ემოციური გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტარები ვოლოდიმირ ზელენსკის აპლოდისმენტების თანხლებით ფეხზე წამოუდგნენ. „დაგვიმტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ, დაგვიმტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ“, - მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს.
თავის მხრივ, ევროპარლამენტარებიც შეეცადნენ, თანადგომა დაეფიქსირებინათ უკრაინისთვის, რომელსაც იმ მსხვერპლის საფასურად, რაც რუსეთთან ამ დღეების განმავლობაში ბრძოლას შეალია, ბევრად კარგი სასტარტო პირობები აქვს ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანებისთვის.
უკვე ცნობილია, რომ დასავლეთი აპირებს, შეიმუშავოს სპეციალური პროცედურა უკრაინის ევროპასთან სწრაფი გაერთიანებისათვის. ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, რომ უკრაინელები იმაზე მეტად ევროპელები არიან, ვიდრე თავად ევროპელები, ამიტომ უკრაინას უნდა მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კი ზელენსკის გადარჩენისთვის ბრძოლაში თანადგომა აღუთქვა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა აღიარა.
ქართული ოპოზიცია ფიქრობს, რომ უკრაინის მდგომარეობით უნდა ისარგებლოს საქართველომ და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვას. თუმცა მმართველი გუნდი მოთმინებით ელის დაანონსებულ 2024 წელს, როცა „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება აქვს დაანონსებული. ხელისუფლება არც იმას გამორიცხავს, თუკი საამისო შესაძლებლობა მიეცემა, 2024 წლამდეც მოითხოვოს ევროკავშირში გაწევრიანება, რისთვისაც ინტენსიურად მართავს მოლაპარაკებას ყველა მიმართულებით.
რას მოუტანს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება იმ პირობებში, როცა რუსეთის საომარი მანქანა მის ტერიტორიაზე ამოქმედებულია? რა ელის საქართველოს იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინის მიბაძვით ევროკავშირში განაცხადს 2024 წლამდე დაჩქარებული წესით შეიტანს?
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, უკრაინა აკმაყოფილებს გარკვეულ კრიტერიუმებს. კერძოდ, უკრაინა არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებები. მაგალითად, 1995 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოქმედი პრეზიდენტი შეიცვალა, 2004 წელს კი იყო ნარინჯისფერი რევოლუცია, იყო მაიდნის მოვლენებიც, მაგრამ ამის შემდეგ ისევ პროდასავლური ძალა მოვიდა უკრაინის ხელისუფლების სათავეში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა ეკონომიკური თვალსაზრისით არა, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. პლუს ამას, იმის გამო, თუ რა მსხვერპლი გაიღო ამ ქვეყანამ დღევანდელ დღეს რუსეთთან ომში, ეს ნიშნავს, რომ უკრაინა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იბრძვის, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა უკრაინისთვის, ეს არის ბრძოლა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. ამ შემთხვევაში, უკრაინის მიღება ევროკავშირში დაჩქარებული წესით შეიძლება, რაც სტიმულს მისცემს უკრაინას, განახორციელოს რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.
ევროკავშირში მიღების გამო მოუმზადებს თუ არა პუტინი მორიგ სასჯელს უკრაინას? ამის შესახებ ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ თუ პუტინი დასუსტდა, დასუსტებულ რუსეთს აღარ შეუძლია წინ აღუდგეს უკრაინას.
„ამიტომაც იბრძვის პუტინი ასე გააფთრებით, რომ ხედავს, თითქოს უკრაინას კარგავს. რეალურად, არც არაფერს კარგავდა თავიდან, რუსეთი რომ არ შეჭრილიყო უკრაინაში, ეკონომიკურად შესაძლებელი იყო, უკრაინა რუსეთზე ყოფილიყო დამოკიდებული. ამიერიდან კი პუტინს ნაკლები ბერკეტი ექნება, წინ აღუდგეს უკრაინის მისწრაფებას. რაც შეეხება საქართველოს, უნდა ისარგებლოს თუ არა ამ მომენტით, ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა ისარგებლოს, მაგრამ მაშინ საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული კრიტერიუმები. ჯერჯერობით დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, საქართველო ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. უკრაინამაც ელჩი გაიწვია საქართველოდან. 2024 წელსაც რომ შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და საქართველოს მთავრობა უკრაინასთან მიმართებით ასეთ განცხადებებს აკეთებდეს, არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს არც 2024-ში, არც 2025-ში“, -მიიჩნევს ნიკა ჩიტაძე.
