კოალიციამ საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე დაასახელა, მალე „ნაციონალური მოძრაობაც“ გამოარკვევს საკუთარ, ყველაზე პოპულარულ სახეს. ლეიბორისტები, როგორც მოსალოდნელია, ამ არჩევნებსაც არ გამოტოვებენ. სავარაუდოდ, ბურჯანაძის გარშემო რამდენიმე პარტია მოიყრის თავს. წინასაარჩევნო კამპანიის გახსნამდე საკმაო დროა, ნესტან კირთაძემ უკვე გააკეთა განცხადება, რომ პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებს, სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერთა ძალებს ზომავს და არ არის გამორიცხული, საპრეზიდენტო მარათონში ისიც ჩაებას. კიდევ ვინ მოისურვებს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ნელ-ნელა გამოიკვეთება. როგორ განლაგდებიან პოლიტიკური ფიგურები პოლიტიკურ დაფაზე „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო მარცხის შემდეგ, რა შანსები აქვთ მათ და მოვლენათა როგორი განვითარებაა მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო შედეგებიდან გამომდინარე, ამ თემაზე საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი გვესაუბრება.
ბატონო კახა, უკვე დასახელდა პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატი, როგორ ფიქრობთ, რამდენად სერიოზული მოწინააღმდეგეები შეიძლება გამოუჩნდეს მარგველაშვილს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში?
- ვფიქრობ, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს აქვს სტრატეგიული დატვირთვა ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის. „ქართული ოცნებისთვის“ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, გაიყვანოს პრეზიდენტი საკუთარი გუნდიდან და შემდგომში ამით დაადასტუროს, რომ კვლავ აქვს მოსახლეობაში მხარდაჭერა.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მის სტრატეგიულ ინტერესებში შედის, რომ რამენაირად მეორე ადგილი დააფიქსირონ, რათა შემდგომ ამ შემაჯამებელი ოქმით მოირბინონ მთელი მსოფლიო და აჩვენონ, რომ მხარდამჭერთა რაოდენობით არიან მეორე ძალა საქართველოში (ბუნებრივია, პროცენტულობას არავის აჩვენებენ).
ამ მეორე ადგილის მოპოვებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს დაარეგულირებენ ნაციონალები - ერთი, რომ შეიქმნიან ინდულგენციას, ხოლო მეორე - ხელისუფლებასთან სავაჭრო ბერკეტებს ჩაიგდებენ ხელში სხვადასხვა მიზნებისათვის - ეს იქნება პირადი საკითხები, საკუთარი ბიზნესების ლობირება თუ პოლიტიკაში ჩართულობა და აქტუალობა.
არასაპარლამენტო ოპოზიციას რაც შეეხება, მათთვის ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები - თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატებმა გახლიჩეს საკუთარი მხარდამჭერების ხმები და ვერ დააფიქსირეს მეორე ადგილი, ისინი საშუალებას მისცემენ ნაცმოძრაობას და „ქართული ოცნების“ ერთ ნაწილს, ისევ და ისევ გვიმტკიცოს - ასეთია რეალობა საქართველოში, ორი პოლიტიკური ძალა არსებობს, ნაცმოძრაობა და „ქართული ოცნება“ და ისინი იძულებითი თანამშრომლობის რეჟიმში იმყოფებიან.
ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საშუალება კარგახანს არ იქნება. თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია გამოკვეთავს ერთიან კანდიდატს, მას მხარს დაუჭერს და მეორე ადგილს მაინც მოიპოვებს, ვფიქრობ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება.
გაერთიანების შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს არასაპარლამენტო ოპოზიას გამარჯვების შანსი? არ გეკითხებით მეორე ადგილს...
- განსხვავებით მაჟორიტარული არჩევნებისგან, საპრეზიდენტო არჩევნები ითვალისწინებს 50%-იან ბარიერს, აქედან გამომდინარე, ასეთი მაღალი ბარიერის პირობებში პირველ ტურში შესაძლოა, სუსტი კანდიდატები გაიცხრილონ და საბოლოოდ, მეორე ტურში მივიღოთ ორი კანდიდატი.
