ომის დაწყებიდან მხოლოდ მესამე დღეს თანხმდება მსოფლიო თანამეგობრობა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. ის, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას გაცილებით ადრე უნდა გაეკეთებინა, დაგვიანებით, თუმცა მაინც აკეთებს. მთავარი ბერკეტი, რაზეც ბოლო პერიოდში იყო საუბარი და, რაც სავარაუდოდ, რუსულ აგრესიას, ასე თუ ისე, შეაჩერებდა, ეს საერთაშორისო საფინანსო ქსელ, SWIFT-იდან ჩახსნაა. დარგის ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯი რუსეთის ეკონომიკისთვის კოლოსალური ზარალის მომტანი იქნება, ჩინოვნიკები კი ამ ნაბიჯს ომის გამოცხადებასაც ადარებენ. პირველ რიგში, განვიხილოთ რა არის SWIFT და რატომ არის რუსეთის გათიშვა ამდენად მნიშვნელოვანი?
SWIFT ფაქტობრივი მესენჯერია, რომელშიც მთელი მსოფლიოს ფინანსისტები ერთმანეთს საგადახდო დავალებებს, ტრანზაქციის დამადასტურებელ საბუთებსა და სხვა ფინანსურ დოკუმენტაციას უზიარებენ. ეს არის არა გადახდის სისტემა, არამედ მთავარი და ერთადერთი უნივერსალური არხი, რომელიც ფულის გადარიცხვისა და სხვა ფინანსური მანიპულაციებისთვის არის განკუთვნილი. SWIFT ჩვენი პლანეტის თითქმის ყველა ქვეყნის 11 ათას ფინანსურ და არაფინანსურ ორგანიზაციას მოიცავს. ზოგიერთ ქვეყანას – აშშ-დან რუსეთამდე – ბანკებს შორის შიდა კომუნიკაციის საკუთარი სისტემა აქვს. თუმცა ამ შემთხვევაშიც ბევრს ურჩევნია SWIFT-ის გამოყენება, რადგან ის უფრო მოსახერხებელია და უცხოურ ვალუტაში გადახდების ყველა შეკვეთა მაინც ამ სისტემით იგზავნება. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში არსებულ ანგარიშებს, ისევ და ისევ, ბანკის SWIFT-დან გათიშვა არ აიძულებს მეანაბრეებს, თავიანთი დანაზოგი რუბლში გადაიყვანონ, რადგან SWIFT-ი გზავნის შეკვეთებს მხოლოდ იმ კორესპონდენტ ბანკებში, სადაც რუსულ ბანკებს აქვთ შესაბამისი საკორესპონდენტო ანგარიშები დოლარში, ევროში, ფუნტსა ან იუანში. შესაბამისად, ტექნიკურად SWIFT-დან გათიშვა მხოლოდ ართულებს ამ თანხის სხვა ანგარიშებზე გადატანას, მაგრამ არ აიძულებს მფლობელს მასზე უარი თქვას. თუ აშშ და ევროკავშირი მოინდომებენ რუსეთის მოქალაქეებს ევროსა და დოლარზე წვდომა შეუზღუდონ, მათ ხელთ უფრო ძლიერი იარაღი აქვთ. ეს არის რუსული ბანკებისა და კომპანიების წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი სანქციები, რომლებიც შესაძლებლობას მოუსპობს მათ, დასავლურ ბანკებში საკორესპონდენტო ანგარიშები გახსნან და შესაბამისად, სავალუტო ოპერაციები აწარმოონ.
მთავარი კითხვა: რას ნიშნავს SWIFT-ის გამორთვა რუსული ბანკებისა და ეკონომიკისთვის?
როგორც უცხოური გამოცემა BBC წერს, ამის შედეგი იქნება ფინანსური ხარჯების ზრდა და რაც მთავარია, რეპუტაციული ზარალი. 2014 წელს რუსეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა, რომ SWIFT-ზე წვდომის დაკარგვა ქვეყანას მისი ეკონომიკის წლიური მოცულობის 5%-ით აზარალებდა. მართალია, მას შემდეგ რუსეთი მოვლენების ასეთი განვითარებისთვის გარკვეულწილად მომზადებული იყო და დარტყმაც ერთგვარად შერბილდა, მაგრამ აღნიშნული სანქცია რუსულ ბიზნესსა და ბანკებს ნოკდაუნში მაინც ჩააგდებს.
ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკას ძალიან დიდი ზარალი ექნება. მისი განმარტებით, რუსეთის ეკონომიკა მინიმუმ 8-10%-ით დაეცემა.
