„აქ რაღაცა დაპირისპირებაც რომ წავიდეს, შესაძლოა, რუსეთმა, რომელიც აქვე 40 კილომეტრში იმყოფება, თავდაცვით მექანიზმად „აღიქვას“, შეტევაზე გადმოვიდეს და 10 წუთში თბილისი აიღოს“

„აქ რაღაცა დაპირისპირებაც რომ წავიდეს, შესაძლოა, რუსეთმა, რომელიც აქვე 40 კილომეტრში იმყოფება, თავდაცვით მექანიზმად „აღიქვას“, შეტევაზე გადმოვიდეს და 10 წუთში თბილისი აიღოს“

უკრაინის მხარდამჭერი აქცია რუსთაველზე, როგორც მოსალოდნელი იყო პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. ქვეყნის გულანთებული ახალგაზრდების პროტესტის გამოყენებას ქართველი პოლიტიკოსები ჩვეულ სტილში ცდილობენ. პოლიტიკურად გაკოტრებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისი ქოლგის ქვეშ მყოფმა პოლიტიკურმა პარტიებმა, გადაწყვიტეს, რომ ახლა მათი დროა და საპროტესტო მუხტი შეიძლება, ხელისუფლების შესაცვლელად გამოადგეთ. იმის მიუხედავად, რომ თითქმის მთელმა ევროპამ უარი თქვა საკუთარი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნაზე, მაინც და მაინც ჩვენს ქვეყანაში გახდა პორბლემა ის ფაქტი, რომ ტელეკამერებთან კეკლუცის ფონზე, 80-მდე ქართველი ე.წ. მოხალისე დავით ქაცარავას მეთაურობით უკრაინაში პოლონეთის გავლით ვერ გაემგზავრა. საქართველოს ხელისუფლებამ საფრთხის თავიდან აცილების გამო, რომელიც რუსეთიდან ძალიან რეალურია, თვითმფრინავს საქართველოში დაფრენის უფლება არ მისცა. ეს თემა კი ოპოზიციისთვის მანიპულირების საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა და პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა.

არადა პოლონეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა, მთელმა აღმოსავლეთმა ევროპამ, მოლდოვამ, ასოცირების ტრიოს წევრმა საქართველოსთან და უკრაინასთან ერთად, ასევე ბრიტანეთმა და ისრაელმა, უძლიერესმა სახელმწიფოებმა, პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევენ. იარაღს არ მიაწვდიან, ასევე, თურქეთმა არ დაკეტა ბოსფორი. ამის მიუხედავად, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გახდა პრობლემა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ამის გამო ქვეყნიდან ელჩი გაიწვია, როცა არც ერთი ამ ქვეყნიდან ელჩის გაწვევა არ მომხდარა.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ მე-9 წელიწადია, რაც „ნაციოანლური მოძრაობა“ სხვადასხვა მეთოდებით იბრძვის, რათა საკუთარ მიზნებს მიაღწიოს და ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ეს იქნება უკრაინაში ომი თუ კიდევ სხვა რეგიონალური დაპირისპირება, ან სამოქალაქო ომის პროვოცირება. მათ ყველაფერი აწყობთ და რაც გამოუვათ იმას იზამენ.

„დღეს რეალურად ვიგრძენი, რომ ამ ძალის მიერ და იგივე სიტუაციური მეკავშირეების მხრიდან უკრაინაში, თითქოსდა რაღაცა დიდი გლობალური ოპერაციის საწყისი ეტაპი ჩატარდა, რომელიც საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ითვალისწინებს. ამ ძალებს სურთ, რომ საქართველო პირდაპირ ამ დაპირისპირებაში ჩაითრიონ იმ რუსეთთან, რომელმაც თავისი საჯარისო ფორმირებები აფხაზეთში და სამაჩაბლოში გაზარდა. ერთი პატარა პროვოცირება და ნავთის შეხმა სჭირდება, რომ საქართველოში ისეთი ხანძარი გაჩნდება, ვერაფერი გვიშველის. ისევე, რუსეთის სამხედრო მანქანის საქართველოსკენ დაძვრა მოხდება და ამას მშვიდობისთვის იძულების მოტივით გააკეთებენ. უკრაინის გარკვეული ძალების ინტერესშიც შედის, რომ საკუთარ ქვეყანაზე რუსეთის მიერ გაწეული არნახული წნეხი შეიმსუბუქონ. ეს შესაძლოა დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსის ინტერესშიც შედიოდიეს, რათა რუსეთის აგრესია ბევრად უფრო დიდი მასშტაბით წარმოაჩინონ. არა მხოლოდ უკრაინაზე ხდება თავდასხმა, არამედ საქართველოზეც. ნატოს ასპირანტ ქვეყნებზე, ასეთი სერიოზული მასიური შემოტევა დაიწყო, შესაძლოა, ამ არეულობის ნიადაგზე სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს და ამ მე-5 კოლონის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლა მოხდეს. აი, ამ ყველაფერს ვხედავ და ამის ერთ-ერთი დეტალი და ჭანჭიკი ეს აქციებია“, - ამბობს დავით ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, აქ რაღაცა დაპირისპირებაც რომ წავიდეს, შესაძლოა, რუსეთმა, რომელიც აქვე 40 კილომეტრში იმყოფება, თავდაცვით მექანიზმად „აღიქვას“, შეტევაზე გადმოვიდეს და 10 წუთში საქართველოს დედაქალაქი აიღოს. ქართველიშვილი ამბობს, რომ ახლა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოსახლეობის ადეკვატურ ნაწილს აუხსნას რა საფრთხის წინაშე ვდგავართ.

