„მთავრობას კრიტიკა აღიზიანებს, მაგრამ ჭირი თავს არ დამალავს“

„მთავრობას კრიტიკა აღიზიანებს, მაგრამ ჭირი თავს არ დამალავს“

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკური გუნდის საქმიანობით კმაყოფილია და აცხადებს, რომ 6-7 თვეში, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება შეუძლებელი იყო. მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას საპარლამენტო უმცირესობა არ იზიარებს და ეკონომიკური მაჩვენებლების კლებაზე აპელირებს. ექსპერტების შეფასებით კი, რამდენიმე თვეში რადიკალური ცვლილებების გატარება ძალიან რთულია. შესაბამისად, ეკონომიკური გუნდის საქმიანობის შეფასებისთვის საზოგადოებამ წლის ბოლომდე უნდა დაიცადოს.

კოალიციის მეთაური მთავრობის „სუსტ რგოლად“ ეკონომიკის სამინისტროსა და უწყების ხელმძღვანელ გიორგი კვირიკაშვილს არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეკონომიკის მინისტრი ძალიან წარმატებული და წესიერი კაცია.

პრემიერის შეფასებით, ახალ ხელისუფლებას წარმატებული გუნდი ჰყავს და ეკონომიკური აღზევება პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროს არ უკავშირდება.

„კვირიკაშვილი ძალიან წარმატებული და წესიერი კაცია. ასეთივე მაგარია - ნოდარ ხადურიც, რომელიც თავის ფუნქციებს თავს ძალიან წარმატებით ართმევს. ვფიქრობ, კარგი მინისტრები გვყავს. მინისტრებს შორის კონკურსი ტყუილად არ ტარდება“, - აღნიშნავს პრემიერი.

ივანიშვილის მტკიცებით, ის ახალი მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობით კმაყოფილია.

„6-7 თვეში ეკონომიკური აღორძინება შეუძლებელი იყო. ჩვენი წარმატება, რას შევადაროთ? - ქვეყნის პრობლემებს თუ შევადარებთ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი მდგომარება გვექნება, მაგრამ თუ ჩვენი დაპირებებიდან გამოვალთ, ვფიქრობ, რომ წარმატებით ვფუნქციონირებთ და ყველა სამინისტრო კარგად მუშაობს, მათ შორის სოფლის მეურნეობა“, - აღნიშნავს პრემიერი.

ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, უმცირესობა სწორედ ეკონომიკურ გუნდს აკრიტიკებს.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, პრემიერი საკუთარ გუნდს აქებს-ადიდებს, მაგრამ ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ყველა ნიშანია, ამაზე არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო კომისია საუბრობს და ეს არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაცია.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს ან საკუთარი გუნდის წევრები ატყუებენ, ან მას არ აქვს ინფორმაცია - თუ რა ხდება ქართულ ეკონომიკაში, ან მას საკუთარ კომპეტენციებთან აქვს პრობლემები და თვითონ ვერ ხვდება რა მდგომარეობაშია ეკონომიკური პარამეტრები.

„პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ ვარდნას რაც უფრო დროზე გააცნობიერებს და ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, ეს ქვეყნისთვის მით უკეთესი იქნება. პრემიერის მეორე განცხადება, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები გაყალბებულია და სინამდვილეში ქვეყანას არანაირი წარმატება არ აქვს, ეს ქვეყნისთვის საზიანოა და ეს მას კარგად უნდა ესმოდეს. ჩვენი ეკონომიკა უცხოურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული და ის თუ რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენი უცხოური ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში. განცხადება, რომ ეკონომიკური მაჩვენებელი გაყალბებულია, პირველ რიგში, უხოელ ინვესტორებს აფრთხობს და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ამცირებს“, - აცხადებს ჯაფარიძე, რომლის პათოსაც მისი თანაგუნდელი მიხეილ მაჭავარიანიც იზიარებს.

როგორც for.ge-ს მაჭავარიანმა განუცხადა, სამწუხაროდ, ეკონომიკური პოლიტიკა უკან მიდის.

