უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა სულ უფრო ტრაგიკული სახე მიიღო. რუსულმა საბრძოლო დანაყოფებმა „ელვისებური წარმატების“ ჩაშლის შემდეგ ბრძოლის ახალი მეთოდების გამოყენება დაიწყო. პუტინის „მეომრები“ მშვიდობიან მოსახლეობას დაერია და უკრაინული ქალაქების მასიური დაბომბვა დაიწყო. მომხდურისათვის მსხვერპლს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი შედეგია და სამხედრო წარმატებას უდანაშაულო ქალების, ბავშვებისა და მოხუცების სიცოცხლე თუ შეეწირა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მეორეხარისხოვანი ფაქტორია.
დმიტრი მედვედევმა ფრანგული მხარე უკვე გააფრთხილა, – „ჭკვიანად იყავით, თორემ თქვენს ეკონომიკურ სანქციებს ჩვენი სამხედრო პასუხი მოყვებაო“. მედვედევს არც ბატონი ლავროვი ჩამორჩა და „მესამე მსოფლიო ომი თუ გაჩაღდა, არ გაგიკვირდეთ, ის ბირთვულ დაპირისპირებაში თუ გადაიზარდება“-ო, განაცხადა.
რუსული მასმედია უდიდესი სამთავრობო ცენზურის პირობებში იმყოფება. ამ მდგომარეობაში კანტიკუნტად ჟონავს ინფორმაციები, რომ პუტინი უკვე შეურაცხადია, მისი საყვარელი ოლიგარქები უკმაყოფილებას ვეღარ მალავენ, რუსული ჯარის ერთი ნაწილი უკრაინელებთან საომარ დაპირისპირებაზე უარს აცხადებს, ახლოვდება დრო და რუსეთის პრეზიდენტს მისივე გარემოცვა შეთქმულებას მოუწყობს. რასაკვირველია, ამ სახის ინფორმაციების საიმედოობაზე ვერაფერს იტყვი, მაგრამ ფაქტი ერთია - რუსული საზოგადოება გამოფხიზლების გზას დაადგა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ რუსული მხარე, უკრაინასთან საომარ დაპირისპირებაში გარდაცვლილი თითოეული მეომრის ოჯახს კომპენსაციის სახით 50 ამერიკული დოლარის ექვივალენტ რუბლს გადასცემს. ანუ ვლადიმერ პუტინს საკუთარი მეომრის სიცოცხლე ამ თანხად აქვს შეფასებული. ეს „ფეიქი“ ან გამოგონილი „ნიუსი“ არ გეგონოთ, ოფიციალურია და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდებზე იძიება.
რასაკვირველია, რუსი მეომრები უგულოდ იბრძვიან. ჯერ ერთი, ვერ გაუგიათ მოძმე სლავური წარმოშობის ერს რატომ უპირისპირდებიან. მეორე, მათი სიცოცხლე „მშობლიურმა“ მთავრობამ 50 დოლარად შეაფასა და დიდია ალბათობაც, რომ გარდაცვალების შემთხვევაში მშობლიურ ქალაქში ვერ დაიმარხონ, რადგან თითოეულ რუსულ სამხედრო შენაერთს უკან რამდენიმე ე.წ. „კრემატორიუმის“ სპეცმანქანა მოყვება.
თავად რუსეთში ერთიანი სახალხო გამოსვლების მასშტაბი თანდათან იზრდება. უკრაინის ოკუპაციის პირველ დღეს, პუტინის გადაწყვეტილებას მხარს ქვეყნის მოსახლეობის 75 პროცენტი უჭერდა. ორი დღის წინ ეს ციფრი 65 პროცენტამდე ჩამოვიდა. რასაკვირველია საგრძნობი სხვაობა არ გახლავთ, მაგრამ ფაქტია, რომ „ანტიპუტინისტურ“ განწყობილებებს უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე იზიარებს.
უკანასკნელ დღეებში ეს „სტატისტიკა“ რუსულ „კრიმინალურ ქრონიკასაც“ შეეტყო. 1-ელ მარტს, სანკტ-პეტერბურგში, უკრაინასთან ომის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული 90 მომიტინგე დააკავეს, 28 თებერვალს დაპატიმრებულთა რიცხვმა 200-ს მიაწია. რუსეთში კანონგარეშედ გამოცხადებული პროექტი „ოვდ - ინფოს“ მტკიცებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთში 6500 ადამიანი დააკავეს. მათ შორის მოსკოვში - 3158, სანკტ-პეტერბურგში კი 2098. ანტიმილიტარისტული აქციები 100 ქალაქში ტარდებოდა და დღესაც იმართება.
ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 12 მარტს პარტია „იაბლოკო“ მოსკოვში უკრაინასთან ომის საწინააღმდეგო მანიფესტაციის მოწყობას აპირებს. პარტიის ლიდერები ქალაქის ქუჩებში რამდენიმე ასეული ათასი მოსკოველის გამოსვლას იმედოვნებენ.
ორიოდე დღის წინ რუსული აგრესიის დამგმობი კიდევ ერთი ღია წერილი გავრცელდა, რომელსაც ხელი არაერთმა ცნობილმა რუსმა მსახიობმა მოაწერა.