„ხელისუფლებამ მოსახლებას უნდა აუხსნას ყველაფერი, რაც რუსეთ-უკრაინის ირგვლივ ხდება. გავაგებინოთ, რომ თითიდან გამოწოვილი მიზეზით დღეს, ზელენსკიმ ქვეყნის ხელისუფლებას  მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა, მაშინ, როცა საბაბად ჩვენი ხელისუფლების მხრიდან საჰაერო სივრცის დაკეტვა მოიყვანა. არადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, სლოვაკეთის ხელისუფლებამ ცალსახად განაცხადეს, რომ არც ერთი თვითმფრინავი პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან უკრაინის სივრცეს არ გადაკვეთს, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ შემთხვევაში ისინი კონფლიქტში მონაწილე მხარეებად ჩაითვლებიან, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამას არ დაუშვებენ. რატომ არ ხდება ახლა იქ აქციები და არ ითხოვს მოსახლოება ან ოპოზიცია ამ ხელისუფლებების გადაყენებას? ან ზელენკსიმ ელჩები რატომ არ გამოიწვია? რატომ არ არის აზერბაიჯანიდან ელჩი გამოყვანილი, როცა რუსეთთან დონბასის აღიარების დღეს სადეკლარაციო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა? რატომ არ გამოჰყავს ელჩები ბელარუსიდან, მოლდოვეთიდან? ეს ყველაფერი ჩვენმა მოსახლეობამ უნდა გაიგოს და მიხვდნენ, რომ მათ კეთილ ზრახვებს მხარი დაუჭირონ უკრაინას, ეს მე-5 კოლონა „ნაციონალები“ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ“, - ამბობს დავით ქართველიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ დაუშვა ისეთი შეცდომები, რომლის გამოყენებასაც ოპოზიცია ცდილობს. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიცია ყოველთვის ეცდება ქვეყანაში შექმნილი პროცესების სათავისოდ გამოყენებას, მაგრამ არ სჯერა, რომ ამას ბოლომდე შეძლებს. მისი აზრით, დიპლომატიურ ასპარეზზე ამ ეტაპზე ხელისუფლებამ არასწორად იმოქმედა, რის გამოც ოპოზიციას მანიპულაციის საშუალება მიეცა.

„მგონია, ხელისუფლებამ იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ოპოზიციას რამის მოგონებაც არ უნდა. რა თქმა უნდა, ამ მუხტის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის შეეცდებიან, მაგრამ მაინც არ მჯერა, რომ ამათ ბოლომდე რამის თავი აქვთ. ყოველთვის ოპოზიცია შეცდომას-შეცდომებზე უშვებს და არ მგონია, რომ აქედან რეალურად რამე გამოუვიდეთ. არ ვეთანხმები იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილს სანქციებთად დაკავშირებით ასეთი ხმამაღალი განცხადება უნდა გაეკეთებინა.

მაინც მგონია, რომ სჯობს მეტი დიპლომატია და მანევრი, ვიდრე ასეთი ხმამაღალი განცხადებები. მგონია, ჩუმად ვიქნებით თუ ვიყვირებთ, პუტინს რომ მოუნდეს, ტანკებს თბილისისკენ ხვალევე გამოგზავნის. ამიტომ ორ სკამზე ჯდომა და თამაში არ გამოგვადგება. რაღაცა მკვეთრი გეზია ასაღები, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. სამწუხაროდ, როცა საყვირალი გვაქვს, მაშინ არ ვყვირით, არ გვაქვს საყვირალი და ვყვირით. ისტორიის სწორ გზაზე ვერასდროს ვდგებით. უბრალოდ, მარტო დარჩენილები მტერთან შიშველი ხელებით რას ვაკეთებთ და რა გეგმა გვაქვს, ეს ვერ გავიგე“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.