ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ევროკავშირის წევრი სტატუსის მისაღებად განაცხადი შეაქვს. „ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დაჩქარებული წესით, უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით დღეს ოფიციალურად წარედგინება.
ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება უკვე საკუთარ გამარჯვებად გაასაღა. „ნაციოანლური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ეს ხალხის ზეწოლის შედეგია. ხელისუფლება კი პირიქით ამბობს, რომ ოპოზიცია ამ თემით მანიპულირებას ცდილობდა და ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდა. ამიტომაც ახლა ეს თემა მანიპულაციის საშუალება ვეღარ იქნება და დამტკიცდა, რომ „ოცნება“ ქართველი ხალხის ინტერესების გამტარი ხელისუფლებაა.
უნდა აღინიშნოს, რომ ომში მყოფ უკრაინას, 637 მომხრე ევროპარლამენტარმა ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურების დაწყებას მხარი დაუჭირა. შესაბამისად, არსებობს მოლოდნი, რომ იგივე მხადაჭერას საქართველოც მიიღებს, რადგან ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის მისწრაფებების გამო არაერთი სისხლი დაუღვრია. ქვეყანას ეს ეკუთვნის და ქართველი ხალხიც ამას დიდი ხანია ელოდება.
„ოპოზიციას, რომელიც ირონიულად აფასებდა ჩვენს ამბიციურ საპროგრამო გეგმას 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე, დღეს აქვს შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის გარშემო. ამ აჟიოტაჟსაც აქვს ერთადერთი მიზანი, აღნიშნული განაცხადი სანქციების დაწესებასა და შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას დაუკავშირონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც სანქციების დაწესება, ისე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს რაიმე ფორმით ჩართვა იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის.
ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დაკავშირება სანქციებთან ან ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. პირიქით, ეკონომიკურად სუსტი და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის სჭირდება. სანქციებითა და ომით დამძიმებულ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სრულად გაუქრებოდა.
2024 წელს, როგორც ეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით იყო გათვალისწინებული, ძლიერი, ახალი რეფორმებით ზურგგამაგრებული განაცხადის შეტანას ექნებოდა მრავალი უპირატესობა განაცხადის ნაჩქარევ შეტანასთან შედარებით. თუმცა, საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს.
საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება. მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ნამდვილად დროულია. აბაშიძე ამბობს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ოდნავი შესაძლებლობის ფანჯარა გაჩნდა, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.
„ახლა ქვეყანა თუკი ევროკავშირიდან უკრაინის მსგავსად რეზოლუციის სახით დადებით პასუხს მიიღებს, ამის შემდეგ რამდენიმე თვეა საჭირო, რომ შემდეგ კანდიდატი წევრი ქვეყანა გავხდეთ. ხოლო ევროკავშირის წევრად რომ მიგვიღონ, უკვე რამდენიმე წელია საჭირო. როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში რეფორმების გატარებაა საჭირო. ასევე ხშირად ევროპული ბიუროკრატიული მანქანის გავლაა აუცილებელი. ოპოზიცია ამას თავის ე.წ. გამარჯვებად ითვლის და გასაკვირი არაა. პოპულისტები გამარჯვებას ყოველთვის სხვის ხარჯზე მიიწერენ. ის, რომ რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერად ნამდვილად გულწრფელი პროტესტი იყო გამოხატული, ეჭვი არავის ეპარება.
იქ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ახალგაზრდები იყვნენ. სწორედ ასეთმა ადამიანებმა დაადასტურეს ის, რომ ოპოზიციას ამ პროტესტის სათავისოდ გამოყენების სურვილი არ მისცა. ოპოზიციას არ მისცეს საშულება, რომ მათი არასახელმწიფოებრივი მოწოდებები სახელმწიფო შენობების პიკეტირების და დაკავების შესახებ რეალობად ქცეულიყო. რადიკალურმა ოპოზიციურმა ფრთამ ის ვერ დაიმახსოვრა, რომ ჩვენი მოქალაქეები არჩევანს უკვე დიდი ხანია არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო ყუთთან აკეთებენ. ხალხის ადმინისტრაციულ შენობებში შევარდნას და ქუჩაში რევოლუციების მოწყობას აღარ აპირებს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, საქართველოს ძალიან ფორსირებული ევროატლანტიკური ინტეგრაცია უკვე 2012 წლიდან აქვს. ამიტომაც მიუხედავად ქვეყნის შიდა და გარე დაბრკოლებებისა, თითქმის 10 წელია საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთად წინ ევროპისკენ მიიწევს.
„ეს ერთ-ერთი მთავარი საჯარო განაცხადი იყო იმის, რომ ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს იზიარებს და ისე მოქმედებს, როგორც ეს მის ხალხს სურს. პრორუსული ხელისუფლების პირობებში, მაღალი რანგის დასავლელი დიპლომატები ასე ხშირად არ ჩადიან; დასავლურ დედაქალაქებში საქართველოს მაღალჩინოსნებს არ იწვევენ ისევე, როგორც პრორუსულ ქვეყნებში ძალიან ინტენსიურად ნატოს სამხედრო ხომალდები არ შედიან. ამ 10-წლიან პროცესში „ოცნებამ“ კიდევ ერთი მაღალი კლასის დიპლომატიური სვლა გააკეთა. ამ ხელისუფლებამ ქართველი ხალხის სურვილი ევროკავშირის წვერი გახდეს ჩვენი ქვეყანა გააგზავნა და ასეთი ხელისუფლება პრორუსული ძალა ვერ იქნება“, - ამბობს გია აბაშიძე.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ყველაფერი ახლა ევროკავშირის პასუხზე იქნება დამოკიდებული და მიიჩნევს, რომ უკრაინის მსგავსად საქართველოს ეს წევრობა ეკუთვნის, რადგან ქართველებს ევროპული მისწრაფებების გამო სისხლი აქვთ დაღვრილი.
„ვიდრე არ გავიგებთ იმას, თუ ევროკავშირს ჩვენს განაცხადზე რა პასუხი ექნება, ამაზე საუბარი წინასწარ რთულია. უკრაინამ ომის და სისხლის ფასად მოიპოვა, რომ ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მიღება დაჩქარებულიყო, თუმცა რეზოლუციის მიღება არ ნიშნავს, რომ უკრაინას ეს სტატუსი უკვე მიენიჭა. ამას საკმაოდ დრო სჭირდება.
„ჩვენთან მიმართებაში ვფიქრობ, ორმოცდაათი-ორმაცდაათზეა. შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველომ რა პროგრესსაც მიაღწია ევროკავშირთან ურთიერთობაში, გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებთო. ვერანაირად ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ უკრაინის ვაგონს შევახტეთ. საქართველომ მსხვერპლი გაიღო და ალბათ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს უნდა შევახსენოთ, რომ ეს მსხვერპლი 2008 წელს გავიღეთ და ასევე საერთაშორისო მისიებში ვმონაწილეობდით“, - ამბობს ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, ამ დღეებში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ოპოზიცია უკრაინის თემის საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს. ომის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება მორალურად წარმოუდგენელია და საზოგადოებაში ეს დამოკიდებულება, როგორც ჩანს, უკვე გაჩნდა. ამიტომ აქციას, რომელსაც ოპოზიცია გეგმავდა, გაუქმდა.