სახელმწიფო ღალატისთვის მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ახლა მინსკში იმყოფება და რუსეთს სურს, ის უკრაინის პრეზიდენტად გამოაცხადოს. „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „მიღებული ინფორმაცია მიუთითებს კრემლის მიერ რაიმე სახის საინფორმაციო ოპერაციის ან ქმედების შესაძლო მომზადებაზე, ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის უკრაინაში დაბრუნების ან უახლოეს მომავალში მისი სახელით უკრაინელი ხალხისადმი მიმართვის გამოქვეყნების შესახებ“.
შეგახსენებთ, იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა 2010 წლის 25 თებერვლიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე. ევრომაიდნის მოვლენების დროს ის რუსეთის ფედერაციაში გაიქცა, სადაც თვლიან, რომ იანუკოვიჩის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების გზით ჩამოაგდეს. უკრაინაში იანუკოვიჩის წინააღმდეგ არაერთი საქმეა აღძრული. ის უკვე ნასამართლევია სამშობლოს ღალატისთვის და დაუსწრებლად მისჯილი აქვს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
უკრაინასთან ომში მყოფი რუსეთი ცდილობს ლეგიტიმაციის რუსული ვარიანტი გაითამაშოს და შემოიყვანოს იანუკოვიჩი, რომელიც ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2014 წელს უკანონოდ გადააყენეს და ახლა ბრუნდება კანონიერი ხელისუფალი. რამდენად შეძლებს რუსეთი იანუკოვიჩის მეორედ მოსვლას ჩაუყაროს საფუძველი, ძნელი სათქმელია.
თუ რუსეთის მიზანია მთლიანად უკრაინის აღება, ასეთ შემთხვევაში მას იანუკოვიჩი სჭირდება ლეგიტიმაციისთვის, მაგრამ თუ ახალ სახელმწიფოს აყალიბებს, ანუ მხოლოდ ნახევარ უკრაინას იღებს, იანუკოვიჩი უკვე არ სჭირდება. რუსეთს დამატებით ჰყავს რეიტინგული პრორუსი კანიდადტი - ბოიკო, მურაევი და ვიქტორ მედვეჩუკი, რომელიც პრორუსული მოძრაობა „უკრაინის არჩევანის“ ლიდერია, მედვეჩუკი ღიად პრორუსი, უკრაინაში მოღვაწე პოლიტიკოსია და რუსეთის პირველ პირთან ყველაზე დაახლოებული პირია.
რუსეთის მიზანი, რომ უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერის დაყენება იყო, ამის შესახებ აშშ და დასავლეთი ღიად და დაუფარავად აცხადებდნენ, თუმცა უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს ვოლოდიმერ ზელენსკის უჭერს და დარწმუნებულები არიან, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტი წარმატებას მიაღწევს. ერთია ადგილობრივი მოსახლეობა და მეორეა თვითონ უკრაინული პოლიტელიტა და კერძოდ, უკრაინელი ოლიგარქები, რომელთა წინააღმდეგ ზელენსკიმ გაილაშქრა და რომლებიც დღეს დუმილის პოზიციას ინარჩუნებენ.
გამონაკლისია იულია ტიმოშენკოა, რომელიც რუსულ გამოცემასთან საუბრისას აკრიტიკებს ზელენსკის და ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი არასწორად მოიქცა, როდესაც აირჩია ომის გზა. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ოლიგარქი პოლიტიკოსების ეს ალიანსი, სავარაუდოა, რომ თავის გავლენას მოახდენს.
„არ დაგვავიწყდეს, რომ ზელენსკის გაპრეზიდენტებაში თვითონ ოლიგარქმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ასე რომ, ოლიგარქების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, უკრაინისთვის ტიპური მოვლენაა. რაც შეეხება იანუკოვიჩის სახელის გაჟღერებას, ეს არ არის მარტო ადამიანის სახელი და გვარი. ეს გარკვეული სიმბოლოა. კერძოდ, სიმბოლო იმის, რომ იანუკოვიჩი არის ადამიანი, რომელსაც ებრძოდა მაიდანი, რომელსაც პუტინი განიხილავს როგორც ამერიკის მიერ მართულ პროცესს.
