რუსეთმა საერთაშორისო ასპარეზზე ყველა გზა მოიაჭრა - პუტინის მიერ მართულ ქვეყანას უკრაინასთან საბრძოლო მოქმედებების გამო პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და სპორტული სანქციები დაუწესდა. რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალათ. ბევრმა ქვეყანამ კი საჰაერო სივრცეც შეუზღუდა. ბოლო მონაცემებით, აშშ-ს ყველაზე ცნობილმა უნივერსიტეტმა „ჰარვარდმა“ უარი თქვა რუსი ბიზნესმენების შვილებისთვის განათლების მიცემაზე.
for.ge-თან ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სანქციებდაწესებული და საერთაშორისო ასპარეზზე შეზღუდული რუსეთი ჩაკეტილ ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება.
„რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის შედარება და პარალელის გავლება ცოტა რთულია, თუმცა რუსეთი ახლა საკმაოდ რთულ სიტუაციაშია. როგორც ჩანს, ამ ქვეყნის მიმართ სანქციები გაგრძელდება. ამ სანქციების ფონზე, რუსეთის არამარტო ჩაკეტვა, არამედ იზოლირება მოხდება - ფაქტობრივად, ცივილიზებულ სამყაროსგან იზოლირებული იქნება“, - განაცხადა for.ge-თან ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალტიკოსი ირაკლი ლატარია for.ge-თან საუბარში აღნიშნავს, რომ რუსეთი ემსგავსება ჩრდილოეთ კორეას და ამას იმ სანქციების დაწესებით ხსნის, რომელიც პუტინის რუსეთმა ბოლო რამდენიმე დღეში მიიღო. ექსპერტი განსაკუთრებით რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას გამოჰყოფს.
„ყველაზე მთავარია, რომ რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვამ, პუტინი იქამდე მიიყვანოს, რათა შეჩერდეს. რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა პრობლემები თავად რუს მოსახლეობას შეუქმნა. როდესაც რუსი ექსპერტების მიმოხილვას ვუყურებ, ისინიც არამარტო უკმაყოფილებას გამოთქვამენ, არამედ პუტინის წინააღმდეგადაც კი გამოდიან. ამიტომ, არ მგონია, რომ პუტინს ეს ყველაფერი იოლად შერჩეს. ამწუთას მსოფლიოს რისი გაკეთებაც შეუძლია, არის ეკონომიკური სანქციების დაწესება. რა თქმა უნდა, მანიაკალური მისწრაფების პუტინი, შეიძლება ამ ყველაფერმა ვერ შეაჩეროს, მაგრამ შეაჩერებს თავისივე გარემოცვა. ისინი ვერ შეეგუებიან ამ სანქციებს, რადგან ერთი ადამიანის ახირების გამო, მსოფლიოდან გარიყულები გახდნენ, ეკონომიკური პრობლემები შეექმნებათ და კორუმპირებული ოლიგარქები პუტინს ამაზე პასუხს მოსთხოვენ. ძალიან მინდა, რომ უპირველეს ყოვლისა, ომი შეწყდეს. თუმცა, ომის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ პუტინს იგივე ზრახვები სხვა ქვეყნის მმართ არ ჰქონდეს. ამიტომ, ამ ომის შეჩერებასთან ერთად ის და თავის გარემოცვა უნდა დაფიქრდნენ, რომ იმ ტერიტორებზე, რომლებიც მათი არაა, ვერაფერს გახდებიან. იმედი მაქვს, ეს სანქციები იმ დონეზე იმუშავებს, რომ პირველ რიგში, უკრაინაში ომი შეწყდება“, - აღნიშნა ირაკლი ლატარიამ.
ანალიტიკოსი ზურა ქადაგიძე მიიჩნევს, რომ იზოლაციაში მყოფი რუსეთი ძალიან მალე ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსება და ეს დრო კი ძალიან ახლოს არის.
„რუსეთი იზოლაციაშია და ეს იზოლაცია გაგრძელდება. რუსეთს მარტო ეკონომიკური სანქციები არ შეეხება, მოხდება ამ ქვეყნის სრული იზოლაცია, რომელიც ჩრდილოეთ კორეამდე მიიყვანს. ახლა უკვე დროის ამბავია, პროცესი როგორ წავა. ჩვენ ვუყურებთ რუსული ბანკების მდგომარეობას, მათ ეკონომიკას, რუბლის კატასტროფული ვარდნაა და ეს შეუქცევადი პროცესია. ახლა მთავარი მიზანი და საფიქრალია როგორმე უკრაინაში მისი ინტერვენციის დასრულება. ეს უნდა დასრულდეს, რადგან უკრაინაში ბავშვები იხოცებიან. პირდაპირ ჩანს რუსული მონსტრი, რომელიც ყველაფერს ანადგურებს და ვნახულობთ ოკუპაციამ რა სახე მიიღო. ახლა მთავარი ამის შეჩერებაა.
ფაქტია, რომ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს უკან არავინ წაიღებს, რადგან რუსეთი უკონტროლო გახდა. კრემლის პოლიტიკა უკონტროლოა და აქედან გამომდინარე რამდენიმე თვის ამბავია, რომ რუსეთში აბსოლუტურად პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს. ეს უკვე აღარ არის ომი, აღარ არის სამხედრო ინვენტარის განადგურება, ეს არის უკრაინელი ხალხის გენოციდი“, - განაცხადა for.ge-თან ზურა ქადაგიძემ.