როგორც ყოველთვის, საზოგადოების მიერ წამოწყებული საპროტესტო აქცია, რომელიც კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა სათავისოდ გამოიყენეს. ოპოზიცია კვლავ აგრძელებს, საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველა ბერკეტისა და მექანიზმის გამოყენებას, მათ შორის ნებისმიერ მიტინგისა თუ გამოსვლის. რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს უამრავმა მოქალაქემ მოიყარა თავი იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედება დაეგმო.
საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დღეს ყველაზე კარგად ესმის უკრაინელი ხალხის, რადგან 2008 წელს სწორედ ქართველი ხალხი გახდა რუსული ჩექმის მსხვერპლი. ამან ოპოზიციისთვის კარგი შანსი გააჩინა, რადგან დღეს ყველაზე მოწყვლად ჯგუფად შეიძლება ქართველები ჩავთვალოთ.
საბოლოოდ შედეგად მივიღეთ ის, რომ უკრაინის მხარდამჭერი აქცია საქართველოს პრემიერ-მინისტისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის აქციად იქცა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს ფაქტი დიდად გასაკვირი აღარ არის. ოპოზიციის ხელში ყველა პროტესტი სწორედ ასე მთავრდება: გადადგეს საქართველოს ხელისუფლება!
ორი დღის წინ, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მოთხოვნები წამოაყენა, რომელზეც მისი თქმით, პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფები შეთანხმდნენ. აქციაზე მოითხოვეს: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველომ ცა ჩაუკეტოს რუსეთს და გაუხსნას უკრაინას, ასევე ქვეყანამ შეიტანოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი.
ამასთან, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ 2 მარტს დილის 8 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებოდნენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შენობაში შესვლის უფლებას არ მისცემდნენ, თუმცა დღეს აღნიშნული გეგმა შეიცვალა. როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განმარტა, მოქალაქეებთან ერთად ღამე პარლამენტთან გაათენეს, დილის გეგმები შეიცვალა, თუმცა ერთადერთი მოთხოვნა იგივე რჩება: „მთავრობა, რომელიც უკრაინის გვერდით არ არის, ჩვენ არ უნდა წარმოგვადგენდეს“. რეალურად რა მოხდა და ოპოზიციის გეგმები რატომ შეიცვალა, უცნობია.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ იგი დარწმუნებული იყო, უკრაინის მხარდამჭერი აქციაზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნას აუცილებლად წამოაყენებდნენ. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლა.
„სანამ გააღჟერებდნენ ამ მოთხოვნებს, მანამდე ვფიქრობდი, რომ საქმე მივიდოდა საქართველოს ხელისუფლების შეცვლის საკითხთან. ოპოზიცია ცდილობდა, რომ ყველა მოვლენა გამოეყენებინა ხელისუფლების შესაცვლელად. აპირებდნენ ბლოკირებას, რომ ღარიბაშვილი შენობაში არ შესულიყო. ასე რომ, ხელისუფლების შეცვლის დასავლური მექანიზმი არჩევნებით, ოპოზიციისთვის მიუღებელია.
შუასუკუნეების მექანიზმით მოქმედებენ, ერთმა ძალამ მეორე შეცვალოს მაშინ, როდესაც იგრძნობს ამის ძალას. უბრალოდ, ასეთი ძალა ვერ იგრძნო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერჯერობით, საიმისოდ, რომ ის ხელისუფლებაში მოვიდეს და წავიდეს „ქართული ოცნება“. სწორედ ამიტომ არის, რომ „ნაციონალებს“ ჯერ არ გაურღვევიათ ჯებირები. განცხადებაც, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები უნდა გამოვიდნენ პარლამენტიდან და ხალხი შევიდეს, რაც საქმეში არ გადავიდა, რევოლუციური მოწოდება იყო“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
აქვე გეტყვით, რომ 1 მარტს, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას შეკრებილ ახალგაზრდებს მიმართა: „გამოსავალი არის ის, რომ ამ შენობიდან უნდა გამოვიდნენ ისინი, ვინც კრემლს წარმოადგენენ, მათ შორის უნდა გამოვიდნენ ისინიც, ვისაც ოპოზიციური დეპუტატები ჰქვიათ, ამ შენობაში უნდა შეხვიდეთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები.“
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ დღეს ქვეყანაში პოლარიზაცია უფრო მეტად არის გაღრმავებული, რაც რეალურად, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ხელს აძლევს, რომ ეს ყველაფერი გამოიყენოს სათავისოდ.
„ოპოზიცია რომ ეცდება გამოიყენოს ყველა ვითარება, ამაში ახალი და გასაკვირი არაფერია, უბრალოდ ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, ძალიან ჩქარობს ყოველი საპროტესტო ტალღის დროს. როდესაც უკრაინაში მძიმე ბრძოლა მიდის, კონცენტრირება უნდა იყოს საგარეო საფრთხეებზე და არა იმაზე, ვინც უნდა გადადგეს. არ მგონია, რომ ოპოზიციის ასეთმა მიდგომამ რაიმე შედეგი გამოიღოს.
როდესაც ვსაუბრობთ პოლარიზაციაზე, პირველი ნაბიჯები ამ პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად, მაინც ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რადგან მას აქვს გაცილებით მეტი მექანიზმი, ვიდრე ოპოზიციას. თუმცა, არც ხელისუფლება ცდილობს, რომ ითანამშრომლოს ოპოზიციასთან და არც ოპოზიცია ხელისუფლებასთან. ორივე მხარეს, როგორც ჩანს, ასეთი დაძაბული ვითარება ხელს აძლევს, პოლიტიკური კაპიტალის თვალსაზირისით“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით იყოს გაკეთებული, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ვინც კანონს გასცდება და არასწორად მოიქცევა, ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“.
ცნობისთვის, პარლამენტის წინ, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია ყოველ დღე 19:00 საათზე იმართება.