„მთავრობას ჩვენი კრიტიკა აღიზიანებს, მაგრამ ჭირი თავს არ დამალავს. ქვეყანაში ეკონომიური ვექტორი შენელებულია, დამატებითი გადასახადი და იმპორტ-ექსპორტი შემცირებულია, ბიუჯეტში კი, პირველად იყო შემთხვევა, როდესაც, აპრილში 10 მლნ ლარით ნაკლები შევიდა. საბოლოო ჯამში, ეს რას იწვევს? ეს ეკონომიკურ სტაგნაციასა და უმუშევრობას იწვევს. ასევე იმას, რომ ხალხს აღარ აქვს შემოსავლები და მათ ვერანაირი სოციალური პროგრამები ვერ უშველით. ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღებას მშვიდი და პრაგმატული მუშაობა სჭირდება“, - აცხადებს მაჭავარიანი.

თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქართულ ეკონომიკაში, ამის გარკვევის მიზნით, for.ge ექსპერტს დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.

ექსპერტის შეფასებით, 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მონაცემები არ არის მაღალი, მაგრამ რეცესიაზე საუბარი ნაადრევია და სულ მცირე ორი კვარტლის შედეგების შემდეგ იქნება შესაძლებელი ანალიზის გაკეთება - თუ რა ხდება რეალურად ქართულ ეკონომიკაში და საით მიდის პროცესები.

„ეკონომიკური გუნდის საქმიანობის შეფასებისთვის წლის ბოლომდე უნდა დავიცადოთ, რადგან რამდენიმე თვეში რადიკალური ცვლილებების გატარება ძალიან რთულია, მაგრამ ბევრი წინა პირობა უნდა იდებოდეს და ბევრი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რომ ჩვენი ეკონიმიკა ამუშავდეს და მახინჯი რელსებიდან ნორმალურ რელსებზე გადავიდეთ. ჯერჯერობით, შედეგები არ არის, მაგრამ პრემიერი ამბობს, რომ ეს დროში იქნება და ამას უნდა დაველოდოთ. მაჩვენებელები, რომელიც ეკონომიკური ზრდის ტემპებებთან დაკავშირებით ოფიციალურად გამოქვეყნდა, ჯერჯერობით პესიმისტურია, რადგან ეკონომიკას თავისი კანონზომიერები აქვს და შეუძლებელია, ეკონომიკა წლის განმავლობაში ეცემოდეს და იანვრიდან აღმასვლა დაიწყოს. ჯერჯერობით, რა ხდება ინფორმაცია საკმარისი არ არის და უცნობია ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მიღებულია, ან შეიძლება მიიღონ“, - აცხადებს ექსპერტი.

დემურ გიორხელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, ეკონომიკური აქტიობა ძალიან დაბალია და ამ ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები დამოკიდებულია იმაზე, რომ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომელსაც დამოუკიდებლი საქმიანობის დაწყება სურს, არანაირი ხელშემწყობი საშუალება არ გააჩნია.

„ინსტიტუციური თვალსაზრისით, ცვლილებები არ არის, მაგრამ ერთის მხრივ გარემო შეიცვალა და დღეს, ბიზნესს არავინ ატერორებს და ნოტარიუსებშიც არავინ დარბის, რაც დიდი რამეა, მაგრამ არასაკმარისი. მარტო მოლოდინი, რომ ბიზნესი გააქტიურდება და ყველაფერი კარგად იქნება, ეს მცდარი შეხედულებაა, რადგან მთავარია, როგორი ინსტიტუციონალური ცვლილება იქნება. აქამდე, ქვეყანას ხელისუფლებასთან დააახლოებული პირები მართავდნენ და ეს თუ არ დაინგრა, ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურობაზე საუბარი ზედმეტი იქნება. საჭიროა, სისტემის დემონტაჟი“, - განმარტავს გიორხელიძე.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბარი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსაც მოუწევს, რომელიც პარლამენტში 16 მაისს წარდგება.