გიორგი ცუცქირიძე: რუსეთი ჩვენი რიგითი სავაჭრო პარტნიორი არაა, წამყვანია ყველა მიმართულებით – ექსპორტი იქნება, იმპორტი, ტურისტული ნაკადები, თუ ფულადი გზავნილები. რუსეთს სანქციების კომპლექსი დაუწესეს. პროცესი რუსეთის წამყვანი კომპანიებისა და ბანკებისთვის სანქციების დაწესებით დაიწყო, რაშიც „ვითიბი ბანკიც“ მოხვდა. ასევე, მოხდა რუსი პოლიტიკოსებისთვის აქტივების გაყინვა, გარკვეულ რუსულ კომპანიებზეც არის საუბარი. ამ ყველაფერს სანქციების მეორე ტალღა მოჰყვა. SWIFT -დან გათიშვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ამერიკის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილება, რომ წამყვან რუსულ კომპანიებსა და „ცენტრობაკნს“ დოლარზე წვდომა შეუზღუდოს. ამას რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა ემატება. მოკლედ, ესაა რუსეთის ირანიზაცია, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
ყველა ტრანზაქცია, საერთაშორისო გადარიცხვებს ვგულისხმობ, ფაქტობრივად, გაჩერებული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ევროპაზეც ნეგატიურად აისახება, ვნახეთ გაზის ფასმა როგორ აიწია, ის ამ სანქციებზე მაინც წავიდა, რადგან რაც პუტინმა გააკეთა, ფაქტობრივად, ახალი მსოფლიო ომის ტოლფასია. უკრაინა რუსეთისთვის ბოლო გაჩერება არ იქნებოდა, უკრაინის მერე რუსეთი აღმოსავლეთ ევროპასაც მიადგებოდა. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ბუნებრივია, რუსეთის ეკონომიკას ძალიან დიდი ზარალი ექნება – მინიმუმ 8-10%-ით დაეცემა. ეს დაახლოებით 170 მილიარდი დოლარია. აღნიშნული აისახება უმუშევრობაზე, შემცირებულ შემოსავლებზე, რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებულ მოცულობაზეც. იქ მყოფ ჩვენს თანამემაულეებს შემოსავლები რომ შეუმცირდებათ, ფულადი გზავნილების გადმორიცხვების პრობლემაც იქნება და ეს თანხობრივადაც შემცირდება.
რუსეთის საერთაშორისო ბაზრებიდან იზოლირება აუცილებლად აისახება საქართველოზეც, ეს გარდაუვალია, და მაინც, რა შედეგებს უნდა ველოდოთ?
- ეს, ბუნებრივია, ჩვენზეც აისახება. ამიტომ, ჩვენი მთავრობის მთელი მუშაობა აქეთ უნდა იყოს მიმართული და არა რაღაც პოპულისტურ ღონისძიებებზე, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს - რაღაც მიტინგები, ხელისუფლებაზე ვითომ ზეწოლა, რომ, თითქოს, ამ სანქციების დაწესებით საქართველოს ეკონომიკას ეშველება. სამწუხაროდ, გვექნება ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირება. ჩვენ მოგვიწევს ლოკაციების შეცვლა. ეს ძირითადად დაარტყამს ფქვილის მრეწველობას, ასევე, შეეხება საშუალო და მცირე მარნებს. რუსეთში ღვინოს ვეღარ გაყიდიან. ლოკაციის შეცვლა, სხვა ბაზრებზე გასვლა არ არის მარტივი. ტურისტული შემოსავლები მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული. გათვლა იყო, რომ წელს ტურიზმიდან დაახლოებით 2 მილიარდამდე შემოსავალი იქნებოდა, შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო რუსეთია. იმპორტზე იქნება სერიოზული დანაკლისი. თუ რუსეთიდან ვეღარ მოხდა საქონლის შემოტანა, მათ შორის ენერგომატარებლების, ან შეიზღუდა, ჩვენ მათი ჩანაცვლება ალტერნატიული ბაზრებიდან მოგვიწევს, რაც უფრო ძვირი დაჯდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი დოლარის გადინება მოხდება, ანუ ხარჯები გაიზრდება. ჩემი შეფასებით, ამ წელს ჩვენს ეკონომიკას დაახლოებით 450 მილიონი დააკლდება. ეს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს შეამცირებს. რუსეთ-უკრაინის ომი რომ არ მომხდარიყო, ჩვენ საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გვქონდა.