რაც შეეხება გამარჯვებას, გააჩნია, ვინ იქნება არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი, რა მხარდაჭერა ექნებათ და რა ტიპის საარჩევნო კამპანიის წარმოებას მოახერხებენ ისინი. ნაძალადევის არჩევნებმა ცხადყო, რომ მაინც და მაინც 100%-იანი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. თუ ნაძალადევის მაგალითზე განვიხილავთ არჩევნების ერთ ეპიზოდს, ვნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიპოვა 38%-იანი მხარდაჭერა, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიციამ (მინუს ნაცმოძრაობას ვგულისხმობ), კუკავას, ჩიტიშვილის, მანჯავიძისა და გუგავას აღებული ხმების ჯამი შეადგენს 49%-ს. რაც იმას ნიშნავს, რომ 50%-იანი ბარიერის პირობებში გარდაუვალი იქნებოდა მეორე ტური და როდესაც გაიფილტრებოდნენ სხვა კანდიდატები, შესაძლებელი იქნებოდა, არჩევნების ბედი სხვანაირად გადაწყვეტყილიყო.
ასე რომ, საპრეზიდენტო არჩევნებზეც ძალიან მნიშვნელოვანია როგორ შეძლებს არასაპარლამენტო ოპოზიცია კანდიდატის გამოკვეთას. ამას ვამბობ იმიტომ, რომ კარგად ვიცით, ჩვენთან პირადი ამბიცია რაციონალიზმს როგორ ძლევს-ხოლმე. იმედია, მონაწილეობა მონაწილეობისთვის არ იქნება, გათვლიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ არჩევნებზე დამოკიდებულია ასევე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედიც.
ეს იმისთვისაც არის საჭირო, რომ ხვალ და ზეგ არ დაიწყონ საუბარი, პროცესებში არ ვართ ჩართული და არავინ არაფერს არ გვეეკითხებაო - ისევ ასე გაგრძელდება, თუ ნაცმოძრაობამ მეორე ადგილი დააფიქსირა. ამიტომაც უკეთესია, გააანალიზონ ის საფრთხეები, რაც შეიძლება მოჰყვეს პირად ამბიციებს.
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე იყო ლაპარაკი მესამე პოლიტიკურ ცენტრსა და მესამე პოლიტიკურ ძალაზე. დღეს თუ არსებობს ამისი შანსი, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიან ძალად ჩამოყალიბდეს?
- შანსი როგორ არ არსებობს, გააჩნია, როგორ დააწყობენ ურთიერთობებს და შეძლებენ თუ არა ამბიციებთან გამკლავებას. თუ ნაცმოძრაობა საკუთარი მეორე ადგილის გარდა იზრუნებს იმაზეც, რომ თავისი სატელიტი პარტიებიდან სხვა ოპოზიციური კანდიდატებიც გამოკვეთოს და მათი საარჩევნო კამპანია დააფინანსოს, ამას აუცილებლად გააკეთებს იმ ფლანგზე, სადაც შესაძლებელი იქნება ხმების გახლეჩვა არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის. შესაძლოა, ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებიც დარწმუნებული იქნებიან, რომ ვერ მოიგებენ, მაგრამ ამბიციას ვერ გადააბიჯებენ და მონაწილეობას მაინც მიიღებენ არჩევნებში.
ასე რომ, მესამე ძალის ფორმირებას ძალზე სერიოზული ლიდერი სჭირდება. თუმცა პირველ, მეორე, მესამე ძალებად ხელოვნურად რანგირების წინააღმდეგი ვარ, რადგან როდესაც ჯერ კიდევ არავინ იცის, რომელია მეორე, მესამე ძალაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია.
იმისათვის, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალა რომ გაჩნდეს, რეგულაციების შეცვლაა საჭირო. პირველი, ეს არის კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომელიც ფაქტობრივად, ახშობს პოლუტიკური სუბიექტების დაფინანსებას. შესაცვლელია საარჩევნო კოდექსიც, რომელიც ფაქტობრიბად, უზურპირებულია ორი პოლიტიკური ძალის მიერ - ვგულისხმობ საარჩევნო ადმინისტრაციას, სადაც ძირითადად, ორი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები არიან თავმოყრილი.
საარჩევნო ბარიერის დაწევაზეც უნდა ვიფიქროთ და თუ დარჩება მაჟორიტარული არჩევნები, 30%-იანი ბარიერი აუცილებლად უნდა აიწიოს 50%-მდე, რადგან 30%-იანი ბარიერი მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების წისქვილზე ასხამს წყალს.