იანუკოვიჩის ხელისუფლებაში დაბრუნება იმ ანტიამერიკული განწყობილებების სიმბოლოდ შეიძლება გადაიქცეს, რაც საფუძვლად უდევს ამ ომს, რომელიც რეალურად არის რუსეთის ომი ამერიკასთან და უკრაინა ის ფრონტია, სადაც ომი გაიშალა. ასე რომ, იანუკივიჩი იქნება პირველი საფეხური. მით უმეტეს თუკი ხაზს გავუსვამთ იმას, რომ პუტინს უყვარს სიმბოლოებით აზროვნება. იანუკოვიჩი მისთვის სწორედ ანტიამერიკული პრორუსული განწყობილებების სიმბოლოა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედების ფონზე, სამშობლოს ღალატის ბრალდებით გასამართლებული იანუკოვიჩის მინსკში ჩაყვანა, პოლიტიკოსის განცხადებით, პუტინის გეგმის ნაწილია, რომლითაც დასავლეთს აჩვენა, რომ მის გვერდით არის ანტიდასავლური, ანტიამერიკული იანუკოვიჩი.
„ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, როგორ წავა რუსეთის და უკრაინის დაპირისპირების პროცესი. თუკი რუსეთმა გაიმარჯვა, სავარაუდოა, რომ ის ადამიანები, რომლებიც იბრძვიან უკრაინის მხარეს, პარტიზანულ ბრძოლაზე გადავლენ და ასეთ შემთხვევაში, როგორ განვითარდება იანუკოვიჩის მეორედ მოსვლის სცენარი, ძნელი სათქმელია. არ არის გამორიცხული, რომ ძლიერმა პარტიზანულმა პროცესებმა რუსეთი აიძულოს იანუკოვიჩის მეორედ მოსვლის სცენარი გააუქმოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის შეფასებით, უკრაინაში ომის დაწყების გეგმა ითვალისწინებდა ხელისუფლების შეცვლას და იანუკოვიჩის დამხობილი ხელისუფლების აღდგენას. მისი თქმით, მოსკოვში ყოველთვის თვლიდნენ, რომ იანუკივიჩის ხელისუფლების დამხობა სამხედრო გადატრიალების შედეგად მოხდა. აქედან გამომდინარე, კრემლში ფიქრობენ, რომ იანუკოვიჩის ლეგიტიმაციის ხარისხი მაღალია, მაგრამ პრორუსული კანდიდატის მოყვანა გამორიცხულია.
„ზელენსკი ცოცხალია, როგორც ჩანს, განწყობების და პოზიცების შეცვლა შეუძლებელია. ეს ძალიან კარგად დაინახეს მოსკოვში. წინა გეგმა, რომელიც იანუკოვიჩის დაბრუნებას გულისხმობდა, ასეთი პროექტი იყო - უნდა დაემარცხებინათ უკრაინა, უნდა გადამდგარიყო ხელისუფლება და მოეყვანათ იანუკოვიჩი. ახლა, როგორც ვხედავთ, ეს გეგმა შეიცვალა.
ზელენსკის მოშორების პარალელურად, უნდა დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ იანუკოვიჩი, რომელიც იქნა დამხობილიყო, ახლა დაბრუნდება „განთავისუფლებული“ რეგიონების - დონეცკის და ლუგანსკის პრეზიდენტად. როგორც ჩანს, უკრაინას ორი პრეზიდენტი ეყოლება ცოტა ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არალეგიტიმური იქნება, მაგრამ მოსკოვს საერთაშორისო სამართალი საერთოდ არ აღელვებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.