ანალოგიური მოსაზრება აქვს ეკონომისტ ვახტანგ ჭარაიას, როგორც for.ge-სთან საუბარში იგი აცხადებს, საქართველომ რუსეთს სანქციები უნდა წაუყენოს არა იმისთვის, რომ თვითზიანი მიიღოს, არამედ იმისათვის, რომ რუსეთს მიაყენოს დარტყმა, რაც მისი თქმით, ნაკლებ სავარაუდოა.
ვახტანგ ჭარაია: ის, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში არ მონაწილეობს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი განცხადებაა, რადგან საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში სხვადასხვა კუთხით აქტიურადაა ჩართული. ხაზი გავუსვათ იმას, რომ სანქციები არსებობს როგორც ეკონომიკური, ასევე - არაეკონომიკურიც. საქართველოს შეუძლია, რუსეთს ეკონომიკური სანქციები წაუყენოს და შეუძლია, მაგალითად, სპორტული, კულტურული სანქციების ნაწილი იყოს. შეიძლება, ეს იყოს საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წევრობასთან, მის გარიცხვასთან დაკავშირებული სანქციები და ა.შ. რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკური სანქციებს, თუ საქართველო არ არის საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით და რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჩვენ ვერ ვიხილავდით „ვითიბი ბანკის“ საქართველოდან გასვლას. ეს და კიდევ მრავალი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთადაა ჩართული. რაც საქართველოს ამ შემთხვევაში განასხვავებს სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც ამ კუთხით უფრო აქტიურები არიან, არის ის, რომ საქართველო ამა თუ იმ სანქციის ინიციატორი არ გახლავთ, არამედ, საქართველო სხვადასხვა სანქციას უერთდება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა გამოყენებული. ეს ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილებაა.
შეიძლება, ვინმეს სურდეს, რომ საქართველომ უფრო მეტი მოქმედება გამოიჩინოს, თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები უნდა წაუყენოს არა იმისთვის, რომ თვითზიანი მიიღოს, არამედ იმისათვის, რომ რუსეთს მიაყენოს დარტყმა. ის ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც რუსეთთან გვაქვს, სამწუხაროდ, ფართომასშტაბიანად ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს. თუ, საბოლოო ჯამში, რუსეთს SWIFT-იდან ჩახსნიან, საქართველო ამის გამზიარებელიც იქნება. საქართველო ამას თავს ვერ და არ აარიდებს, ისევე როგორც თავი არ აარიდა „ვითიბი ბანკის“ შემთხვევაში. ჩვენ, ისევე როგორც დანარჩენ სამყაროს, SWIFT-იდან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საფინანსო პლატფორმაა, რუსეთის გარიყვა მოგვიწევს. ჩვენ ვართ და დარწმუნებული ვარ, სანქციების ნაწილში რუსეთის წინააღმდეგ მომავალშიც ვიქნებით, ამასთან ერთად, ვიქნებით უკრაინის მხარდამჭერები არა მარტო სიტყვიერად, არამედ ქმედებითაც.
აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველომ რუსეთს საფინანსო ურთიერთობა რომ დაუბლოკოს, ამით რუსეთი არაფერს დაკარგავს. მაგალითისთვის ავიღოთ საქართველო-რუსეთს შორის ვაჭრობა, ინვესტიციები, ფულადი გზავნილები. შარშან რუსეთიდან იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ დაახლოებით 420 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა. ჩვენ რომ რუსეთს საქართველოსთან საფინანსო ურთიერთობა დავუბლოკოთ, ამით რუსეთი არაფერს დაკარგავს, დაკარგავს საქართველო და ათეულობით ათასი ოჯახი, რომელიც იმ ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. ამით რუსეთს ვერ დავაზიანებთ. იგივეა ვაჭრობასთან მიმართებით - შეგვიძლია, რუსეთიდან იმპორტი ავკრძალოთ, საქართველოდან რუსეთში კი ექსპორტი. ჩვენ, რუსეთის ბაზრიდან ბევრ პროდუქტზე ვართ დამოკიდებული, მაგალითად, ხორბლის შემთხვევა. პური გაძვირდება. არ ვამბობ, რომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა გამოვიყენოთ, უნდა გამოვიყენოთ, თუმცა იმ ასპექტებში არა, სადაც ზიანს ჩვენ, თავად მივიღებთ და ამით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ. სწორი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თუ გვინდა, ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, ამისთვის უამრავი სხვა პლატფორმა არსებობს, სადაც საქართველოს შეუძლია, რუსეთის წინააღმდეგ იმოქმედოს და უკვე ჩართულია“, - აცხადებს ჭარაია.