მხოლოდ რეგულაციების შეცვლის შემდეგ შეეძლება ახალ პოლიტიკურ ძალას საკუთარი თავის მოსინჯვა. დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობა აწყობილია ნაცმოძრაობაზე, იმისათვის, რომ ახალი პოლიტიკური სუბიექტი არ მოგვევლინოს და რატომღაც, ახალი ხელისუფლება ჯერჯერობით არ ზრუნავს ამ რეგულაციების შეცვლაზე.
ცხადია, „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ადგილზე გასვლის კი არა გამარჯვების სურვილიც ექნება, მაგრამ აქვს თუ არა შანსი თუნდაც მეორე ადგილისთვის საკმარისი ხმები მიიღოს?
- ამომრჩეველი დღეს გაყოფილია - ეს არის ფუნდამენტალურად ნაცმოძრაობის ამომრჩეველი, რომელსაც არ აინტერესებს, ვინ იქნება ნაცმოძრაობის კანდიდატი, ისე დაუჭერს მხარს. არსებობს ფუნდამენტალურად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ამომრჩეველიც, რომელიც უპირობოდ დაუჭერს მხარს მის კანდიდატს. არის ამომრჩეველი, რომელიც არავითარ შემთხვევაში ნაცმოძრაობას არ მისცემს ხმას, მაგრამ დაფიქრდება, მისცეს ხმა „ქართული ოცნების“ თუ სხვა ოპოზიციური ძალის კანდიდატს. ეს ნიშა, არაფუნდამენტალურად განწყობილი ადამიანებისა, საკმაოდ დიდია.
ნაციონალები შეეცდებიან, ეს ხმები დაიქსაქსოს. როდესაც ვამბობ, რომ ნაცმოძრაობა მეორე ადგილის აღებას შეეცდება, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ 40%-ს აიღებს, ეს არ მოხდება, მაგრამ თუ სერიოზულად გაიხლიჩება არასაპარლამენტო ოპოზიციის ხმები, შესაძლებელია 10 და 12%-იც კი გახდეს საკმარისი ნაცმოძრაობისთვის, რომ მეორე ადგილი დააფიქსიროს.
ამას ვამბობ იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონებში ყველა პოლიტიკური პარტია სუსტია, რადგან წლების განმავლობაში ნაცმოძრაობა მათ გაკოტრებას ცდილობდა და რეგიონებში გაძლიერების საშუალებას არ აძლევდა. ამას ემატება საარჩევნო ადმინისტრაციის არასამართლიანად დაკომპლექტების წესი - ნაცმოძრაობას ბევრი წევრი ჰყავს საარჩევნო კომისიებში და მათი მეშვეობითაც შეეცდებიან მანიპულირებას, განსაკუთრებით რეგიონებში. ვიცით, რომ რეგიონებში ხელისუფლებაც კი არ არის მყარად ფეხმოკიდებული და თვითმმართველობებში არასტაბილური მდგომარეობაა. ასეთ ფონზე თუ არასაპარლამენტო ოპოზიციას ბევრი კანდიდატი ეყოლება, შესაძლებელია, ასეთი დაბალი პროცენტითაც კი ნაცმოძრაობამ სასურველი მეორე ადგილი დააფიქსიროს. გავიხსენოთ, რა მოხდა ბაღდათსა და სამტრედიაში, როდესაც არ იყო მესამე კანდიდატი ან სუსტი მესამე კანდიდატი იყო და ნაცნოძრაობა 15-18%-ით ყვიროდა ხმამაღლა, რომ ის მეორე პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში.
თქვენი შეფასებით, რომელი პოლიტიკური ძალა გამოიყურება ამ ეტაპზე ყველაზე ძლიერად არასაპარლამენტო ოპოზიციიდან? როგორც ჩანს, ბურჯანაძე, ჯერჯერობით ყველაზე ორგანიზებულად გამოიყურება, როგორ ფიქრობთ, შეძლებს გარშემო ძალების შემოკრებას?
- ყველაზე ძლერი იქნება ის, რომელიც შეძლებს, რამდენიმე პოლიტიკური პარტია შემოიკრიბოს გარშემო და მოიპოვოს მათი მხარდაჭერა.
