრა გააპროტესტონ, მაგრამ ეს მოსახლეობის მხოლოდ მცირე პროცენტია, ჩვეულებრივი რუსებისთვის ე.წ. საბჭოთა მიწების შემოკრება და პუტინის „დამაშნიე ზაგატოვკის“ შესრულება ცხოვრებისეული ამოცანაა.
რუსებისთვის ქართველებთან ბრძოლა არ ნიშნავს სისხლისმიერ ძმებთან ბრძოლას, უკრაინასთან მიმართებით კი სრულიად სხვა ვითარებაა. სისხლისმიერი ერთობის მიუხედავად, ჯერ კიდევ 2014 წელს დაკარგა პუტინმა უკრაინა, როცა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული მოძრაობები დაიწყო. მართალია, თავად რუსეთში პუტინის რეიტინგი ამის გამო გაიზარდა, მაგრამ უკრაინელების დასავლური არჩევანი ყირიმის ანექსიამ კიდევ უფრო განამტკიცა.
უკრაინაში შეჭრა პუტინის დროებითი გამარჯვებითაც რომ დამთავრდეს, ხომ არ იქნება ეს „გამარჯვება“ დამარცხებაზე უარესი?
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ თუ მხედველობაში მივიღებთ 1998 წლიდან მოყოლებულ პუტინის პრემიერობის პერიოდს, როცა ელცინი ნახევრად ნასვამ მდგომარეობაში მართავდა სახელმწიფოს, პუტინი ხელისუფლებაში არის უკვე 24 წელია. 2024 წლამდე მას ორი წელი კიდევ აქვს დარჩენილი საპრეზიდენტო ვადად, ანუ უკვე 26 წელი გამოუვა ხელისუფლებაში ყოფნა. თუ კიდევ აირჩევენ პრეზიდენტად, შეზღუდული აღარაა ვადებში, იქნება უკვე 32 წელი. ამიტომ გათვლა იმაზე, რომ რუსეთისთვის მიერთებული ტერიტორიების გამო საკუთარი მოსახლეობა პუტინს ჩამოაგდებს, არასწორია. რუსეთს ცუდად იცნობენ ის ადამიანები, ვინც ასე ფიქრობს.
„რუსეთის მოსახლეობის უმეტესობას უხარია პუტინის ქმედებები. პრობლემას სხვა რამეში ვხედავ რუსეთისთვის. ის, რასაც მოკლევადიან პერსპექტივაში მიაღწევს რუსეთი (ანუ შემოიერთებს ტერიტორიებს, ან მოახდენს უკრაინის დაშლას ავტონომიებად, ფედერალიზაციას მოახდენს, ან კიდევ რამდენიმე რეგიონის დამოუკიდებლობას გამოაცხადებს და აღიარებს) იმ საფასურად, რასაც ახლა იხდის უკრაინაც და რუსეთიც, სისხლისმღვრელი ომის ფასად ორ მართლმადიდებელ და სლავიანურ ერებს შორის, არა მგონია, გრძელვადიან კი არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში როგორც პუტინისთვის, ასევე, რუსეთისთვის მომგებიანი იყოს. რაც დღეს ხდება უკრაინა-რუსეთს შორის, ამ ტკივილს ვეღარ ჩამოირეცხავენ ვერასდროს. ამის ჩამორეცხვა შეიძლება მხოლოდ სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტით და რუსული ჯარების გაყვანით. დონეცკი და ლუგანსკი ცალკე სასაუბრო თემაა, მაგრამ, როგორც მინიმუმ, ამ დანაკარგით უნდა დამთავრდეს უკრაინისთვის. თუმცა უკრაინა არ შეეგუება არც ყირიმის, არც დონეცკის და არც ლუგანსკის დაკარგვას“, -აცხადებს ამირან სალუქვაძე for.ge-სთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, შუაზე თუ გაჭრიან და დააქუცმაცებენ უკრაინას, არ იქნება იქ მშვიდობა. იქით ნახევარი უკრაინა დარჩება და მაინც მტრობა იქნება მათ შორის, აქეთ დარჩენილი და დაჩეხილი უკრაინაც ვერ იქნება მშვიდობიანი. თუ რუსები ფიქრობენ, რომ განწყობები პრორუსულია და ეს მათ სტაბილურობას შეუქმნის, ეს სტაბილურობის ბუფერი ვერ იქნება რუსეთისთვის. ძალიან მძიმე მორალურ ტვირთად ექნება სამუდამოდ რუს ხალხს ეს ამბავი.
