ევროპარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმუშაოს. ამის ფონზე, დღეს უკვე აქტიურად მიდის საუბარი, ევროკავშირში უკრაინასთან ერთად, მიღებულ იქნას საქართველო და მოლდოვა. ასეთი ტიპის განცხადებები და მოწოდებები გვესმის მსოფლიო ლიდერების მხრიდან, რასაც იმით ხსნიან, რომ უკრაინის მსგავსად, დიდი საფრთხის წინაშე ვართ ჩვენც.
უნდა აღინიშნოს, რომ კრემლის განცხადებაში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) არგაფართოების საკითხთან დაკავშირებით, პირდაპირ იყო მოთხოვნა, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ში არ გაწევრიანებულიყო.
ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში გამოითქვა მოსაზრება, რომ დასავლეთმა გაიღვიძა და შეაფასა ის რეალური საფრთხე, რაც მოსკოვიდან მოდის. ალბათობა იმისა, რომ უკრაინის შემდეგ, სამხედრო თავდასხმის ობიექტი უკვე საქართველო გახდეს, დიდია. შესაბამისად, მსოფლიო ლიდერები ცდილობენ რუსეთის კიდევ ერთი, შესაძლო აგრესიის თავიდან აცილებას.
ამ პროცესების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში კონსულტიებს მართავს იმისთვის, რომ ევროპის კარი ჩვენთვისაც გაიხსნას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებმა იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, რითაც აღიარებენ უკრაინის ევროპულ პერსპექტივას.
უნდა ითქვას ისიც, რომ შესაბამის დოკუმენტს სახელწოდებით „რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ კენჭი უყარეს ევროპარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფარგლებში, რომელსაც ხმა მისცა 637-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი - 13, თავი შეიკავა -26-მა დეპუტატმა.
„ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და იმავდროულად გააგრძელონ მუშაობა მისი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში “, - ნათქვამია რეზოლუციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტის, ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში მიღებით, დასავლეთი თავიდან აიცილებს რუსული აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობას, რადგან მისი შეფასებით, ამის საფრთხე დღეს რეალურია. როგორც მენაღარიშვილმა For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, კარგი იქნებოდა, დღეს არსებული სურათი ევროპას, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე დაენახა.
„ალბათ, დღეს, ევროპა ყველაზე მეტად იქნება მოტივირებული, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. მიიღებენ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ამ ამბავს ახლა, ევროპელებმა გაგებით უნდა შეხედონ. საუბარი არის ორ ქვეყანაზე, რომელიც რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა. პირველი მსხვერპლი ვიყავით ჩვენ 2008 წელს და ახლა უფრო უარესი მსხვერპლი გახდა უკრაინა. ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი ევროპას სურს, რომ მსგავსი პერსპექტივა თავიდან აიცილოს, ეს ორი ქვეყანა მის ფრთებქვეშ უნდა აღმოჩნდეს.
ეს არის თავიდან აცილება საშინელი, რუსული აგრესიის გაგრძელების და გაფართოების. თუკი მსოფლიო არ გამოიღვიძებს და გადამწვეტ ნაბიჯებს არ გადადგამს, ასეთი პერსპექტივა, სამწუხაროდ, რეალურია, მათ შორის საქართველოს შემთხვევაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ახლა საკითხის დასმა.
ახლა ისტორიის განვითარებამ მოიტანა ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს. კარგი იქნებოდა, რომ ეს დაენახა ევროპას ბუქარესტში 2008 წელს, როდესაც საქართველოს და უკრაინას უარი უთხრეს ნატო-ში გაწევრიანების გეგმის დამტკიცებაზე, მაგრამ როგორც იტყვიან, ჯობს გვიან, ვიდრე არასოდროს.
მოხდა საქართველოს ოკუპაცია, ახლა კიდევ უკრაინის ტრაგედია. მგონია, რომ ევროპელებმა გამოიღვიძეს და რეალობას უფრო ნათლად ხედავენ. არ ვიცი, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, თუმცა, ვხედავთ, რომ უშუალოდ ეს ინიციტივა ხელში უჭირავს საქართველოს პრეზიდენტს და სრულიად ღირსეულად სრულებს ამ როლს“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.
თავად სალომე ზურაბიშვილმა როგორც ბრიუსელში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ცენტრშია უკრაინა და უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები, ამ დროს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ.
„მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება და შევხვდი ჯერ ურსულა ფონ დერ ლაიენს და შემდეგ შარლ მიშელს. ორივესთან მქონდა ძალიან მეგობრული საუბარი. მინდოდა, იმის მოსმენა, რომ დღევანდელ დღეს მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ცენტრშია უკრაინა და უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები, სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ამ დროს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული. ჩვენ აქ ვართ. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ, მივიღოთ ის ზომები და რეფორმები, რაც აუცილებელია. ჩვენი და სხვა ასოცირებული ქვეყნების მომავალს, დღეს ალბათ, ახალი მოვლენები და ახალი გარემო მისცემს ახალ პერსპექტივას, ამისთვის ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.