რაც შეეხება ბურჯანაძეს, შესაძლოა ის აწარმოებს მოლაპარაკებებს, ჯონდი ბაღათურიასთან, კახა კუკავასთან, შესაძლოა, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთანაც. არ ვიცი, აწარმოებენ თუ არა მოლაპარაკებებს ლეიბორისტებთან.
გაჩნდა სალომე ზურაბიშვილის ფაქტორიც, რომელიც აცხადებს, რომ თუ საკმარისი მხარდაჭერა ექნება, ის მზად არის, ჩაერთოს არჩევნებში, ნესტან კირთაძემ გააკეთა განცხადება, ასე რომ, სერიოზული კონსულტაციებია საჭირო.
დარწმუნებული ვარ, რაც უფრო ახლოს მივალთ არჩევნებამდე, მეტი კანდიდატი გამოჩნდება ისეთი, რომელსაც სურს მონაწილეობა, რაღაც მიზნების მისაღწევად. ვინც შეძლებს ყველასთან ურთიერთობის გარკვევასა და მხარდაჭერის მოპოვებას, ძლიერი ის იქნება.
ითქვა, რომ კოალიციაშიც შეიძლება გათამაშდეს ასეთი სცენარი, რომ ალასანიამ დამოუკიდებლად დაასახელოს საკუთარი კანდიდატურა. ეს რა პროცესებს გამოიწვევდა და რამდენად შესაძლებელია, ასეთი სცენარი რეალობად იქცეს?
- არ მჯერა ამ სცენარის, არ არის პერსპექტიული. ნაცმოძრაობა საკუთარი, NDI-ს კვლევების მეშვეობით (რომელიც ჯიუტად უკვეთავს კვლევებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ორგანიზაციას, რომელსაც არ ენდობა საქართველოს მოსახლეობის 80% და პირდაპირ არის მიბმული ნაცმოძრაობის ინტერესებთან) გვიჩვენებენ, უფრო სწორად ალასანიას უჩვენებენ, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილის შემდეგ მას აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი. როგორღაც ცდილობენ, გაუჩინონ ამბიცია, რომ თუ წამოიწყო დამოუკიდებელი თამაში, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ვიღაც ბიზნესმენები და ფინანსური ბერკეტებით აღჭურვილი ხალხიც გავა ალასანიაზე და არჩევნებში ფინანსურ მხარდაჭერას დაპირდება. მაინც ვთვლი, რომ ალასანია არის პრაგმატული პოლიტიკოსი, ის გაუძლებს ამ გამოწვევას. თუ ალასანია ივანიშვილს გამოეყოფა, მას პოლიტიკური მომავალი არ ექნება. დღეს ალასანიასთვის მომგებიანია, შეინარჩუნოს ის, რაც დღეს აქვს და მოიპოვოს გარანტიები, რომ კვლავ იქნება მინისტრთა კაბინეტში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც, როდესაც ივანიშვილი ახალ გუნდს წარადგენს.
ამ არჩევნებზე ალასანიას გამოყოფას კოალიციიდან არ ველოდები. ვფიქრობ, ამისი 1%-იც კი არ არსებობს, ხოლო მსურველები, რომ ალასანია გამოვიდეს, ძალიან ბევრია, მათ შორის ნაცმოძრაობაში.
ნაცმოძრაობა ორ თამაშს თამაშობს - ერთს NDI-ს მეშვეობით და მეორე - ალასანიას ღიად უცხადებენ მხარდაჭერას, რომ რამენაირად ივანიშვილის გუნდში ალასანიას სტაბილურობის მიმართ ეჭვები დათესონ. ასე რომ, აქ მიდის პოლიტიკური თამაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ალასანია ამ ყველაფერს გათვლის და უბრალოდ, არაპრაგმატულ ნაბიჯს არ გადადგამს.
ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა კიდეც განცხადება, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე აუცილებლად მივლენ კოალიციით და არ დაიშლებიან...
- მე მაინტერესებს, როდის იქნება საპარლამენტო არჩევნები, თუ არასაპარლამენტო ოპოზიციამ მეორე ადგილი დააფიქსირა, საპარლამენტო არჩევნები იმდენად მოკლე ხანში ჩატარდება, რომ ერთად ნამდვილად მივლენ. თუ ასე არ მოხდა, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება და საკითხავია, მივლენ თუ არა ბოლომდე ერთად. ეს კი, ანუ მათი ერთიანობა დამოკიდებულია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე.
