კონსტრუქციულები ბაქრაძეს უჭრენ მხარს, რადიკალები მერაბიშვილს

კონსტრუქციულები ბაქრაძეს უჭრენ მხარს, რადიკალები მერაბიშვილს

საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პრაიმერის ჩატარებას გეგმავს და კანდიდატებს შორის - დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე და ვანო მერაბიშვილი მოიაზრებიან, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, პარტიის კონსტრუქციული ნაწილი ბეგ-რაუნდიდან გამომდინარე, პარლამენტის ექს სპიკერის კანდიდატურას უჭერს მხარს, ხოლო რადიკალური ფრთა „ქვეყნის ხერხემლად“ წოდებულ მერაბიშვილს. 2013 წლის ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, თავად დავით ბაქრაძის პოზიცია უცნობია. ყოფილ პრემიერს კი, გეგმები 19 აპრილის წინ დათა ახალაიამ ჩაუშალა.

უმცირესობის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, for.ge უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:

როგორ აფასებთ კონკურენტი ძალის საპრეზიდენტო კანდიდატის - გიორგი მარგველაშვილის შესაძლებლობებს?

- არ ვიცი, მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ იმედებს გაამართლებს თუ არა, მაგრამ მეეჭვება, რომ მისი კანდიდატურა კოალიციაში მსჯელობის საგანი ყოფილიყო. ფაქტია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია. რაც შეეხება იმას, თუ როგორი კანდიდატი იქნება მარგველაშვილი, ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი პრეიზდენტი იქნება ბატონი გიორგი, მაგრამ ვინ გახდება სახელმწიფო მეთაური ამას საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს.

უმცირესობაში პრაიმერის ჩატარებას აპირებთ, თუმცა, პროგნოზი როგორია - ვისზე გააკეთებთ არჩევანს?

- მარგველაშვილს იმ პირს დავუპირისპირებთ, ვისაც პრამიერის შედეგად შევარჩევთ.

პირადად თქვენი რჩეული ვინ არის?

- ამ ეტაზე, მიმაჩნია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად დავით ბაქრაძის კანდიდატურა უფრო მისაღები იქნება არა მხოლოდ პარტიისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის.

თუმცა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით ბაქრაძე პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს. ამის შესახებ, თქვენ რა გსმენიათ?

- ჭორების გავრცელების შემდეგ, უახლოესი მომავალი გავიდა და როგორც ხედავთ, დათო ისევ პარტიის წევრია.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო, ირაკლი ღარიბაშვლმა მისი მოადგილე გელა ხვედელიძე დააკავა. როგორ აფასებთ, ძალოვანი მინისტრისგადაწყვეტილებას?

- თუ ხვედელიძის დაკავება იმის გამო არის გაკეთებული, რომ იმ კორუფციულ სქემას ხელი დაეფაროს, რომელიც დიდი ალბათობით არსებობს, ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ მინისტრის მხრიდან საეტაპო ნაბიჯი გადადგმულია. შესაბამისად, მისასალმებელია, რომ მსგავსი ინციდენტის გამო მაღალი თანანმდებობის პირი დაისაჯა.

რასაც თქვენი ხელისუფლების დროს არ ჰქონდა ადგილი, როდესაც მინისტრების მიერ ჩადენილი უკანონო ფაქტების დაფარვა ხდებოდა . . .

- ჩვენს გუნდში თუ ვინმეს ვსჯიდით, ეს ჩვენივე ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ ეს სხვა ტიპის დასჯები იყო. ხვედელიძის დაკავება ძალიან კარგი პრეცედენტია, მაგრამ თუ ეს იმის გამო მოხდა, რომ რეალური პრობლემა გადაიფაროს, ეს ძალიან ცუდია.

გადაფარვაშირას გულისხმობთ - საქმეში გია ხუხაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის მონაწილეობას? ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მასალა გადაღებულია წინა ხელისუფლების პირობებში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ და მიზანი იყო ფარესიშვილის დაშანტაჟება, მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. უმრავლესობა კი ითხოვს, რომ კადრების გამავრცელებლის - გელა ხვედელიძის გარდა, კადრების შემქნელებიც დაისაჯონ...