ანალიტიკოსის თქმით, პუტინი დასასრულს ისედაც უახლოვდება ასაკითაც და ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობითაც.
„ამაზე მეტხანს ხომ ვერ იქნება ხელისუფლებაში? ცას ვერ გამოეკიდება. 24 წელი ელოდებიან მის ჩამოშორებას ხელისუფლებიდან და კიდევ რამდენიმე წელი თუ იქნა ხელისუფლებაში, ბევრ ცუდს მოასწრებს. ეს არ არის რუსეთის გამარჯვება, რასაც აკეთებენ უკრაინაში, ეს არის რუსეთის პოლიტიკის დამხობა, კრახი. ეს არ არის იმპერიის შეკოწიწება. ის იმპერია, რასაც მისტირიან, ასე არ შეკოწიწებულა. ბევრი სახელმწიფო, მათ შორის, საქართველო, რატომ ცდილობდა თავის გადარჩენას მათთან შეერთებით? იქით გვეგონა უკეთესი, თორემ რუსები რომ შემოვიდნენ, მერე რაც გვიყვეს, ხომ ვნახეთ? ყოველ შემთხვევაში, უკრაინა ასე სისხლით ხომ არ შეუერთებიათ? როცა დიპლომატია ვერ ახერხებს პრობლემების მოგვარებას და ხელში იარაღს იღებენ, უკვე კრახია“, - გვითხრა ამირან სალუქვაძემ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ეჭვობს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინი პოპულარული გახდეს თავად რუსეთში. პირიქით, ყველამ ნახა, 50%-ზე მეტად როგორ ეცემა რუსული კომპანიების აქციების ფასები, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რუბლი გაუფასურდა 30%-ით. ამდენად, ამ ეტაპზე პუტინის ძალაუფლება სუსტდება. მომავალშიც, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მიღების დროს, რუსეთის წინაშე დასავლეთის შიში განეიტრალებული იქნება. ამიტომ საქართველოს ძირითადი პრიორიტეტი უნდა იყოს, დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტი სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით და ევროკავშირის სტანდარტი, ეკონომიკური და ღირებულებითი თვალსაზრისით.
„ორი სლავი ხალხი, უკრაინელები და რუსები პუტინის ამ პოლიტიკამ გადაკიდა ერთმანეთს. ჩვენ ვიცით, რომ ევროპაშიც იყო ბევრი ომი, საფრანგეთმა და გერმანიამ 1870-1945 წლებში ერთმანეთთან სამჯერ იომეს, მაგრამ შემდგომში მოხდა მათი შერიგება, დღეს მათ კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვთ. რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებს რაც შეეხება, მე მაინც მგონია, რომ დიდი ხანი დასჭირდება ნდობის აღდგენას მათ შორის, დაბომბვების შედეგად უკრაინელებში, ბუნებრივია, არსებობს ზიზღი რუსების მიმართ, რომელიც აქამდე არ არსებობდა. მე პირადად დაახლოებით 15-ჯერ გახლდით უკრაინაში, აღმოსავლეთ უკრაინაში, ხარკოვში, თუნდაც კიევში მოსახლეობის უმრავლესობა საუბრობდა რუსულად და არა უკრაინულად, ბევრი ადამიანი რუსეთის მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი, მაგრამ რუსებმა ახლა შეაზიზღეს უკრაინელებს თავი. რუსეთი მოქმედებს დინების საწინააღმდეგო მიმართულებით“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.
ამდენ ლაილაის და მუცლით მეზღაპრეობას დაანებეთ თავი.
ჩიტირეკიებო:
1. კიევი აღარ არის ერთმორწმუნე სლავური ერი.
2. დერჟიმორდა რუსი მუდმივ "პახმელიაში" მყოფმა ოღონდ ვინმე ჩაწიხლოს და ფეხზებზე კიდია შინაურიც და გარეულიც, თუ პუტინი რუსული ხიშტის ძალით დააჩოქებს "მტერ" უკრაინას, უკრაინის სახელმწიფოებრიობას გადაუღობავს დასავლეთის გზას, ღმერთად აღიარებს!
დანარჩენს შემდეგში მომავალი გვიჩვენებს...