თუ კოალიციის რომელიმე წევრს ექნება განცდა, რომ ბიძინას „კარზე“ მიღებულია და პოლიტიკური მომავალი გააჩნია, თვითონ არსად არ წავა. მაგრამ თუ ვინმეს ამოეწურა განცდა, რომ კოალიციაში პოლიტიკური მომავალი აქვს, ან მთავრობაში ექნება ადგილი, გავა კოალიციიდან. „ნაციონალური მოძრაობაც“ სწორედ ამას ელოდება, რომ ოქტომბრის შემდეგ რებრენდინგზე დაიწყოს მუშაობა.
შეეცდებიან, „ნაციონალურ მოძრაობის“ რომელიმე ფრთამ, სრულიად ახალი სახეებით, კოალიციას გამოყოფილ რომელიმე სუბიექტთან, ან რომელიმე არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიასთან მოახერხოს კავშირების დამყარება და განმტკიცება. დღეს ნაცმოძრაობას ყველაზე კარგად ესმის, რომ იმდენად კომპრომეტირებულია, მასთან თანამშრომლობის სურვილი არავის ექნება.
ოქტომბრის შემდეგ უნდა ველოდოთ, რომ გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ სურვილი, მერაბიშვილთან, სააკაშვილთან ახალაიებთან და ადეიშვილთან ასოცირდებოდნენ, ასეთ შერწყმას შეეცდებიან. ნაციონალები ახლა გაფანტვის ტაქტიკაზე გადავიდნენ, ნაწილმა არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლა, ხოლო ისინი, ვისაც კავშირი არ ჰქონდა ძალადობასთან, საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნას შეეცდებიან.
ასეთად ნაცმოძრაობის რომელ ფრთას მოიაზრებთ?
- მაგალითად, კოალიციიდან წამოსული რომელიმე სუბიექტი ვერ მივა ვანო მერაბიშვილთან, მაგრამ შეეძლება მისვლა ბაქრაძესთან, რომელსაც სერიოზული ფინანსებიც ექნება და ალბათ, დასავლეთის სერიოზული მხარდაჭერაც.
იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მოახერხა და ვერ დააფიქსირა მეორე ადგილი, თქვენ თვლით, რომ უნდა ველოდეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, სადაც საეჭვოა, ნაცმოძრაობამ ბარიერის გადალახვა, ან ბარიერის მაღალი პროცენტით გადალახვა მოახერხოს? ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური ფიგურები როგორ ნაწილდება, ნაცმოძრაობა პოლიტიკურ არენას ტოვებს?
- არასაპარლამენტო ოპოზიციის მეორე პოზიციაზე გასვლის შემთხვევაში, ხელისუფლებას გაუჩნდება არგუმენტი, რომ ნაცმოძრაობა არ არის მეორე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში. როდესაც საზოგადოება მოსთხოვს ხელისუფლებას, ჩაატაროს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ის ვერ აუხსნის საზოგადოებას რატომ არ ნიშნავს იმ გაყალბებული არჩევნების ფონზე ახალ არჩევნებს. ნორმალური ხელისუფლება დათანხმდება საზოგადოებას, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მომავალს სერიოზული პრობლემა შეექმნება. ალბათ, 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემის წინაშე იქნებიან და რომ გადალახონ კიდეც, ამხელა წარმომადგენლობა მაინც არ ეყოლებათ. ალბათ, მაჟორიტარს ვერცერთს ვერ გაიყვანენ, პროპორციული სიებიც არ მისცემს 6 კაცზე მეტის გაყვანის საშუალებას. ესენიც, ის ადამიანები იქნებიან, ვინც არანაირად არ არიან ასოცირებული ძალადობასთან, ვგულისხმობ ბაქრაძეს და კიდევ რამდენიმე კაცს, თუ ისინი მანამდე დარჩებიან ნაცმოძრაობის გუნდში.
შესაძლებელია, ნაცმოძრაობა გადავიდეს მეორე ფლანგზე, იჯდება სააკაშვილი ოფისში, სადღაც აეროპორტის გზაზე, იქიდან განცხადებებს გააკეთებს, ბევრი კი ნაცმოძრაობიდან დროულად გასვლასა და თავის შველაზე იფიქრებს, რომ მომავალ პოლიტიკურ პროცესებში დარჩენის შანსი მოიპოვოს.