„მივმართავთ სრულიად რუსეთის მოსახლეობას, მის ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მოგმართავთ არა როგორც კულტურის სფეროს წარმომადგენლები, არამედ როგორც ამ ქვეყნის რიგითი მაცხოვრებლები. ჩვენ გახლავართ შვილები და შვილიშვილები იმ თაობისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ. ჩვენ კარგად ვიცით რა არის ომი და გამოგვიცდია მისი საშინელება. მივმართავთ რუსეთის მთავრობასა და პირადად ქვეყნის მეთაურს, ბატონ პუტინს - შეაჩერეთ უკრაინაში მიმდინარე ზღვარსგასული სისხლისღვრა. დრო არ ითმენს. ომი თუ გაგრძელდა ფატალურ შედეგს მოვიმკით. გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს“.
ღია წერილის ინიციატორები ოლეგ ბასილაშვილი, იგორ კოსტოლევსკი, ევგენი მირონოვი, იგორ ზოლოტოვიცკი, ალისა ფრეინდლიხი, ნინა უსატოვა, დმიტრი კრიმოვი, ანდრეი მოგუჩიი, ევგენი პისარევი, კონსტანტინ რაიკინი, მარია რევიაკინა, ვიქტორ რიჟაკოვი, ვლადიმირ სპივაკოვი, ვლადიმირ ურინი, ვალერი ფოკინი და იური როსტი გახლდნენ. მიმართვა გამოცემა „თეატრის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა და მას 700-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი.
გამოქვეყნდა კულტურის სფეროს წარმომადგენლების კიდევ ერთი ანალოგიური მოწოდება - მიმართვაც, რომელსაც ხელი 17 ათასამდე ადამიანმა მოაწერა.
გხვდება საწინააღმდეგო მაგალითებიც. რუსმა მსახიობმა იური ბატურინმა კრემლს მოუწოდა საქართველოსა და უკრაინას ძლიერი და სასტიკი სარაკეტო დარტყმები მიაყენოს, რადგან ამ ქვეყნებში ბევრი ბიოლაბორატორიებია.
ომის საწინააღმდეგო განცხადება გამოაქვეყნა პუტინის ერთ-ერთმა ფავორიტმა, საოპერო მომღერალმა ანა ნეტრებკომ, მაგრამ სჯობდა ხმა საერთოდ არ ამოეღო. უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერამ“, ბერლინის „დოიჩე ოპერამ“, ვენის „შტატსოპერამ“ და სხვებმა ნეტრებკოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს. ქალბატონმა ანამაც რამდენიმე დღე „იფიქრა“ და შემდეგი „ოპუსი“ გამოაცხო:
„დრო მჭირდებოდა დასაფიქრებლად, რადგან ვფიქრობ, რომ სიტუაცია ზედმეტად სერიოზულია იმისთვის, რომ კომენტარის გაკეთება დაფიქრების გარეშე შევძლო. პირველ რიგში, წინააღმდეგი ვარ ამ ომის. რუსი ვარ და მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში და მათი ტკივილი და ტანჯვა გულს მტკენს. მინდა ეს ომი დასრულდეს და ხალხმა მშვიდად იცხოვროს. თუმცა, მინდა დავამატო, რომ როცა ხელოვანებს, ან რომელიმე საზოგადო მოღვაწეს აიძულებენ თავიანთი პოლიტიკური მოსაზრებები საჯაროდ გამოთქვან და თავიანთი სამშობლო დაგმონ, ეს არასწორია. ეს უნდა იყოს თავისუფალი არჩევანი. მე არ ვარ პოლიტიკური პიროვნება და მე არ ვარ პოლიტიკის სფეროს ექსპერტი! მე ვარ ხელოვანი და ჩემი მიზანი არაა პოლიტიკურ განხეთქილებებზე ვისაუბრო“.
რამდენიმე დღის წინ ჰაკერულმა დაჯგუფებამ „Anonymous“-მა ბელარუსსა და რუსეთში მოღვაწე „კე-გე-ბეს“ ანუ უშიშროების სამსახურის აგენტების ჩამონათვალი გაავრცელა. ამ სიაში რუსეთში მოღვაწე არაერთი „შოუ ბიზნესის“ წარმომადგენელი მოხვდა. ქართველებისთვის საინტერესო ის არის, რომ თუ ჰაკერებს ვენდობით, ცნობილი ქალბატონი თიკა კანდელაკი რუსეთის უშიშროების სამსახურის აგენტია.
კანდელაკის გარდა „აგენტ-შპიონების“ „დავთარში“ ანი ლორაკი, ნიკოლაი ბასკოვი, ოლეგ გაზმანოვი, ფილიპ კირკოროვი, პროხორ შალიაპინი, ვლადიმირ სოლოვიოვი და სხვებიც მოხვდნენ. სია უსასრულოა, მისი სრული სახით მოყვანა დიდძალ ადგილს დაიკავებდა.
წერილის დასასრულს მოგახსენებთ რომ უკრაინაში მცხოვრებმა ბოშებმა კიდევ ერთი „სამხედრო გმირობა“ ჩაიდინეს. ამჯერად „ბუდულაის“ შთამომავლებმა რუსებს სამხედრო რაკეტა მოპარეს. ინფორმაცია გამოცემამ „Unian.net“-მა გააჟღერა და მართებული კითხვაც დასვა - მომავალში რას აწაპნიან ბოშები რუსულ არმიას?