- პრემიერმა უაპელაციოდ და „ღრმა ანალიზის“ საფუძველზე წინასაწარი დასკვნა გააკეთა, რომ ეს ყველაფერი ნაციონალების მიერ იყო გამოქვეყნებული, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს ჩანაწერები გამოქვეყნებული იქნა ივანიშვილის მაღალჩინოსნის მიერ პირადი ანგარებისა და პირადი მიზნების გამო და არა შეცდომით და სახელმწიფო ინტერესების გამო. რაც შეეხება იმას, ეს კადრები გადაღებულია თუ არა წინა ხელისუფლების მიერ, ამ ფაქტის გამოაშკარავების, თუ არ გამომზეურების გარეშე, უწყებაში შიდა მოკვლევის საფუძველზე უნდა იცოდნენ - რა დახვდათ, რა იყო კანონიერი და რა პირიქით. მათი ვალდებულება იყო, რომ მსგავსი ფაქტები სცოდნოდათ.

ბოლო დღეების აქტუალური თემა კლუბ-რესტორანლა ტრუფეშიმომხდარი დაპირისპირება გახდა, რომლის დროსაც გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და ზაზა გოროზია დაშავდნენ. თქვენი ინფორმაციით, რა მოხდა 11 მაისს?

- კარგი იქნება თუ, ხელისუფლება ოპოზიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს დაუფიქრდება. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ „რაც მოხდა ცუდია, მაგრამ იმ ადამიანების გვესმის, რომლების მისამართითაც ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილიო“. ფაქტიურად, ამ ინციდენტს შეფასება თავად უმრავლესობამ მისცა, რომ დაპირისპირება პოლიტიკურ მოტივზე მოხდა. ესა თუ ის პიროვნება, როგორიც არ უნდა იყოს, იმის წახალსება, რომ ადამიანებმა თვით გასამართლებები მოაწყონ, ეს ფუნდამეტური ღირებულებების ნგრევაა. ხელისუფლების მაღალი თანანმდებობის პირთა მხრიდან იმის თქმა დაუშვებელია, რომ ამ ყველაფერს „გაგებით ხვდებიან“. არ შეიძლება სახელმწიფოს წესრიგისა და მართლმსაჯულების მანდატი მოქალაქეებს გადასცენ, რადგან ეს იქნება სრული ქაოსი. ბესელიას ლოგიკით - სახლში შემოსულ ქურდს, ჩვენ თვითონ უნდა გავუწიოთ ანგარიში?! მმართველი ძალის წარმომადგენლები იმას ვერ აცნობიერებენ, რომ ქვეყანაზე პასუხისმგებელი ძალა „ქართული ოცნებაა“ და არა „ნაციონალები“.სჯობს, სახელმწიფოსა და მის ექსკლუზიურ უფლებებს მიხედონ. არ შეიძლება, მასამ ის უფლებები აიღოს ხელში, რაც სახელმწიფოს ფუნქციაა.

ფაქტია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს - ვაშაძე, გაბაშვილი, წიკლაური და .. აღიზიანებს. შესაბამისად, გამორიცხავთ, რომ ზოგიერთ ნაციონალს ხალხი პირადი მოტივებით უპირისპირდებოდეს და არაფერ შუაში იყოს პოლიტიკური მოტივები?

- გაღიზიანების უფლება ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ არავის აქვს უფლება, რომ გაღიზიანების საფუძველზე კანონი დაარღვიოს. ადამიანის არჩევანია - დაარღვევს კანონს და აგოს პასუხი, მაგრამ სახელმწიფო მოხელეს არ აქვს არჩევანი. ვინც კანონს დაარვევს, მას პასუხი უნდა მოეთხოვოს. ის არ არის მნიშვნელოვანი ვინმე წიკლაურით არის გაღიზიანებული თუ ბობოხიძეთი, არამედ ის, სახელმწიფო თუ როგორ აქცევს კანონის ფარგლებში მოქალაქეთა მოქმედებებს. შესაბამისად, ის ვინც გაღიზიანებულია ცივი წყალი დალიოს.