მისივე აზრით, ერთპარტიული მმართველობა საქართველოში მავნებელია და არც „ნაცმოძრაობა“ არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამდენად, თუკი კოალიციური მთავრობა მოვა საქართველოში, მრავალპარტიული მმართველობის შედეგად პოლიტიკური პლურალიზმი შექმნის იმის წინაპირობას, რომ შემდგომში საქართველომ განაცხადი შეიტანოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. თუ რუსეთი დასუსტდება, ეს ფაქტი საქართველომ უნდა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ.
ანალიტიკოსი იგორ კვესელავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის მიღება რუსეთს მკვეთრად გააღიზიანებს და ეს უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე. ანალიტიკოსის შეფასებით, საქართველო პატარა ქვეყანაა და რუსეთი, ამერიკა, უკრაინა, თუ სხვა დიდი ქვეყნები თავიანთი ინტერესების სფეროს თვითონვე გაინაწილებენ ერთმანეთში. ჩვენ რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების სფეროს თუ მივებმებით, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ამდენად, ცალსახად არც ამერიკას უნდა მივებათ, არც რუსეთს, არც ევროპას, ჩვენ უნდა გავატაროთ ბალანსირებული დიპლომატიური პოლიტიკა, რომელიც უფრო ნეიტრალიტეტისკენ იქნება გადახრილი, როგორც ამას აკეთებს მოლდოვა.
„ახლა ჩვენ უნდა მოვიქცეთ დიპლომატიურად, რადგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკვე გამზადებულია პოლკები. ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ სიტუაციაში გამართლებულ დიპლომატიურ პოლიტიკურ კურსს ატარებს. ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულად გაწევრიანების გამო რუსეთის მხრიდან საფრთხე მატულობს. თანაც, იქ ლაპარაკია უკრაინის კანდიდატ ქვეყნად და არა წევრად მიღებაზე. რატომ არ ღებულობენ თურქეთს ევროკავშირში? იმიტომ, რომ თურქეთის მოსახლეობა ყველაზე დიდია, გერმანიის მოსახლეობაზე მეტია და იმ პარლამენტში, რომელიც, ფაქტობრივად, გერმანიას მიჰყავს, გადაწონის თურქი პარლამენტარების რაოდენობა, მაშინ უკვე თურქეთს ექნება წონა პარლამენტში და ბევრ რამეს გააკეთებს თავის სასარგებლოდ. ასეთივე მდგომარეობაშია უკრაინაც. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ მთავრობაში, პარლამენტში, კომისიებში გადამწყვეტი სიტყვა უნდა ჰქონდეს უკრაინას, მაგრამ თვითონ უკრაინის შესვლა ევროკავშირში აწყობს აშშ-ს? თვითონ აშშ-ის დამოკიდებულება ევროკავშირისადმი, გგონიათ, ძალიან ცხადი და მისასალმებელია?“ - აცხადებს იგორ კვესელავა.
მისივე თქმით, ამერიკას აწყობს დასუსტებული რუსეთი, დასუსტებული ჩინეთი, დასუსტებული ევროპაც, იმიტომ რომ თვითონ გაძლიერდეს. ეს არის პოლიტიკა, მიმართულება ამერიკის საგარეო კურსის. რაც შეეხება 2024 წელს საქართველოს მხრიდან დაანონსებულ განაცხადის შეტანას ევროკავშირში, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ, გადავიხაროთ იქითკენ, რომელიც უფრო ძლიერია, ან მფარველად ავირჩიოთ დიდი სახელმწიფოები. ჩვენი ისტორიული პოლიტიკური ქცევაც ასე იყო ყოველთვის, ან ირანს ვირჩევდით, ან ბიზანტიას, ან თურქეთს, ან რუსეთს, ან გერმანიას, ახლა ამერიკა ავირჩიეთ. ჩვენ ვირჩევთ ქვეყნებს, მაგრამ ეს დამოუკიდებლობას გვართმევს, სუვერენიტეტს გვილახავს, სადღაც მიტმასნილები და მიკრულები ვართ და არ შეგვიძლია დამოუკიდებელი პოლიტიკა გავატაროთ, დამოუკიდებელი საშინაო კურსი ავირჩიოთ. იგორ კვესელავას თქმით, საგარეო კურსი სულ სხვა საკითხია და შეიძლება მიბმულნი ვიყოთ სხვა ქვეყანას, მაგრამ როცა შენს საშინაო კურსს ვერ ატარებ დიდი ქვეყნების გარეშე, მათ უკითხავად, ეს უკვე აღარ არის დამოუკიდებლობა. ამდენად, როცა ამბობენ, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე უნდა შევიტანოთ განაცხადი, ეს პოპულისტური განცხადებაა, პოლიტიკაში კი არსებობს პოპულისტური თამაშები, რომელიც გათვლილია მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე.